ჩემი მომდევნო ინტერვიუ განათლების მკვლევართან, სიმონ ჯანაშიასთანაა. ჩვენი ერთ-ერთი საუბრის დროს, მოსწავლეთა შეფასების საკითხებს შევეხეთ და მივხვდი, რომ უმჯობესი იქნება მისი ეს მოსაზრებები უფრო ფართო აუდიტორიისათვის, სტრუქტურირებულად გადმოგვეცა. სწორედ აქედან წამოვიდა ინტერვიუს იდეაც. საუბრისას შევეხეთ შეფასების ფორმებს, მის პედაგოგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეებს, მასწავლებლის ავტონომიას, გაზიარებული შეფასების ნაკლოვანებებს, ავთენტური შეფასების მნიშვნელობას, მშობლებთან კომუნიკაციის საკითხებს. ინტერვიუს ბოლოს კი, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციასაც ნახავთ.
ვფიქრობ, გამორჩეულად კარგი ინტერვიუ გამოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანად რესპონდენტის დამსახურებაა და არა მხოლოდ განათლების სისტემაში მყოფი ადამიანებისათვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.
სიმონ, დიდი მადლობა ინტერვიუზე რომ დამთანხმდი. ინტერვიუს ძირითადი თემაა მოსწავლეთა შეფასება, როგორც სწავლა–სწავლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველ რიგში, საინტერესოა, დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა შეფასების ფორმა როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ?
შეფასების კუთხით, საქართველოში, მოხდა ის, რაც ხდება მთელს მსოფლიოში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ნელ-ნელა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება განმავითარებელი შეფასება და სულ უფრო ნაკლებად აქტუალურია – განმსაზღვრელი.
ბოლო რამდენიმე ათწლეულია მსოფლიოში უამრავი კვლევა ჩატარდა, რომელიც აჩვენებს რომ განმავითარებელ შეფასებას დიდი გავლენა აქვს მოსწავლეების შედეგებზე, მეტი, ვიდრე უბრალოდ ტესტის ჩატარებას და ნიშნის დაწერას. განმსაზღვრელი შეფასების დროს მოსწავლემ შეიძლება ვერც გააცნობიეროს, რატომ მიიღო კონკრეტული შეფასება. განმავითარებელი კი ეუბნება, არა მხოლოდ იმას, თუ რა დონის პროგრესი აქვს, არამედ – უხსნის, რატომ აქვს ის შედეგები, რაც აქვს.
საქართველოში, როცა სამინისტროში დავიწყე მუშაობა (2004 წელი), ერთ-ერთი საკითხი რაზეც ვმსჯელობდით, სწორედ შეფასების თემას უკავშირდებოდა. მაშინ, განმავითარებელი შეფასება, როგორც პრინციპი, საერთოდ არ არსებობდა და ვერცერთ დოკუმენტში ვერ ნახავდით. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს, რომ ამას მასწავლებლები იქამდეც აკეთებდნენ, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ეს არ იყო გათვალისწინებული, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის შეფასებები, არა მხოლოდ განმსაზღვრელი და განმავითარებელი, არამედ დიაგნოსტიკური და რომ ეს შეფასებები მნიშვნელოვანია. იმ დროს, თავად სიტყვაც „განმავითარებელი“ არ იყო დამკვიდრებული ტერმინი. ინგლისურში არის Formative და შესაძლოა სხვაგვარად გვეთარგმნა, თუმცა გვინდოდა ისეთი ვარიანტი შეგვერჩია, რაც საუკეთესოდ გამოხატავდა მიზანს. შესაბამისად, შევარჩიეთ „განმავითარებელი შეფასება.“ ანალოგიურად, summative-ს, რომლის მიზანიცაა, განსაზღვროს მოსწავლის შედეგი კონკრეტულ მომენტში, დავარქვით განმსაზღვრელი. ამასთან, შეიცვალა არა მხოლოდ ის, რომ შემოვიდა ეს ცნება, არამედ – დაწყებით საფეხურზე საერთოდ გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასების პრინციპი.
როგორ ფიქრობ, გარდა პედაგოგიურისა, შეფასებას კიდევ რა მხარეები, რა ფაქტორები განსაზღვრავს?
ზოგადად, შეფასებებს აქვს არა მხოლოდ პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური მხარეც. მაგალითად, პოლიტიკის თვალსაზრისით, სკოლების მოწყობაზე და იმაზე, თუ რას ასწავლიან და როგორ ასწავლიან, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს იმას, თუ როგორ არის დარეგულირებული შეფასება ან როგორ ატარებს სახელმწიფო მოსწავლეთა შეფასებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, რასაც ვაფასებთ, განსაზღვრავს იმას, რასაც ვასწავლით. თუ გვინდა, რომ სკოლებში ცენტრალიზებულად ჩატარდეს რაღაც ტიპის შეფასებები, მაგალითად, როგორიც იყო გამოსაშვები გამოცდები ან არის მისაღები გამოცდები, შემდგომ ის განსაზღვრავს სკოლის ორიენტირებს, თუ რა ჩაითვლება სკოლის მიღწევად და წარუმატებლობად. შედეგად, სწორედ ეს მოქმედებს მშობლებზეც და ითხოვენ იმას, რაც შეფასდება. მასწავლებლებიც თავის საქმიანობად მიიჩნევენ ძირითადად ისეთი საკითხების სწავლებას, რაც გამოჩნდება შეფასებებზე, მაგ. ეროვნულ გამოცდებზე. ასე რომ, ეს პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველგან, სადაც მსგავსი ცენტრალიზებული შეფასებები არსებობს, რომელიც სცილდება მასწავლებლის შეფასებებს და არის ან სასკოლო ან სახელმწიფო, პრინციპში, უფრო მეტ უარყოფით შედეგებს იწვევს, ვიდრე – დადებითს.
კულტურულ მხარეს რაც შეეხება, შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას აფასებს მასწავლებელი. განათლების სოციოლოგიაში ცნობილია კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ხშირად, მოსწავლის ჩაცმულობა და სოციალური ჯგუფი განსაზღვრავს მის შეფასებას და არა მისი ძალისხმევა. სხვა სიტყვებით, მასწავლებლის კულტურული მიკერძოებულობა განსაზღვრავს, როგორ ხედავს მისი მოსწავლის შესაძლებლობებს და როგორ აფასებს მას. მაგ., შეიძლება გენდერი განსაზღვრავდეს შეფასებას. ყველას გაგვიგია, რომ მასწავლებლების ნაწილი, თუ გოგონები კარგად სწავლობენ მათემატიკას, ეუბნებიან, რომ მათ კაცის ტვინი აქვთ. ანუ მათ წარმოდგენაში, კაცებს უფრო მათემატიკურად მოწყობილი ტვინი აქვთ, ვიდრე ქალებს და ეს წარმოდგენები განსაზღვრავს შეფასებას. შეიძლება მასწავლებელი ნაკლებს ელოდეს მათგან და მეტს – ბიჭებისაგან. იგივე პრინციპით, ნაკლებს ელოდებოდნენ ხელოვნებაში ან სხვა ჰუმანიტარულ საგნებში ბიჭებისაგან და მეტს – გოგონებისგან. შესაბამისად, შეფასების კრიტერიუმი შეიძლება იმდენად არ განსაზღვრავდეს თუ როგორ აფასებს მასწავლებელი, არამედ მისი წარმოდგენა მოსწავლის სოციალურ წარმომავლობაზე.
ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები იცნობენ მშობლებს, შეიძლება ზოგიერთი მათი ყოფილი მოსწავლეც არის. ამ დროს, მშობლებზე წარმოდგენები შეიძლება გავრცელდეს მოსწავლეებზეც. თუ მაინცდამაინც წარმატებული არ იყო მშობელი, შეიძლება მასწავლებელმა ეს ცოდნა გადაიტანოს მოსწავლის შეფასებაზე. შესაბამისად, მიკერძოებულობა შეიძლება დადებითი კუთხითაც გამოვლინდეს და უარყოფითითაც. მაგ., შეიძლება ბავშვი არ სწავლობდეს, მაგრამ რადგან მისი მშობლები კარგად სწავლობდნენ ან ინტელექტუალური წრის წარმომადგენლები არიან, მასწავლებლის წარმოდგენაში ეს ისეთი პრობლემა არ იყოს, როგორც ისეთი ბავშვის არ სწავლა, რომლის მშობლებისაგან მასწავლებელი სხვა რამეს ელის.
განმავითარებელ შეფასებაზე რას იტყვი? სასკოლო განათლების ისტორიის კვლევის დროსაც დავინახეთ, რომ ეს ტერმინი არც თუ ისე ახალია საქართველოში. მიუხედავად ამისა, მასწავლებლებში ნაკლებად გამოყენებადი, ხოლო მშობლებში – ნაკლებად მოთხოვნადი ფორმაა.
ზოგადად, ის რომ ჩვენთან განმავითარებელი შეფასების არსი და დანიშნულება კარგად არ ესმით, კარგად ჩანს იმაშიც, რომ დიდი მოთხოვნაა განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებაზე (როგორც მშობლებში, ასევე მასწავლებლებში). ეს გამოწვეულია იმით, რომ განმსაზღვრელ შეფასებას აქვს რამდენიმე დადებითი მხარე. პირველ რიგში, ეკონომიკური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, არის უფრო მოსახერხებელი, რადგან მასწავლებელს ნაკლები დრო სჭირდება შეფასების დასაწერად, მაშინ როცა განმავითარებელი კომენტარი მეტ დროს მოითხოვს, მით უმეტეს მაშინ, როცა მათი დიდი ნაწილი იმაზე მეტ ადამიანს ასწავლის, ვიდრე სასურველია.
მე ვფიქრობ, ეს პრინციპიც უგულებელყოფილია განათლების პოლიტიკაში და მეტი ყურადღება სჭირდება. მასწავლებელს არ შეიძლება ჰყავდეს ასობით მოსწავლე. ხშირად, მასწავლებელი რამდენიმე ასეულ მოსწავლეს ასწავლის, რაც შეუძლებელს ხდის განმავითარებელი შეფასების გამოყენებას. შესაბამისად, მასწავლებლების სტრატეგიები ასეთი ტიპის პრობლემებთან გასამკლავებლად არის მრავალგვარი. მაგალითად, ეძახიან განმავითარებელ შეფასებას და სინამდვილეში განმსაზღვრელია. ვთქვათ, უწერს „ყოჩაღ“-ს, რომელიც განმსაზღვრელია, რადგან არ ამბობს, რა დონეს მიაღწია მოსწავლემ და რა იქნება სასურველი, რომ ამის შემდეგ გააკეთოს.
მეორე სტრატეგია ისაა, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს არ აძლევენ დავალებებს, რადგან მათ გასწორებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომაც არის, რომ ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, ქიმიაში, ფიზიკაში საწერი დავალებები მინიმალურია. მეორე მხრივ, შეიძლება მასწავლებელმა დავალება მისცეს, მაგრამ მერე აღარ შეასწოროს.
სხვათა შორის, ქართულ ენაზე ერთ-ერთი საინტერესო სახელმძღვანელო, რომელიც განმავითარებელ შეფასებაზე მასწავლებლებმა შეიძლება მოიძიონ, არის მარიანა ხუნძაყიშვილისა და სარა ბივერის „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.“
როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში შეფასების ერთიანი სისტემის არსებობა?
ერთი მხრივ, არის მოთხოვნა შეფასების სტანდარტიზაციაზე. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მასწავლებლის ავტონომია, თავად განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები და მეთოდები. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებლებისთვის საინტერესო იყოს მუშაობა (რადგან ამის გარეშე ისინი იქნებიან სტანდარტების შემსრულებლები), არამედ იმიტომაც, რომ სასწავლო მიზნების განსაზღვრაში თუ არ არის მასწავლებელი ჩართული, მაშინ ის ვერ ხდება სოციალური პროცესის თანამონაწილე. სხვა სიტყვებით, ის მასწავლებელი კი აღარ არის, ავტომატიზებული მანქანაა, რომელიც ასრულებს დაპროგრამებულ მოთხოვნებს.
შეფასება ეს არის მიზნების განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. როცა ფიქრობ, რა გინდა რომ ასწავლო, მაშინვე იწყებ ფიქრს იმაზეც, თუ საიდან გაიგებ, მოსწავლეებმა ისწავლეს თუ არა ის, რაც გქონდა განზრახული. ამიტომაც ირჩევ სხვადასხვა მეთოდს. მასწავლებელი, რომლის მიზანიც არის ბავშვის თვითმართვის ან სწავლის-სწავლის უნარების განვითარება, ის აუცილებლად მოძებნის შეფასების ფორმას. მაგ., ერთ-ერთი ასეთი ფორმაა თვითშეფასება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს მისი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და შემდეგ დაფიქრდეს იმაზე, თუ რა შეიძლება გაეკეთებინა უკეთესი შედეგის მისაღებად. ასეთ ფორმას მასწავლებელი იმიტომ იყენებს, რომ მას განსაზღვრული აქვს რაღაც მიზანი. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ზოგი მასწავლებელი ამ მეთოდს იყენებს იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ (დრო და ა.შ.). თუ თვითონ ხშირად ვერ აფასებს მოსწავლეებს, შეიძლება ამ ფორმით გაამრავალფეროვნოს შეფასების მიდგომებიც და გაზარდოს სიხშირე. შედეგად, თვითონ აღარ დასჭირდება 30 მოსწავლის ცალ-ცალკე შეფასება.
ცხადია, ასეთი მიდგომების გამოყენების დროს, აუცილებელია, მასწავლებლებს ჰქონდეთ გაზიარებული წარმოდგენა, მის მნიშვნელობაზე და არ იფიქრონ, რომ თვითშეფასება მაინც სისულელეა და ბავშვები იმაზე მაღალ ქულას დაუწერენ თავის თავს, ვიდრე ეკუთვნით. სამწუხაროდ, ეს წარმოდგენა არსებობს, რომ ბავშვი უპასუხისმგებლოა და მომართულია ჩვენს მოტყუებაზე. სინამდვილეში, ეს უფრო მასწავლებლის წარმოდგენების პროეცირებაა ბავშვებზე. ბევრი კვლევაა, რომელიც აჩვენებს, რომ მოსწავლეების თვითშეფასება პოზიტიურად კორელირებს, ანუ ახლოს არის მასწავლებლის შეფასებასთან. თანაც, თუ ეს გამოცდილების შედეგია, ანუ თუ მოსწავლეები ამას ხშირად აკეთებენ და მასწავლებელი ეხმარება მათ ამ შეფასების გაკეთებაში (ასწავლის, როგორ შეიძლება დაფიქრდეს საკუთარ წარმატება-წარუმატებლობაზე ან დაფიქრდეს იმაზე, როგორ უნდა გამოიყენოს შეფასების კრიტერიუმები), მაშინ მოსწავლე-მასწავლებლის შეფასებები კიდევ უფრო ემთხვევა ერთმანეთს.
და ბოლოს, სტანდარტიზება შეიძლება იწვევდეს სხვა პრობლემებსაც. მაგ. მასწავლებელი მოსწავლეს აღიქვამდეს არა როგორც სუბიექტს, არამედ როგორც ობიექტს, რომელსაც შეიძლება თავში რაღაც ჩაუდო და შეაფასო სტანდარტიზებული მეთოდით.
მასწავლებლებს შორის გაზიარებულ პრინციპებზე რას იტყვი?
თუ შეფასების პრინციპები მასწავლებლებს მსგავსი არ ექნებათ, ეს ბავშვებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. პრინციპები, როგორიცაა სამართლიანობა, გამჭვირვალობა, დროულობა და ა.შ. მაგ., თუ ერთი მასწავლებელი უხსნის, რა კრიტერიუმებით აფასებს და მეორე – არა, ბავშვებს გაუჩნდებათ მოთხოვნა, მეორემაც აუხსნას და უფრო გამჭვირვალე გახადოს პროცესი. ანალოგიურად, თუ ბავშვი ხედავს, რომ ერთნაირი ნამუშევრის პირობებში ერთი მოსწავლე იღებს ერთს და მეორე – სხვა შეფასებას, შეიძლება ეს მისთვის გაუგებარი იყოს და უსამართლოდ მოეჩვენოს.
შესაბამისად, პრინციპების შეთანხმება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენება. ზოგადად, საკმაოდ რთულია იმის გაგება, მათ შორის სკოლისთვისაც, თუ როგორ ხდება შეფასება. ამის მიზეზი ისაა, რომ შეფასება არა მხოლოდ ფორმალიზებულ ვითარებაში, არამედ გაკვეთილის პირობებშიც, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მაგ., ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი მინიშნება ან მასწავლებლის მიმიკამ ან ჟესტიკულაციამ განიშნოს, სწორად აკეთებ რაღაცას თუ არა. ამის სტანდარტიზაცია კი, უბრალოდ შეუძლებელია.
როდესაც შეფასებაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, ეს შეფასებები არა მხოლოდ კლასის დონეზე, არამედ სკოლის და ზოგჯერ საჯაროდაცაა ცნობილი. ამაზე რას ფიქრობ?
ხშირად, შეფასება არა მხოლოდ შედეგის, არამედ ძალისხმევის შეფასებაა – რა ძალისხმევა დასჭირდა მოსწავლეს, რომ შედეგამდე მისულიყო. მაგ., თუ მასწავლებელი ხედავს, რომ ერთსა და იმავე შედეგს, ერთმა ბავშვმა დიდი ძალისხმევით მიაღწია, ვთქვათ, წავიდა ბიბლიოთეკაში და იკითხა წიგნები და მეორემ – ნაკლებით, მაგ., სახლში უდევს წიგნი, რომელიც აიღო და წაიკითხა, შეიძლება სხვადასხვა, დამატებითი კრიტერიუმით შეაფასო. შესაბამისად, თუ ეს არ არის წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმი, შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.
ზოგადად, შეფასების შედეგების გაზიარებას ბევრი პრობლემა აქვს. პირველ რიგში, ის მოსწავლეებში კონკურენციას აჩენს, რაც ხშირად დადებითი რამ ჰგონიათ. სამწუხაროდ, ბევრს სჯერა, რომ კონკურენცია ზრდის მოტივაციას მოსწავლეებში. სინამდვილეში, თანამშრომლობის კულტურის რღვევას იწვევს. მაგ., მე მინახავს ამერიკაში, ბიბლიოთეკაში, წიგნებში ამოხეული იყო გვერდები, იმისათვის, რომ სხვას ვერ მიეღო ისეთივე კარგი ნიშანი, რომლის მიღებაც ამის გამკეთებელს უნდოდა. ფაქტობრივად, სტუდენტები ერთმანეთს უშლიან ხელს წარმატების მიღწევაში, რადგან მათ შორის კონკურენცია არსებობს. ზუსტად იგივე ხდება სკოლებში, როცა ბავშვი მიმართავს სხვა ბავშვს დახმარებისათვის და მას არ ეხმარებიან, რადგან ეს პირველობის დაკარგვას გამოიწვევს.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს, სტრესს, სირცხვილს, რეპუტაციის შელახვას, რაც შეიძლება აგრესიაშიც გადავიდეს და ა. შ. აქედან გამომდინარე, შეფასების გაზიარება და გასაჯაროება მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს. თუმცა, შეფასებების შესახებ საუბარი მნიშვნელოვანია. მაგ., ვკითხოთ მოსწავლეებს, მათი აზრით, რა იყო ყველაზე რთული საკითხი შეფასების დროს. მე ჩემს სტუდენტებს და მოსწავლეებს ვაცნობდი სტატისტიკას, რომ მაგ. საუკეთესო ნიშანი მიიღო 30-დან 10-მა ან 5-მა ბავშვმა. ეს იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაინახონ, ნიშნების განაწილების კუთხით თვითონ სად არიან. ამავდროულად, ეს შეიძლება ღირებული იყოს, რადგან უხსნის იმასაც, თუ რამდენად რთული ან მარტივი იყო დავალება.
ჩვენთან ერთ-ერთი პრობლემა სკოლებში არის ის, რომ ცოტა დრო აქვთ მასწავლებლებს და ცოტა გამოცდილება, ინდივიდუალურად რომ დაელაპარაკონ ბავშვს შეფასებაზე. ამისათვის საკლასო დრო არ გამოდგება. თუ ამას აკეთებ კლასში, გამოდის, რომ შეფასების შედეგებს უზიარებ ყველას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაკვეთილების მერეც ხვდებოდნენ მასწავლებლები მოსწავლეებს ან ელექტრონული კომუნიკაცია გამოიყენონ. უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, მასწავლებლებს ამის დრო არ აქვთ. ცხადია, აქ სკოლის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია. სკოლის ადმინისტრაციაც უნდა ეხმარებოდეს მასწავლებელს ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზებაში და მშობლებთან კომუნიკაციაში, რათა მათ ესმოდეთ ამ ტიპის შეფასების მნიშვნელობა.
ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაახლოებით 15 წლის წინ დაამთავრა ჩვენი სკოლა, დღემდე კარგად ახსოვთ ის გამოცდილება, როდესაც მასწავლებელთან ინდივიდუალური გასაუბრებები ჰქონდათ. ამ დროს, ისინი ერთი-ერთზე განიხილავდნენ ამა თუ იმ ნაშრომს და იღებდნენ შესაბამის უკუკავშირს.
როგორც შენი საუბრიდან ჩანს, თავად შეფასების პროცესი ბავშვებისათვის საინტერესო და სტრესულ პროცესად არ აღიქმებოდა. რატომ ხდება, რომ ჩვენ შემთხვევაში, ეს პროცესი, ძირითადად, საკმაოდ ერთგვაროვანი და უფანტაზიოა? ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ტესტებით, გამოკითხვებით, საკონტროლო წერებით და მსგავსი ტიპის ფორმებით ფასდებიან ბავშვები.
ზოგადად, შეფასება არა მხოლოდ სამართლიანი, გამჭვირვალე, ობიექტური და გაზომვადი უნდა იყოს, არამედ – ავთენტურიც. ეს ნიშნავს იმას, რომ შეფასება უნდა ასახავდეს მოსწავლის უნარს, გაერკვეს ავთენტურ სიტუაციაში. მაგ., ველოსიპედის ტარებას თუ ვასწავლით მოსწავლეს, იმის შესამოწმებლად იცის თუ არა მან ეს, ტესტი კარგი ფორმა ვერ იქნება. ავთენტური შეფასება იქნება, მივცეთ მოსწავლეს ველოსიპედი და ვნახოთ, მართლა შეუძლია თუ არა ტარება.
მაგ., წერის სწავლების დროს, შეფასებისას, კომპეტენციებს მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზით ამოწმებენ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ავთენტური სიტუაცია იქნება, თუ შევაფასებთ, მაგ., რამდენად შეუძლია მოსწავლეს მისწეროს ელ. წერილი მასწავლებელს ან თანაკლასელს. ეს არის ის, რაც მას ყოველდღიურობაში სჭირდება. რეალურად, ყოველდღიურობაშიც უამრავი ამოცანაა, რომელიც წერა-კითხვას უკავშირდება და აი, ამ ამოცანებთან გამკლავების შეფასება არ ხდება. ამიტომაც, ეს პრობლემა ნამდვილად გვაქვს – ავთენტური სიტუაციები არ იქმნება, რომლებიც დაგვანახებდა, რამდენად გაართვა თავი მოსწავლემ დასახულ ამოცანას.
სხვათა შორის, სწორედ ამას ეხება მასწავლებლის გამოცდის კრიტიკა, რომელიც ავთენტურ სიტუაციას ვერ ასახავს. ამგვარი გამოცდებით ჩვენ ვერ ვიგებთ, ის მასწავლებელი რამდენად კარგად ასწავლის. ტესტი ამას ვერ განსაზღვრავს.
საუბრისას არა ერთხელ ახსენე მშობლები, მათ შორის იმ მხრივ, რომ ისინიც ითხოვენ განმსაზღვრელ შეფასებას. მათთან კომუნიკაციაზე რას იტყვი?
მშობლების ნაწილი ითხოვს ხშირ შეფასებას, რადგან მათ უნდათ თავიანთი შვილების პროგრესის მონიტორინგი. მონიტორინგის მთავარი ფორმა კი, ნიშნებია. ამიტომაც, სთხოვენ ისინი სკოლას „გამოჰკითხეთ ჩემი შვილი, რაც შეიძლება ხშირად.“ არადა, შესაძლოა, მასწავლებელი გამოკითხვას საერთოდ არ ატარებდეს და დისკუსიაზე ორიენტირებული გაკვეთილები ჰქონდეს. შესაბამისად, რთულია შეფასების ახალ ფორმებზე გადასვლა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ეს ფორმებია რთული, არამედ გამოცდილებებია ნაკლები და მშობლებთან ურთიერთობის ახალ ფორმებსაც ითხოვს. ასეთ პირობებში, მასწავლებელი მშობლებს უნდა შეხვდეს, დაელაპარაკოს და მოუყვეს, რაც მშობლის წარმოდგენაში ნიშნებითაც შეიძლება იყოს გადმოცემული.
სიმონ, ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა და ბოლოსკენ, ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც მასწავლებლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან, რას ურჩევდი მათ შეფასებებთან დაკავშირებით?
მე ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია რეალისტური გეგმების დასახვა. ეს გეგმები, ცხადია, უნდა იყოს მიზანზე ორიენტირებული. ხშირად, მასწავლებლები არარეალისტურ გეგმებს სახავენ და ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი რამე დაგეგმონ. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას აჩვენონ, თუ რამდენად კარგი მასწავლებლები არიან.
ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ დაფიქრდნენ და აიღონ 3-4 მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რაც სურთ, მოსწავლეებს წლის განმავლობაში განუვითარონ. 3-4 და არა 30 ან 40.
ამის შემდგომ, დაფიქრდნენ, თუ რა სიტუაციაში ეცოდინებათ, ბავშვს აქვს თუ არა ეს უნარები განვითარებული. აქედან გამომდინარე, მათ გაუადვილდებათ იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეაფასებენ მოსწავლეებს. ამ გზით თუ წავა მასწავლებელი, იქნება მიზანზე ორიენტირებული. მაგრამ თუ პროცედურაა მთავარი და არა მოსწავლე, მაშინ ფიქრობ ჩასატარებელი შეფასებების რაოდენობაზე და არა იმაზე, საიდან გეცოდინება, აღწევს თუ არა მოსწავლე შედეგს.
მე ვფიქრობ, რომ პროცედურაზე კონცენტრირებიდან უნდა გადავიდეთ მიზნებზე ფოკუსირებაზე. ასეთ შემთხვევაში, თუ მიზნები რეალისტურია, ცოტაა და ყოვლისმომცველია, შესაძლებელი იქნება ამ შეფასებების დაგეგმვა.