სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოდი, თვალები დახუჭე…

 

– ახლა გვექნება წარმოსახვისა და წარმოდგენის გაკვეთილი!

– ეგ როგორ?

– აი, რასაც წაიკითხავ, წარმოიდგენ, რასაც არა – წარმოსახვას ჩართავ და…

– რას ჩავრთავ? სად ჩავრთავ, მას?

– გონებაში, შენს გონებაში გაააქტიურებ წარმოსახვის ღილაკს.

– ???

– აი, ტექსტიც:

„ძალიან, ძალიან ძველად, როდესაც არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი, არც ელექტროენერგია…“

წარმოიდგინე?

– ვერა, მას, მიჭირს.

– „საღამოა, ბავშვები კოცონს შემოსხდომიან, თან ხელებს ითბობენ, თან უსმენენ ყველაზე მოხუცსა და ყველაზე თეთრწვერა კაცს…“

აბა, თუ გამოვიდა?

– კი, მას. მოხუცს მუხლამდე თეთრი წვერი აქვს. ცეცხლის ალი ცას სწვდება. ბავშვებს მგონი აინტერესებთ, მოხუცი რას ამბობს…

– მართალია!

„მოხუცს დაბალი ხმა აქვს, ბოხი, მაგრამ მკვეთრი! სიტყვებს გამოთქმით ამბობს, სხვანაირად არც შეიძლება – ეს მოხუცი ხომ სოფლის ერთადერთი მთქმელია, ერთადერთი მეზღაპრე! ჰოდა, იმ დროს, როდესაც არც ინტერნეტი არსებობდა, არც ელექტროენერგია, არც ტელევიზორი, ბავშვების ერთადერთი გართობა მოსმენა და წარმოსახვა იყო!“

– მოსმენა გავიგე, მაგრამ წარმოსახვა როგორ?

– აი, როგორ:

„ძველად ბავშვებს თავში ვირტუალური, წარმოსახვითი ტელევიზორი ედგათ, როგორც კი რიმე ამბავს გაიგებდნენ, იმპულსები მაშინვე ამ „ტელევიზორთან“ მიირბენდნენ და ჩართავდნენ. სწორედ მაშინ იწყებოდა საოცრება: სიტყვები და წინადადებები ცოცხლდებოდნენ! პერსონაჟები ხორცს ისხამდნენ! თვალწინ იშლებოდა თვალუწვდენელი მინდვრები და დაბურული ტყეები…“

– აუ, რა მაგარია! მეც მინდა ასეთი ტელევიზორი!

– მართლაც ძალიან მაგარი იყო! ასეთ ტელევიზორს არ სჭირდებოდა გარეგანი ენერგიის წყარო, ის ადამიანის ფანტაზიისა და წარმოსახვის ენერგიაზე მუშაობდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მოყოლილი ამბის რეჟისორი თავად ხდებოდი, თავად წყვეტდი, რა სცმოდათ ამბის გმირებს, როგორი სასახლე ჰქონოდათ, როგორი ცეცხლი ეფრქვია გველეშაპს…

– რატომ გაგვიქრა ეს ტელევიზორი ადამიანებს?

– საქმე ის არის რომ არ გამქრალა, ადამიანმა  უბრალოდ დაივიწყა, რადგან ის ათასი სხვა გასართობით ჩაანაცვლა, ყველას გვაქვს ასეთი ტელევიზორი თავში, შეგვიძლია გავაცოცხლოთ კიდეც.

– მე მინდა!

– რას ვამბობდი? მოდი, იქიდან გავაგრძელებ, სადაც გავჩერდი. „კოცონთან მოხუცი ზის და ჰყვება ოქროსფერთმიან ქალღმერთ დალზე, რომელიც ნადირების მფარველი და შემწე ყოფილა! აი, დადის დალი საღამო ხანს ტყეში, ითვლის, რამდენი ჯიხვია, რამდენი ბაჭია, რამდენი შველი – ხომ არ აკლია? გზა ხომ არ აებნათ? ან უბედურება ხომ არ დატრიალდა და მონადირე ხომ არ შემოუჩნდა ამ ტყეს? დალი აფორიაქებულია, ღელავს, თეთრი კაბა აცვია, ფეხშიშველაა, ოქროსფერი ნაწნავები თავზე დაუხვევია, შიგნით იები და ენძელები ჩაუწნავს, ო, რა სურნელს აფრქვევს… და ცეცხლის გარშემო, უამრავ პატარა თავში, ირთვება წარმოსახვის ტელევიზორები. აი, იმ ლოყაწითელი ბიჭის დალი ცისფერთვალებაა – თავის დედიკოს მიამსგავსა, ვერცხლის საყურეები მხრებამდე სწვდება, ქერა, გაკნაჭული გოგონას დალი კი რატომღაც შავგვრემანია, მისი თეთრი კაბა კი მაქმანებით არის მორთული, ფეხშიშველაა, მაგრამ წვივებზე ნატურალური ქვები უბრწყინავს… მოხუცი თხრობას განაგრძობს.

დალს ერთი ჯიხვი შემოაკლდება, მიდის მის საძებნელად და გზად მონადირეს გადაეყრება. უჰ, როგორი ვაჟკაცია ეს ბიჭი! დალს სუნთქვა ეკვრის, გული უგრძნობს რომ დაკარგულ ჯიხვს კავშირი აქვს ამ მონადირესთან. ამბავი გრძელდება. აგერ, კლდის თავზე გადმოკიდებული დალი უკვე შვილს აჩენს და ბავშვს ამირანს არქმევს, ო, რა ღონიერია ეს ჩვილი!“

– ამირანი ხომ ვიცით!

– წაკითხული მაქვს!

– დევები დახოცა!

– ჰოდა თქვენ რომ ამირანის ამბავი იცით, სწორედ ამ ვირტუალური ტელევიზორების დამსახურებაა!

– ეგ როგორ, მას?

– თითოეული ასეთი ამბავი, ასეთი მითი თუ ერთხელ მაინც ჩაიწერა წარმოსახვაში, მას ვერავინ წაშლის. ეს გოგონები და ბიჭები ხომ გაიზარდნენ, ხომ ეყოლათ შვილები და ამ შვილებს „ტელევიზორით“ დამახსოვრებულ ამბებს უყვებოდნენ, ეს შვილები თავიანთ „ტელევიზორში“ იწერდნენ და მერე თავიანთ შვილებს უყვებოდნენ, ისინი – თავიანთ შვილებს, ისინი კიდევ თავიანთ შვილებს და ასე მოვიდა ჩვენამდე – ვირტუალური ტელევიზორების საშუალებით. მოდი, ვცადოთ თქვენი ტელევიზორების გამოღვიძება.

– სიამოვნებით, მას!

ჰოდა, მასწავლებელი აღვიძებს ამ უძველეს მოწყობილობას, ადამიანის გონებაში რომ არსებობს და პროგრესმა მივიწყების ლაბირინთებში გააძევა. ბავშვები თვალებს ხუჭავენ. მასწავლებელი ნელა, მშვიდი ხმით უყვება მათ გასაოცარ, უძველეს ამბებს, ბავშვების გონებაში კი ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებიან გმირები თუ მითოსური ურჩხულები, მათი წარმოსახვა უფრო და უფრო ძლიერდება და ზარის დარეკვასაც კი ვეღარ იგებენ – ისინი ხომ ამბების სამყაროს ეზიარნენ, ამიერიდან მათი ტელევიზორები აღარასდროს გაითიშება! შესაძლოა, წიგნებში სამოგზაუროდ თავით გადაეშვნენ და მერე იქიდან გამოღწევის გზებზეც იფიქრონ, დაბოლოს, „დაუსრულებელი ამბავი“ ხომ დაუსრულებელია, მისი დასრულება შეუძლებელია, ფანტაზიის ქვეყანა ისევ ელის გაცოცხლებულ წარმოსახვებს, ფანტაზიის მწვერვალებსა და ბავშვებს, რომლებსაც უყვართ ოცნება. სწორედ აქედან იწყება ყველა კეთილი და ჯადოსნური ამბავი.

მოდი, ჯერ თვალები დახუჭე:

იყო და არა იყო რა….

(შენ გააგრძელე, ოღონდ შენს წარმოსახვაში!)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“