სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

საიდუმლო, რომელიც მარტო ჩვენთვის გაჩნდა მარადისობიდან

ნინია სადღობელაშვილის „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“

 ნინია სადღობელაშვილის ამ შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრის სათაურშივე იკვეთება ორი მაგისტრალური თემა, რომლებიც ნაწარმოებში იგავარაკული ფორმით გაშლილა. ეს არის ჩვენი, ქართველების, ისტორიული პრობლემა საზღვრებისა, მათი დაცულობისა თუ შენარჩუნებისა და ამ უდიდესი ეროვნული სატკივრის ასე ოსტატურად „გახვევა“ ენობრივ ქსოვილში, რომელიც გენიალურად, როგორც ჩვენს „ბრძენ“ ენას სჩვევია, წარმოაჩენს ადამიანური სამყაროს დასაზღვრულობის ორ თუ ორაზროვან ასპექტს სიტყვათა შეთანხმებაში „უსაზღვროდ შერიგებული“, რომელიც დიდი ჰუმანიზმის, სიყვარულის ქვეტექსტსა თუ კონტექსტშია ჩასმული – „რა დიდებულია ეს დალოცვილი ენა და რამდენ უფლებას გაძლევს მაშინ, როცა ამ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვსპობთ და ვანადგურებთ“ (26) – ეს უკვე ამ უნიკალურ ენაზე ნიჭიერად და სრულიად გამორჩეულად ამეტყველებული მწერლის სიბრძნეა.

„სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“.

გალაკტიონმა კარგად იცოდა კაცთა ბუნება, მათი დაუოკებელი სურვილი სივრცისა თუ თუნდაც აზრის დასაზღვრისა. იქნებ ამაშიც ღმერთს ვედრებით, რომელმაც სწორედ ინდივიდუალური დასაზღვრით შეგვქმნა პიროვნებებად, ერებად, ქვეყნებად? ჩვენი გონებაც (გული კი შეიძლება იყოს „უნაპირო“ ალბათ) გარკვეულ სამანს იქით ვეღარ მიდის და ესეც ღვთის, ბუნების კანონია. ოქსიმორონია ისიც, რომ კაცი თუ საკუთარ კარ-მიდამოსაც ღობეს ავლებს, მკაცრად გამოყოფს სხვისაგან, იდეაში აკრძალული ზღვრების გადალახვისკენ ისწრაფვის სულ, ესეცაა მისი ბუნება: სამოთხიდან წუთისოფელშიც ამიტომ გამოგვაძევეს, რომ იმის გაგება და გასინჯვა ვისურვეთ, რაც ჩვენი სააზროვნო ჰორიზონტების მიღმაა, რაც აკრძალულია, არ ხელგვეწიფება, მკრეხელობაა და ა.შ. თავისუფლებაც ჩვენი, კაცთა, მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი, როცა ზნეობრივადაა დასაზღვრული. მაგრამ უფალი დიდ ჰუმანიზმად გვითვლის უ ს ა ზ ღ ვ რ ო სიყვარულს; შერიგებასაც, როგორც ნინია სადღობელაშვილს ძალიან ჭკვიანურად უფიქრია… მოდი, აქ ბარათაშვილისეულიც, ამაოების სიბრძნე, ჩავურთოთ:

„და აღიძვრიან იმავ მიწისთვის,

რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“

სევდიანი აკორდია, მაგრამ გარდაუვალი ყოველი ჩვენგანისთვის.

მოკლედ, ჩვენი წუთისოფელი უსაზღვრობისკენ საზღვრებით სვლაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრები პანაცეად ვაქციოთ, მეტადრე მაშინ, როცა უკვე გვბოჭავს, სულს გვიხუთავს – სული მარადისობაში საფრენადაა მაინც, საბოლოო ჯამში.

ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ბუ ბუჩაჩი, თავზე თმის ჩაჩით და ზღარბუნია, რომლესაც მამისგან, ჯონდი ბატონისგან, ერგო „საზღვართმოშიშობა“ – „ცოტა პირქუში არსება გხალდათ (ჯონდი ბატონი), დიდად არც ვინმეს გაუცინებდა, არც დაელაპარაკებოდა, როგორც კი დაინახავდა, ვინმე უახლოვდებოდა – მაშინვე შეყოფდა ცხვირ-პირს თავის ეკლებში და იქამდე არ გახსნიდა ეკლების გორგალს, ვიდრე ის ვინმე თვალს საბოლოოდ არ მიეფარებოდა“(9). მოკლედ, ჯონდი ბატონი მთლად ნიჭიერიც ვერაა კომუნიკაციაში, რომელიც ესოდენმნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მეზობელ მაჩვთან უთანხმოების გამო თხრილის თხრას დაიწყებს – მამული უნდა გავყოო: ასაზომად კი თეთრ ძაღლს, ღუნღულიას, მიადგებიან: „იმდენი თვლა პითაგორას არ ეცოდინებოდა, რამდენჯერაც ღუნღულიას ეს ეზო ექნებოდა შემორბენილი, ამიტომ ყველა გოჯი ზეპირად იცოდა და მის აზომვაშიც დიდი წვლილი შეიტანა“ – აქ შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მწერლის მსუბუქი, მთლად პეპელასავით „მოფარფატე“ იუმორი კონფლიქტების მოგვარებაში ნაქები ღუნღულიას დახასიათებისას. მაჩვი კი, თხილისფერთათება, კონფლიქტოლოგია მთლად, თუმცა ხან ეშვება ამას, ხან – არა. ყველაფერ ამაზე მაღლა დგას მისი მშვენიერი ქალიშვილი მაშო, რომლისადმიც ჩვენი ზღარბუნია არ არის გულგრილი. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ მაჩვის ოჯახი ბეწვის ჩამბარებლთა დინასტიაა, მაშოც ფუნჯებს აკეთებს და ხატავს: „შენ ოღონდ ხატვის სურვილი გაგჩენოდა, მაშოს სოროში ფუნჯების მეტს რას ნახავდი“(14). მერკანტილიზმისგან თავისუფალ მაშოს ასე მიმართავს მასზე გულშევარდნილი ზღარბუნია: „შენ რა გესმის, დაფრინავ, საზღვარი იმათთვისაა, ვინც მიწაზე დავდივართ!“ (140) – ეს საყვედური ნუ გეგონებათ, მოწონებაა „კაკალ გულში“, აღფრთოვანება…

ზღარბუნიას მენატურედ წაიყვანენ სკოლაში, ზის ბიოლოგიის გაკვეთილზე და ბავშვები ხატავენ. მას უნდა, მაშოც ბავშვებს შორის იჯდეს და თავისი ფუნჯით ხატავდეს მას. აქ არის ნახატი ზღაბუნიას ამ ფიქრისა… აი, ამ წიგნის კიდევ ერთ დიდ ღირსებას მივადექით – მისი ილუსტრაციების ავტორი მეუფე ისაიაა (ჭანტურია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, რომელმაც ეს ჩვენი დიდი ტკივილის, კონფლიქტური რეგიონი სულიერ ოაზისად აქცია. ყოველი მათგანი ისეთი ეგზიუპერისეული უბრალოებით, მადლით არის შესრულებული, გული აგიჩუყდება კაცს… იმ ბიჭუნასი არ იყოს, პატარა ზღარბის ნაცვლად მის ნაფეხურებს რომ დახატავს – მოსწყინდა მენატურეობა და წავიდაო. მასწავლებელს, მართალია, ეს ნახატი არ მოეწონება, ცარიელი ფურცელი ჰგონია, მაგრამ ბუჩაჩი აღფრთოვანდება: „იცი, ნამდვილი მხატვარი ვინაა? ვინც მაშინაც გხედავს, როცა უკვე წახვედი“ (20).

მაშო, რომელიც სანათესაოს ბეწვს მზეზე აშრობს ფუნჯების დასამზადებლად, თავისი თაფლისფერი კაბით, ცეკვავს კიდეც, მღერის კიდეც… ნუ დაგვავიწყდება ბატი ბეტიც, ნუშის ღვეზელებს რომ აცხობს; ნურც შვიდ ჭუკზე ახალმოლოგინებული ინდაური დორა, სულ რომ დიეტობს და გრამსაც ვერ იკლებს; ნურც მეტისმეტად ბრაზიანი შავი კატა ცოფა; ჰო, არაჩვეულებრივი რკოს ყავა – ყველაფერი ეს ისეთი საოცარი, ბავშვური გულუბრყვილობით არის შესრულებული (დაწერილიც და დახატულიც), რომელიც ყოველთვის შიგნიდან მოდის, თავმდაბლობის სიმაღლის მარგალიტივით მფლობელი მდიდარი სულიერი სამყაროდან.

„მე კიდევ ყოველთვის მჯერა, რომ კეთილი კაცი ტყეში ზუსტად იმ დროს ჩამოივლის, როცა ის ყველაზე მიტოვებულ ბუს სჭირდება“, – ამბობს ბუჩაჩი. კეთილი კაცი იგივე „მწყემსი კეთილია“ ყოფიერების, ბედისწერისა თუ მთლად განგების ამ ეზოთერიკაში, ნათქვამის სიღრმე კი ჯადოსნური ან, თუ გნებავთ, ბიბლიური და გენიალურია… აი, ამ წიაღსვლის გაგრძელებაც: „ბოლოს და ბოლოს, მე რომ მშობლებს ხეზე არ დავეტოვებინე, ხის ძირში კეთილ კაცს აბგა არ გაეშალა, იმ აბგით აქამდე არ მოვეყვანე, შენც ხომ ვერ გაგიცნობდი და, აბა, უმეგობროდ როდემდე იქნებოდი, ზღაბუნიავ?“ (35) ეს ყოველივე დიდი რა-ბუს წიგნის შესაფერისი აღმოჩენებია. ეს ზღაპარი კი ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, როგორც ზრდასრული, ისე პატარა გულების შესაყვარებელი. თუნდაც ბუჩაჩის სიზმარი რად ღირს, რომლის პოეტური სულისა დიდი მეზღაპრეებსაც შეშურდებოდათ კეთილი შურით. მოდი, დავაინტრიგოთ მკითხველი და ამ ლამაზი პროზის ციტირების მაგივრად, წიგნის წაკითხვის დაუოკებელი სურვილი გავუჩინოთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „იქ“ მოცვის ჩაით სავსე ჩაიდანი თუხთუხებს, ამიტომ დიდი მაგიური სიმყუდროვეა. ჯადოსნური და მყუდროო?! – მკითხავთ. დიახ, ასეა და ამ ორის შერწყმას მწერლური ოსტატობის გარეშე ვერავინ მოახერხებს.

ცხოვრების, წუთისოფლის, გნებავთ, ყოფიერების, თუნდაც ყოფის არსებობის მადლი რა არის? დიდი შერიგება, როგორც მიწიერი სამოთხე ან უფლის მიერ წარღვნის შემდეგ მოვლენილი ცისარტყელა, ნიშნად მიტევებისა, სინანულისა, სიყვარულის წინაპირობად რომ იქცევა ხოლმე ყოველთვის. „იდეები გვჭირდება! ყველამ თქვენი აზრი თქვით, ეს მოჩხუბარი ადამიანები ერთმანეთში როგორ მოვარიგოთ!“ – ეს, ისევ და ისევ, დიდი სიბრძნეების მფლობელი ბუჩაჩია ანუ ბუჩიკო, როგორც სიზმარში დედა ბუ მიმართავს („პლანეტები არ ვართ ერთმანეთისთვის, აბა, რა ვართ?“).

დამატყვევებელია ამ ლიტერატურული ზღაპრის მხატვრული მხარე, ფორმით თუ აზრობრივი სიღრმით, ორიგინალური ტროპებითა თუ იდიომებით:

„ხსოვნის სინაზისგან დაცვარული გული“;

„დუმილი ლოკოკინას კვალივით გაიწელა“;

„ჩიტებით აჭიკჭიკებული და ყვავილებით გადაპენტილი დღე“;

„ფარფარა, ბავშვის სუნთქვაზე გამჭვირვალე დღეები“;

„ჩვენი ხმები, ერთმანეთის პეპლებივით დამჭერი უსასრულო, ბრჭყვიალა, ხმაურიან სივრცეებში“;

„კიპარისების უკვდავ წიწვებზე აკრული ჩვენი თვალების ნაპერწკლები“;

„ყველა კარგი ბარათი კარგი მკითხველის ღირსია“.

ბარათების დამტარებელი კაცი ყველა მწერლის ალტერ ეგოა. ეს ბარათებიც, „ზამბახის ყვავილთა და ზღვის სუნით“ – მოწყვეტილი ვარსკვლავებია, რომლებიც ასე აღაფრთოვანებდა იმანუელ კანტს, ჩვენი ნუგეში და მოლოდინი… ჩვენი ცხოვრებაც სხვა რა არის, თუ არა „ჩიტის ბუდეების მცველობა, კენჭით აშენებული სასახლეები, განძით სავსე კუნძულების გამოგონება“, გულით სასურველის ნაფეხურები ოქროს ქვიშაზე და ეს ქვიშა – დ რ ო, ხელში ჩამოცრილ, ჩამოცლილი უძვირფასეს თუ უმტკივნეულეს მარცვალ-წამებად, ბოლოს ერთ წუთად დარჩენილი და თავმოყრილი.

წაიკითხეთ ეს მშვენიერი წიგნი – ერთი ადამიანი-ბავშვით მეტი, დიდი გახდებით!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი