სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის დღიური

 

1921 წელი

19 თებერვალი

ტაბახმელა

თბილისის მისადგომები

სუსხია. მთელი კვირა პირმშრალადაა მიწა. ხაკისფერი ლანდები მოძრაობენ აქა-იქ, იმუხლებენ, იმტვერებიან, საუბრობენ მოკლედ, ხმადაბლა. ორ-სამს მოჭიმულ ხერხემალზე ემჩნევა, მეტი რომ იგუმანა… სხვები ჯერ კიდევ გულდინჯად არიან.

– ეცადე, ფეხი არ ამოძრაო! ვიცი, რომ გტკივა. ჩემი ძმის ხომ არ გაგიგია რამე?

– ყოჩაღად უტევენ! ფრთხილად, მანდ ღრმადაა ჭრილობა.

– ვიცი! ორ დღეში უკეთ იქნები. შეგიძლია ნელა წამოდგე? მოიცა! თხილი მაქვს ცოტა, მამამ გამომიგზავნა, გამომართვი. როდემდე უნდა ვუნახო შალვას. თუ რამე შეიტყო, მომძებნე.

შავი, ტალღოვანი თმა ღრმად შეეკეცა მედდას ქუდში… ნუშისყვავილისფერ თხელ მაჯებში კვლავ გაზაფხული ედგა ჯიუტად, უცილობლად…

ცოტაც და სახელოვანი გამარჯვების ანასხლეტები კეფამდე მიაღწევდა და სამუდამო სიჭაბუკედ ამოეტვიფრებოდა…

 

2024 წელი

23 თებერვალი

თბილისი

ლიტერატურის მუზეუმი

წიგნის წარდგენა

სალომე ბენიძის „მარო“

მუშამბის ფონზე წყლისფერი კაბით ადრინდელივით უბრალო და მშვენიერია…

შინ მომყვება… ერთი თავით მაღალია, მკრთალი, მტკიცე და ისეთივე ნამდვილი, როგორიც თბილისის მისადგომებთან.

– ეს მაროა, მაყაშვილი, კოტე მაყაშვილისა, რამდენიმე წელიწადში მისი თანატოლები გახდებით… მის ოცნებებს თქვენ აიხდენთ.

– და მარო რაზე ოცნებობდა, მას?

– თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ევროპაში მოგზაურობაზე, საკუთარ შემოსავალსა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.

– ადვილია, მას!

– არის კი?…

 

2024 წელი

13 მარტი

თბილისი

კალიგრაფიის ცენტრი

მეშვიდე კლასი

თემა „თავისუფლების დღიურები“

ნესტან ბაგაურის კალმით ანიდან ჰოემდე ქართული ანბანის მომშვენიერება.

ამ ხნის მანძილზე არ გაგვრიდებია წყლისფერი კაბის ლანდი…

– მას, რა უნდა დავწეროთ?

– ფრაზა მაროს დღიურიდან.

– რომელი, მას?

– „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

– ასე ლამაზად თუ შემეძლო „თავისუფლების“ წერა, არ მეგონა, მას!

– „თავისუფლება“ ლამაზად უნდა დაიწეროს!

 

2024 წელი

15 მარტი

წიგნის კლუბი

მეოთხე კლასი

თებერვალში დაწყებული ფიქრი ფიქრს იმატებს.

– ვიდრე წერილებს დაწერენ და ბოთლში შეინახავენ წიგნი უნდა წავაკითხო.

– რა წიგნი?

– თეა ლომაძის „წერილი ბოთლში“

– რაზეა?

– ზღვისშვილებზე, მეგობრებზე. საერთო ენის პოვნაზე. შემდეგ მეგობრების დაკარგვაზე, მიწის დაკარგვაზე, ზღვის დაკარგვაზე.

– ეს ჩვენ მერე იყო?

– კი, თქვენ მერე.

– ზოგჯერ, რომ ვერ მოესწრები უკეთესია…

– ზოგჯერ, რომ მოესწრები და გაუძლებ კიდევ უფრო უკეთესი…

– გაიგებენ?

– იგრძნობენ.

 

2024 წელი

30 მარტი

მეშვიდე კლასი

შეხვედრა ისტორიკოსთან

თემა „აფხაზეთი“

– თუ დააკვირდებით აღმოჩენილ წარწერებს, ფრესკებს, თუნდაც ბედიის ბარძიმს, დარწმუნდებით, რომ ჯერ კიდევ მე-9 მე-10 საუკუნეებში საქართველოს ეს კუთხე კულტურული განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა. დეგრადაცია იწყება დაახლოებით მე-17 საუკუნეში, როდესაც მომთაბარე ტომები მძლავრობენ და იკავებენ ამ კუთხის ნაწილს. ადგილობრივებთან თანაცხოვრება იძაბება მას შემდეგ, რაც სეპარატისტულ აზრს აღვივებს მესამე ძალა და ერთ მიწაზე მცხოვრებ მეზობლებს ერთმანეთს უპირისპირებს, რის შედეგადაც სამოქალაქო ომი გარდაუვალი ხდება.

– ნეტავ არ დაეჯერებინათ მტრისთვის, მას!

– რა უნდათ, მას, არ ყოფნით თავისი ტრამალები?

– აფხაზეთიდანაა ჩემი მეზობელი, განცხადება ნახა ახლახან, თავის სახლ-კარს ყიდდა ვიღაც.

– აუ, ვიღაცამ ჩემი სახლი რომ გაყიდოს და მე არაფერი შემეძლოს.

– შეგიძლია.

– რა შემიძლია, მას?

– არასოდეს დაივიწყო!

– თუ არასოდეს დამავიწყდება, ოდესმე ისევ დავიბრუნებთ?

– ამის სჯეროდა მაროსაც!

 

2024 წელი

3 აპრილი

წიგნის კლუბი

მეშვიდე კლასი

– რას კითხულობენ?

– თამრი ფხაკაძის „გიოს“

– გიო ვინაა?

– მათი თანატოლია, ეგეც აფხაზეთიდანაა.

– რაზეა წიგნი?

– ერთ ღამეში გაზრდილ ბავშვებზე, სამუდამოდ დიდებად, გმირებად და ომგამოვლილებად რომ რჩებიან. კიდევ, მაქციებზეა… ვერაგ მაქციებზე…

– მაქციობა გვძლევდა ყოველთვის… ჩვენ გიოზე ცოტა დიდები ვიყავით. მაშინ ზღვაზე არ ვფიქრობდით. თბილისისთვის უნდა მიგვეხედა.

– ზღვა გიოსთვის დედის თვალებივით ძვირფასია, დედაა გიოსთვის ზღვა.

– გადარჩა?

– გიო კი, დედა არა!

 

2024 წელი

4 მარტი

გორი

წითელსახურავებიანი სახლების რიგი

ვაშლის კვირტებს გაზაფხული აპობს ხელახლა…

– ეს ხე მართიკოსია.

– მართიკოსი?

– ჰო. ლელა ცუცქირიძის „მართიკოსი“. მამამ დაუტოვა ვიდრე შინდისში გაჩერდებოდა.

– არც ჩვენ ვიყავით შინდისელებზე მეტნი…

– ახლა მართიკო კითხლობს შენს დღიურს…

– კითხულობს? ის მაინც აიხდენს ყველა ოცნებას.

– გჯერა?

– მწამს.

 

2024 წელი

7 აპრილი

ხარება

– პირადობები არ დაგრჩეთ!

– წიგნები ხომ მოგაქვთ?

– კი, კი თან გვაქვს ნინიას „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“.

-კარგი, გავდივართ…

ნიქოზი.

ტაძრის ეზო.

მეუფე ისაია.

– პირველად რომ დაგვბომბეს, 22 ჭურვი ჩამოვარდა… სათითაოდ გვაქვს დათვლილი. ამ დღეს, ომი რომ დაიწყო ზედა და ქვედა ნიქოზელ წყვილს ჯვარი დავწერეთ, უცხოელმა სიძემ კი ნათელიღო. მერე, მოხუც ლეილასთან, კოლიასთან და ზამირასთან ვაფარებდით თავს. სოფელი არცერთს არ დაუტოვებია. ჩვენი ხელებით ამოვიყვანეთ სკოლის კედლები ხელახლა. ეს მუსიკის ოთახია. აქ ჩრდილების თეატრი. ამ ოთახში ხატვასა და ხელსაქმეს სწავლობენ ბავშვები. მალე კალიგრაფიის წრეც დაგვემატება. მობრძანდით, იქნებ ჩვენმა ბავშვებმა ერთადაც შეძლონ სიმღერა…

– მეუფეს ტაძრის ეზოში უპოვია ბუჩაჩი და ზღარბუნია. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟებიც ეგენი არიან.

– რაზეა წიგნი?

– წიგნი მამების დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზეა, საზღვრების დადგენის სისულელეზე, კიდევ, ქართული ენის მოფრთხილებასა და დიიიდ, უძლეველ სიყვარულზე.

– სიყვარულზე?

– ჰო, სიყვარულზე?

– დღემდე მახსოვს მისი თვალები…

– რაც ნამდვილია, უსაზღვროა და მარადიული…

– როგორც სამშობლო?

– როგორც სამშობლო.

2024 წელი

9 აპრილი

„აღსრულდა ნება ქართველი ერისა – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

– ასრულდა შენი ოცნება!

– „აჰ, ძლივს, გვეღირსა, გვეღირსა, გვეღირსა!”

– გვერდებშემოლეწილი, ზღვადამცრალი, წითელსახურავებიანი, ბეჭებაყვლეფილი…

– არც არასოდეს მოგვცემია რაიმე უმსხვერპლოდ…

– არც არასოდეს…

– არც არასოდეს შერჩენია მის მაოხრებელს…

– არც არასოდეს..

– არც არასოდეს დასრულებულა ამბავი ჯვარცმით…

– არც არასოდეს…

რუსთაველის გამზირი.

მილეთის ხალხი დგას მოედანზე. აქა-იქ კრთება წყლისფერი კაბა პეპლის ფრთასავით…

ჰაერში გაზაფხულის ვარდისფერი ზეფირი დნება, სწორედ ისე, 21 საუკუნის წინ, ერთ დაუჯერებელ ღამეს, ქვაზე ჩამომჯდარმა ანგელოზმა რომ ახარა ბეთლემელ გოგოებს: „ჩვენ გავიმარჯვეთ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი