სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დაჭექე, ცაო, დაჭექე

უსიცოცხლოო… პირდაპირ ასე დაარქვეს… მონათვლამდე ბევრს ეცადნენ, მისი ზნე და ხასიათი დაედგინათ – იმ დროის მეცნიერების ტიტანებმა, ჰენრი კავენდიშმა, ჯოზეფ პრისტლიმ, კარლ შეელემ, დანიელ რეზერფორდმა და კიდევ, ალბათ, სხვებმა, რომელთა სახელები ისტორიის ქარტეხილებში გაიფანტა. ერთი, რაც დანამდვილებით გაირკვა, იყო ის, რომ უსუნო და უფერო იყო, ჰაერში დიდი რაოდენობით შედიოდა და მის გარემოში სიცოცხლე და ანთებული სანთელი ერთნაირად წყვეტდა არსებობას… ამიტომაც, ნათლობისას ყველა ძველი სახელი – „ფლოგისტირული“, „საზიანო“, „გაფუჭებული თუ მახრჩობელა“ ჰაერი უკუაგდეს და აზოტი („აზოტოს“) უწოდეს. თუმცა გამოხდა ხანი და ვნახეთ, რომ ავჩქარდით ვერდიქტის გამოტანისას. შევცდით, როცა ელემენტს სახელი მისი ერთ-ერთი ნივთიერების მიხედვით დავარქვით. მეცნიერების განვითარებამ აჩვენა, რომ ელემენტი აზოტი სულაც არ არის „უსიცოცხლო“. პირიქით, ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის ელემენტებთან ერთად, აზოტი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ცოცხალ ორგანიზმებში. დედამიწაზე მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია, რადგან იგი ცილების, ამინო- და ნუკლეინის მჟავების, ქლოროფილის, ჰემოგლობინის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი და თვისებების განმსაზღვრელი ელემენტია.

მაგრამ ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა: თუ ატმოსფეროში გავრცელებული აზოტი ასეთი „ინერტულია“ და  არ ურთიერთქმედებს სხვა ნივთიერებებთან, მაშ, როგორღა ხვდება იგი ცოცხალ ორგანიზმებში? დიდი კირკიტისა და ძიების შემდეგ მივაგენით, რომ ნიადაგში მცხოვრებ ზოგიერთ მიკროორგანიზმს შეუძლია, თავის სტომაქში ნივთიერება აზოტი მოინელოს – გახლიჩოს ორი აზოტის ატომს შორის მტკიცე სამმაგი ბმა და მცენარეებს „ელემენტური“ აზოტი მიაწოდოს ამონიუმის ნიტრატის სახით. ეს ბიოქიმიური გზაა აზოტის ნიადაგში მოხვედრის. მეორე გზა წმინდა „ქიმიურია“ და ატმოსფეროში საავდრო ღრუბლების დაგროვებით იწყება. ღრუბლები წყლის მოლეკულებთან ერთად დიდი რაოდენობის მუხტსაც იგროვებენ და როდესაც მუხტის შეკავების ფიალა გადაევსებათ, დიდი გრგვინვითა და ნათებით გვაუწყებენ ხოლმე ამ ამბავს. არ მეგულება სულიერი, ეს ხმა რომ არ აკრთობდეს. მაგრამ ბუნების კანონით, რაც მეტს ქუხს, მით მეტი პური ჩვენი არსობისა მოდის. განმუხტვის დროს გამოყოფილი ენერგიით ატმოსფეროში შემავალი აზოტი და ჟანგბადი ახერხებენ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, რის შედეგადაც მჟავა ოქსიდი მიიღება. ეს უკანასკნელი წყალში იხსნება და დედამიწაზე აზოტმჟავა წვიმის სახით მოდის. აზოტმჟავა ნიადაგში პოულობს ახალ მეწყვილეს და მარილის ფორმაში გადადის, რომელსაც უკვე მცენარე იყენებს ზრდა-განვითარებისათვის.

აზოტის ცოცხალ ორგანიზმებში მოხვედრის ასეთი წრებრუნვა საუკუნეებია, არსებობს და დედამიწის დასალიერამდე ასეც გაგრძელდება. მაგრამ დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა პერმანენტულად იზრდება. ასევე პერმანენტულად იზრდება დისპროპორცია ქალაქის და სოფლის მოსახლეობას შორის. ჩნდება ერთობ შემაშფოთებელი კითხვა: სავარგულების ფართობის მუდმივობის პირობებში, როგორ გამოვკვებოთ მოსახლეობა? სამწუხაროდ, ყოველთვის და ყველგან არ ქუხს, თან ისეთი რაოდენობით, რომ მოსალოდნელი შიმშილობის პრობლემისგან გვიხსნას.

ეს კითხვა ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ერთი და იმავე ადგილზე ერთი და იმავე კულტურის მოყვანით ნიადაგი ნელ-ნელა იფიტებოდა აზოტით და მოსავლიანობა უფრო და უფრო მცირდებოდა. ამიტომ გამოსავალს ტყეების მასივების გაჩეხით და დაწვით აგვარებდნენ. ასეთი ფორმით გაჩენილ ახალ სავარგულებს ახოები ეწოდება და ზოგიერთ ადგილზე დღესაც კი  შემორჩენილია სახელიცა და მდელოც შუა ტყეებში. ცხადია, ეს ახოც ცოტა ხანში ისევე გამოიფიტებოდა, როგორც სხვა მდელოები და ასე, თანდათანობით მიიწევდა მეურნე ტყის სიღრმეებში ჯერ ნაჯახითა და ტალ-კვესით, შემდეგ ხარ-გუთნით. თავის დროზე ჩილეში მცხოვრებ ინკებს უფრო მეტად გაუმართლა, ვიდრე დედამიწის სხვა კუთხეებში მცხოვრებთ. ჩილეს მისადგომებთან უკაცრიელ კუნძულებზე ფრინველები იზამთრებენ და ადგილზე ექსკრემენტებს ტოვებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ამ ნარჩენებისაგან ოცდაათმეტრიანი კლდეები წარმოიქმნა. ინკებმა შემთხვევით შენიშნეს, რომ მას თუ ნათესებში შეიტანდნენ, მოსავლიანობა ბევრად იზრდებოდა. ამ მიგნების წყალობით კი ახალ-ახალი, მანამდე უსარგებლო  ტერიტორიების ათვისებას მიყვეს ხელი და იმპერიის საზღვრები გააფართოვეს. ცნობამ აღმოჩენის შესახებ ესპანეთამდეც მიაღწია და ისინიც ცოტა ხანში მთელი სამხედრო არსენალით მიადგნენ მათ სანაპიროებს. 1800-იანი წლების შუა პერიოდისათვის ამ მარაგმაც იწყო კლება და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა აკრძალეს მისი ექსპორტი.

კრიზისი გარდაუვალი იყო. პირველი ვილიამ კრუკსმა გამოთქვა შეშფოთება – 30 წელში დიდი შიმშილობა  დაიწყებაო და კოლეგა ქიმიკოსებს მოუწოდა დახმარებისათვის. ამოცანის გადაჭრა პირველმა გეორგ ჰილდერბრანდტმა სცადა. დახშულ ჭურჭელში ერთმანეთს შეურია აზოტი და წყალბადი ამიაკის მისაღებად, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ სარეაქციო ჭურჭელი წყალში ჩაძირა 300 მ სიღრმეზე მაღალი წნევის მისაღებად, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მართალია, ჰილდერბრანდტის ექსპერიმენტები უშედეგოდ დამთავრდა, მიდგომა სწორი იყო და შემდეგი ასი წლის განმავლობაში რეაქციის მაღალ წნევაზე  ჩატარებას ცდილობდა სხვადასხვა მკვლევარი შედარებით დახვეწილ პირობებში. თუმცა შედეგი მაინც არ ჩანდა 1904 წლამდე, სანამ ფრიც ჰაბერმა არ მიაღწია საწადელს.

ფრიც ჰაბერი იმ დროისთვის კარლსრუეს უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერის პოსტს იკავებდა და პარალელურად ნათურების მწარმოებელი კომპანიის კონსულტანტი იყო. ამ უკანასკნელი პოზიციის გამო მას ხელი მიუწვდებოდა ისეთ მასალებზე, რომელმაც საშუალება მისცა, შეექმნა მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე რეაქტორი. წინა მკვლევრებისაგან განსხვავებით, ჰაბერმა აზოტისა და ამიაკის ურთიერთქმედება სცადა კატალიზატორის თანაობისას. კატალიზატორად კი ისევ ნათურების წარმოებიდან წამოღებული სუფთა ოსმიუმი გამოიყენა. რეაქციას ატარებდა სხვადასხვა წნევასა და ტემპერატურაზე და როდესაც წნევამ 200 ატმოსფეროს, ხოლო ტემპერატურამ 500 °C-ს მიაღწია, რეაქტორიდან ამიაკის წვეთებმა იწყო დენა. სულ რამდენიმე წვეთი გამოიყო, თუმცა გზა უკვე ნაპოვნი იყო. რეაქციის პირობების შემდგომი დახვეწა სწრაფად მოხდა და რამდენიმე წელში ამიაკის პირველი საწარმოც გაეშვა, რომელიც დღეში 5 ტონა ამიაკს აწარმოებდა. ამიაკის საფუძველზე მიღებული გვარჯილით კი მოსავლიანობა ოთხჯერ გაიზარდა.  არსებობს მოარული მოსაზრებაც: რომ არა ჰაბერის გამოგონება, დღეს დედამიწის მოსახლეობა 4 მილიარდით ნაკლები იქნებოდაო.

მაშ ასე, კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადაწყვეტილი იყო. შიმშილობაზე გამარჯვების აღსანიშნავად, 1904 წელს, ჰაბერს ნობელის პრემიაც მიენიჭა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიას რამდენიმე ნობელიანტი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. მიზეზი? ჰაბერი ასევე პასუხისმგებელი იყო მილიონობით ადამიანის სიკვდილზე და ეს არ აპატიეს კოლეგებმა. ჰაბერსაც, აინშტაინის მსგავსად, ებრაული ფესვები ჰქონდა, თუმცა, ალფრედისაგან განსხვავებით, ფრიცი პაციფისტი არ იყო. პირიქით, თვლიდა, რომ მთელი ცოდნა გერმანიის ძლიერებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველა სფეროში. ამიტომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასუქების ქარხანა სასიკვდილოდ მნიშვნელოვან ასაფეთქებელი მასალების საწარმოდ გადააკეთა. უფრო მეტიც, პირველივე დღეებიდან ფრონტის ხაზზე იყო და აქტიურად იყო ჩართული ბრძოლებში. ჰააგის კონვენციის მიუხედავად, თვლიდა, რომ ქიმიას უფრო მეტის შეთავაზება შეეძლო ომისათვის, ვიდრე გვარჯილა და დენთი იყო. დაკვირვებით შეისწავლა არსებული ქიმიური ბრძოლის საშუალებები და გადაწყვიტა საკუთარი ძალების მოსინჯვა ამ სფეროშიც. სულ მალე სპეციალური ლაბორატორია შექმნა და დაიწყო კვლევები ქიმიური იარაღის შექმნაზე. პირველმა შედეგმაც არ დააყოვნა. სანგრებში გამაგრებულ ჯარისკაცებს ტყვია და ჭურვი ვერ სწვდებოდა. ამიტომ ამ „პრობლემის“ გადაწყვეტა ქიმიურ „ჭურვებს“ მიანდვეს. ისეთი გაზი უნდა გამოეყენებინათ, რომლის მცირე რაოდენობა სასიკვდილო და, ამავდროულად, ჰაერზე მძიმეც იქნებოდა, სანგრებში რომ ჩაეღწია. ფრიც ჰაბერის შეთავაზებით, ქლორს დააკისრეს ეს როლი. შედეგი საშინელი აღმოჩნდა. ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა პირველივე შეტევას. ქლორის მცირე რაოდენობით ჩასუნთქვაც კი ფილტვებში წყლის დაგროვებას იწვევდა და ჯარისკაცები მშრალზე ისევე იხრჩობოდნენ, როგორც წყალში ჩაძირვისას. კოლეგებმა ჯერ მსუბუქად უსაყვედურეს, თუმცა მას თავისი ლოგიკა ჰქონდა: თუ უცებ დიდი რაოდენობით ჯარისკაცს მოუსწრაფებდნენ სიცოცხლეს, ომი მალე დამთავრდებოდა და, შესაბამისად, მსხვერპლი და ნგრევა ნაკლები იქნებოდა. ამიტომაც განაგრძობდა კვლევას ახალი და უფრო ეფექტური იარაღის შესაქმნელად. მაგრამ პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ჰაბერის ამიაკის სინთეზით ნაშოვნი მთელი ქონება გაუფასურდა. უბედურება ცალად არ მოდისო. მალე ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ და ებრაელებს მოუწიათ ქვეყნის დატოვება. ვინც გარისკა და დარჩა გერმანიაში, დაკავებული თანამდებობა დატოვა. მათ შორის იყო ფრიც ჰაბერიც…

ერთი წლის შემდეგ ის სრულ მარტოობაში, შვეიცარიაში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მის ინსტიტუტში შექმნილი ინსექტიციდი ციკლონ ბ საკონცენტრაციო ბანაკებში აქტიურად გამოიყენეს უკვე ნაცისტებმა ჰოლოკოსტის დროს…

ბოლოთქმა

ჰაბერის მიერ ამიაკის სინთეზის გამოგონება ტექნოლოგიური კუთხით უდიდესი მიღწევაა – მან „ჭექა-ქუხილი“ დაიმორჩილა და დედამიწაზე ჩამოიტანა. დიდია ეს გამოგონება პრაქტიკული შედეგითაც – როგორც ამბობენ, 4 მილიარდი ადამიანის გაჩენას შეუწყო ხელი. რომ არა ამიაკი და მისგან მიღებული გვარჯილა, დღეს ბევრი ჩვენგანი შეიძლება არც ყოფილიყო დაბადებული. მაგრამ მისივე გამოგონებებით რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოეთხოვა სიცოცხლეს.

ძალიან დიდი რიცხვია 4 მილიარდი ახალი სიცოცხლე! რიცხობრივად 4 მილიონი მასთან ფეხის მტვერია, თუმცა ადამიანის სიცოცხლის ფასი არ იზომება. ამიტომაც ეს ოთხი მილიონი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის  4 მილიარდი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“