ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ინტერვიუ ნანა დიხამინჯიასთან განათლების პოლიტიკის საკითხებზე

ის, რომ სასკოლო განათლების სისტემაში კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების სერიოზული დეფიციტია, არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ის რესურსი, რომელიც გვაქვს, ვფიქრობ, სათანადოდ გამოყენებული არ არის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არაერთი განათლების მკვლევარი თუ სპეციალისტია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული და სხვადასხვა ქვეყნისა თუ სისტემის განვითარებაზე მუშაობს, მაგრამ საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში მათი როლი, მონაწილეობა და მით უმეტეს გავლენა – მინიმალურია.

გარდა ამისა, ძალიან იშვიათად თუ იწერება სისტემის განვითარების ალტერნატიული მოსაზრებების შესახებ. შესაბამისად, გადავწყვიტე მომდევნო რამდენიმე სტატიაში შემოგთავაზოთ იმ ადამიანებთან ინტერვიუები, რომელთა მოსაზრებებიც მასწავლებლებისა და სასკოლო თემისათვის საინტერესო უნდა იყოს და ვისი გამოცდილებაც ნამდვილად გასათვალისწინებელია.

პირველი ინტერვიუ იქნება ნანა დიხამინჯიასთან, რომელიც mastsavlebeli.ge-ის მკითხველისათვის უცხო ნამდვილად არ არის, რადგან ბევრი წლის წინ ისიც წერდა სტატიებს ინტერნეტგაზეთისათვის.

 

ნანა, გთხოვთ, რომ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, საინტერესო იქნება აფხაზეთის ომის გამოცდილებებიც:

14 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო… მახსოვს, 1992 წლის სექტემბრის შეთანხმების დროს, დედაჩემმა, რომელიც თან მასწავლებელი იყო და თან სასწავლო ნაწილის გამგე, ყველა ჩემს კლასელს ჩამოურეკა და სკოლის დასალაგებლად შეგვკრიბა, რადგან ჭურვებს მინები ჩაემსხვრია და სკოლის წინ ნამსხვრევები ეყარა.

19-ში უკვე შეუძლებელი იყო იქ გაჩერება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სახლი ძალიან ახლოს იყო ქალაქის შესასვლელთან. გამოვიქეცით. მახსოვს, ჯერ სატვირთო მანქანაზე, მერე – რაღაც ამწეზე ვისხედით, პურის მანქანაზე და ა.შ.

28 თენდებოდა, როცა სვანეთით წამოვედით. შემდეგ, აბაშაში ჩავედით დეიდაჩემთან და ვფიქრობდით, რომ იქ უნდა გვეცხოვრა. თუმცა, მალე სოხუმის უნივერსიტეტი გაიხსნა თბილისში, სადაც მამაჩემი პროფესორი იყო და დედაჩემის ბიძაშვილის დაჟინებული მოთხოვნით თბილისში წამოვედით. სწორედ მან შეგვიფარა ერთი წლით მთელი ოჯახი. დღემდე ძალიან ვემადლიერები, რადგან ვერ მივიღებდი იმ გამოცდილებას და შესაძლებლობებს, რაც მივიღე…

დავამთავრე სოხუმის უნივერსიტეტი, გამოთვლითი მათემატიკის მიმართულებით და მერე დავიწყე გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობა. ჩემი ქმარიც იქ გავიცანი. ინსტიტუტში სულ ერთი კომპიუტერი იდგა და, რომ შევედი, გვითხრეს, აი, ეს არის კომპიუტერი და შენ და მიშამ უნდა გაიყოთო. ჰოდა, კარგად გავიყავით, ასე გამოვიდა.

2004-2012 წლებში ვმუშაობდი გეოგრაფიკში. ჩემმა მეუღლემ 2003 წელს დაიწყო და მე 2004-ში შევუერთდი. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, რადგან მაშინ ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ტექნოლოგიები. მაგალითად, მე ვიყავი ჩართული ისეთ პროექტებში, სადაც ქალაქების ციფრულ გენგეგმებს აკეთებდნენ – თბილისის, ბათუმის, აბასთუმნის, ფოთის. ბევრი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის ვქმნიდით და ვნერგავდით ციფრულ სისტემებს. ამიტომ ბევრი სფეროს შესწავლა მომიწია და ამისათვის გეოგრაფიკს ძალიან ვემადლიერები. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაშიც, რომ საჯარო რეესტრი ფურცლიდან სისტემაზე გადავიდა და ესეც ძალიან საინტერესო პროცესი იყო.

სამწუხაროდ, მიუხედავად მაშინდელი წინსვლისა, სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის კუთხით კვლავ უამრავი გამოწვევა გვაქვს. ეს რომ განათლების სისტემას დავუკავშიროთ, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია კონკრეტულად სკოლების სივრცითი ანალიზის გაკეთება. განვითარებულ ქვეყნებში ეს არის ის, რაც 20 წელია გამოიყენება, ანუ 20 წლით ვართ ჩამორჩენილი. ამ დროს, 2012 წელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა ქვეყანას.

პროფესიას რომ შევეხო, ტექნოლოგიების მიმართულებით ვმუშაობ მრავალი წელია. თუმცა, გარკვეული დროის წინ მივხვდი, რომ პროფესიით disruptor, ანუ შემარყეველი ვყოფილვარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ორგანიზაციაში უყურებს, რომელი პროცესია გაუმართავი, რომელი არ მუშაობს და რა არის შესაცვლელი. ამბობენ, რომ ეს მიმართულება თუ ამ ტიპის ადამიანები, ახლო მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იქნება, რადგან ესაა ციფრული ტრანსფორმაციის საფუძველი.

 

გადავიდეთ განათლების პოლიტიკის საკითხებზე. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვთ, რაც ალბათ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი პერსპექტივიდან შეაფასოთ განათლების სისტემა. ამ შემთხვევაში, სასკოლო განათლების სისტემაზე ვკონცენტრირდეთ. რას პრობლემებს გამოყოფდით არსებულ სისტემაში?

დაგეთანხმები, რომ საქართველოში არსებობს გამოცდილი ადამიანების რესურსი, რომელსაც სისტემა არ იყენებს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში სისტემა დახურულია. ჭკვიანი ადამიანების რესურსების გამოყენებისათვის სისტემა გახსნილი უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, აკეთო პატარა საქმე, ისეთი, რასაც ხელშესახები შედეგი ექნება და თან შენს თავთანაც მართალი იქნები და რეპუტაციულ ღირსებასაც შეინარჩუნებ.

სამწუხაროდ, მშობელთა განათლების კუთხითაც მინიმალური ინიციატივები თუ გვაქვს. არადა, რეალურად, მშობლების დიდი ნაწილი არ იცნობს თანამედროვე განათლებას და ისევ ორიენტირებულია ძველ მეთოდებზე. სხვათა შორის, ამ მხრივ, მედიას შეიძლებოდა ძალიან დიდი როლი ეკისრა, მაგრამ ძალიან ცოტას აკეთებს ამ მიმართულებით.

მშობლების მხრიდან ნაკლებია როგორც მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში, ასევე მოთხოვნა გამოსწორებისათვის. მე პირადად ვერ წარმომიდგენია სკოლებში ისეთი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა იყოს, როგორიც არის და მშობლები არ ითხოვდნენ მის გამოსწორებას. არადა, აქ ხომ ბავშვის საბაზისო უფლებაზეა ლაპარაკი. უამრავ სკოლაში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა უბრალოდ ადამიანის ღირსების შემლახავია. ელემენტარულ ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებზეა საუბარი.

ისევ მშობლებზე რომ გავაგრძელოთ, მათი ნაკლები ჩართულობის პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოხალისეობის კულტურის არარსებობასთან. მახსოვს, ამერიკაში შემხვდა ასეთი პოსტერი – “before you complain, did you volunteer?“. ანუ სანამ რაიმეზე იწუწუნებ, დაფიქრდი, მოხალისედ თუ იმუშავე. სწორედ მოხალისეების დახმარებით იყო, რომ ჩემს შვილს უამრავ წრეზე ვატარებდით, რაც ფინანსურად თითქმის არაფერი მიჯდებოდა. მათი შემყურე მეც ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული მოხალისეობრივი საქმიანობით.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ პოლიტიკას არ ვაწარმოებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებით. ფაქტობრივად, არაფერს ვზომავთ. ავიღოთ განათლების სტრატეგიის სულ ბოლო დოკუმენტი (სამუშაო ვერსია). დოკუმენტს რომ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ არანაირი სტრატეგია ეს არ არის. ეს უფრო სურვილების ნუსხაა.

 

გამოსავალზეც რომ ვისაუბროთ, ამ და სხვა გამოწვევების ფონზე, თქვენ როგორ ფიქრობთ – რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სისტემა?

სკოლის განვითარება თუ გვინდა, პირველ რიგში, უნდა  გადასახედი დირექტორების საკითხი. როგორც ვთქვი, დღევანდელი სისტემა არის ცენტრალიზებული და პოლიტიზებული. შესაბამისად, კარგი დირექტორებიც კი ამგვარ სისტემაში იმდენს ვერ აკეთებენ, რამდენიც შეუძლიათ.

ზოგადად, სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, რომ ფული ოდესმე საკმარისი იყოს, რადგან სულ ახალ-ახალი რაღაცები შეიძლება გააკეთო. მიუხედავად ამისა, წარმოიდგინეთ, საქართველოში არიან სკოლები რომლებიც ფულს ვერ ხარჯავენ და ბალანსზე რჩებათ. ეს უკვე მანიშნებელია, რომ რაღაც სწორად არ მუშაობს.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ, თუ გვინდა საქართველოში რაიმე შეიცვალოს, პირველ რიგში, დირექტორების შერჩევის, მართვისა და განვითარების სისტემაა შესაცვლელი. ამასთან, მათი საქმიანობა უნდა იყოს კარგად ანაზღაურებადი, უნდა ჰქონდეთ თავიანთი რესურსის განკარგვის საშუალება და ავტონომია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია მასწავლებელი. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ხელფასების ზრდა ხარისხზე გავლენას არ იქონიებს, საბაზო ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს და მთელი რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი „ბენეფიტები“ უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს. სხვა შემთხვევაში, ახალი კადრები არ შევლენ პროფესიაში. ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და ვიცით, რომ ყველა წარმატებულ ქვეყანაში მასწავლებლობა ღირსეული პროფესიაა. გვაქვს ფინეთის გამოცდილება, სადაც მასწავლებლობისათვის მოითხოვეს მაგისტრატურა, გაზარდეს ხელფასები, დანიშნეს ძალიან მკაცრი გამოცდები და მისცეს მასწავლებლებს ავტონომია, რითაც, საბოლოო ჯამში პროფესია პრესტიჟული გახდა.

ნახევარი დღე მუშაობენო, მასწავლებლებზე როცა ამბობენ, უხერხულია. ჩვენ მათ, ყველაზე მნიშვნელოვანს, ბავშვების განათლებას ვანდობთ. ორ საათზე სახლში რომ მოდის, რამდენი მოსწავლის ნაშრომი უნდა გაასწოროს, მომდევნო დღის გაკვეთილებისთვის ხომ უნდა მოემზადოს?! ჩვენს შემთხვევაში, მასწავლებლები უამრავ საათს ატარებენ, ზოგჯერ რამდენიმე სკოლაში ასწავლიან და ასეთ პირობებში ძალიან რთულია პროფესიულ ხარისხზე იფიქრო. შესაბამისად, შრომითი პირობები აუცილებლად შესაცვლელია, რაც მხოლოდ ანაზღაურებას ნამდვილად არ გულისხმობს.

ამის შემდგომ უკვე უნდა ვიფიქროთ, როგორ ვამზადებთ მასწავლებლებს. მე პირადად საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხით ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. ამ მიმართულებითაც საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ანალოგიური სიტუაციაა გადამზადების კუთხითაც. რეალურად, მასწავლებლის ტრენინგები ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და  უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა მასწავლებელთა კომპეტენციებზე და მოსწავლეთა მოსწრებაზე.

ამ ყველაფრისათვის, რაც ჩამოვთვალე, საკმაოდ მნიშვნელოვანია არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება. კი, ღარიბები ვართ და ცოტას ვხარჯავთ განათლებაში, მაგრამ რასაც ვხარჯავთ – სწორად უნდა დავხარჯოთ.  ამასთან, საკმაოდ დიდი თანხები გაედინება ქვეყნიდან და მიემართება საერთაშორისო ექსპერტებზე. ანალოგიური ექსპერტიზა ქვეყნის შიგნითაც არსებობს, მაგრამ ნდობის ნაკლებობის გამო მთელი ეს რესურსი სხვაგან მიდის. მაგალითისათვის შეგვიძლია ჩემი მიმართულება, ტექნოლოგიები ავიღოთ. გამოცხადდება კონკურსი, გაიმარჯვებს რომელიმე საერთაშორისო კომპანია, ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები, შეგვხვდებიან ადგილობრივ ექსპერტებს და შემდგომ, ჩვენ რასაც ვეტყვით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმავეს მოგვიყვებიან პრეზენტაციის სახით. ანალოგიური სჭირთ სხვა ღარიბ ქვეყნებსაც და ეს მიდგომა ნამდვილად შესაცვლელია.

გარდა ამისა, მე ძალიან მჯერა ქვემოდან ზემოთ წამოსული სათემო ინიციატივების. ამ ქაოსურ სისტემაშიც კი მგონია, რომ ამ ტიპის ინიციატივების მხარდაჭერით რეალური ცვლილებები შეიძლება გვქონდეს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ემპირიული გამოცდილებაა? შესაბამისად, კიდევ ერთხელ, სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია სისტემების დეცენტრალიზება, კვლევების წახალისება და წარმოება.

ფოტო: https://womenofgeorgia.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“