საგანმანათლებლო რესურსები
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთი საგანმანათლებლო რესურსები
მასწავლებლის თვითშეფასების მნიშვნელობათვითშეფასების ეფექტური ინსტრუმენტები
თარიღი: 11 ოქტომბერი 2013
ავტორი: თეო ნეფარიძე

მასწავლებლის თვითშეფასება შიდა სასკოლო შეფასების სისტემის, სკოლის განვითარების გეგმის, ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის ან გარე შეფასების შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს. წინამდებარე წერილში მასწავლებელთა თვითშეფასების დადებით მხარეებს, თვითშეფასების ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას, აგრეთვე შესაძლო სირთულეებს მიმოვიხილავთ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითშეფასების მიზნით შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებისა და შედეგების ანალიზში, ინსტრუმენტების შექმნის და/ან მოდიფიცირების საკითხებში. ტექნიკური ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ინსტრუმენტები ითვალისწინებდეს და ეფუძნებოდეს პროფესიულ სტანდარტს. ისინი მასწავლებლის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, რათა შედეგების გამოყენებით შესაძლებელი გახდეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. იმისათვის, რომ თვითშეფასების განმავითარებელი ინსტრუმენტები ეფექტურად გამოვიყენოთ, აუცილებელია მათი დიფერენცირება დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის. თვითშეფასების შედეგები, პირველ რიგში, სწავლების პროცესის, სასწავლო მასალების და ანგარიშგების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. ასევე, რეკომენდებულია მასწავლებელთა თვითშეფასების შედეგების გამოყენება სკოლის განვითარების გეგმის ფორმირებისას.

მასწავლებლის თვითშეფასების საანალიზო სფეროები შეიძლება იყოს: პროფესიული ცოდნა, სწავლების მეთოდიკა და ტექნიკა, სასწავლო პროცესის მართვა, პროფესიული უნარები/თვისებები და მოსწავლეთა შეფასების პროცესი. აღსანიშნავია, რომ შიდა სასკოლო შეფასებისა და გარე შეფასების პროცესშიც სწორედ ამ მიმართულებების დაკვირვება ხორციელდება და ამდენად, თვითშეფასება მასწავლებლს შემაჯამებელი გარე შეფასების წარმატებით გავლაშიც შეუწყობს ხელს. უკეთესი წარმოდგენისთვის დეტალურად მიმოვიხილავ, თუ რა კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს თითოეული მიმართულება.

·პროფესიული ცოდნა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: საგნობრივი კომპეტენცია, სასწავლო გეგმა, წარმატებული პრაქტიკა, საგნობრივი მასალის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე, ადეკვატური სასწავლო მიზნები, დავალებები.

·სწავლების მეთოდიკა _ სასწავლო ამოცანების, აქტივობების და შეფასების შესაბამისობა სტანდარტებთან, ადეკვატური სტრატეგიები, ტექნიკები, დიფერენცირებული სწავლება, რესურსები, მასალა, მოსწავლეთა მონაცემების ანალიზი გრძელვადიანი სასწავლო გეგმების შესაქმნელად, ჩართულობა (მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი/მონდომება/ხალისით სწავლა).

·სწავლების პროცესი _ სასწავლო მიზნების გაცნობა, მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება, მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალისთვის (თემისთვის), ახალი მასალის წარდგენა, ცოდნის გაღრმავება, ცოდნის გამოყენება, აზროვნებისა და სწავლის კულტურა, მოსწავლეების რეფლექსიის ხელშეწყობა.

·მასწავლებლის პროფესიონალური უნარები – გაკვეთილის დაგეგმვა, პოზიტიური ურთიერთობები / სასწავლო გარემო, ორგანიზება, წესები და პროცედურები, მოლოდინები, ნდობა, გუნდური მუშაობა, უსაფრთხო გარემო, მოსწავლეთა პატივისცემა, მიუკერძოებელი დამოკიდებულება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან თანამშრომლობა.

·მოსწავლეთა შეფასება _ გაზომვადი მიზნები, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების გამოყენება, საჭიროებების გამოვლენა, სწავლების ეფექტურობის შეფასება, მოსწავლეებისთვის შეფასების ინსტრუმენტების/კრიტერიუმების წარდგენა/ახსნა; დროული, ხშირი, ეფექტური, ინდივიდუალური უკუკავშირის უზრუნველყოფა.

ცხადია, ყველა ამ სფეროს ანალიზი და თვითანალიზი შეუძლებელი იქნება გარკვეული პრიორიტეტების დასახვის და სტრატეგიის შემუშავების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თვითშეფასების ყველა სფეროსთვის, მასწავლებლის საჭიროებების და განვითარების მიზნების გათვალისწინებით, შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა იქნება საჭირო.

წარმოგიდგენთ მასწავლებლის თვითშეფასების ინსტრუმენტების სპექტრს და მათი შემუშავებისა და გამოყენების პრინციპებს.

თვითშეფასების ინსტრუმენტებს, მათი ფორმატის მიხედვით, პირობითად, სამ ძირითად კატეგორიად დავყოფ: თავისუფალი, სტრუქტურირებული და ინტეგრირებული. რაც შეეხება მათ გამოყენებას, თვითშეფასების ინსტრუმენტები შეიძლება იყოს განმავითარებელი და/ან შემაჯამებელი.

თავისუფალი ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება რეფლექსიის წერილობითი ან ზეპირი ფორმები, მულტიმედია საშუალებების გამოყენებით თვითდაკვირვება და შეფასება (მაგ., გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი) და შენიშვნებისა და ჩანაწერების დღიური. რეფლექსია, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლის პორტფოლიოს ნაწილად წარმოგვიდგება, თუმცა ის დამოუკიდებლადაც ხორციელდება. მისი მიზანია, მასწავლებელმა გააანალიზოს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი, რა ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, რამდენად თავდაჯერებულია თავის კომპეტენციებში. რეფლექსიის დროს მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გააანალიზოს, დაასაბუთოს ან გააკრიტიკოს თავისი გადაწყვეტილებები, იფიქროს ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციებზე და მათ უკუკავშირზე. მულტიმედია საშუალებების გამოყენება თვითშეფასების პროცესში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებასთან ერთად. გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი თვითანალიზის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის. მხოლოდ რეფლექსიით შეუძლებელია საგაკვეთილო პროცესის ყველა დეტალის აღქმა და საანალიზოდ გახსენება, ვიდეო გადაღება კი სკრუპულოზური ანალიზისთვის საუკეთესო მასალას იძლევა. რეფლექსია და ვიდეო გადაღება გარკვეული პერიოდულობით შეიძლება განახორციელოს მასწავლებელმა. ჩანაწერების დღიურის წარმოება ყველაზე მოქნილი მეთოდია. თუმცა ანალიზის სიღრმის თვალსაზრისით, დღიურში წარმოებული ჩანაწერები მყისიერ რეაგირებას უფრო ეფუძნება, ვიდრე საკითხის კომპლექსურ ანალიზს.

სტრუქტურირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს განეკუთვნება: კრიტერიუმების ჩამონათვალი, კითხვარი, მოსწავლეთა გამოკითხვა, რანჟირებული შეფასება, რეიტინგის მინიჭება. აღნიშნული ტიპის ინსტრუმენტები შესაძლებელია ეფუძნებოდეს შესრულების კრიტერიუმებს, სასკოლო მიზნებს ან სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელის პროფესიულ სტანდარტს, ეთიკის კოდექსს ან სხვა ნებისმიერ ნორმატიულ თუ პროცედურულ დოკუმენტს. სტრუქტურირებული ფორმატის ინსტრუმენტების საანალიზო საკითხები შეიძლება იყოს:

·როგორ ვხელმძღვანელობ (ან ვხელმძღვანელობ თუ არა) გაკვეთილის დაგეგმვისას სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტით?

·როგორ შევიმუშავებ გაკვეთილის დაგეგმვისას (ან შევიმუშავებ თუ არა) შეფასების სტრატეგიას და ინსტრუმენტებს?

·ვიყენებ თუ არა მრავალფეროვან შეფასების ინსტრუმენტებს სწავლის შედეგის და აკადემიური მიღწევის სტანდარტის შესაბამისად?

·რა დროს ვუთმობ შეფასებას?

·მოსწავლეებს ყოველთვის ვაცნობ და ვუხსნი გაკვეთილის მიზნებს?

·ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს უკუკავშირს ზეპირად და წერილობით?

·რა დამხმარე მასალას ვიყენებ?

·რა აქტივობებს ვიყენებ სპეციფიკური მიზნით?

·რა სტრატეგიას ვიყენებ საშუალო და სუსტ ბავშვებთან მუშაობისთვის?

·აკადემიური პასუხისმგებლობის გარდა რა ვალდებულებებს ვასრულებ?

·როგორ ვიყენებ საგაკვეთილო "ფანჯარას”?

·რა მეთოდებით ვუწყობ ხელს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში?

·კლასის მართვის რა მეთოდებს ვიყენებ?

·ვთანამშრომლობ კოლეგებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე სხვადასხვა კლასში?

·როგორ ვმუშაობ მშობლებთან?

·რა სახით შეიძლება პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა?

·როგორ ვინარჩუნებ სისუფთავეს კლასში?

·როგორ ვიცავ ვადებს?

შეკითხვების სახით ფორმულირება შეესაბამება კითხვარის ან გამოკითხვის მეთოდს. კრიტერიუმების ჩამონათვალის ან რანჟირების მეთოდის გამოყენებისას ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის შეკითხვები თხრობით ფორმას მიიღებს და რანჟირების შემთხვევაში, რამდენიმე სავარაუდო პასუხიც წარმოდგენილი იქნება.

ინტეგრირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებში ერთიანდება: მასწავლებლის პორტფოლიო, პროფესიული განვითარების გეგმა, შეფასების რუბრიკა, სწავლის შედეგების ანალიზი, მტკიცებულებათა შეკრება და არტეფაქტების შეგროვება-ანალიზი. ინტეგრირებული ფორმატის ინსტრუმენტების გარკვეული კომპონენტები სტუქტურირებულია სკოლის ან შემფასებლების მიერ განსაზღვრული სტანდარტის ნაწილში, ხოლო თავისუფალი ფორმატისაა მასწავლებლის ინდივიდუალური მიზნების და ამოცანების შესაბამისად.

მასწავლებლის პორტფოლიო მტკიცებულებებზე დაფუძნებული წერილობითი დოკუმენტია, რომელშიც მასწავლებელი ლაკონურად, სტრატეგიულად და სელექციურად განათავსებს ინფორმაციას მიმდინარე მიღწევების შესახებ. პორტფოლიო, როგორც წესი, 8-10 გვერდისგან შედგება და სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სწავლებას, კვლევას და ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხს. პორტფოლიოში განთავსდება სასწავლო პროცესის ანალიზი, მასალები, გარე შეფასების შედეგები და მოსწავლეების მიღწევები. სწავლების მიმართულებით პორტფოლიო აღწერს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, მიზნებს, მასალებს, აქტივობებს. ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხი განისაზღვრება თანამშრომელთა შეფასებების, სასკოლო რეიტინგების, წლიური შეფასებების, ჯილდოებისა და პრემიების, მოსწავლეებისგან, მშობლებისა და კოლეგებისგან მიღებული მადლობის წერილების მეშვეობით. მოსწავლეთა მიღწევები განისაზღვრება განმავითარებელი შეფასებების, შესრულებული პრე- და პოსტ-ტესტების, გამოცდების, პროექტების, პრეზენტაციების, ესეებისა და უკუკავშირის მეშვეობით.

პროფესიული განვითარების გეგმა იმავე კომპონენტებს მოიცავს, რასაც პორტფოლიო (მიზნები, სტრატეგია, სწავლების ტექნიკა, მასალები). პროფესიული განვითარების გეგმაში დამატებით განსაზღვრულია დავალებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები და შესრულების ვადები. მრავალ ქვეყანაში პროფესიული განვითარების გეგმის წარმოება რესერტიფიცირების ავტომატური საშუალებაა.

მასწავლებელთა თვითშეფასების რუბრიკას მარტივი ცხრილის სახე აქვს. ის შეფასების სამიზნედ სამ კომპონენტს იღებს: სასწავლო გარემოს, სწავლების ტექნიკასა და კლასის/გაკვეთილის ორგანიზებას. თვითშეფასების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რუბრიკაში აღინიშნება სასწავლო გარემოში არსებული ნეგატიური ფაქტორები ან შემთხვევები და განისაზღვრება მათი მოგვარების გზები, ასევე, სწავლების პროცესში წამოჭრილი შინაარსობრივი და ტექნიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

მტკიცებულებათა ნაკრები და არტეფაქტები შესაძლებელია პორტფოლიოს ფარგლებში შეგროვდეს, მასალების გაუმჯობესებისა და მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი იყოს, ან დამოუკიდებელი მიზნისთვის გამოიყენოს პედაგოგმა (მაგალითად, საუკეთესო გაკვეთილის გეგმის კონკურსში).

მასწავლებლის მიერ თვითშეფასების განხორციელებას გარკვეული სირთულეებიც სდევს თან. როგორ ზემოთ აღინიშნა, აუცილებელია, მასწავლებლმა გაიაროს შესაბამისი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეფასების სიზუსტე/სანდოობა, შეირჩეს სათანადო სფეროები შეფასებისთვის, შეფასების ინსტრუმენტები შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, პროფესიულ სტანდარტებს და პროფესიული პრაქტიკის კრიტერიუმებს (სტანდარტები შეიძლება მოიცავდეს კომპეტენციებს, სამუშაო პროფილს, სამუშაოს აღწერას, ეთიკის კოდექსს, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, წლიურ სამოქმედო გეგმას). ასევე, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს მონაცემების შეგროვების მიზნობრიობა, უნდა შეაგროვოს სათანადო მონაცემები და განსაზღვროს თვითშეფასების გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.