შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სიტყვამწარე

არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ შენთვის დაწერილი გგონია და წამით გიკვირს კიდეც, სხვაც რომ ახსენებს, აღტაცებას რომ გამოხატავს. როგორ შეიძლება თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ ისე გავინაწილოთ, თითქოს ცნობილი ვენური ნამცხვარი იყოს? არადა, წესი სწორედ ესაა – რაც ძალიან მოგწონს, იმის შეთავაზება, ფრაზებით, რომლებითაც მოძებნას, გემოს გაგებას მოანდომებ.

თომას ბერნჰარდზე ადრეც ვწერდი და მაშინაც ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდი: დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მეორე მკითხველის ადგილიც მოიძებნებოდა იმ სივიწროვეში, რომელშიც ავსტრიელ ავტორს მოეხერხებინა და მთელი მსოფლიო გამოეკეტა. მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა, რომ კარი შეეღოთ – რაღაც დაენახათ, დაემახსოვრებინათ.

„ძველი ოსტატებიც“ იმ განცდას აჩენს, რომ ცოტაც და ვეღარ გაუძლებ ამ უჰაერობას, მუზეუმის დარბაზების დამძიმებულ კედლებს, სასოწარკვეთილი, ცხოვრებამობეზრებული კაცის პირით ნათქვამ სიმართლეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავბრუდახვეული, უფრო და უფრო მეტი სიხარულით გადადიხარ გვერდიდან გვერდზე – ბოლოს როდის წაიკითხე ასე კარგად დაწერილი წიგნი?

მთავარ გმირს, რიგერს, ოთხმოცდაორი წლის მუსიკათმცოდნეს, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში უპოვია ნავსაყუდელი. ცოლის გარდაცვალებამ ერთიანად გაანადგურა, მზერა კი კიდევ უფრო გაუმახვილა – მისი თვალი ყველაფერს ამჩნევს, ყველა შირმის უკან იხედება და შემზარავ ფიგურებს აგროვებს. მერე რა, თუ ზოგჯერ მეტისმეტად აზვიადებს ან თავის გამამტყუნებელი სიტყვა წამოსცდება – შეცდომის უფლებაც მოპოვებული აქვს და უმაგალითო დაუნდობლობისაც.

„ყველა ხელოვნებათმცოდნე მოლაყბეა – მათრახით უნდა გამოუდგე, ხელოვნების სამყაროდან უნდა გააძევოო, თქვა რიგერმა“.

„დღეს ყველაფერი სავსეა სიმდაბლითა და ბოროტებით, სიცარიელითა და ღალატითო, თქვა რეგერმა, კაცობრიობა ასეთი უსირცხვილო და ნამუსგარეცხილი ჯერ არასოდეს ყოფილაო. რასაც უნდა შევხედოთ, სადაც უნდა წავიდეთ, მხოლოდ ბოროტებასა და უპატიოსნობას, ღალატსა და სიცრუეს და ფარისევლობას და აბსოლუტურ სიმდაბლეს ვაწყდებით…“

„თანამედროვე ავსტრიული ხელოვნება ისეთი მდარეა, არც კი ღირს, მის გამო შეგვრცხვესო, თქვა რიგერმა“.

„[ავსტრიის შესახებ] რა მშვენიერი ქვეყანაა და როგორი ღრმა მორალური ჭაობი, რა მშვენიერი ქვეყანაა და როგორი ბოროტი და მდაბიო და თვითგამანადგურებელი საზოგადოებაო, თქვა მან“.

„ეს ავსტრია საგიჟეთი მაინც იყოს, მაგრამ მხოლოდ საავადმყოფოაო, თქვა მან“.

ფურცლები გავავსე ასეთი ამონაწერებით. გულიც კი მწყდება, რომ პატარა წერილი მეათედსაც ვერ დაიტევს. აი, რას ამბობს რიგერი ბავშვობის შესახებ:

 „ჯოჯოხეთი თუ არსებობს, და, რასაკვირველია, არსებობს, ჩემი ბავშვობა იყო ჯოჯოხეთი. ალბათ ბავშვობა ყოველთვის ჯოჯოხეთია […] რომ იცოდეთ, რის ფასად დამიჯდა ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევაო! – თქვა გუშინ“.

„ბავშვობა ბნელი ჯურღმულია, რომელშიც მშობლები გაგდებენ და იქიდან სხვის დაუხმარებლად უნდა ამოძვრეო. ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს იმ ჯურღმულიდან ამოძრომას, ბავშვობა რომ ჰქვია, სამუდამოდ იქ რჩებიან გამწარებულებიო“.

ადვილი მისახვედრია, რომ მთავარი გმირი არც მასწავლებლებს დაინდობდა. მათზე საუბრისას უკმაყოფილება თანდათან ეზრდება და თუ თავიდან ის აღიზიანებდა, რომ ხელოვნების ისტორიის მუზეუმში მოყვანილ მოსწავლეებს ლაყბობით თავგზას ურევენ, ბოლოს იმაში ადანაშაულებს, რომ „მოსწავლეებში მხოლოდ სახელმწიფო ნაგავს ტენიან, მეტს არაფერს, ბატებს რომ ატენიან სიმინდს, ისე, და იმდენ ხანს უტენიან თავში სახელმწიფო ნაგავს, სანამ ის თავი ნაგვით არ ამოევსებათ“.  

„მეც ასეთი მასწავლებლები მყავდა, ძალად რომ მაკვრევინებდნენ თავიანთ მახინჯ ფლეიტაზე და ძალად რომ მაჟღარუნებინებდნენ გიტარას, მაიძულებდნენ, ზეპირად მესწავლა შილერის სულელური თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რასაც სასჯელთა შორის ყოველთვის უსასტიკესად აღვიქვამდი“.

„მასწავლებლები წვრილბურჟუაზიულად მდარე, შეზღუდული გაქანებისანი არიან და ინსტინქტურად უპირისპირდებიან თავიანთი მოსწავლეების აღტაცებასა და აღფრთოვანებას ხელოვნებით და ხელოვნებასა და, საერთოდ, ყოველგვარ შემოქმედებითობას თრგუნავენ მათში თავიანთი მოსაწყენი, უმეცარი დილეტანტობით“.

„მასწავლებლები ხომ მხოლოდ ხელოვნების შემთხვევაში არ არიან დამაბრკოლებლები და გამანადგურებლები, მასწავლებლები ხომ ყოველთვის იყვნენ ცხოვრებისა და არსებობის დამაბრკოლებლები, იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებს ცხოვრება ასწავლონ, ცხოვრება აუხსნან, ცხოვრება უქციონ საკუთარი ბუნების მართლაც ამოუწურავ სიმდიდრედ, მათ ცხოვრებას უკლავენ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათ ცხოვრება ჩაუკლან“.   

კიდევ ბევრ რამეს ამბობს რიგერი – მასწავლებლებზე, პოლიტიკოსებზე, სასამართლო სისტემაზე, გაზეთებზე, ვენის ტუალეტებზე, ვენელების სახასიათო თავისებურებებზე, ავსტრიასა და ავსტრიელებზე, მათზეც, ვინც მის სიტყვებში საგულისხმოს ვერაფერს დაინახავს, მათზეც, ვინც თავიდან გაბრაზდება, მერე კი ხელს მოხასხასე ხავსისკენ გაიწვდენს.

სხვა რა ვთქვა თომას ბერნჰარდის ოსტატობაზე? რა სიტყვებით მოგაწონოთ ეს სიმწარე?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი