სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გმირი თუ დამნაშავე

1944 წლის მარტში საფრანგეთის დიდი ქალაქების ქუჩებში, კედლებზე წითელი პლაკატები გამოჩნდა. საგანგებოდ დამზადებულ პროპაგანდისტულ პოსტერზე ათი ადამიანი გახლდათ გამოსახული. ვიშის რეჟიმი და ნაცისტი ოკუპანტები მთელ ქვეყანას ამცნობდნენ, რომ უცხოელებით (არაარიელებით) დაკომპლექტებული, ბოროტმოქმედთა და საშიშ კრიმინალთა ჯგუფი გაანადგურეს. აგიტატორები ჯგუფის წევრებს მხოლოდ დივერსიების დაგეგმვასა და განხორციელებას არ აბრალებდნენ. ჰიტლერის მომხრეები ათ გასამართლებულს არაერთ მხეცურ დანაშაულზეც აკისრებდნენ პასუხისმგებლობას. პლაკატების ყველა კუთხეში გამოკვრას ერთი მიზანი ჰქონდა – ხელისუფლებას ხალხში შიშის დანერგვის სურვილი ამოძრავებდა. კოლაბორაციონისტები თანამოქალაქეებს მიანიშნებდნენ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაკავებულთა მსგავსად სიკვდილით დასჯა ელოდათ.

სისხლისფერ პლაკატზე საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრთა პორტრეტები იყო დაბეჭდილი. ნაცისტთა მიერ დახვრეტილი ათივე მებრძოლი მოხალისეთა პარტიზანული რაზმის წევრი გახლდათ. მებრძოლებს ერთი განსაკუთრებული ნიშანი გამოარჩევდათ – ისინი ემიგრანტ მუშათა პროფკავშირს წარმოადგენდნენ. ათეული ძირითადად პოლონელი და უნგრელი ებრაელებისგან, ესპანელი და იტალიელი ოპოზიციონერებისგან შედგებოდა. ბანდად გამოცხადებულ რაზმს სათავეში სომეხი – მისაკ მანუჩიანი ედგა, რომელმაც ვიშის მარიონეტული მთავრობისა და ნაცისტური გერმანიის სამხედრო ძალების წინააღმდეგ სამოცზე მეტ თავდასხმას უხელმძღვანელა. მანუჩიანის ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული რაზმი იყო წინააღმდეგობის მოძრაობის შემადგენლობაში. სომეხმა სისხლი გაუშრო და ათასი მოულოდნელი თავისტკივილი გაუჩინა საფრანგეთის ფაშისტ ლიდერებს.

ვინ იყო მისაკ მანუჩიანი?

მისაკ მანუჩიანის პიროვნებას, ღირებულებათა სისტემას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდა.

უპირველეს ყოვლისა, იგი ტიპური ანატოლიელი სომეხი გახლდათ. მისი ოჯახის წევრები გენოციდს ემსხვერპლნენ. სხვა მრავალი დაობლებული სომხის მსგავსად პატარა ბიჭს მეზობელ სირიაში გაქცევა მოუწია, სადაც დედმამიშვილებთან ერთად სპეციალურ თავშესაფარში იზრდებოდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სირია და ლიბანი საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიებად გამოცხადდა. შედეგად, მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები ჩამოყალიბდა ლევანტსა და საფრანგეთს შორის, გახშირდა საზღვაო მიმოსვლა მარსელსა და ბეირუთს შორის. მრავალმა სომეხმა სიღარიბის დაძლევის მიზნით ევროპაში გადასვლა გადაწყვიტა. მათ შორის იყო მისაკ მანუჩიანიც. მაშასადამე, გამოდის, რომ სომეხს ორმაგი ემიგრანტის სტატუსი ჰქონდა, მომავალი ანტინაცისტი ჯერ მშობლიური ადიამანიდან გამოაძევეს, შემდეგ კი მან თავადვე ამჯობინა ახლო აღმოსავლეთის დატოვება.

საფრანგეთში გადასახლების შემდეგ ორმაგი ემიგრანტის ცხოვრება მრავალფეროვნებითა და სირთულეებით იყო აღსავსე. მანუჩიანმა ვერ მოახერხა სტაბილური სამუშაოს პოვნა და სიცოცხლის ბოლომდე უწევდა ერთი სამსახურიდან მეორეში გადანაცვლება. ხან დურგალი იყო, ხან ტელეფონის ოპერატორი, ხან ფაბრიკაში ასრულებდა შავ საქმეებს. იყო პერიოდი, როდესაც მხატვართა ჯგუფს ემსახურებოდა, როგორც ბუნებრივი, ცოცხალი ნიმუში (ე.წ. ნატურა). უმძიმეს სოციალურ ყოფას მუშისთვის პროფკავშირულ საქმიანობაში ხელი არ შეუშლია. მანუჩიანი ძალიან აქტიური მოქალაქე და ბრწყინვალე ორგანიზატორი იყო. მის მიერ დაარსებული ასოციაციების წყალობით არაერთმა ღარიბმა მიგრანტმა მოახერხა საკვებისა და საცხოვრებლის, ღირსეული სამუშაო ადგილისა და ნორმალური ანაზღაურების მოპოვება.

მიგრანტი პროფკავშირელის მოღვაწეობის მთავარი სფერო მაინც ლიტერატურა და ჟურნალისტიკა გახლდათ. მეოცე საუკუნის შუა ხანებში ჟურნალისტის პროფესიის დასაუფლებლად მხოლოდ თავზეხელაღებულობა არ კმაროდა. ამ დარგში ულტრაინტელექტუალები შრომობდნენ, რომელთაც საკუთარი პროფესიისადმი ერთგულება გამოარჩევდათ. მანუჩიანი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში სამ გაზეთს გამოსცემდა – ორი მათგანი ლიტერატურული მიმართულების იყო, ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური. იგი სტატიებს სომხურ და ფრანგულ ენებზე აქვეყნებდა, ორ ერს აკავშირებდა ერთმანეთთან და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს მშობლიური ენის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

სულ რაღაც 38 წლის განმავლობაში მანუჩიანი ორჯერ იყო დევნილი საკუთარი სახლიდან, მოასწრო ფაბრიკის მუშად, პროფკავშირის ლიდერად, ჟურნალისტად, რედაქტორად მუშაობა; წერდა ლექსებს, მოთხრობებს, დოკუმენტურ ტექსტებს და მაშინ, როდესაც ფრანგების უმრავლესობას ფარ-ხმალი ჰქონდა დაყრილი, სათავეში ედგა ანტინაცისტურ წინააღმდეგობის მოძრაობას. მხოლოდ ეს ერთი წინადადებაც კი მოწმობს, რომ მანუჩიანის სახით სრულიად განსაკუთრებულ ადამიანთან გვაქვს საქმე.

თუმცა, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მანუჩიანის მიერ სიკვდილის წინ ნათქვამი სიტყვები გახლდათ. მრავალთვიანი წამების მიუხედავად, პატიმარი თავის მეუღლეს ამაყად წერდა: „მე შევუერთდი გამათავისუფლებელ არმიას როგორც მოხალისე ჯარისკაცი და გამარჯვებამდე, მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა ხნით ადრე ვიღუპები… სიკვდილის მომენტში შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ არცერთი ხალხისადმი, არც გერმანელებისადმი ზიზღი არ მამოძრავებს. ყველა მიიღებს დამსახურებულს, სასჯელის ან ჯილდოს სახით. ომის შემდეგ კი, გერმანელი ხალხი და სხვა ერები იცხოვრებენ ძმობისა და მშვიდობის პირობებში… პირადად მე არავისთვის მიმიყენებია ზიანი ან თუ ვინმესთვის რაიმე დამიშავებია, ზიზღი არასდროს მამოძრავებდა… პირადად მე ყველას ვპატიობ, ვინც მატკინა ან ვისაც უნდოდა, რომ მტკენოდა. ვპატიობ ყველას, მოღალატეთა გარდა, რომლებიც გმობდნენ ჩვენს ბრძოლას საკუთარი გვამების გადასარჩენად“.

ერთეულებს, მხოლოდ დიდსულოვან, ღვთის რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ წამების შემდეგ დაუფიქრებლად აპატიონ ჯალათებს ჩადენილი დანაშაული, ძმობისა და მშვიდობის იმედი გამოთქვან და ზიზღის გარეშე გაემგზავრონ იმქვეყნად.

მანუჩიანის ღვაწლი გვიან, მაგრამ სათანადოდ დააფასა საფრანგეთის ხელისუფლებამ. 2024 წლის თებერვალში მისი ნეშტი ომში დაღუპულ გმირთა სასაფლაოზე გადაასვენეს. მანუჩიანი პირველი უცხოელი აღმოჩნდა, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.

რატომ გაჭიანურდა წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის აღიარების პროცესი? რატომ დასჭირდათ ფრანგებს 80 წელი იმისთვის, რომ სომეხი პანთეონში გადაესვენებინათ?

კითხვებზე საპასუხოდ უამრავი არგუმენტის მოხმობაა შესაძლებელი. ვფიქრობ, ერთი ასპექტი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის. მანუჩიანი აფეთქებდა გზებს, ხიდებს, დაუნდობლად ებრძოდა საფრანგეთის მარიონეტულ ხელისუფლებას, მის მოქმედებებს ხანდახან უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლიც მოჰყვებოდა ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის უკიდურესად ვიწროვდება გამყოფი ხაზი გმირობასა და დანაშაულს შორის. ფრანგებს 80 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს მქრქალი ხაზი ნამდვილ წყალგამყოფად ექციათ. ალბათ, გაკვეთილს გაამრავალფეროვნებდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი დანაშაულსა და გმირობას შორის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“