ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ბრჭყალის ბრჭყალი ანუ პუნქტუაცია ძალაუფლების სამსახურში

ენის სუსხი გიგრძნიათ? როგორ? რა საშუალებით?

სიტყვებში?

წინადადებაში?

სიტყვებსა და წინადადებებს შორის?

იქნებ მეტალინგვისტური ნიშნებით?

იქნებ პარალინგვისტური? ის, რასაც არასდროს დაჰკვირვებიხართ?

იქნებ კილო? იქნებ სინტაქსი? იქნებ დაუსრულებელი წინადადება?

იქნებ მეტაფორა და ალეგორია? გადაკვრით ნათქვამი.

და პუნქტუაციაზე რას იტყვით?  იქნებ ბრჭყალი, ზოგჯერ მართლა ბრჭყალია? ბრჭყალი, რომლის ანაბეჭდსაც მითიური წითელი ცხოველი სამუდამოდ ტოვებს მეხსიერებაში.

მოკლედ, ზოგჯერ მძიმეც მძიმეა, წერტილიც ნამდვილ დასასრულს ნიშნავს, ძახილის ნიშანი ბრძანებასთან იკვეთება, ხოლო ბრჭყალი -გკაწრავს და არსად გიშვებს.

ლიტერატურული ტექსტის სწავლებისას პუნქტუაციის და ზოგადად, მეტალიტერატურული ნიშნების მნიშვნელობაზე ბევრი გვისაუბრია, მათ შორის, ამ საიტის სხვადასხვა შესანიშნავი ავტორის ტექსტსაც გადააწყდებით, თუ მოძებნით, მაგრამ ამ ტექსტში იმ ამბებზე მინდა გესაუბროთ, რაც ლიტერატურის მიღმაა და კარგიც იქნებოდა, არც არასდროს შემოეღწია ჩვენთვის ასე საყვარელ სამყაროში.

ენა -ზეგავლენის მთავარი იარაღია, ის განაპირობებს აზროვნებას, შესაბამისად, თუ შევცვლით ენას, შევცვლით აზროვნებას – ენის ამ ძალას ყველაზე უკეთ ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის პირობებში იყენებენ, საბჭოთა პროპაგანდა – ამის საუკეთესო თვალსაჩინოებაა.

ტექსტის დისკურსული, პრაგმატული ფონი ხშირად განაპირობებს ენობრივი და პარაენობრივი ნიშნების ცვლას, ნებისმიერ, თუნდაც მცირე ენობრივი მარკერის შინაარსს აკონკრეტებს, აფართოებს, ფუნქციას უცვლის. ასეთ ნიშნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც ტექსტი განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს-ის პროპაგანდის, ბატონობის, ძალაუფლების მთავარი იარაღია. სად შეიძლება ტექსტის ეს ყველაზე მწარე შხამი ვიგემოთ?  -რასაკვირველია, პრესის ფურცლებზე, საბჭოთა პრესის, მეტი სიმძაფრისთვის წელსაც დავაკონკრეტებ -1937.

არ აქვს მნიშვნელობა როგორია ამა თუ იმ პერიოდული ორგანოს თავისთავადი დანიშნულება, ლიტერატურულია ის, ეკონომიკასა და სპორტზე გვიამბობს თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ყოველდღიურ ცხოვრებას უნდა ასახავდეს. ნომერი აუცილებლად უნდა დაიწყოს ამხანაგ სტალინის სიტყვით, სტატიით, წერილით ან გამოსვლით, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს ფრჩხილებში მინაწერი:ტაში, ხანგრძლივი, მქუხარე ტაში, გაუჩერებელი ტაში და ა.შ ), ხშირი გამეორებები, ჰიპერბოლიზაცია, ხშირი ზედსართავი სახელები, მოვლენის შესაფასებლად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზედსართავის აღმატებითი ხარისხი, აქ თავისებურ მნიშვნელობას იძენს მეტაფორა და ეპითეტი, გამეორება ხომ საერთოდ-მთავარი იარაღია.

 

პროპაგანდის ენაში პუნქტუაციის ნიშნებსაც კონკრეტული, კარგად დაგეგმილი ფუნქცია აქვს, ხშირია კითხვა-ძახილის ნიშნები, ძახილის ნიშნის რამდენჯერმე გამოყენება, მრავალწერტილი, ხოლო ბრჭყალი, თავის პირველად მნიშვნელობას ამართლებს, ის ბასრია და საშიში, ზოგჯერ წყვილ ბორკილსაც ჰგავს.

როგორ? მწერალი ხართ? გენიალური რომანის ავტორი? მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებისთვის საეჭვო და არც ისე სანდო?  ჰოდა, საგაზეთო სტატიაში მწერალი კი არა, „მწერალი“ გახდებით, თქვენი ეპოქალური რომანი კი, არც მეტი, არც ნაკლები „რომანი“ გახდება, შემოქმედება კი – „შემოქმედება“ და, ღმერთმა არ ქნას, მოღვაწეობა „მოღვაწეობად“ შეფასდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ კლასობრივი მტერი და ტროცკისტი ხართ, საზღვარგარეთის აგენტი და სასწრაფოდ საჭიროა თქვენი ლიკვიდაცია!

„ბოლშევიკური შეტევითი რევოლუციური სიფხიზლე საბჭოთა ყველა მწერლის აუცილებელ თვისებას უნდა შეადგენდეს, ჩვენი ამოცანაა ბოლომდე გამოვამჟღავნოთ ტროცკისტი აგენტურის „მოღვაწეობის“ ყველა ნაშთები ქართულ ლიტერატურაში“. ( მნათობი, 1937)

„უნდა ითქვას, რომ ჯავახიშვილისათვის საბჭოთა მწერლის რეპუტაციის შექმნაში განსაკუთრებული „ღვაწლი“ მიუძღვის ჩვენი ხალხის დღეს უკვე საბოლოოდ ნიღაბახდილ და განადგურებულ მტრებს“. ( ლიტერატურული გაზეთი, 1937)

„ამგვარი ცილისმწამებლური, დამახინჯებული და გამყალბებელი „ნაწარმოებებიდან“ მ. ჯავახიშვილი გადავიდა ბულგარულ პორნოგრაფიული ხასიათის პატარა მოთხრობებზე, როგორიცაა, „მუსუსი“, „პატარა დედაკაცი“, „ოქროს კბილი“ და სხვა. (ლიტერატურული გაზეთი, 1937)

ამ „ნაწარმოებთა ერთადერთ „დანიშნულებას“ შეადგენდა საბჭოთა ხალხის მორალური შეგნების შებღალვა, ამ „მოთხრობებით“ მწერლის ნიღაბში დამალული კლასობრივი მტერი ცდილობდა გამოეთიშა მკითხველის აზრი და გრძნობა ჯანსაღი სოციალური იდეების სფეროდან“. (ლიტერატურული გაზეთი, 1937)

„ერთი რამ აშკარაა, ტიც.ტაბიძემ – ამ „უმანკო გნოლმა“, ამ „ნიბლია ჩიტმა“, „პირტიტველა და უცადმა ყრმამ თავის პოეზიაში გადაიღო ყველაფერი ის, რაც ოდესმე დალპა და გაიხრწნა ბურჟუაზიული ლიტერატურის ისტორიაში“. (ლიტერატურული გაზეთი, 1937)

როგორც ხედავთ, ყველაზე უვნებელი პუნქტუაციის ნიშანიც შეიძლება საშიშ იარაღად იქცეს საბჭოთა კრიტიკოსების გესლიანი არმიის ხელში, რომლებიც ტერორის ენის, ძალაუფლების, ტოტალიტარიზმის უბრალო მსახურები არიან.

ჰოდა, თუ სადმე, ღმერთმა არ ქნას და ბრჭყალებში ჩაწერილ „მწერლებს“, „ნაწარმოებებს“ და „პატრიოტებს“ წააწყდით, უკანმოუხედავად გამოიქეცით, ძალიან საშიშია!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი