სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რა არის არსებითი სახელი ანუ გაზეპირებული წესები

კითხვაზე „რა არის არსებითი სახელი?“ მოსწავლე დაუფიქრებლად მოგვიგებს: „საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ეწოდება“, ან „არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს და მიუგებს კითხვებზე ვინ? რა?“

ან რამე ამგვარს, თუმცა დეფინიციას, რომ არსებითი სახელი საგნის აღმნიშვნელია, განმარტება არ სცდება (შდრ: „ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს.
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.
არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა? (უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი, http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=49&t=536).

რა თქმა უნდა, არსებითი სახელი აღნიშნავს კიდეც საგანს, მაგრამ მხოლოდ საგანს – არა. თუ არსებითი სახელის ჯგუფებს დავაკვირდებით, ისევ წესები გვეუბნება, რომ შეიძლება იყოს ვინ ან რა ჯგუფის, საკუთარი ან საზოგადო, კრებითი, ნივთიერებათა, კონკრეტული ან აბსტრაქტული…

ჰო, და ახალი შეკითხვა მაშინ: აბსტრაქტული სახელი (სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, ერთგულება…) საგანია? – არა. არსებითი სახელია? – დიახ. მაშინ, რა გამოდის? გამოდის, რომ დეფინიცია „არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს“ არ არის სწორი, უფრო სწორად, არ არის სრული. არსებითი სახელი „არასაგანზეც“ მიგვითითებს.

კიდევ ერთი რამ ამ მეტყველების ნაწილის შესახებ, ისევ გაზეპირებული წინადადება მოსწავლის პასუხიდან: „ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს – სულიერ და უსულო საგანთა სახელებს – დაესმით კითხვა რა?“  (http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=49&t=536).

მოვიხმოთ ასეთი მაგალითი: „ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად…“

იქვე შეკითხვა: ვის მიემართება ნაცვალსახელი ვინ? ღმერთს (კითხვა – ვინ? და არა – რა?).

ამავე რიგის იქნება სიტყვები: ანგელოზი, ეშმაკი…

მაშასადამე, აქაც გაზეპირებული წესი, რომ კითხვა ვინ მხოლოდ ადამიანს დაესმის, არ გამოდგება. პასუხი სწორი იქნება, თუმცა – კვლავ არასრული.

რასაკვირველია, ამ მოკრძალებულ წერილს სულაც არ აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ახალი ასწავლოს, ან ახალი აღმოაჩენინოს, ეს ყველამ გადასარევად ვიცით. მხოლოდ მივცეთ საშუალება მოსწავლეებს, დაკვირვებით მივიდნენ წესების აღმოჩენამდე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“