სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ეული ყველასთან ერთად

ჩარლზ ბუკოვსკის ლექსები („შენიშვნები პოეზიაზე“)
 
სულით დერვიშ, ბოშა, ჩარლზ ბუკოვსკის (ჰაინრიხ კარლ ბუკოვსკი) „ბინძური რეალიზმის ნათლიმამად“ (ინგლ. Dirty Realism) მიიჩნევდნენ. ამ ლიტერატურული მიმდინარეობისა თუ მოძრაობისთვის დამახასიათებელია ვერბალური მინიმალიზმი, რომანტიკისა და ლირიზმისგან დაცლა, სიტყვაძუნწობა და ზედაპირულობა. ამ ჟანრის მწერლები თავს არიდებენ განსაზღვრებებს, მეტაფორებსა და შინაგან მონოლოგებს. ნაცვლად ამისა, ისინი საგნებსა და კონტექსტს ანიჭებენ მნიშვნელობას, ეს უკანასკნელია „მოკარნახე“. ანტიკური ფილოსოფია კი მიიჩნევს, რომ ხელოვანის მიზანია სწრაფვა იდეალური ნორმისკენ და პოეზია წარმოადგენს შუალედურ ფორმას შესაძლებლობასა და აუცილებლობას შორის. აქვე უნდა ითქვას, რომ მას (პოეზიას) ესთეტიკაც მოეთხოვება, იდუმალებაც და ერთგვარი მისტიკაც, „ჭეშმარიტების ფრთის შეხება“ რომ იწვევს ხოლმე. მაშინ რა ვთქვათ ბუკოვსკის მხატვრულ რეალობაზე, რომელიც სკაბრეზული, აგრესიული და უხამსად შეულამაზებელიც კია, განძარცვული ზემოთქმულისგან? რა არის ამ უკანასკნელის ღირსება, რომელიც წინაპირობაა მისი ხელოვნებად აღიარებისთვის? იქნებ ეს იმ სკეპტიციზმის ბრალია, ცხოვრების სასტიკი „მარყუჟები“ რომ ბადებს? ან სასოწარკვეთილებისა იმაზე, რომ სამყარო „გაცვდა, ვით ძველი გროში“? ან მწუხარებას დაკარგული კეთილი ბუნების, ანუ გაუხეშების გამო; ან იქნებ წუთისოფლის ყალბმა ბრჭყვიალებამ ისე მოგჭრას თვალი, რომ ჩარლზ ბუკოვსკივით შავ-თეთრ ფერშიღა დაინახო იგი. თუმცა ეს ინიდაიანურობა, ფორმის სიუხეშის მიუხედავად, მაინც ყოფიერების წვდომისთვის განგაწყობს მის არსში გასარკვევად, რადგან ამის გარეშე არც ხარ მაღალგანვითარებული ადამიანი. აქედანაა მჭრელი ირონია, გროტესკი, „შავი“ იუმორი, სილის შემოლაწუნებასავით ნატურალისტური აღქმა მოვლენებისა, როგორიც ბუკოვსკისთანაა: „სამყაროს გადარჩენა რომ დაიწყო, თითოეული ადამიანი ცალ-ცალკე უნდა გადაარჩინო, ყველას გადარჩენა ეს რომანტიზმია თუ პოლიტიკა?! უკიდურესი ნაგვის ხილვა ეკრანებზე ადამიანებისთვის იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ისინი ვერც კი აცნობიერებენ რომ ნაგავს უყურებენ; დეპრესია და თვითმკვლელობა ხშირად არასწორი დიეტის შედეგია; მწერლები – ეს სასოწარკვეთილი ხალხია და როცა მათ იმედი უჩნდებათ, ისინი ვერ ახერხებენ წერას“. წერაც მწერლისთვის სწორედ ამ უიმედობისგან თავის დახსნის, ანუ გადარჩენის გზაა.
„პირველი, რაც მე შენში მომეწონა, არის ის, რომ შენ არ გაქვს ტელევიზორი – თქვა ლიდიამ “. – იქნებ ბუკოვსკის ლექსები ცდაა ცივილიზაციისგან გადაღლილი ადამიანური ცნობიერების „შოკური თერაპიით“ გამოღვიძება-გამოცოცხლებისა? თუ ჩავთვლით, რომ მას ალკოჰოლი ცხოვრების შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნდა, რატომ უწოდებდა იგი საკუთარ ავტობიოგრაფიულ ქრონიკებში (თავისი ალტერ ეგოს, ჰენრი ჩინასკის, სახელით რომ აქვეყნებდა) ლიტერატურულ სამყაროში რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იმედგაცრუებისგან წერის ათწლიან შეწყვეტას „ათწლიან სიმთვრალეს“, ანუ დაკარგულ წლებს?
ბუკოვსკის ლექსები, „თეთრი“ ფორმის მიუხედავად, არაა „ცარიელი“, დაცლილი, სულელური, დადაისტური, უმიზნო. მათში არის მიზანიც, ღრმა აზრიც და საკმაოდ სერიოზული ცდებიც ადამიანური არსებობის სოციალურ თუ ზოგადფილოსოფიურ არსში გარკვევისა. მოდით, მივყვეთ „უკანონო კანონიკას“ მისი ლექსებისა, რომლებიც ძალიან, ავისმომასწავებლად ნამდვილია, მათში არაა გამოგონილი, ყალბად „მჟღერი ნოტები“…
ბუკოვსკის ასპარეზიც და ლიტერატურული კონტექსტის საგანიც ცხოვრების ფსკერია, მასზე მოხვედრილი ადამიანები. მას გასინჯული აქვს, კარგად იცის ამ „ჭაობის“ გემო – „არ მომწონს სუფთად გაპარსულ-გაკრეჭილი ბიჭუნები ჰალსტუხებით და კარგი სამსახურებით. მე განწირული, გატეხილი ადამიანები მიყვარს, ჩამოლეწილი კბილებით, გაბურძგნილი თმით, დასვრილი ტანსაცმლით. ასეთები მაინტერესებს, ისინი საიდუმლოებებით არიან გატენილი და ყოველ წამს მზად არიან ასაფეთქებლად. მაწანწალებთან თავს კარგად ვგრძნობ, ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც მაწანწალა ვარ. არ მიყვარს წესები, კანონები, რელიგია, მორალი. არ მივცემ საზოგადოებას ნებას, თავის ყაიდაზე გადამაკეთოს“. პოეზია წესრიგის გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს, მეტიც, ის ზენაარ წესრიგთან მიმსგავსებაცაა, მისი ძიებაც. ეს უკანასკნელი ბუკოვსკის პოეზიაშიცაა, რომელშიც პუნქტუაცია, როგორც „წესრიგი“, არ გვიკვირს, რომ იგნორირებულია, ძირითადად. ამ პოეზიაში არის ფილოსოფიური კატეგორიებიც, როგორც აღიარება სააზროვნო წესრიგისა. უპირველესად, აქ მართლის თქმის, ანუ ვერბალური თავისუფლების შეუზღუდაობაა: „შენი ცხოვრება შენი ცხოვრებაა/ნუ დაუშვებ იქ ბრმა მორჩილებას“ (გულის ხარხარი). აქ არის სიკეთე-ბოროტების ცნებებთან დამოკიდებულებაც, სამყაროს ორსახოვნების კანონიკაა, ანუ სამყაროს მოწყობის პრინციპი: „იქ სინათლეა სადღაც / ეს სინათლე სუსტია/მაგრამ სიბნელეს მაინც ამარცხებს“ (გულის ხარხარი). აქაა წუთისოფლის ამაოების, წარმავალობის, სიღრმის, თუ გნებავთ, მშვენიერებისა და სიტკბოს განმსაზღვრელი სიკვდილიც: „შენ ვერ აჯობებ სიკვდილს / მაგრამ შენ აჯობებ სიკვდილს შენს / სიცოცხლეში, / ზოგჯერ“; აქვეა კაცთა თანამდევი მარტოობაც („არსებობს მარტოობაზე უარესი რაღაცებიც“), მელანქოლიაც („ისე მივეჩვიე მელანქოლიას / რომ ძველი მეგობარივით ვესალმები“…
ხშირად მიგრძნია სასოწარკვეთილს, რომ წერაც წესრიგია, სააზროვნო, ღირებულებრივი, თუნდაც გრამატიკას თავი დავანებოთ. ეს ჩარლზ ბუკოვსკისთანაც აღმოვაჩინე – მისთვის წერა შველაა:
„ის აკავებს კედლებს ჩამონგრევებისგან
 ის აფეთქებს ბნელს.
წერა უკანასკნელი ფსიქიატრია…
წერა ებრძვის სიკვდილს.
მან არ იცის
დასასრული.
და წერა დასცინის საკუთარ თავს
ტკივილებში.
ის უკანასკნელი იმედია,
უკანასკნელი განმარტება“. (წერა)
აი, მივადექით სამყაროს წვდომის ერთ-ერთ გზას – ქალური, მდედრის ბუნების შეცნობას, – „ქალებს არ ესმოდათ ჩემი, / ისინი რაღაც უხამსს ხედავდნენ“, ამბობს მწერალი საკუთარ თავზე და ალბათ თავის სიუხეშეს გულისხმობს, რომელიც სიცოცხლის „ღამეების“ ბრალია, „რომლებიც ყოფნას არ დაგაცდიან“. თუმცა ჩარლზი ყოველთვის აღიარებდა, რომ მიმზიდველი გარეგნობის მამაკაცი არ იყო, თუნდაც ბავშვობიდან თანდაყოლილი აკნეს გამო, ამიტომ მან იცოდა მარტივი ჭეშმარიტება: „სილამაზე ეს არაფერია. შენ თვითონაც არ იცი, როგორ გაგიმართლა, რომ ლამაზი არ ხარ. თუკი ადამიანებს მოსწონხარ, იცი, რომ საქმე სულ სხვა რამეშია“. ქალის, წყეული თუ მადლცხებული ევას, იდუმალი ბუნების ამოცნობა კაცებს ხანდახან ემარტივებათ ხოლმე და ერთულებათ კიდეც ხშირად. ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანი არაა მარტივი არსება, არც ადვილად შესაყვარებელი. შესაძლებელია ის გიყვარდეს კიდეც, თუ მას ძალიან კარგად არ იცნობ – მწარედ ხუმრობს მწერალი, – „მესმოდა ვირთხები / როგორ დარბოდნენ ოთახის / გარშემო / მე ისინი მერჩივნა / ადამიანებს“(ახალგაზრდა ნიუ ორლეანში).
ჩვენი ლუარსაბ თათქარიძე უძრაობის ფილოსოფიის აპოლოგეტია. არც ევროპულ ფილოსოფიას მიაჩნდა უაზრობად არაფრის კეთება – ასე ხომ ნაკლები ტკივილიაო?! იქნებ ჩარლზ ბუკოვსკისაც, საკაცობრიო ცივილიზაციის პროგრესის ტკივილთან წილნაყარობის ასე მძაფრად შემგრძნებსაც, უფიქრია ამაზე?
„მაშინ
მე ვიცოდი,
რომ თვით
არარაობაშიც კი
იყო ზეიმი
რაღაცის
არ კეთებისა“. (ახალგაზრდა ნიუ ორლეანში)
…და წუთისოფლის „წყევლა-კრულვიანი საკითხავი“ – „ვერავინ პოულობს თავის ერთადერთს“, ჩვენი ბედისწერა მარტოობაა, ყოფიერების წყეული ნაღველი:
„მხოლოდ ქალაქის ნაგავსაყრელები ივსებიან
მხოლოდ ნარკოლოგიურები ივსებიან
მხოლოდ ფსიქიატრიულები ივსებიან
მხოლოდ საავადმყოფოები ივსებიან
მხოლოდ სასაფლაოები ივსებიან “. (ეული ყველასთან ერთად)
წუთისოფლის მარადი დისონანსები, ცხოვრების არახელსაყრელი, ჩახლართული ფილოსოფია – ღარიბები, უსახლკაროები, უხელფასოები, მიუსაფრები, მხოლოდ „პოლიტიკოსები, მიწის საპოხები, იცხოვრებენ ძალიან კარგად“. აქვე ამაოებაცაა, ბურუსივით ხან რომ გაიფანტება, ხანაც მზერას გვიბინდავს: იქნებ მართალია კიდეც – „ჰო, ზოგი ცხოვრება შექმნილია იმისთვის, რომ გაფლანგო“; მაგრამ ჩარლზ ბუკოვსკი თუ რელიგიური არაა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ურწმუნოა და სულ არ ცნობს ადამიანურ თუ ღვთაებრივ კანონზომიერებებს: „ვინ ჩადო ჩემში ტვინი? / ის ყვირის / ის მოითხოვს / ის ამბობს რომ შანსი არსებობს. / ის არ იტყვის / „არა“. (ღრღნა)
პოეზია რის პოეზიაა ინფანტილიზმის გარეშე, თუმცა ჩარლზ ბუკოვსკისთან ის დამძიმებულია.
„ფრანი მიაქვს ქარს
და შეშლილი მართალია “. (* * *)
ის ბავშვური დაუდევრობით შეხუმრებულია სიკვდილთანაც:
„კარგი, მეუბნება სიკვდილი,
გვერდზე ჩავლისას,
მე მაინც ჩაგიგდებ ხელში,
ვინც არ უნდა იყო:
მწერალი, ტაქსისტი, სუტენიორი, ყასაბი,
პარაშუტისტი, მაინც მოგწვდები.
კარგი, ფისო, ვუპასუხებ მე.
…და ვსვამთ ერთად…“. (სიკვდილი ეწევა ჩემს სიგარეტს)
კაცი, რომელსაც არ მოსწონდა „ფხიზლები! მოსაწყენები! უსაფრთხოები!“, ხშირად სვამდა და შევიდა, როგორც წერს, ყველა დროის საუკეთესო ლოთების სიაში („გგონიათ, ეს მარტივი იყო?“). აქაც რაღაცნაირად ბავშვური, გულუბრყვილო იუმორია. თუმცა მისი ბავშვობა არ იყო მარტივი და მსუბუქი, როგორც წესია. მამა ხშირად სჯიდა, სცემდა უმცირესი დანაშაულისთვისაც კი. ბავშვობაში მწერალი მორცხვი იყო და სოციალურად გარიყულიც, ამოგდებული სიცოცხლის ფერხულიდან. გერმანული აქცენტისა და ჩაცმულობის გამო ხშირად იყო ბავშვური სისასტიკის, დაცინვის მსხვერპლიც. მამისგან ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო, კაფკასი არ იყოს, მან იგი ვერ შეიცნო და შეიყვარა, საკუთარი მშობელი უცხოდ დარჩა მისთვის:
„შევხვდი უცნაურ
გასაოცარ ადამიანებს
მათ შორის –
ჩემს თავს
ადამიანს
რომლის გაცნობაც
მამას არ ეღირსა“. (მოსროლილი მაღვიძარა)
ასეთი ან საუკეთესო ბავშვობის შემთხვევაშიც, იმედგაცრუება გარდაუვალია, მომავალი სევდიანია, რადგან შედგება „ამაო იმედებისგან / იაფი პატრიოტიზმისგან / უხელფასო სამუშაოსგან (ან საერთოდ მის გარეშე) / ბანკის გირაოსგან და სესხით ნაყიდი მანქანისგან / გულგრილი მთავრობისგან – დღეებისგან, ღამეებისგან, წლებისგან, / ასე ჩქარა, ბრმად რომ ანადგურებენ / უკეთესის უმცირეს შანსს“. ამიტომაა, რომ არა მარტო ჰაერი, ჩვენი ტვინიც მოწამლულია ცივილიზაციის შხამით. ხანდახან გგონია კაცს, რომ „ჯოჯოხეთი განიხვნა / რომ წაგეთამაშოს“.
გამოსავალი ამ მახრჩობელა სპლინისგან?! პოეზიაა. იმიტომაა ის ყოველთვის მაღალი დანიშნულების, რომ ხსნაცაა და მიზანიც, იმედიც, სრულყოფილის ძიებაც თუნდაც ყოვლად მოუხეშავი ფორმით, რადგან ესაა ყველაზე მძაფრი, ნაღდი, მარადმფეთქავი რეალობა, – „ლექსები არის ის, რაც ხდება / თუკი სხვა აღარაფერი ხდება ამ ქვეყანაზე“.
ჩარლზ ბუკოვსკიც მართალია თავის პოეზიაში, როგორც ყველა ნიჭიერი კაცი, რომელიც წუთისოფლის „აბდაუბდაში“ გარკვევას თავისებურად ეცადა:
„შენ არ გაქვს უნიჭოდ წერის უფლება
რადგან შემოქმედებითი აქტი
ამ სამყაროს სიგიჟისგან თავდაცვის
საუკეთესო საშუალებაა “. (ამ საღამოს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ)
მას ხომ პირობითობებისგან გათავისუფლება და ყოფიერების საშიშ ლაბირინთებში მოგზაურობა ეწადა. ყველა ასეთი ცდა ამაოა, გარკვეულწილად, გზა გაუკვალავი, მაგრამ არა უაზრო!…….

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“