ჩემმა ნათლულებმა ნანა მაჩაიძე გააბრაზეს, ყველასათვის საყვარელი „ნანიკო მასი“. ბავშვებს არაფერი უთხრა, ამოვიდა სამასწავლებლოში და მე მეჩხუბა: საცემი ხარ, რა დაანათლე ასეთიო… ისე, მართლა რა დავანათლე ასეთი?!
სხვათა შორის, ეს ნანიკო მასი სულ იმას ამბობს, ყოველდღე მათი სიზარმაცის გამო გაბრაზებული რომ აღარ მოიშლის ნერვებს, გულს არ დაიავადმყოფებს, რომ რაც უნდათ ის უქნიათ. თუმცა მეორე დღეს უარესად იხეთქავს გულს. რომ ეკითხები, კაცო, შენ ხომ თქვი, ნერვებს არ ავიშლიო. გპასუხობს: რა ვქნა, ეს ქვეყანა მეცოდებაო.
სხვათა შორის, მისი და სკოლის დირექტორის დამსახურებაა, ერთი წლის შემდეგ წერა რომ გავაგრძელე. ნანიკო მაჩაიძემ კვირაში რამდენიმე გაკვეთილი გვიან ჩამისვა ცხრილში. მეც დილის ექვსიდან ცხრამდე მაქვს დრო, რომ ვწერო. დღის დანარჩენი დრო სკოლას, სკოლის შემდეგ გაკვეთილების მომზადებას მიაქვს, მით უმეტეს, რომ ისტორია მთლად ბრწყინვალედ არ ვიცი. დანარჩენი დრო ბოსტანს. ხეებს, სამ ძაღლს: „ბურთას“, „მიშკას“, „გოგოს“, ორ ხბოს: „ლოლასა“ და „ნიშას“, ორ ძროხას ეთმობა. თავიანთი წილი ყურადღება უნდათ ღოროანთ ბესოს, კოფრჩხილოანთ ზურას, ლევანს, არსენას, კოპს. სიკვდილს დაავიწყდა ორივე, დედაჩემი და მამაჩემი დამავიწყდნენ.
სკოლის დირექტორმა მეტი მოტივაციისთვის ლეპტოპი დამითმო. ჩემი ლეპტოპი სამოცკრედიტიანის გამოცდებმა შეიწირა. ჰოდა, ვწერ ახლა მათი ხათრით უფრო, ზარები მოვიხსენი ყელიდან.
ჰოო, კიდევ ქართულის მასწავლებელმა „აჭარა“ შორენა არძენაძემ ბლოკნოტი მაჩუქა, წარწერით „მიეცი ნიჭსა გზა ფართო“. კიდევ კარგი არ დამავიწყდა, რა გაუძლებდა!!
***
ჩემი მამიდა და დაწყებითების მასწავლებელი მეჩხუბება, გაციებული რომ ხარ, მაინცდამაინც მაშინ რატომ მეხუტებიო. მეც ვეუბნები, ოდესმე დირექტორი სკოლიდან გაგაგდებს-მეთქი. იცინის… მასზე არასოდეს არაფერი დამიწერია. არადა, ყველაზე მეტად ის იმსახურებს. წარმოდგენაც არ მინდა, ვინ ვიქნებოდი, მას რომ ჩემთვის წერა-კითხვა არ ესწავლებინა.
***
წინა პარასკევს მორიგეობის დროს მეხუთე კლასელები წაძიძგილავდნენ, ჩემი კლასელისა და ძმაკაცის ვაკო ტატუაშვილის ბიჭი და ჩემი ნათლულის ძმა, ბავშვურად, უბოროტოდ. მე, რა თქმა უნდა, შუაში ჩავდექი, დერეფანში ქვის იატაკზე წაქცევისას შეიძლება რაღაც იტკინონ. ამ დროს ჩემი კლასელის ბიჭი მეჩურჩულება: „შენ ხომ მამაჩემის ძმაკაცი ხარ?! გამიშვი წავაქცევ და მერე ისევ დამიჭირე“…
თუ გინდა, რომ ჭკვიანად იყოს, ჩუმად უნდა უთხრა, სკოლაში ყველაზე ლამაზი ბიჭი შენ ხარო. მზესავით იცინის. იმ დღით აღარ გაგაბრაზებს.
მე ტრადიციად მაქვს, რომ ნაბახუსევზე მამამისთან გამოვიდე. კაცოო, გაშლის ნიჩაბივით ხელებს და ვითომ გულდაწყვეტით იძახის.: „შენზე კარგად ვსწავლობდი, მაგრამ შენ მწერალი გამოხვედი და მე ტრაქტორისტიო. თითქოს ტრაქტორისტობას რამე დაეწუნებოდეს. საერთოდაც შენზე უკეთესი მასწავლებელი ვიქნებოდიო. არადა, მართლა იქნებოდა. მამამისი ახალგაზრდა გარდაიცვალა და მასაც ბავშვობაშივე მოუწია სადიდო ტვირთის ზიდვა. ვეღარც ისწავლა. თუმცა, რაც ისწავლა, იმაში ნამდვილად საუკეთესოა, საქმეშიც, ადამიანობაშიც, ძმობაშიც. ცოლი მოიყვანეო, მეჩხუბება. მეტი რა ჯანდაბა გინდა, გამოგადგები, რაშიც გინდაო. აი ჩემი წიგნებიო – თავის ორ ბიჭზე და გოგონაზე მეუბნება. ცამდე მართალია ჩემი ძმაკაცი.
***
მერვე კლასელმა გოგონამ ჩემზე თქვა, ნეტავ დათია მასწავლებელს კბილი ასტივდესო. არ გაემტყუნება, ისტორია არ უყვარს, ყური გამოვუჭედე ბაგრატ რეგვენით, იოანე მარუშისძითა და ქავთარ ტბელით. წუწუნებს, რა იქნებოდა უფრო ადვილი სახელები რომ ჰქონდეთო. ჰოდა, უნდა, როგორც მე ვტანჯავ, ისე დავიტანჯო მეც კბილის ტკივილით.
ეეჰ, როგორ ვუთხრა, რომ მე მასწავლებლის სიკვდილს ვნატრობდი, როგორ ამისრულდა ნანატრი და როგორ იმედი მქონდა, რომ ის საგანიც მოკვდებოდა სკოლაში და არ გამიმართლა.
ჰოდა, მეც კბილი რომ არ ამტკივდეს, ჩემს მერვეკლასელ მოსწავლეს ადვილსახელებიან ისტორიას ვასწავლი.