სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჩემი „ვანგოგენი“

იმპრესიონისტებმა „გაანათეს“ რენესანსული ყავისფერი, მზე, ჰაერი შემოიტანეს მხატვრობაში. მათი წინამორბედი კი იყო კამილ პისარო (1830 – 1903), რომლის ნახატი – „დიდი კაკლის ხე სოფელ ერმიტაჟში“ – სოფლის ბავშვობისეულ განცდას მიცოცხლებს. მინდა „იქ“, მზეში, უზრუნველობაში, ბებიების გამანებივრებელ, ნარინჯისფერ სითბოსა და სიყვარულში…

 

ორი დიდი შემოქმედია ჩემს სულთან ყველაზე ახლოს – ვაჟა და ვან გოგი. ორივე – ტანჯული და გენიალური. ვინ არ გაუთბია დიდი ჰოლანდიელის იმპრესიონისტულ მზეს, ფიზიკური ნათებაც რომ აქვს და მეტაფიზიკურიც. ვის არ უგრძნია მისი სულის მოძრაობა, ესოდენ თანხვედრილი მატერიის ტრიალთან. ვინ არ მიხვედრილა მისი ნახატების ყურებისას, რომ სიცოცხლის მძაფრი ვნებიდან სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია. ვის არ უფიქრია, რომ ტკივილი და სიყვარული ორი დიდი აზრია ჩვენი არსებობისა. ვის არ დაუსკვნია, რომ მარტო მშვენიერებისკენ მწყურვალივით სწრაფვად ღირს ჩვენი ცხოვრება.
რამდენი რამ დააკლდებოდა კაცობრიობას, ის რომ არ დაბადებულიყო!
მისი დაბადების დღე 30 მარტია. ხასიათითაც წააგავს ამ არაპროგნოზირებად თვეს.

გილოცავ, ვინსენტ, და ჩემს თავსაც ვულოცავ, რომ დაიბადე!..

ის იყო ნიჭიერი, ზედმიწევნით კეთილშობილი, გენიალური, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ვერ დაინახეს, რომ დატანჯულიყო, ვერ გაეყიდა ვერცერთი ნახატი, რომლებიც, როცა უიმედო გაეცალა ამ წუთისოფელს, მამასისხლად შეაფასეს როგორც ყველაზე დიდი იმპრესიონისტის საოცარი მემკვიდრეობა… ამპარტავნებით დასნეულებული, საცოდავი, შეშლილი სამყარო, რომელიც ჯერ წირავს, ჯვარზე აკრავს და მერე ნანობს, ეთაყვანება, უკვდავებას ანიჭებს…

ვან გოგის შემოქმედების ადრეული პერიოდისაა „კარტოფილიჭამიები“. მასზე ასახულია მეშახტეთა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ფრაგმენტი: საღამოა, ჩაბნელებულ ოთახში ნაჯაფარი ადამიანები შემოსხდომიან მაგიდას (ამ ნახატზე ჯერ კიდევ მუქი ტონებია, ისეთივე, როგორიცაა მხატვრის განწყობა), რომელზეც მოხარშული კარტოფილი აწყვია. ეს არის უცნაური მორჩილება იმ შეუცნობელი „წესრიგისადმი“, რომელსაც მათ სამყარო სთავაზობს. ეს არის სწორედ ის უცვლელი, რომელთან ბრძოლასაც აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ბრძოლისთვის, გარდაუვალი კრახით მაინც გამარჯვებისთვის, რადგან ამ დროს ძლიერდები და ეს ნაღვლიანი, გაუხარელი, მაგრამ შეუპოვარი მხნეობაა სწორედ სულის ის გამონაშუქი, მოძმეს „სიძნელეს გზისას“ რომ უადვილებს, არსობის ფილოსოფიურ სიდიადეს რომ იტევს და გადმოსცემს. წუთისოფლის სწორედ ასეთი წინააღმდეგობითი ჰარმონია, წესრიგია გადმოცემული ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრების“ დასასრულსაც, რომელიც არ იციან ვან გოგის „კარტოფილის მჭამელებმა“:

„სანამ არ მოვა დრო-ჟამი

სულ ბოლო ამოქშენისა.

სული შენ, ხორცი – მიწასა,

აღარა ვგლოვობ ამასა,

თევზი – წყალს, ცასა – ვარსკვლავი,

შვილი – დედას და მამასა“.

მიყვარს „ექიმ გაშეს პორტრეტი“. რა აღარ იკითხება მის თვალებში: პოეზიისა და პროზის ნაზავი, ოცნებაც და სკეპტიციზმიც, სევდაც და სარკაზმიც, ტკივილიც და ამაოებაც… ეს ერთ-ერთი „მოლაპარაკე“ პორტრეტია. ეს არის შედევრი, ადამიანის ხასიათისა და გაწყობის გასაოცარი სრულყოფილებით წარმომჩენი; ეს არის ობიექტური სუბიქტივიზმი მხატვრისა, რომლისთვისაც ეს ადამიანი ძალიან ახლობელიც იყო და ყველაზე მეტად საშიშიც მათ შორის, ვინც ვან გოგს გარს ეხვია: გაშეს შეეძლო მისთვის დიაგნოზით „განაჩენის“ გამოტანა… და ეს არის პორტრეტი-წინასწარმეტყველება – ექიმის გამომეტყველება თითქოს ზუსტად ამბობს, რა ელის მის პაციენტს – ვინსენტს. საერთო ჯამში კი ეს არის შემოქმედებითი ზეიმი ფერისა, მიმიკისა თუ შინაგანი, პროფესიული ფილოსოფიისა, მხატვრისა იქნება თუ მედიცინის მუშაკისა.

მე ძალიან მიყვარს ვინსენტ ვან გოგი -თავად უბედური, ტრაგიკული, თუმცა მარადი ბედნიერების შემოქმედი ჩვენს გულებში.

„ღამის კაფე არლში“ – მინდოდა, მენახა ეს კაფე, რომელშიც იდუმალი ინტიმიცაა სულის მოსათქმელად, მაგრამ რაღაც საშიში, ,,წითელი” მყუდროებაც, თითქოს წამებს ითვლი სიგიჟემდე ან სიკვდილამდე.

ახლა – სულ ცოტა რამ წუთისოფლის ლაბირინთში „მოხეტიალეებზე“: არსებობს სიცოცხლის ვნება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც (თუნდაც ლიტერატურაში – ვაჟას ალუდა, დმიტრი კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა „ომი და მშვიდობაში“ ან ბაიარდ სარტორისი ფოლკნერის რომანში „დროშები მტვერში“, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი -რჩეულიშვილი და თიკანაძე…). ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით წესრიგს და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და უმეტესად ფატალურად სრულდება, რადგან სამყარო არავის აპატიებს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია… ვან გოგის ,,მთესველი” გაამხსენდა – წუთისოფელი კი ამათრახებს ასეთებს, მაგრამ „რასაც დასთეს, საბოლოოდ, მაინც მოიმკი“ – დიდი, თითქოს, ჩამავალი „მზე “იხუტებს ხნულებს, მათში ჩაყრილ მარცვლებს (ნიჭიერებისა) და მომავლისკენ გვახედებს, სადაც ამ „ხნულებიდან“ ამოზრდილი სიცოცხლე მრავლდება ათას სიხარულად; ისეთად, როგორსაც თუნდაც ვან გოგის ნახატები გვანიჭებს.

სად არის ის სამყარო, ვან გოგი ხანდახან რომ ხატავდა? სადაც არავინ არის დაჩაგრული და ადამიანებს არ აქვთ „მაძღრის“ ფსიქოლოგია, სადაც ყველა ნიჭიერი წარმატებულია და ყველა კეთილშობილი – ბედნიერი? სადაც მზეც არის, მსუბუქი სევდაც, სიხარულიც, სიცოცხლის უკიდეგანო სიყვარულიც და მიზეზშედეგობრიობაც?

ნახეთ, როგორი მადლია მის ასეთ ნახატებზე – ბევრი სინათლე, სიმწვანე, მწერების უცნაური მოლოდინით სავსე ზუზუნი და ტყის ნოტიო სურნელი, ჩუმ ნიავს რომ მოაქვს.
ეს ჩვენი სულის სამოთხეა…

ვთქვათ ედუარდ მანეზეც. ამჯერად – მისი „საუზმე მდელოზე“ (1863 წელი), სხეულის მშვენიერების ანტიკური აღქმა და განსაკუთრებული განწყობა. ამ ადამიანებს თითქოს გაჰქრობიათ მიწიერი ვნებები და საზრუნავი, რაღაც უცხო სამყაროში დაქრის მათი გონება…

ჟორჟ სიორა და მისი პუანტილიზმი (რომელიც ვან გოგთან ფუნჯის გრძელ, ძლიერ მონასმებად გვევლინება). „მობანავეები ანიერში“. ერთი თუნდაც უაზროდ გატარებული დღე ჰგავს წერტილს პუანტილისტურ ტილოზე, რომელიც ახლოდან ვერ აღიქმება, შორიდან კი ქმნის კონტურს, ფორმას, აზრს თუნდაც იმით, რომ კიდევ ერთი წვეთით ავსებს შენი ცხოვრების „ფიალას“ და გაახლოებს „აღვსებას“, აღსასრულს, გარდაცვალებას… ისე კი, მეც ჩამოვჯდებოდი ნახატის ამ მისტიკური ცისარტყელის ქვეშ.

ვთქვათ პიერ ოგიუსტ რენუარზეც: „ქალი ბაღში“ – გამოთხოვება ზაფხულთან, უცნაური მოლოდნითა და დატუმბული სიჩუმით სავსე დღეები, მზის სისავსე და ხვატი, დაუვიწყარი, ტკივილიანი გახსენება… შემოდგომას ხომ ყოველთვის ახლავს დანაკარგის, გამომშვიდობების სევდა და სილამაზე, სიკვდილისა და ამაოების სურნელი… „მშვიდობით, რადგან შენ მხოლოდ მოგონებებში გამეორდები…“

რენუარის ერთი ნახატი, ისევე როგორც გოგენისა და ვან გოგის ნამუსევრები, პირველად ბავშვობაში ვნახე, ბებიაჩემის მიერ ლენინგრადიდან ჩამოტანილ ბუკლეტში. ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ დიდი ინტელექტი არ არის საჭირო მშვენიერების, მაღალი ხელოვნების როგორც მიღმიერის გამონაშუქის, აღსაქმელად. პირიქით, იქნებ ბავშვმა უფრო უკეთ შევიგრძენი ეს ნამუშევრები ჯერ კიდევ ჭარბად მომადლებული ინტუიციური ალღოთი, დიდობის პრაგმატიზმი ჩვენს არსებაში ასე რომ აუფერულებს და ზოგჯერ უკვალოდაც განაბნევს. ამ ნახატს ჰქვია „გოგონა მარაოთი“. ასოციაცია კი ასეთია: ეს გოგონა არქეტიპი თუ პარადიგმაა ყველა მომავალი ქალისა, რომელიც ბედნიერებისთვის ემზადება: ქალურის, დედობრივისა თუ, უბრალოდ, ადამიანურისთვის; გნებავთ, მეუღლე უწოდეთ, ეს დიდებული ქართული სიტყვა, გნებავთ, მეორე ნახევარი ფილოსოფიურად, როგორც ინისა და იანის სამყაროს მომცველ ლოგოტიპზეა. ქალი მაინც რომანტიკოსი გააჩინა და დაარჩინა ბუნებამ, კაცისგან განსხვავებით, რომლის თანდაყოლილი რომანტიზმი მკაცრი რეალიზმისთვის არის განწირული, სხვაგვარად ვერ შედგება მისი კაცობა. რომანტიზმში ცხოვრების ხედვის კუთხეს, განწყობას ვგულისხმობ, რომელიც ამ იმპრესიონისტულ ნახატზეცაა და არა ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელიც თუნდაც ქართულ სინამდვილეში მკაცრი რეალიზმიდან იყო ამოზრდილი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რომანტიკა, როგორც იდეების პატივისცემა თუ სამსახური, შერჩება მხოლოდ მას, ვინც ამის ღირსია.

„სიესტა“ – მოდი, გოგენის ნახატშიც „შევიდეთ“ და ჩამოვსხდეთ, გავთბეთ. ცუდად მყოფს, ეს მზე მოგინდება, ფორთოხლისფერი, მისი სულიერი და ფიზიკური მცხუნვარება, ამ პერსონაჟთა პირველქმნილობა, გულუბრყვილობა, შინაგანი სისავსე და გაუბზარაობა… ბავშვობაშიც ვყოფილვარ ამ ნახატებში და „აქ“ მასწავლეს სამყაროს ნდობა, სიყვარულისთვის გულის გახსნა, შინაგანი სისუფთავის შენარჩუნება, უკომპლექსობა, ბუნებაში თავისუფლება.
მოკლედ, მე ვყოფილვარ „ედემში“.

ბოლოს კი – ჩემი მეგობრის შთაბეჭდილება ვან გოგზე. განუმეორებელი ასოციაციები, როგორიც მას ახასიათებდა:

ლურჯი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სილურჯე

და ტკივილების ოქროსფერში დანთქმული გული.
ვინ მოიგონა ნეტავ ქვეყნად სიტყვა „სიგიჟე“,

რატომ არ ჰქვია მიუწვდომლის მას სიყვარული.
მიუწვდომელი აქ, ამ მიწაზე,

სადაც ყანებზე გადაივლის ოცნების ბინდი

და შორს, ზეცაში იკარგება ყვავების გუნდი,

როგორც წერილი,

მზა წერტილებით სავსე. უკვე თურმე მაშინვე, როცა ტირილით

არარსებობას დააღწია თავი მხატვარმა – ეგონა იშვა,

მაგრამ მთლიანად ვერ დაიბადა, რაღაც ნაწილი,
უფრო თბილი, უფრო მფეთქავი,

შორეულ სივრცეს შეეხიზნა, ხელი ჩასჭიდა

და იმ ნაწილზე
უძილო ფიქრმა შექმნა ფოთლები, ჩიბუხი, ქუდი…

აკივლებული მიწა, შეცბუნებული ქარი…
უტყვი კედელი, ტკივილისგან მბრუნავი ზეცა, ბედის ბორბალი,
სკამი რომელზეც აღარავინ აღარ დაჯდება…
ოთახი, სადაც მარტოობის მწკლატე სუნი დგას.
ადამიანი… ოცნება იქით,

უცხო კუნძულებს მიფარებულ მარადიულ მდუმარებაზე

და მისი ხელი, დიდი, უშნო, მწითური ბალნით
დაფარული, შეშინებული,

ომ არ ეყოფა ამ ქვეყანას მისთვისაც სითბო,

ალერსი, ცრემლი და სინანული.

და გაოგნება დაიღვრება ისევ ოქროსფრად

და სილურჯეში იტირებენ მწიფე ლეღვები,

უკვე დაბრუნდა იქ, სადაც თურმე ფერი სულია,

თუ ისევ ისე ჩამოვარდა ხელის მტევნები,

როგორც აქ, ამ ჩვენს სისხლ-ხორცით ნაძერწ

დაღლილ ჯოჯოხეთს შეეფერება?

იპოვე, ჩემო შორეულო მეგობარო, ლურჯი სიზმარი?

როგორ გიპოვო, მოგეხვიო დალეულ მხრებზე,

მზერით შეგეხო ჩამქრალ თვალებზე,

ამდენი მწარე უარყოფით დაღლილ თითებზე

და როგორ გითხრა:

შენი ფერები სიცოცხლეა ახლა ბევრისთვის,

სავსე და ტკბილი…

შენი დრო ჩვენი შვებაა, ფიქრი, სევდის წამალი…
მაგრამ შენამდე როგორ მოვა ახლა ეს სითბო?

სად არის გზები, ანდა მაცნე ასე ფრთამალი?

მაშ, სხვა რა გზაა, კიდევ ერთხელ გემშვიდობები,

მომავალ ნათელ შეხვედრამდე სიზმრების არლში…
კაფეს კარებთან გელოდები ოქროს ნაპერწკლად…

(„ვან გოგი – არლი“, ინგა მილორავა, 2011 წ.)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“