შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თურმელების მითოპოეტური სამყარო

(თამრი ფხაკაძის რომანი „ჩვენ, თურმელები“)

მითოპოეტურობა უახლესი ქართული ლიტერატურის ერთი დამახასიათებელი შტრიხია. ვგულისხმობთ  ჯემალ ქარჩხაძის, თამაზ ბიბილურის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას. ისინი სხვადასხვა კონტექსტში და ნაირგვარი ინტერპრეტაციით ხშირად იყენებენ უნივერსალურ მითოლოგიურ არქეტიპებს, რათა თავიანთი სათქმელი სიღრმითა და მეტი მრავალმნიშვნელოვნებით დატვირთონ. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე მწერლებს შორის გამორჩეულია თამრი ფხაკაძე, რომლის ბოლო რომანი „ჩვენ, თურმელები“  სწორედ ამ მითოპოეტურობით არის გამორჩეული. იგი ცდილობს და ახერხებს კიდევაც რაციონალურ და ირაციონალურ, მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის ფარული კავშირები დაგვანახვოს. მისი რომანის მითოპოეტურობაში სწორედ ამას ვგულისხმობთ. პერსონაჟთა თუ მხატვრულ სახეთა მეტაფორულობა და სიმბოლურობა მკითხველს ეხმარება, რომ არა მხოლოდ  ნაწარმოების ზედაპირზე იტივტივოს,  არამედ მის  სიღრმეებშიც ჩაყვინთოს.

ამ რომანში  ზღაპრული, მითოლოგიური „ამბები“ ისე ბუნებრივად და ლაღად შემოდის თხრობის მდინარებაში, რომ რეალურისა და მეტაფიზიკურის საზღვრები ქრება.  მითი, საზოგადოდ, გულისხმობს წამის მარადისობას და მარადიულის გამოვლენას წამში.  სწორედ წამისა და მარადისობის თანამყოფობა წარმოჩნდება რომანში. ამ ერთიანობას კი განაპირობებს ადამიანის მეხსიერება, რომელიც რასაც ვერ იტევს დასამახსოვრებლად, წიგნებსა და ნივთებში „ანაწილებს“. „ეს არაოდეს ყოფილა, ოღონდ ყოველთვის არის”_მითის განმარტებისას გრიგოლ რობაქიძე სალლუსტიუსის სწორედ ამ გამონათქვამს მოიხმობდა.  თომას მანი მითს მოზეიმე სიცოცხლის მოდელს უწოდებდა, რომლის მეოხებითაც წამი ხდებოდა განუზომლად დიდი, ხოლო პიროვნული არსებობა „თავს აღწევდა ვიწრო ჩარჩოებს“. წერილში „ფროიდი და მომავალი“ იგი წერდა: „ცხოვრება მითში… ერთგვარი ზეიმია. აქ წარსული გარდაიქმნება აწმყოდ, ის იქცევა რელიგიურ აქტად, ეკლესიის მსახური რომ აღასრულებს გარკვეული პროცედურების მერე. ის იქცევა ნადიმად, ყოველწლიურ ნადიმებად, წარსულის აღორძინებად აწმყოში“. თამრი ფხაკაძის ამ რომანში სწორედ ამ „მოზეიმე სიცოცხლეს“ ვხედავთ, რომელიც სიკვდილს თავის მასულდგმულებლად მიიჩნევს.

რომანში გამითებულია თურმელთა საგვარეულო, რომელიც ყოველთვის იქნება, რადგან წინაპარი და შთამომავალი დაკავშირებულია ერთმანეთთან არა მხოლოდ სისხლით, ბიოლოგიური მიჯაჭვულობით, არამედ სულიერი, ირაციონალური კავშირებით. ამგვარად, მითოლოგიურ კონტექსტი რომანის სიღრმისეული გააზრების ერთი მნიშვნელოვანი პლასტია.  გამჭვირვალეა რომანის სათაური. თურმელთა უკვდავების  გასაღები მათსავე გვარშია. ეს „თურმე“ ზღაპრისეულ, ლეგენდისეულ, მითოლოგიურ აქცენტებს აძლიერებს. თურმე არასოდეს გულისხმობს დამაჯერებლობას, არამედ  დაეჭვებულ წარმოდგენას რაიმეზე. მწერლისთვის ადამიანი, სიცოცხლე, სამყარო ამ ეგზისტენციალური „თურმეს“ საძირკველზე დგას. რეალურადაც ხომ ასეა. როგორც შოპენჰაუერი წერს, „სამყარო ჩემი ნება და წარმოდგენაა“. ამიტომაც რომანი ჟანრობრივად შეიძლება  მაგიურ რეალიზმის მივაკუთვნოთ, მასში არა მხოლოდ ცალკეული დეტალებია ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი, არამედ რომანის მთელი სტრუქტურა, პერსონაჟთა სახეები, თხრობა ექვემდებარება პრინციპს, რომლის მიხედვითაც, უხილავი სამყაროც ისეთივე რეალურია, როგორიც რაციონალური, მატერიალური. ამიტომაც ბუნებრივად აღიქვამს მკითხველი რომანში მოთხრობილ ისეთ ამბებს, რომლებიც მატერიალური სამყაროს კანონებს არ ემორჩილება  (უხილავი მოდარაჯე ძაღლი, დამდნარი ცვილის მდინარე, სასახლეში მობორიალე აჩრდილი და სხვ.).

რომანის სტრუქტურა თურმელთა საგვარეულოს ამბებს ეფუძნება. მწერალი ცალკეული თურმელის პიროვნულ დრამას, ბედნიერებასა და ტკივილს კონკრეტული ამბებით გადმოგვცემს. ამგვარად, მკითხველის შთაბეჭდილებაში აღიბეჭდებიან პიროვნული თავისებურებებითა და უცნაური ცხოვრებისეული თავგადასავლებით გამორჩეული პერსონაჟები.

რომანის ერთი გამოკვეთილი პერსონაჟია სახლი. თურმელთა თაობები იცვლებიან, მაგრამ არ იცვლება სახლი, როგორც ფუნდამენტი, კერა, როგორც სასიცოცხლო ცენტრი, რომელიც ყველა თურმელს, ცოცხალსაც და გარდაცვლილსაც, მუდმივად გულისხმობს. იგი შემოიკრებს წინაპარსაც და შთამომავალსაც და მათ შორის მტკიცე კავშირს უზრუნველყოფს. ის ცენტრია, რომლის უახლეს თუ უშორეს ორბიტებზე „ტრიალებენ“, ცხოვრობენ თურმელები. სახლისთვის ამგვარი მითოლოგიური შინაარსის მინიჭებით მწერალი მას  თვითონ სამყაროსთანაც აიგივებს, რომელიც მარადიულად იარსებებს: „სახლში მოგზაურობდნენ. სახლის მთა-გორებზე, სახლის ველ-მინდვრებზე, სახლის შარაგზებსა და ბილიკებზე დადიოდნენ, სახლის დედამიწას გარს უვლიდნენ, ზოგან  ზაფხული იდგა, ზოგან_ ზამთარი“. მწერლისთვის ღირებულია არა  მხოლოდ კანტისეული ხილული, ფენომენების სამყარო, არამედ მისი ინტერესის სფერო ნოუმენების წვდომაცაა. ის ცდილობს ჩასწვდეს, თუ  რას წარმოადგენს საგანი თუ მოვლენა თავისთავად  და მერე სიტყვათა მეშვეობით გამოხატოს. ამგვარად, გამოიკვეთება მწერლის სურვილი, რომ მკითხველთან ერთად იმოგზაუროს სიცოცხლის პირველსაწყისების საიდუმლო მხარეში. პირველსაწყისები კი განმეორებულ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებში ცხადდება. თურმელთა საგვარეულოს „უკვდავება“ სწორედ ამ რიტუალთა განმეორებადობაში წარმოჩნდება. სახლის ცალკეული ოთახი საგანგებოდაა შერჩეული იმისთვის, რომ დროთა კავშირი არ დაირღვეს. მირჩა ელიადე წერს: „ადამიანთა ქმედებას, ისევე როგორც მათ გარშემო არსებულ საგნებს, დამოუკიდებელი საკუთრივ არსებითი  ნიშან-თვისების მაჩვენებელი ღირებულება არ გააჩნიათ. საგანი ან ქმედება მნიშვნელობას შეიძენს და ამით შესაბამისად რეალური გახდება, რადგან ისინი ამა თუ იმ გზით მონაწილეობენ იმ რეალობაში, რომელიც მათ მიღმა არსებობს“ („მარადიული დაბრუნების მითი“).   სახლის კედლებიც კი, რომლებზეც წინაპართა ხელით მოქარგულ-მოქსოვილი ფარდაგებითა თუ ნახატებით არის დამშვენებული, გამრავალფეროვნებულია წარწერებითაც: „ჩვენ, თურმელები, დაბადებამდეც და სიკვდილის მერეც ამ ფერწერის ნაწილი ვიყავით. ამ კედლებში ვმარადისდებოდით. ვგრძელდებოდით, არ ვმთავრდებოდით“. ამ ფრაზაში, რომელშიც გვარის მთლიანობაა წარმოჩენილი, ყურადღებას იქცევს ავტორისეული პოეტური ნეოლოგიზმი „ვმარადისდებოდით“, რომელიც ზუსტად და სიღრმისეულად წარმოაჩენს მოკვდავი ადამიანის კავშირს ღვთაებრივთან. ასეთი სიტყვათქმნადობის ნიმუში სხვაც არაერთია, რაც ამდიდრებს ავტორის ლექსიკურ არსენალს.

რომანისეული ერთობა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ის მთავარი ძარღვია, რომელიც მეხსიერებას საშუალებას აძლევს, რომ არ გაქრეს და გადაედინოს თაობიდან თაობაში. შეიძლება პრუსტისეული დაკარგული დროის ძიების მცდელობაც გაგვახსენდეს. შესანიშნავ დაკვირვებას გვთავაზობს ალბერ კამიუ თავის წიგნში „ამბოხებული ადამიანი“, კონკრეტულად  კი თავში „რომანი და ამბოხი“: „პრუსტის ნამდვილი სიდიადე ისაა, რომ სინამდვილეში დაწერა დაბრუნებული დრო, რომელიც კრებს გაფანტულ სამყაროს  და გახლეჩის ზღვარზე მას ახალ მნიშვნელობას ანიჭებს“; „პრუსტის შემოქმედება წარმოადგენს ადამიანის ამბოხის ყველაზე მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ მცდელობას მოკვდაობის წინააღმდეგ… ის ხდება სამყაროს ან ადამიანის მშვენიერების მოკავშირე სიკვდილისა და დავიწყების წინააღმდეგ  ბრძოლაში“  (კამიუ …). ამგვარ მეამბოხედ წარმოგვიდგება თამრი ფხაკაძეც ამ რომანის სახით, რადგან დროის წინააღმდეგ ილაშქრებს და არ აძლევს მას ერთი მთლიანის დაშლის საშუალებას. ამ მთლიანობის სიმბოლო კი, როგორც აღვნიშნეთ, თურმელების საგვარეულო სახლია.

ალბერ კამიუ რომანს „რეალური სამყაროს შესწორებად“ მიიჩნევს, რომელიც მეტაფიზიკურად ამთლიანებს რეალობაში დანაწევრებულ სამყაროს. თამრი ფხაკაძის რომანშიც არის ეს გამთლიანების მცდელობა. თურმელების  საგვარეულო სწორედ ამ მთლიანობის მონატრებაა. ეს პრობლემა რომანის მიხედვით შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ფილოსოფიურსა და ფსიქოლოგიურ, ასევე თანამედროვე სოციალურსა და პოლიტიკურ კონტექსტებში. აკაკი ბაქრაძემ თავის ცნობილ წერილში „მეცხრამეტე საუკუნე“ ზუსტად და მახვილგონივრულად გამოარჩია ეს მთავარი თემა, რომელიც დღესაც აქტუალურია. მისი აზრით, მეცხრამეტე საუკუნეში ეროვნულ დანაწევრებულობას, ცნობიერების რღვევას დაუპირისპირდა 4 მწერალი სხვადასხვა მხრიდან:  „სასოწარკვეთილებასა და განწირულებას მე-19 საუკუნის ქართულმა მწერლობამ ოთხი მხრიდან შეუტია: ნიკოლოზ ბარათაშვილის ეროვნული და პიროვნული თავისუფლების ამბოხით, რაფიელ ერისთავის სოფლის ყოფის მშვენიერებით, ილია ჭავჭავაძის ეროვნული და სოციალური პროგრამით და აკაკი წერეთლის შემოქმედებითი არსებობის სიხარულით. ამ ოთხ დარტყმას უნდა დაენგრია რუტინა და ქართველი ერისათვის ისტორიის ასპარეზი გაეკაფა“ ( ბაქრაძე   სკოლას).~

თამრი ფხაკაძე ერთგულია არა მხოლოდ ქართული მწერლობის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის ტრადიციისა იმ თვალსაზრისითაც, რომ ისიც ამას ცდილობს, თავისი  რომანით ცხოვრება ამ დაუნაწევრებელ მთლიანობად წარმოაჩინოს,  ერთ დიდ ხედ, რომელსაც უამრავი ერთმანეთისგან დაშორებული განსხვავებული  ტოტი აქვს, მაგრამ ფუნდამენტი, ძირი, ფესვი ერთი აქვს და ერთი საერთო წყაროდან იკვებება. ეს საერთო წყარო კი ის უნივერსალური ჰუმანისტური იდეალებია, რომლებიც ხელოვნებას მუდმივად აღელვებს და ადამიანში სიყვარულის, რწმენის, თავისუფლების, კეთილგონიერების, ღირსების გადარჩენას ემსახურება. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ რომანის სატიტულო გვერდზე ავტორის დახატული  თურმელთა გენეალოგიური ხეა, რომლის ტოტებზეც მიწერილია პერსონაჟთა სახელები.

თურმელობა, ზოგადად, შეიძლება, არა მხოლოდ ქართველობის, როგორც ეროვნული ფენომენის,  არამედ  კაცობრიობის სიმბოლოდაც  მივიჩნიოთ. რომანის მთავარი პროტაგონისტი თადეოზ თურმელი თურმელთა გვარის ერთგვარი თაურმდგენია, ის წმინდანიცაა და ცოდვილიც. სწორედ იგი განაპირობებს წინაპარსა და შთამომავალს შორის უწყვეტ კავშირს, ამიტომაცაა, რომ მისი საფლავი არსადაა. ის ერთ დღეს შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. იგი აგრძელებს არა მხოლოდ ირაციონალურ სულიერ თანამყოფობას თავის შთამომავლებთან,  არამედ რეალურადაც ხშირად ხედავენ მის სილუეტს, აჩრდილს სახლში. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ანთიმოზის მამას გილგამეში ერქვა. მწერალი მეტყველი ალუზიური სახელების ტრადიციას იყენებს. სახელები ზუსტად შეესაბამებიან პერსონაჟთა ბუნებას, მისწრაფებებს. გილგამეში მწერლობასთან არის დაკავშირებული. ის კაცობრიობის პირველი ლიტერატურული ნაწარმოების გმირია, რომლის ამბები თიხაზე დაწერილმა სიტყვებმა შემოინახა. ანთიმოზ თურმელი კი ანთიმოზ ივერიელსაც გაგვახსენებს, რომელიც სულიერ ცხოვრებასა და წიგნთან არის დაკავშირებული. ანთიმოზმა ააშენებინა ეს სახლი (სასახლე) დიადემის, სიმბოლურად, ღვთაებრივი ნიმუშის მიხედვით. სწორედ ანთიმოზის იდეა იყო, რომ ერთი ოთახისთვის სენაკი დაერქმიათ.

სენაკი  სახლის ერთი საკრალური ოთახია.  თვითონ ხომ უამრავი წელი გაატარა სენაკში, ბრძოლებში ჩადენილ ცოდვებს ინანიებდა. განსაკუთრებით ამძიმებდა მტრის ბავშვის მკვლელობა. მერე გაიგო, რომ ის ბავშვი გადარჩენილა, სწორედ ამან მისცა ახალი სასიცოცხლო ძალა და საერო ცხოვრებაში დროებით დააბრუნა. სახლის ცალკეულ ოთახში პროფანული სივრცე საკრალურად გარდაიქმნება, რადგან აქ „მეორდება“ ის, რასაც რომელიმე წინაპარი ასრულებდა. ამ ოთახებში თურმელთა თაობების არქეტიპული მისწრაფებები ცოცხლდება და მეორდება. აქ ხდება წარსულის რეაქტუალიზაცია.

ანთიმოზმა ჩაუყარა საფუძველი ტრადიციას, რომ ყოველი თურმელი 25, 50, 75 და ა.შ. ასაკში  შესულიყო  სენაკში და საგანგებოდ მოვარაყებულყდიან ეტრატის დიდ წიგნში თავისი ამბები ჩაწერა. ეს იყო რიტუალი, რომელსაც ყველა მოკრძალებით ასრულებდა. თანაც, სენაკში შესულ თურმელს  წიგნის ფურცელზე მხოლოდ მაშინ უნდა დაეწყო წერა, როდესაც მზის  პირველი სხივები დაეცემოდა  და გაანათებდა. სიმბოლიკით დატვირთულ რომანში მზის სხივის დაცემაც სიმბოლურად ღვთის ნიშნად, დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ. თითქოს თურმელი გამოდის ყოველდღიურობის მატერიალური სიბნელიდან და შედის ირაციონალურ ღვთაებრივ სინათლეში, სადაც წინაპართან კავშირს სწორედ დაწერილი სიტყვით ამყარებს.

რომანში წარმოჩენილ თურმელთა ბევრ  ამბავს  25 წლის  ლუკა თურმელი კითხულობს ამ სხივის მოლოდინში და მკითხველის თვალწინ ფერადი ხალიჩასავით,  რეტროსპექტიულად გადაიშლება სხვადასხვა თურმელის ცხოვრების ეპიზოდები, სიყვარულის, სიძულვილის, ღალატის, ერთგულების, თავგანწირვის ამბები.  როგორც აღვნიშნეთ, რიტუალთა, წეს-ჩვეულებათა ერთგულება მთავარი პირობაა გვარის ერთიანობის, წინაპარსა და შთამომავალს შორის ურყევი ურთიერთობისა.

მწერალს განსაკუთრებული სიმძაფრით, შთამბეჭდავად აქვს სიყვარულის, ვნების, თავდავიწყების ისტორიები მოყოლილი. ლუკა თურმელიც შეყვარებულია, როდესაც „სენაკში“ შედის. ამ შემთხვევაშიც, სიყვარულია მთავარი მოკავშირე უკვდავებისა.

რომანი დატვირთულია ბიბლიური ალუზიებითაც. სახლი მთაზეა, იქამდე მისასვლელად კი აღმართის ავლაა საჭირო. მთა ტრადიციული სიმბოლური გააზრებით, ღმერთთან შეხვედრის ადგილია. სახარებაში ვკითხულობთ: „ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა“.  ამიტომაც გადაურჩება ეს სახლი  ყველა განსაცდელს და რომანის ბოლოშიც ისე მყარად დგას, რომ არაფერი ემუქრება. რომანში ალუზია არის სახარებისეული „უძღები შვილისაც“.  ყველა თურმელი სხვადასხვა მიზეზით მიდის სახლიდან, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მაინც ბრუნდება. სახლიც ყოველთვის მზადაა მათთან შესახვედრად. ის თითქოს ცოცხალია, სუნთქავს, ფიქრობს. მშოლიურ მიწასთან კავშირი ისეთი ძლიერი და არქეტიპულია, რომ მისი ბოლომდე გაწყვეტა შეუძლებელია. ეს კარგად ჩანს ლუკა თურმელისა და ანანო  შავთვალას ნოსტალგიათა  მაგალითებზე. ამერიკაში გადახვეწილსა  და ლიუკ თურმანად გარდასახულს ფსიქოთერაპევტი მკურნალობს და მეხსიერებიდან  სამშობლოსთან დაკავშირებულ ყველა მოგონებას წაუშლის. მიუხედავად ამისა, პერსონაჟი სიკვდილის წინ თავის მშობლიურ სანახებს ხედავს და სჯერა, რომ საკუთარი ეზოს ხის ჩრდილში აბარებს სულს უფალს.  ასეთივე შთამბეჭდავია ანანო შავთვალას შეხვედრა სიკვდილთან, მას ღვთისმშობელი მიუძღვება მარადიული საუფლოსკენ.

თურმელთა მრავალფეროვანი ისტორიები ირეკლავს იმ პოლიტიკურ, სოციალურსა თუ კულტურულ მოვლენებს, რომლებიც საქართველოს ბედს განსაზღვრავდნენ. სავარაუდოდ, მეოცე საუკუნის 30-იანი წლების სასტიკი რეპრესიების ხანას ირეკლავს ეპიზოდი, რომელშიც, „დიდი ჩეკისტი, ვალიკო რ., ჩხრეკის ორდერით შემოლაჯებული, თვალებსვავი და ხმამყეფარე, თუმცა კი არავინ მიხმატკბილებია მასპინძელთაგან, უცბათ რაღაცნაირად წახდა, აირია“, მერე გაუგებრად და აუხსნელად თქვა, რომ ვერ აიყვანდა ერთ-ერთ ეჭვმიტანილ თურმელს, თუნდაც დაესაჯათ და წავიდა. აქაც სახლის მაგია წარმოჩნდება. ის არის ბოროტ ძალთაგან დამცველი ყველა მისი ბინადრისა.

რომანის დასაწყისი ბიბლიურ შესაქმეს მოგვაგონებს: „ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით მთაზე, რომლის ფერხთით ოდესღაც ქალაქი გაშენდა. ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით თეთრი, თლილი ქვის სახლში, რომლის წინკართან, ფილაქანზე, მშენებლებს ფერადი  ქვებით ჩაეკირათ წარწერა: „დრონი მეფობენ“.  ეს ორჯერ გამეორებული სტრიქონი „ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით“ თხრობას არა მხოლოდ რიტმულობას სძენს, რაც რომანის ერთ-ერთი სტილური მახასიათებელია, არამედ აზრობრივადაც ტვირთავს. ის მკითხველსაც რთავს ამ „ყველაში“, რათა მანაც ამ დიდი „მთლიანობის“ ნაწილად იგრძნოს თავი.   რომანში ვხედავთ, რომ „დრონი მეფობენ“, მაგრამ, თანვე,  ადამიანის „მეფობასაც“ შევიგრძნობთ. ადამიანი იმარჯვებს დროზე იმ თვალსაზრისით, რომ იგი  მეხსიერებით აქრობს დროს. ყურადღებას იქცევს სახლის თეთრი ფერიც, რომელიც თავიდანვე მის ღვთაებრივთან კავშირზე, სიწმინდეზე მიგვანიშნებს. სახლის კარიც კი გვარის „მემატიანეა“, მასზე ამოტვიფრულია ყველა თურმელის დაბადებისა თუ მნიშვნელოვან მოვლენათა თარიღები. ამ სახლს, მართლაც, ერთგვარი „განმწმენდის“  ფუნქციაც აქვს. ერთ ეპიზოდში უცხო გამვლელი სარკმელში თვალს მოჰკრავს ანთებულ სანთელს და დაიჩოქებს სალოცავად. მას ეს სახლი თავისი იდუმალებით ეკლესია ეგონება.    გურამ დოჩანაშვილის კანუდოსშიც, თავისუფლების ქალაქში, თეთრი სახლებია. სახლის ეს სითეთრე მიანიშნებს მის მცხოვრებთა შინაგან თავისუფლებასა და სილაღეზე, რასაც ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ავლენენ.

ქალაქი კი ქვემოთ, მთის ძირშია გაშენებული, შესაბამისად, ქვემოთაა ყოველივე ის, რაც მატერიალურ კანონებს ემორჩილება. მწერალი დაწვრილებით, ექსპრესიულად აღწერს სახლს, აქაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რიცხვებსა და ფერებს. მაგალითად, სახლს 16 კარი, 9 სხვადასხვა ფერის ბუხარი, ოცდათორმეტი ფანჯარა აქვს, თექვსმეტი პირველ, თექვსმეტი _ მეორე სართულზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფანჯრები განასახიერებენ ამ სახლის ბინადართა გახსნილობას სამყაროს მიმართ. ეს ფანჯრები ერთმანეთთან რეალურ და ირაციონალურს აკავშირებენ, ამიტომაც წერს ავტორი: „ბავშვები ხედავდნენ ზღვებსა და ოკეანებეს, უკაცრიელ კუნძულებს და ცამდე აწვდილ ქალაქებს, უდაბნოებს, ოაზისებს, საბედისწერო გზაჯვარედინებს და ზღაპრულ გმირებად გარდასახულ მოხეტიალე საკუთარ თავს…“. ავტორი აღწერს ამ იდუმალი სახლის სხვადასხვა ოთახს, რომლებიც გარკვეული სივრცული ტოპოსებია. აქ ადამიანები სხვადასხვა რამეს განიცდიან. სახლი მაგიურად ზემოქმედებს არა მხოლოდ მის მაცხოვრებლებზე, არამედ სტუმრებზეც. ერთ ეპიზოდში ოთახში, სადაც ღვინოებს ინახავენ, ენაბრგვილი სტუმარი მჭევრმეტყველების გასაოცარ უნარს შეიძენს.

სახლის ვრცელი პოეტური დაწვრილებითი აღწერით მწერალი მკითხველს მის შიდა სივრცეში ამოგზაურებს. ეს ერთგვარი „ზღურბლი“ რომანისა თავიდანვე შეაგრძნობინებს მკითხველს, რომ რაღაც უჩვეულოსთან ელის შეხვედრა. ამ შეგრძნებას კი უმძაფრებს  რიცხვებისა და ფერების მაგია (სარკმელთა, კართა, ბუხართა რაოდენობა და ფერი).  ოთახების განსაკუთრებული ფერი და სურნელი მართლაც ისეთი შთამბეჭდავია, რომ თითქოს რეალურადაც შეიგრძნობ:  „სახლის საძინებლებში  დღისით ნებიერად თვლემდნენ სიზმრები, რომლებიც ღამით უხილავ გედებად აიშლებოდნენ ხოლმე“. აქ მჟღავნდება თამრი ფხაკაძის დამოკიდებულება, სიტყვასთან, ლოგოსთან. სიტყვა მასთან არა მხოლოდ აზრის, არამედ ფერისა და სურნელის გამომხატველია. სიტყვა თითქოს არა მხოლოდ მოიხელთებს უხილავს, რათა აღსაქმელი გახადოს,  ატყვევებს საგანს ან მოვლენას,  თანვე ათავისუფლებს სწორედ ამ საგნებსა და მოვლენებს ერთმნიშვნელოვნებისაგან.

თურმელთა ოჯახში წიგნების კულტია. მათი ბიბლიოთეკა ცალკე მხატვრული ტოპოსია, რომელში მოგზაურობაც არანაკლებ შთამბეჭდავია. აქ ინახება უძველეს ენებზე შორეულ ეპოქებში დაწერილი წიგნები და ხელნაწერები. მწერალი ცალკეული გამორჩეული წიგნისა თუ ხელნაწერის მოპოვების ამბავს მოგვითხრობს, რომელიც გადაჯაჭვულია ამა თუ იმ თურმელის ცხოვრებასთან. ეს ბიბლიოთეკა სწორედ ამ თავისი თავგადასავლებით ისეთივე უსასრულოა, როგორიც სამყარო. ამიტომ ბორხესის „ბაბილონის ბიბლიოთეკას“ მოგვაგონებს. აქ არის რეალური  წიგნებიცა და მწერლისეული გამოგონილიც. ამ  ოთახის მთავარი ფუნქციაც მარადიულთან კავშირია: „ვძლევდით ხოლმე დროებითობის, წარმავლობის განცდას და გვეჩვენებოდა, რომ მაშინაც ვიყავით, როცა არ ვყოფილვართ და მერეც ვიქნებით,როცა აღარ ვიქნებით“. აქაც სიტყვის, ლოგოსის, ღვთის რწმენა მჟღავნდება.

რომანის მოზაიკურ სივრცეში ფერადოვან ნატეხებად ჩასმულია თურმელთა თავგადასავლები. ამგვარად გეოგრაფიული არეალიც გაფართოებულია. გმირები სხვადასხვა ქვეყანაში  მოგზაურობენ და უამრავ ხიფათს გადაეყრებიან თავიანთ დახლართული ცხოვრების გზებზე. ლუკა თურმელისა და ანანო შავთვალას ამერიკული ოდისეა. თურმელთა თავგადასავლები სავსეა  ხიფათით, თავგანწირვით, ღალატით, ერთგულებით, სიძულვილით, ანგარებით, სიხარბით, მაგრამ სიყვარული ყველაზე მეტად რჩება მკითხველის შეგრძნებებში. რომანში კი  სიყვარულის, ვნების, გატაცების ბევრია ამბავია მოთხრობილი.

მწერალი აქტიურად იყენებს ე.წ. „მონტაჟის“ ტექნიკასაც. კადრების სწრაფი  ცვალებადობა კი თხრობის რიტმის ექსპრესიულობას აძლიერებს. თამრი ფხაკაძის ამ რომანით მკითხველი განიცდის „კითხვის სიამოვნებასაც“. ის თანაბრად იწვევს „განსჯასაც“ და „ტკბობასაც“. ამას კი აღწევს ენის ხატოვანებით, ლირიზმით. პოეტური პროზა ამ რომანში მისი სტილური მახასიათებელია. მაგალითად, „მსუბუქად, გამჭვირვალედ დატბორა მუსიკამ ოთახი. თითქოს ვაშლის ან ატმის ყვავილები ნიავმა დაფურცლა და დაარიალა. თითქოს მაისის თქეში წამოვიდა, ღია ფანჯრებში ნიაღვრები შემოიღვარა, თითქოს სველი პეპლები შემოფრინდნენ…“. მისთვის უცხოა ინტიმურ განცდათა ბიოლოგიური სიშიშვლით გამოხატვა. ის ცდილობს, რომ მკითხველს სიყვარულის მშვენიერება და ამაღლებულობა შეაგრძნობინოს, ამასთანავე, რომანში გვხვდება მდაბალი, მხოლოდ ხორციელი ლტოლვის  გამომხატველი მაგალითები, მაგრამ ყველაფერი ისეა მოთხრობილი, რომ მკითხველს არ უჩნდება უხერხულობის განცდა.

ამ სასახლეში არის „ედგარის ოთახი“, „ცისფრად ჩამუქებული და ვერცხლისფერ-მოლურჯო ათინათებით სავსე“,  (ედიშერ თურმელის სახელობისა, რომელიც „ვარსკვლავებს ელაპარაკებოდა“), რომელშიც მუსიკალური ინსტრუმენტები და ლექსებმიწერილი კედლებია.   მკითხველს, რა თქმა უნდა, ედგარ პოს ალუზია უჩნდება. ედგარ პოს შემოქმედებაშიც ხომ სიყვარული და სიკვდილი განუყოფელია.  რომანში არაერთ პოეტ თურმელსაც შეხვდებით, რომელთა სასიყვარულო ამბებში სიყვარულისა და სიკვდილის გზაჯვარედინები წარმოჩნდება. „სამზარეულოში“ ხილთა, მწვანილთა თუ ბოსტნეულის  ისეთი სურნელია, რომ ერთი სტუმარი უჭმელად დანაყრდება.  სახლში არის ოთახი „საიარაღო“, რომელშიც სხვადასხვა ეპოქის ნაირნაირი იარაღია. წარსულთან კავშირს ვერ წყვეტს ბაბუა სარგის თურმელი, რომელიც  მუზარადჩამოცმული და ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი იცავს სახლს ხილულ თუ უხილავ მტერთაგან.

რომანში, ძირითადად, წარსულის ამბებია. ყველა პერსონაჟს თავისი  ქრონოტოპი შემოაქვს. ნაწარმოებში მოთხრობილ უამრავ ზღაპრულ ამბავს შორის ერთი მარიამ-ხვარამზესთანაა დაკავშირებული. დედინაცვლისგან ათვალწუნებული მზეთუნახავი, რომელიც „ოქროსფერ ნათელს ასხივებდა“ , ერთ დღეს თეთრ რაშზე ამხედრდა და მთებისკენ გააქროლა. მას შემდეგ აღარავის უნახავს, ამიტომ უამრავ ლეგენდას ჰყვებოდნენ, „მზემ აიტაცა და ჩაიხუტაო“, „ოქროსფერ გედად გაფრინდაო“ და სხვა. ლექსიც შეთხზეს: „მარიამ ხვარამზესაო/ უბრძანებია ესაო: /რომ შამოვივლი ცარგვალსა,/ კვლა მოვალ ერთსა დღესაო“. გარდა იმისა, რომ სწორედ ამ პერსონაჟთან არის დაკავშირებული თურმელთა სახლის პროტომოდელი „ოქროს დიადემა“, იგი ფინალურ ეპიზოდშიც „ამოყვინთავს“ და მისი დაბრუნების რწმენა, სიმბოლურად შეიძლება, როგორც მატერიალური სამყაროდან „დევნილი“ ღვთაებრივი საწყისის დაბრუნების იმედადაც გავიაზროთ.

რომანში იცვლება თხრობის რაკურსებიც. თავიდან თურმელთა სახლის ამბებს დემეტრე თურმელი პირველ პირში ჰყვება, შემდეგ მას „ყოვლისმცოდნე ავტორი“ ენაცვლება და მესამე პირში გვიყვება ამ გვარის წარმომადგენელთა თავბრუდამხვევ, დაუჯერებელ თავგადასავლებს. სწორედ ეს უცნაური ამბები იზიდავს მკითხველს, რომლის ცნობისმოყვარეობა მუდმივად დაძაბულობის ზღვარზეა. დემეტრეზე შემდეგ ლუკა ამბობს, რომ უცნაური ბიჭია. გარდა იმისა, რომ ხელოვანის ნიჭი აქვს, ერთ „ზებუნებრივ“ ძალასაც ფლობს, მზერით შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ადამიანებსა თუ გარემოზე. მაგალითად, მისი დაჟინებული მზერით ვარდის კოკორი გაიშალა, ჩხუბში მოწინააღმდეგეს თვალი გაუსწორა და ქვა გააგდებინა. ამან მარკესის აურელიანო ბუენდია გაგვახსენა, რომელიც ზუსტად ამავე უნარს ფლობდა: „სწორედ ეს დაჟინებულად მზირალი თვალები გაახსენდა ურსულას, როცა ერთ დღეს სამზარეულოში მოაკითხა სამი წლის აურელიანომ. ურსულამ ის იყო წვნიანით სავსე ქვაბი ცეცხლიდან გადმოიღო და მაგიდაზე დადგა, ბავშვი გაუბედავად აწრიალდა კართან და უცბად თქვა: „ახლა გადმოვარდება“. ქვაბი შუა მაგიდაზე იდგა, მაგრამ უეცრად, თითქოს ვიღაც უხილავმა უბიძგაო, გადმოვარდა და იატაკს დაენარცხა“ („მარტოობის ასი წელიწადი“).

რომანის ფინალურ ეპიზოდში ლუკა თურმელისა და კატო მაქსიმოვიჩის ვაჟს, ახალგაზრდა გიორგის მეგობრები ურჩევენ, რომ თავი დაანებოს ამ აღმართზე სიარულს და ქალაქში გადავიდეს საცხოვრებლად. გიორგი კი უარით ჯიუტად აუყვება აღმართს სახლისკენ, რომელიც „ვეება ხომალდს“ ჰგავდა და სავსე იყო „წარსულის, აწმყოსა და მომავლის ათინათ-ჩრდილებით“.  ეს მკითხველის იმედს ბადებს, რომ „სახლის“ სიცოცხლე გაგრძელდება. სახლი ხომ სიმბოლურ-ალეგორიულად ზეცასთან, ღვთაებრივთან დამაკავშირებელი ხიდია. როგორც აღვნიშნეთ, თურმელების ისტორია არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ კაცობრიობის ცხოვრების ამრეკლავია. ეს არის ერთგვარი ანტიაპოკალიფსური დასასრული, განსხვავებით მარკესის რომანისგან, რომელშიც მაკონდო იქმნება და ინგრევა, ან ედგარ პოს „აშერთა სახლისგან“ თუ ნიკო ლორთქიფანიძის „დანგრეული ბუდეებისგან“. ყველაფრის გაცამტვერების მოდელს ბევრ ნაწარმოებში შევხვდებით, ისევე როგორც ამის საპირისპირო  ოპტიმისტურ კონცეფციას.  თამრი ფხაკაძის მხატვრული მოდელის მიხედვით, სამყაროში არაფერი არ იკარგება, ყველაფერი გრძელდება, „გენეალოგიური ხე“ მყარად დგას და მას ახალი ტოტები გამოსდის. ესე იგი, მარადიულად იქმნება არა რაღაც ახალი და ძველისგან სრულიად განსხვავებული, არამედ ძველზე დაფუძნებული. ამ თვალსაზრისით, რომანი ერთგვარ უტოპიადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი