სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფიქრები „მობი დიკზე“ – მეხუთე ნაწილი

 

  1. „მობი დიკი“, როგორც უკუშესაქმე: რომანის ალეგორიული, მითოლოგიური და ფილოსოფიური მხარე

„მობი დიკის“ ერთ-ერთი თემა ხელოვნებისა და რეალობის ურთიერთმიმართებაა. რა კავშირი უნდა ჰქონდეს ხელოვნებას რეალობასთან? რეალობა ხელოვნებაში მთელი თავისი სიზუსტით უნდა გადავიდეს (ცხადია, რამდენადაც თავად ხელოვნების ენა იძლევა ამის საშუალებას)? „მობი დიკის“ პასუხია, რომ კი, როცა ხელოვნება, ამავდროულად, რეალობის შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროცაა. რომანის 55-ე და 56-ე თავები სწორედ ვეშაპების რეპრეზენტაციას ეძღვნება ხელოვნებაში და იმაზეა, როგორი ხარვეზებითა და შეცდომებით წარმოაჩენენ წიგნებში და ნახატებზე ბუნების ამ უზარმაზარ ქმნილებებს. რომანის განზრახვაც თითქოს ესაა – სწორი ცნობები მოგვაწოდოს ვეშაპებზე, დაგვანახოს ისინი ისეთებად, როგორებიც „სინამდვილეში“ არიან. ყოველგვარი ალეგორიულობა თითქოს გამორიცხულია, მეტიც, უსარგებლოდ მიჩნეული და ირონიზებული – ისმაელი ერთგან დასძენს, ზოგი ხმელეთზე მცხოვრები და მომუშავე კაცი ისეთი უმეცარია, რომ საკმარისია, თევზაობისა და ვეშაპზე ნადირობის შესახებ სრულებით ჩვეულებრივი დეტალები ვახსენო, ამ მონათხრობს ან ეგრევე ზღაპრად შერაცხავს და ან, რაც უარესი და კიდე უფრო დიდი საზიზღრობაა, რაიმე დაფარულაზრიან და აუტანელ ალეგორიადო – „So ignorant are most landsmen of some of the plainest and most palpable wonders of the world, that without some hints touching the plain facts, historical and otherwise, of the fishery, they might scout at Moby Dick as a monstrous fable, or still worse and more detestable, a hideous and intolerable allegory.” (Chapter 45) სხვაგან კი თავის მონათხრობს „მონახაზის მონახაზს“ („draught of a draught“ – Chapter 32) უწოდებს.

და მაინც, ამ ვითომდა სამეცნიერო თავში, რომელიც ვეშაპების კლასიფიკაციის შესახებაა, რომელშიც მხოლოდ მშრალი კატეგორიზება უნდა იყოს და სხვა არაფერი, აი, სწორედ აქ, ვეშაპებს „ქაოსის ნაწილები“ ეწოდებათ („The constituents of chaos“). ერთი მათგანი კი ასეა დახასიათებული: „ფინვალი ჯოგის ცხოველი როდია. იგი, როგორც ჩანს, ვეშაპთმოძულეა, როგორც ზოგი კაცია კაცთმოძულე. ძალზე მორცხვი, მუდამ მარტოსული. მოულოდნელად წამოიმართება ხოლმე უშორესი და ყველაზე პირქუში წყლების ზედაპირზე.“

ამ მომცრო აღწერაში ნაჩვენებია რეალობა და კიდევ ის, რაც რეალობის მიღმაა. წერის ეს პრინციპი მთელ „მობი დიკს“ გასდევს: აქ ვეშაპი რეალურად არსებული ცხოველია, ამავდროულად, ქაოსის მობინადრე, უძველესი და მარადიული ძალა, რომლის სული და სახეობა ამ სამყაროს არასდროს დატოვებს:

„Thus, while in life the great whale’s body may have been a real terror to his foes, in his death his ghost becomes a powerless panic to a world.“ (Chapter 69)

„Wherefore, for all these things, we account the whale immortal in his species, however perishable in his individuality. He swam the seas before the continents broke water; he once swam over the site of the Tuileries, and Windsor Castle, and the Kremlin. In Noah’s flood he despised Noah’s Ark; and if ever the world is to be again flooded, like the Netherlands, to kill off its rats, then the eternal whale will still survive, and rearing upon the topmost crest of the equatorial flood, spout his frothed defiance to the skies.“ (Chapter 105)

ამიტომაც ვეშაპის დამორჩილებით სამყაროს დამორჩილება და შეცნობა შეიძლება, თვალის მიწვდენა იქ, სადაც სხვაგვარად ადამიანი მზერას ვერ მიაწვდენს:

„With a frigate’s anchors for my bridle-bitts and fasces of harpoons for spurs, would I could mount that whale and leap the topmost skies, to see whether the fabled heavens with all their countless tents really lie encamped beyond my mortal sight!“ (Chapter 57)

ვეშაპია იმ ღვთაებრივი უცვალებლებისა და სიმტკიცის მაგალითიც, ადამიანმაც რომ უნდა გამოიჩინოს, ხვატსაც და ყინვასაც ერთნაირი უდრტვინველობით ეგებებოდეს, იყოს ამქვეყნად ისე, რომ ამა ქვეყნისა არ იყოს:

„It does seem to me, that herein we see the rare virtue of a strong individual vitality, and the rare virtue of thick walls, and the rare virtue of interior spaciousness. Oh, man! admire and model thyself after the whale! Do thou, too, remain warm among ice. Do thou, too, live in this world without being of it. Be cool at the equator; keep thy blood fluid at the Pole. Like the great dome of St. Peter’s, and like the great whale, retain, O man! in all seasons a temperature of thine own.“ (Chapter 68)

მეორე მხრივ, ვეშაპი ის მოუხელთებელი იდუმალებაა, რომელზეც დანამდვილებით ვერასოდეს იტყვი, როგორია და რომელიც, მუდამ გაგირბის, რაც უნდა მის დაჭერას ეცადო. თუ მაინც ეცდები, აქეთ დაგიჭერს და შთაგნთქავს:

„So there is no earthly way of finding out precisely what the whale really looks like. And the only mode in which you can derive even a tolerable idea of his living contour, is by going a whaling yourself; but by so doing, you run no small risk of being eternally stove and sunk by him. Wherefore, it seems to me you had best not be too fastidious in your curiosity touching this Leviathan.“ (Chapter 55)

მიაქციეთ ყურადღება პასაჟის ორაზროვნებას: რა იგულისხმება „შთანთქმასა და ჩაძირვაში“? ის, რომ ვეშაპი მოგინადირებს და გადაგყლაპავს, თუ ის, რომ მისი მონადირების იდეით იქნები შეპყრობილი?

მაგრამ თავად ვეშაპებზე ნადირობაც რომ დროის მიღმიერი მოვლენაა? პერსევსი, წმინდა გიორგი, იონა, ჰერკულესი, ვიშნუ – ყველა კულტურას თავისი ვეშაპებზე მონადირე ჰყავს (იხ. თავი 82-ე). და ყველა ეს მონადირე ზებუნებრივ ძალას ფლობს. აკი კაპიტან აქაბსაც ჰყავს ეკიპაჟში ერთი ასეთი გრძნეული – ფედალა. ყოველ შემთხვევაში, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ფედალა ეშმაკს მალავს და მისი ჩრდილი ეშმაკის კუდის გამოა ასეთი უცნაური ფორმისა. 73-ე თავში წარმოდგენილი მათი დიალოგი სულაც არ აღძრავს მისტიკურობისადმი ძრწოლას, პირიქით, სიცილის მომგვრელია, რადგან აქ ყოველგვარი მისტიკა ირონიზებულია. ვნახოთ მცირე მონაკვეთი:

„-ჩექმებით სძინავს, არა? ჰამაკიც არა აქვს. მაგრამ მინახავს, ღამღამობით გემსართავზე წოლილა, თოკის ხვეულში.

-უეჭველად და ეგ იმ წყეული კუდის გამოა – შემოიხვევს, გესმის? და სძინავს.

-კი მაგრამ, ეს მოხუცი ამდენს რას წვალობს მისი გულისთვის?

-გაუცვალა რამე ან გაურიგდა, მგონია.

-გაურიგდა? რაზე?

-რაზე და, ჰო გესმის, მოხუცი ძალიანაა დაგეშილი ამ თეთრ ვეშაპზე და ეშმაკი კიდე იმას ცდილობს, როგორმე დაუახლოვდეს, ვერცხლის საათი აწაპნოს, ან – სული, ან – რამე ეგეთი და მერე კი სანაცვლოდ მობი დიკს დაუთმობს.

-უუჰუუ, სტაბ, რაღაცას როშავ – ფედალა მაგას როგორ იზამს?

-მე რა ვიცი, ფლასკ, მაგრამ ეშმაკი კი დიდად უცნაური ვინმეა, თან აი, რას გეტყვი: ბოროტიცაა. […]“

ამგვარად, თითქოს ყოველგვარი მიღმიერი უარყოფილია და მასხრად აგდებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, რომანი სავსეა ფილოსოფიური განზოგადებებით, რომლებიც ოკეანესა და მის ბინადრებს მთელი სამყაროს მიკრომოდელად წარმოაჩენს, მათ შორის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოწყობის მოდელადაც (მაგალითად, იხ. თავი 89-ე). ყველაფერი ყველაფერთან რომ იდუმალ კავშირშია, ეს პირდაპირაც წერია: „O Nature, and O soul of man! how far beyond all utterance are your linked analogies! not the smallest atom stirs or lives on matter, but has its cunning duplicate in mind.” (Chapter 70)

გამოდის, რომ წიგნი თავის თავს ეწინააღმდეგება: ის თან წარმოაჩენს ლიტერატურას, როგორც მთხრობელს არამხოლოდ რეალობაზე, არამედ იმაზეც, რაც რეალობის მიღმაა და თან დასცინის კიდეც ამგვარ ხედვას. როგორ ავხსნათ ეს?

ვფიქრობ, ესაა მინიშნება იმაზე, რომ ჭეშმარიტება და საზრისი არ არსებობს. კი, ეს პოსტმოდერნისტული ხედვაა, მელვილი კი „მობი დიკს“ 1850-იან წლებში წერს, მაგრამ ჩვენ ხომ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ – ხდება ხოლმე… ეგებ ამის გაგებაში „მობი დიკის“ ფინალის გააზრება დაგვეხმაროს. ფინალში მობი დიკი გამოჩნდება, დალეწავს „პეკოდს“, შეიწირავს მის ეკიპაჟს, ისმაელის გარდა. მაგრამ ნახეთ ეს ტექსტში როგორ წერია: „Now small fowls flew screaming over the yet yawning gulf; a sullen white surf beat against its steep sides; then all collapsed, and the great shroud of the sea rolled on as it rolled five thousand years ago.“

„ახლა პატარა ფრინველებმა გადაუფრინეს კივილით ჯერ კიდევ პირდაღებულ ყურეს; პირქუში, თეთრი ტალღა მიასკდა მის შეუვალ ნაპირებს. მერე ყველაფერი ჩამოიშალა და ზღვის უზარმაზარი სუდარა ზუსტად ისე აიგრაგნა, როგორც ხუთი ათასი წლის წინათ“.

ესე იგი, ყველაფერი პირველყოფილ ქაოსს, პირველყოფილ არარას უბრუნდება. მაშასადამე, „მობი დიკი“ – ეს ერთგვარი უკუშესაქმეა, რომელშიც ამბავი არარადან არსში კი არ მოდის, არამედ პირიქით, არსებობიდან არარსებობაში ჩაინთქმება.

თითქოს ამის მერე აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ „მობი დიკი“ ხომ ის წიგნია, რომელმაც ყოველ ჯერზე უნდა გააცრუოს ჩვენი მოლოდინი – ფინალს ეპილოგი მოსდევს, ციტატით იობის წიგნიდან. ციტატა იობის მსახურის სიტყვებია, რომელიც იობს შვილების დაღუპვისა და სახლ-კარის ჩამოქცევის ამბავს ამცნობს და დაუმატებს, მხოლოდ მე გადავრჩი ამბის მომტანიო – „And I only am escaped to tell thee“.

სწორედ ასე გადარჩა ისმაელიც. ის „რაქელმა“ იპოვა, სწორედ იმ გემმა, რომლის კაპიტანსაც ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად ვაჟიც დაეკარგა უკიდეგანო ოკეანეში.

„It was the devious-cruising Rachel, that in her retracing search after her missing children, only found another orphan.“ – „რაქელი“, „რომელმაც თავისი დაკარგული შვილების გამალებული ძებნისას მხოლოდ სხვა ობოლი იპოვა“.

ეს ბიბლიური ალუზიაა იერემია წინასწარმეტყველთან, რომელსაც მათე მახარებელი ბეთლემში ჩვილთა გაწყვეტის ამბის თხრობისას დაიმოწმებს: „რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს, თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი.“

მაგრამ თქვენ გახსოვთ, როგორც დამთავრდა იობის ამბავი და ისიც გახსოვთ, ჩვილთა გაწყვეტას რაც მოჰყვა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ბიბლიის ამ მონაკვეთებს შეგვახსენებს „მობი დიკი“ და სწორედ ამბის მთხრობელი პერსონაჟი გადარჩება. იქნებ ლიტერატურა არამხოლოდ რეალობასა და მის მიღმა არსებულზე გვიყვება, არამედ ჩვენი გადარჩენის საშუალებაცაა? იქნებ სწორედ თხრობა გადაგვარჩენს? იქნებ სწორედ იმიტომ გადავრჩებით, რომ მოყოლა შეგვიძლია და სწორედ იმისთვის, რომ მოვყვეთ?

მომიყევი, რათა გადარჩე და გადარჩი, რათა მოჰყვე!

დასასრული

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“