სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

შეცდომების რაობა და მნიშვნელობა

ჩვენ არ ვცნობთ შეცდომებს, მათ მნიშვნელობას.

აღვიქვამთ შეცდომებს, როგორც რაღაცას, რასაც ყველა შესაძლო ხერხითა და საშუალებით უნდა აარიდო თავი. როგორც რაღაცას დასამუნათებელს და გასაკილავს.

შეცდომებისადმი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა და ასევე, აღზრდის კულტურა ზოგადად, არაჯანსაღ მიმართებებს აყალიბებს. „შეცდომა დასაძრახია!“, „ძირს შეცდომები“, „თუ შეცდომას დაუშვებ, იწვნევ მწარე შედეგებს!“ „შეცდები და მწარედ განანებ!“ – ლოზუნგებად რომ ჩამოვაყალიბოთ, ფრაზებად რომ დავწუროთ ეს ყველაფერი, ამ შეძახილებს მივიღებთ.  შეძახილები იმ ძალისაა, მთელი ცხოვრება რომ შეიძლება გაჰყვეს ადამიანს.

შეცდომების თავიდან არიდებასა და პერფექციონისტული მოლოდინების ჩანერგვას ბევრი უარყოფითი რამ მოჰყვება შედეგად. მოსწავლეებს სიახლის ძიების, ძალების მოსინჯვის, სითამამის, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გამოვლინების, მცდელობების შიში უჩნდებათ. შემოქმედების პროცესით ტკბობის ნაცვლად შედეგზე (საუკეთესო შედეგზე) ორიენტირებულები ხდებიან. განვითარების გზას იზღუდავენ, იმიტომ, რომ განვითარება მაშინ დგება, თუკი საკუთარ შეცდომებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენის საშუალება მომეცემა. თუ ყველაფერი მიფასდება „კარგია“ და „ცუდია“ კატეგორიებით, თუ შეფასება არის 5, 6, 7, 8, 9 ან 10 – ვექცევი „ციფრულ მახეში“ და იმაზე ვფიქრობ, როგორ შევფასდები. ნაკლებს ან სულ ვერ ვფიქრობ იმაზე – რას ვისწავლი, რას შევიმეცნებ, როგორ გავიფართოებ თვალსაწიერს, როგორ განვვითარდები. შეცდომებისადმი სხვების მიმართება ჩვენსავე საკუთარ მყარ მიმართებებს გვიყალიბებს – სირცხვილის განცდა, სასჯელის შიში, ამ უარყოფითი შეგრძნებების თავიდან ასარიდებელი მექანიზმების შემუშავებისას კი სხვადასხვა სტრატეგიას მივმართავთ – ან თავდაუზოგავი და არაჰიგიენური მუშაობა/შრომა, ან მიჩუმათება და მიჩქმალვა – ჯობია ვიყო ჩუმად, ვიდრე დავუშვა შეცდომა და ამის გამო „მივიღო საკადრისი“.

არადა შეცდომები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეცდომებს დავუშვებთ მუდამ, მთელი ცხოვრების განმავლობაში და თუ არ გვეცოდინება მათი მნიშვნელობა, მათი რაობა და გამკლავების გზებს თუ არ ვისწავლით, ძალიან ბევრს მოვიკლებთ.

შინაგანი ხმები

ჩვენ – მშობლები და მასწავლებლები – ზოგჯერ შინაგან ხმებად ვიქცევით ხოლმე.

ჩვენი შვილების, მოსწავლეების „იდუმალ ხმებად“, საკვირველ ხმებად. მხარდამჭერ ან პირიქით, მომცელავ, დამაბრკოლებელ ხმებად.

დააკვირდით ამ ჩამონათვალს ყურადღებით. აქ თავმოყრილია შეფასებითი, განსჯითი ფრაზები. ფრაზები, რომლებსაც შეცდომების დაშვების შედეგად ან შეცდომებზე საპასუხოდ ვაგებებთ შემმეცნებლებს.

„დებილი რომ იყო, თავს დაგანებებდი!“, „იმას თუ შეუძლია, შენ რა გჭირს!“, „არ გაქებ, არ გეგონოს რამეს მიაღწიე!“, „შენ მეტი მოგეთხოვება!“, „თავში არ აგივარდეს! კარგი კია, მაგრამ ნახე რამდენი შეცდომაა!“, „მეტი შეგიძლია!“, „შენგან ამას არ ველოდებოდი“, „ეს ხარ სულ?!“, „როდემდე უნდა იყო ასე!“, „ზარმაცი, უქნარა, უვარგისი ხარ!“, „ყველა გჯობია!“, „სხვას თუ გამოსდის, შენ რა გჭირს!“, „ქულა არ გეკუთვნის!“, „ჭკუა გაქვს საერთოდ?“ ,“ჩამორჩენილი ხარ!“,  „შენ ვერ გაუმკლავდები ამას!“, “რატომ არ შეგიძლია N-სავით შენც?“, „ნიჭი არ გაქვს!“, „შენ ვერ გაიგებ“, „სულ როგორ უნდა აცდენდე!“, „რა გეშველება!“ „არ ვარგა! დაჯექი, ორიანი!“ …

ეს ფრაზები მოზარდებისგან „ავკრიფე“. „მოსავალი“ ორ სხვადასხვა კლასში „ავიღე“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც მათ დაასახელეს, როგორც ყველაზე გამაღიზიანებელი, დამთრგუნველი, ერთმა თქვა და მომეწონა – „მომცელავი“ ფრაზები.

ასე იზრდებიან შიგანში შინაგანი ცენზორები, შინაგანი კრიტიკოსები, რომლებიც თავს მაშინ წამოყოფენ ხოლმე, როდესაც ქმედება, თვითგამოხატვა, გამოთქმაა საჭირო.

“ბავშვებთან საუბარი განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელსაც თავისი კანონები აქვს“ – ამბობს ჰაიმ ჯინოტი წიგნში „მშობელსა და შვილს შორის“.

რა გზავნილებს ვუტოვებთ ჩვენი „ხმოვანი შეტყობინებებით“ მათ?

საცდელი თაგვები და დასწავლა სასჯელი-წახალისების მეთოდით

შეფასება სასკოლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ასე იყო ოდითგანვე, ახლაც ასეა და იმედია, ასე აღარ იქნება მომავალში. შესრულებულ სამუშაოებში, მოსწავლეთა ნააზრევში, ნაფიქრში, ნაწერში, გაკეთებულში სისტემა ეძებს და „აწითლებს“ შეცდომებს. მეტწილად სწორედ შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებას ვასწრებთ და ვახერხებთ. რასაკვირველია, შეცდომების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. შეცდომების გამოსწორება სავალდებულოა. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც პროცესი ამაზეა მიმართული და სხვა ასპექტები ნაკლებადაა გათვალისწინებული. გვავიწყდება, რომ შეცდომების გარდა ნამუშევარში, ნაფიქრში, გაკეთებულში არის შესანიშნავი და აღსანიშნავი დეტალები.

ამ სისტემისგან, ამ მატრიცისგან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანია შევყოვნდეთ. მარათონულ რბოლას ჰგავს სასწავლო სემესტრი.

მოსწრებაზე ვართ.

ამ მოსწრებისას, ამ დოღში, დაუღალავად ვაფასებთ და ვაფასებთ. ვაწერინებთ შემაჯამებლებს. ამ შემაჯამებლებში გამოვყოფთ და ვამინუსებთ შეცდომებს. ვაკლებთ ნიშნებს. ვწერთ ნიშნებს. ვთხოვთ ნიშნების გამოსწორებას შვილებსა და მოსწავლეებს. და გვავიწყდება, რომ ნიშნებისა და შეცდომების მიღმა არსებობს შემეცნების თავგადასავალი. შემეცნების მრავალწახნაგოვანი პროცესი. შემეცნების წყურვილი.

ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა. არა მხოლოდ შეფასებისა და აღიარების მსურველი, არამედ შემმეცნებელი. ადამიანი არ არის საცდელი თაგვი, რომელსაც სასურველ შედეგს დავასწავლით სასჯელისა და წახალისების გზით. ჩვენი სისტემა დღეს სწორედ ასე მუშაობს – კარგი შედეგები წახალისდება კარგი ნიშნებით. ცუდი შედეგები „დაისჯება“ ცუდი ნიშნებით.

„ცუდია“ – „კარგია“ კატეგორიებს მიღმა არსებობს მთელი სპექტრი

მთელი საბადო აუთვისებელი და გამოუყენებელი მეთოდებისა და სიტყვიერი, განმავითარებელი გზავნილები ამ არსენალშია. გზავნილის ნაცვლად შეფასება მინდოდა დამეწერა და გადავიფიქრე. გადავხაზე და გზავნილით ჩავანაცვლე. გზავნილი, სიტყვიერი კომუნიკაცია, კატეგორიებს მიღმა ურთიერთობა ისაა, რაც სისტემას აკლია. ისაა, რაც კარგმა მასწავლებელმა ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა დანერგოს.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომლებიც კონკრეტული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ურთიერთობის ეს ფორმა მეც დამეხმარა და მოსწავლესაც. ეს ორმხრივი სარგებლის მქონე აქტია – მე მეხმარება, გავიზარდო, როგორც მასწავლებელი. ვისწავლო შემჩნევა. ვისწავლო კატეგორიებს მიღმა დანახვა და შეფასება.

უფრო სწორად კი – დაფასება.

სწორედ ასე. ახლაც შევცვლი ამ აღსანიშნს. მაშ – დაფასება შეფასების ნაცვლად.

მოსწავლეს ამ ტიპის კომენტარები ცხადად უჩვენებს, რომ ღირებულია ყველაფერი, რასაც ის აკეთებს და წარადგენს. ღირებულია მცდელობა, ღირებულია არა საუკეთესო შედეგი, არამედ ქმედების პროცესი. ღირებულია გაბედულება – აწიოს ხელი და დასვას კითხვა. ღირებულია გამბედაობა, ჩააბაროს არასრულყოფილი, მაგრამ ნაფიქრი დავალება. ხელნაწერი, რომელშიც მთელი აბზაცებია გადამუშავებული, გადახაზული და ხელახლა დაწერილი.

„დღევანდელ გაკვეთილზე შენ დაიმსახურე უმაღლესი შეფასება აქტიური მოსმენისა და საინტერესო კითხვების დასმისთვის, რომლებზე პასუხების გაცემითაც სხვებმაც შეიტყვეს ის,რაც არ იცოდნენ“.

„მნიშვნელოვანი იყო შენი საკლასო აქტიურობა/ჩართულობა. საინტერესო პასუხების გაცემა სამსჯელო კითხვებზე. მაღალი ქულით გიფასდება მსჯელობაში მონაწილეობა, არგუმენტირების მცდელობა, პოზიციის სიცხადე. ტექსტი რომ გქონოდა ბოლომდე წაკითხული, იქებოდა უმაღლესი შეფასება“.

„ყოჩაღ! მოულოდნელი და საინტერესო არჩევანი გქონდა გაკეთებული. ძალიან კარგი იყო შენი ზეპირი წარდგენა. შემდეგ ჯერზე დააკვირდი, რა პოზაში წარდგები ხოლმე აუდიტორიის წინაშე. წინასწარ იფიქრე ამაზე. შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი მდგომარეობა. სხეული კომფორტულად და კარგად რომ „გრძობდეს თავს“ სივრცეში. შინ ივარჯიშე. წარმოიდგინე, რომ მსმენელების წინაშე ხარ. როგორ დგახარ? ხელები სად და რა პოზიციაში გაქვს? ჟესტიკულაციისას რამდენად მკვეთრია მოძრაობები? საით იცქირები?“

 

„რვეული დროულად გაქვს ჩაბარებული, მასალები მოწესრიგებულია, მაგრამ ბევრი რამ აკლია. მაგალითად, არსადაა უძველესი და მცირე ეპიკური ჟანრების შედარებითი ანალიზი, მინიატიურა [თეორია და შენი საკუთარი მცდელობა], პუბლიცისტური წერილის სამუშაო ფურცელი. გასაუმჯობესებელია წერითი მეტყველება. არ დაიზარო – იკითხე და წერე. კითხვა ლექსიკურ მარაგს შეგივსებს. შემიძლია გირჩიო კარგი ქართველი ავტორების ბლოგები და ვიდეოჩანაწერები.  ყოველთვის საინტერესოა შენი ზეპირი კომენტარები საკლასო განხილვებისას. დისციპლინა და ბეჯითი მუშაობა საგრძნობლად დაგეხმარება შენი შესაძლებლობების კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენასა და განვითარებაში…“

 

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ, რომ არცოდნის გაცხადება, არცოდნის ხარისხის გაცნობიერება სასარგებლო სამუშაოა და ცოდნა ამ სამუშაოს გარეშე ვერ „შენდება“. არცოდნის გაცხადების გზაზე შეცდომები საუკეთესო მანიშნებლებია.

ეს გზა შემეცნების გზაა.

ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი, ღირებული და უსასრულო.

შეფასება „საუკეთესოა“ ამ გზაზე უფრო ხშირად ჩიხია.

გზა კი მით უფრო საინტერესოა, რაც მეტია საკვლევი, სასიარულო, შესამეცნებელი, სანახავი და გამოსაცდელი. ყველა ამ შესაძლებლობას სწორედ შეცდომების დაშვებით და მათი გამოსწორების ბილიკების ძიებით შევძლებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი