სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

შემაჯამებელი დავალება – დაბადების დღის პოსტერის შექმნა

საანბანო პერიოდში, ათი ასოს შესწავლის შემდეგ, სასურველია, მოსწავლეებს შევთავაზოთ შემაჯამებელი, სახალისო დავალება, რომლის შესრულებისას, გრძელვადიანი მიზნის შესაბამისად, განიმტკიცებენ ცოდნას: წარმოთქმული სიტყვა შედგება ბგერებისგან, სიტყვის დასაწერად ვიყენებთ ასოებს, ასოები აღნიშნავს ბგერებს, ასოები სხვადასხვა ნაწილისგან შედგება და სხვადასხვაგვარად განლაგდება ბადეში. წერისას საჭიროა სიტყვებს შორის მანძილის დაცვა, წინადადების ბოლოს – წერტილის დასმა.

გთავაზობთ შემაჯამებელი შემოქმედებითი დავალების დაბადების დღის პოსტერის შექმნა სარეკომენდაციო სცენარს.

ძირითადი რესურსი სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ავტორები ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე, რედაქტორი მარიამ გოჩიტაშვილი).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

შესწავლილი ასოები: „ი“, „ა“, „თ“, „ს“, „ხ“, „ო“, „ე“, „უ“, „ძ“, „მ“; მათი ნაწილები, განაწილება ბადეში; ამ ასოებით შედგენილი სახელები, წინადადება; წინადადების ბოლოს წერტილი

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება – დეკოდირება-კოდირება

დავალება დაბადების დღის პოსტერის შექმნა

წარმოიდგინე, რომ შენი დაბადების დღეა და სტუმრად წიგნის პერსონაჟები – ბავშვები დაპატიჟე. შექმენი პოსტერი და მოცემული ნახატების ქვეშ ჩაწერე მათი სახელები. გოგონებს გაუფერადე თმა, ბიჭუნებს – მაისური. შუაში ჩახატე ან ჩააკარი საკუთარი ფოტოსურათი.

დავალების შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რამდენი ასოსგან შედგება თითოეული სახელი;
  • ბადის რომელ უჯრებში ჩაწერე ასოები (ზედა, შუა, ქვედა უჯრებში);
  • რამდენი სიტყვაა პოსტერზე დაწერილ წინადადებაში?
  • რამდენად გაწაფულად კითხულობ ნაცნობ სიტყვებს, წინადადებებს.

 

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები

რესურსი 1. პოსტერის ნიმუშები (მოსწავლის რვეული გვერდი 69)

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების მოთხოვნების გაცნობიერება.

  • რას ხედავთ ნახატებზე?
  • გავიხსენოთ, რა არის პოსტერი?
  • დააკვირდით ნიმუშებს. გარდა ნახატებისა, რა სჭირდება პოსტერს? (სათაური, სიტყვები);
  • თქვენი სიტყვებით ახსენით, რა ყოფილა პოსტერი?
  • თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დაბადების დღის პოსტერი? რა უნდა ეხატოს? (ბავშვების სურათები, ბუშტები) რა უნდა ეწეროს? (სათაური, ბავშვების სახელები) სწორედ მისი შექმნაა თქვენი დავალება;
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

რესურსი 2. ილუსტრაცია მოსწავლის წიგნში (გვ. 48)

რესურსი 3. გალექსილი ამბავი „სახელები“

აქტივობა 2. მასწავლებელი კითხულობს ლექსს

 

სახელები

კითხვას სწავლობენ გიო და ია,

ანბანის წიგნში სახელებია:

გოგონებია – თათა, თათია,

აქვე არიან: თათუ, მაია!

სოსო და სესე ბიჭუნებია,

ბიჭებს თომა და იასეც ჰქვიათ!

მიხო და მიხაც აქვე არიან,

თუთა და მათეც სახელებია!

პერსონაჟებთან მეგობრდებიან!

მათზე ზრუნავენ, ეფერებიან!

ია გოგონებს ყვავილს უხატავს,

მეგობრებისთვის ხატავს ხუთ იას.

გიომ ბურთები გააფერადა,

შვიდი ბურთის ქვეშ ბარათებია.

იამ და გიომ წერაც იციან

და სახელები მიუწერიათ!

წვეულებაზეც მიუწვევიათ,

აბა, დათვალე,

სულ რამდენია?

აღწერე კარგად:

ვინ რომელია, რა ფერის თმა აქვს,

ვის რა აცვია,

შენს წიგნში

მათი სურათებია!

 

  • წიგნის პერსონაჟებიდან რამდენია გოგონა? სად წერია წიგნში მათი სახელები? რომელი ოთხი სახელი იწყება „თ“ ასოთი? (თათა, თათია, თათუ, თუთა). მეხუთეს რა ჰქვია? (მაია).
  • ამათგან რომელია ქერა, ქერათმიანი? წითური? შავთმიანი?
  • სად ხატია წიგნში სოსო და სესე? რა ფერის მაისურები აცვიათ?
  • მიხოს და მათეს მაისურები რა ფერისაა?
  • ბიჭუნებიდან რომლის სახელი იწყება „თ“ ასოთი? სად ხატია ის? (თომა)
  • კიდევ რომელი პერსონაჟია ლექსში და ნახატზეც? (იასე). მისი მაისური რა ფერისაა?
  • მოდით, დავთვალოთ, სულ რამდენი არიან?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ დახატა იამ ხუთი ყვავილი და რატომ გააფერადა გიომ შვიდი

ბურთი? (5 გოგონაა, 7 ბიჭია)

 

რესურსი 4. მოსწავლის რვეული (გვ.69).

აქტივობა 3. იპოვე სწორად დაწერილი სიტყვა და შემოხაზე.

რესურსი 5. მოსწავლის რვეული (გვ.70)

 

 

აქტივობა 4. ამ სიტყვებით ზეპირად შეადგინე წინადადება;

ჩაწერე უჯრებში შესაბამისი ნომერი.

 

  • წერტილმა რას მიგახვედრა? (წინადადების ბოლოს იწერება).
  • როგორ უნდა შევადგინოთ წინადადება სიტყვებით? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

(წინადადებამ აზრი უნდა გადმოსცეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ წერტილს).

 

რესურსი 6. მოსწავლის რვეული (გვ.70)

 

აქტივობა 5. საწყისი ასოს მიხედვით ხაზით დააკავშირე სახელები.

 

რესურსი 7. მოსწავლის რვეული (გვ.71)

 

აქტივობა 6. სახელების დამარცვლა, ერთნაირი მარცვლების პოვნა და ბადეში ჩაწერა.

 

უპასუხეთ შეკითხვებს:

 

  • რა სიტყვები წერია პირველ ხაზზე? მეორე ხაზზე?
  • რომელი ასოთი იწყება სახელი სოსო? ია? თათა? და ა.შ. ყველა სახელი. სად არის ეს ასოები თავში, შუაში თუ ბოლოში? და ა.შ.
  • რამდენმარცვლიანია სახელი ია? თათა? და ა.შ. ყველა სიტყვაზე.
  • დააკვირდით სახელებს – იას და იასეს. რომელი მარცვალი აქვთ ერთნაირი?

ასევე – დანარჩენ სახელებზე.

 

რესურსი 8. მოსწავლის რვეული (გვ.71).

 

აქტივობა 7. დაეხმარე იასეს სიტყვების სწორად დაწერაში. დააკვირდი და მიეცი რჩევა, შენ როგორ დაწერდი ამ სიტყვებს?

  • წაიკითხეთ პირველი წინადადება. სწორად წერია? სად არის შეცდომა? რომელი ასო აკლია სიტყვას – საათს?
  • წავიკითხოთ მეორე წინადადება. სად არის შეცდომა? რომელი ასო წერია შეცდომით მეორე სიტყვაში? (ე)

 

რესურსი 9. მოსწავლის რვეული (გვ. 72)

აქტივობა 9. დააკავშირე წინადადება ნახატთან.

 

რესურსი 8. მოსწავლის რვეული. (გვ. 72)

 

 

აქტივობა 8. დააკავშირე წინადადება ნახატთან.

 

  • რ არის თასი? სად ხატია? ვის ეკუთვნის თასი?
  • რამდენ ხეს ხედავთ ნახატზე?
  • უთო ვისია?

 

რესურსი 10. მოსწავლის რვეული. (გვ. 72)

აქტივობა 9. აქ ჩამოთვლილია სახელები. მოძებნე ხმოვნები და შემოხაზე.

 

რესურსი 11. მაგნიტური ასოები

 

აქტივობა 10. გამოიცანი ბავშვის სახელი (მოსწავლეები გამოიცნობენ და მაგნიტური ასოების გამოყენებით სწორად ააწყობენ სიტყვებს).

 

რესურსი 12. მოსწავლის რვეული (გვ. 73)

 

აქტივობა 11. მოძებნე სიტყვაში დამალული სიტყვა (თათია – ია, ათი; საათი – ათი; ძია – ია).

რესურსი 13. მოსწავლის რვეული (გვ. 73)

 

აქტივობა 12. დამარცვლე და დააჯგუფე ორ– და სამმარცვლიანი სახელები. შეაერთე ისრით.

 

რესურსი 14. დაბადების დღე

 

აქტივობა 13. სიმღერის მოსმენა და შესრულება (სურვილისამებრ)

 

  • დაასახელე ხმოვანი ბგერები.
  • რამდენი ხმოვანია სახელში თათია? სოსო? თუთა? და ა.შ.
  • რამდენი მარცვალია სიტყვაში თათია? რომელია პირველი მარცვალი? მეორე? მესამე?
  • ხომ არ შეგიძლია იპოვო ამ სახელში კიდევ სხვა სიტყვა? (თათია – ათი, ია; თუთა – თუ; მაია ია).
  • რამდენმარცვლიანია სახელი სოსო? ია? მიხო? თომა? მაია? იასე?
  • ბადიანი სტრიქონის რომელ უჯრებში იწერება ასო „ა“? ასო „თ“? ასო „ს“? ასო „ე“? რა ნაწილებისგან შედგება ჩაწერილი ასოები?

 

აქტივობა 14. შემაჯამებელი დავალების შესრულება – პოსტერის მომზადება რვეულში. (შესაძლებელია, ამობეჭდოს მასწავლებელმა და ასე შეასრულებინოს).

მოსწავლეები ამოიცნობენ სახელებს – ია, თათა, თათია, სოსო, სესე, იასე, მიხო, თომა, მაია – და სრულად ჩაწერენ, ავტოპორტრეტს (როგორც შეძლებენ) ჩახატავენ ან ფოტოს ჩააწებებენ, ნახატებს გაფერადებენ (მოსწავლის რვეული, გვერდი 74-75).

 

 

დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული

მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად:

 

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ გააფორმე პოსტერი? ჩახატე შენი სახე თუ ფოტო ჩააკარი?
  • რომელი მარცვლები გამოიცანი და დაამატე სახელებს? ჩამოთვალე.
  • ბადის რომელ უჯრებში (ზედა, ქვედა, შუა) ჩაწერე ასოები? ჩამოთვალე („ა“, „ი“, „ო“, „თ“ – შუაში, „ს“, „ხ“, „მ“ – ზედა და შუა უჯრებში, „ე“ – შუა და ქვედა უჯრებში).
  • რამდენი სიტყვაა პოსტერზე დაწერილ წინადადებაში?
  • რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელი ნამუშევარი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?

 

შენიშვნა 1. თითოეული ასოს შესწავლის პროცესში მოსწავლეები შეასრულებენ აქტივობებს:

  • ასოს ჩაწერა ბადიან რვეულში;
  • დაფიდან გადაწერა (მაგ: აი თათუს სახე.);
  • სიტყვების კარნახით წერა (მაგ: ეს სოსოა. ის თათუს ძმაა).

 

შენიშვნა 2. მასწავლებელი სახელმძღვანელოში მოცემულ თითოეულ ტექსტში ბავშვის სახელზე ამახვილებს ყურადღებას და დამხმარე კითხვების საშუალებით დაამუშავებინებს:

 

  • რამდენი ბგერისგან შედგება?
  • რომელ ბგერაზე იწყება?
  • რომელი ბგერით მთავრდება?
  • რამდენი მარცვლისგან შედგება?
  • რომელია პირველი მარცვალი? მეორე? მესამე?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“