სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

განათებული აფორიზმების კვალდაკვალ

ლელა მას, რატომ გადაწყვიტეთ, აქ წამოგეყვანეთ? – ეს კითხვა რამდენიმეჯერ გაჟღერდა გასასვლელ ბილეთებში, რომლებიც მეხუთეკლასელებს დედაენის პარკში სტუმრობის შემდეგ შევავსებინე.

შევეცდები, ამ სტატიაში გავცე ბავშვების  კითხვებს პასუხი და კოლეგებსაც გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც საგანმანათლებლო ფეხით ტურისას დამიგროვდა.

დედაენის ბაღში, მტკვრის პირას, ჩამწკრივებულია რკინის შავი ყუთები, რომლებზეც ამოტვიფრულია „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები. საღამოს, გარეგანათების ჩართვისას, ყუთები ნათდება და ამოტვიფრული სიტყვები ყვითლად იწყებს ციმციმს. ყუთებიდან გამომავალ ნათებას მტკვრის ზედაპირი ირეკლავს. ყუთებში ბუკინისტები წიგნებს ინახავდნენ და ქალაქს განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ძველი წიგნებით, ღია საფოსტო ბარათებით, ატლასებითა თუ ფოტოალბომებით სავსე პატარა დახლები. სამწუხაროდ, დიდი ხანია, რკინის ყუთები დალუქულია და ბუკინისტებიც აღარ შემინიშნავს.

ერთ საღამოს, ჩემს ოჯახთან ერთად დედაენის ბაღში ყოფნისას, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ განათებული აფორიზმების შესახებ სახალისო აქტივობები მომეფიქრებინა და ჩემი სადამრიგებლო კლასი გარეუბნიდან დედაენის ბაღში წამომეყვანა. სურვილმა თანდათან ქმედითი ფორმა მიიღო და შემდეგი რამ მომაფიქრდა:

იპოვე შენი აფორიზმი ყუთზე

ბუკინისტებისთვის განკუთვნილ 40-მდე ყუთს სათითაოდ გადავუღე ფოტო და ამოვბეჭდე. მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში „ვეფხისტყაოსნიდან“ შეტანილია მხოლოდ ერთი თავი – „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“. შოთა რუსთაველის გაცნობისა და ტექსტის შესწავლის შემდეგ აფორიზმებიანი ყუთების ამობეჭდილი ფოტოები გაკვეთილზე მივიტანე და სათითაოდ განვიხილეთ. ჩემი ჩანაფიქრიც გავუმხილე, რამაც ბავშვებს მოტივაცია აუმაღლა და კიდევ უფრო დიდი ინტერესით მოეკიდნენ შეთავაზებულ აქტივობას. ამობეჭდილი ფოტოები დედაენის ბაღში დაგეგმილი ფეხით ტურისთვის შევინახე.

აფორიზმის განმარტება

დედაენის ბაღში მისულებს ყუთების განათებამდე დრო ამგვარად გავიყვანეთ – ბავშვებს დავურიგე ფურცლები და დავავალე, უცხო ადამიანებისთვის ეთხოვათ ყუთზე დატანილი აფორიზმის განმარტება. დროის ლიმიტიც დავაწესეთ და როგორც კი წამმზომი ჩაირთო, თავქუდმოგლეჯილებმა დაიწყეს სირბილი. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა, თუ როგორი თავგამოდებით ცდილობდნენ უცხო ადამიანების პოვნას, როგორ ბედავდნენ თხოვნას და როგორი სიხარულით მორბოდნენ ჩემთან ჩაწერილი განმარტების წასაკითხად.

შებინდებისას პარკი ერთიანად განათდა და ბავშვებმაც მყისიერად შენიშნეს განათებული აფორიზმები. ისევ გამოვიყენეთ წამმზომი და გარკვეულ დროში ფურცელზე აღბეჭდილი ფოტოს მიხედვით უნდა მოეძებნათ კუთვნილი აფორიზმი. თამაშს მიბმულმა შემეცნებითმა აქტივობებმა ყველას დიდი სიხარული მოგვგვარა.

აფორიზმების დაბოლოება

ბოლო ეტაპზე წრედ შევიკრიბეთ, ბავშვები მიკითხავდნენ აფორიზმის დასაწყისს და მე უნდა დამესრულებინა. ეს აქტივობა იმითაც იყო გამორჩეული, რომ რამდენიმე დამახსოვრებული სტროფი ხმამაღლა და ერთად მოვყევით, შემდეგ კი მშობლებმა საკუთარი ინიციატივით განაგრძეს.

გასასვლელი ბილეთები

ასეთი ნაყოფიერი დღეების შემდეგ ყველაზე მეტად ბავშვების შთაბეჭდილებების კითხვა მიყვარს. თქვენც გირჩევთ, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ ბავშვებს სთხოვოთ წერილობითი (პირადი წერილი, დღის ჩანაწერი) უკუკავშირის დაწერა. ამჯერად გასასვლელი ბილეთის შევსება შევთავაზე და ქარგაც შევცვალე:

  •        ჩამოწერე 7 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება;
  •       დაწერე დღის ჩანაწერი (რას ხედავ? რა გესმის? რას ფიქრობ? რას გრძნობ? როგორ სათაურს დაარქმევდი დღევანდელ დღეს? დაუსვი ერთი კითხვა ლელა მასწავლებელს);
  •       აალაპარაკე ფოტოზე გამოსახული აფორიზმებიანი ყუთი.

ბავშვების ჩანაწერები დროს ინახავს. სტატიის დაწერამდე რამდენჯერმე გადავიკითხე მათი შევსებული გასასვლელი ბილეთები და ისეთი დეტალები გამახსენეს, უკვე დავიწყებული რომ მქონდა. დროსთან ერთად უფრო ძვირფასი ხდება მათი დაწერილი თითოეული წინადადება. გასასვლელი ბილეთების მიხედვით ჩვენი ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ფეხით ტური ქალაქის გარეუბნიდან ერთ-ერთი ცენტრალური პარკისკენ ამგვარი იყო:

*         ვიმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით;

*         რადგან ქალაქში კვებას დიდი თანხა სჭირდება, ჰიპერმარკეტში ვიყიდეთ ძალიან ბევრი ფუნთუშა;

*         გზად შევიძინე ყვითელი თოკი და რუსთაველის პროსპექტიდან დედაენის პარკამდე თოკზე ჩაბმული 25 ბავშვი მშვიდობიანად ჩავიყვანე;

*         ერთ-ერთი მშობლის მანქანის საბარგულში ჩავაწყვეთ გორგოლაჭები, სკეიტები, ველოსიპედი და სკეიტპარკის სივრცეში ბავშვებმა გვიანობამდე ისრიალეს;

*         შევჩერდით პარლამენტის, მოსწავლეთა სასახლის, პირველი გიმნაზიისა და ქაშვეთის ტაძართან. პირველ სკოლასთან მინილექციით გავაცანი სკოლის ისტორია;

*         ნიკო ფიროსმანის ნახატების დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეროვნულ გალერეას, მაგრამ, სამწუხაროდ, გალერეაში ფიროსმანის ნახატები არ დაგვიხვდა. სამაგიეროდ, გავეცანით სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის ნახატებსა და მონუმენტებს;

*         დედაენის პარკში აფორიზმების მიხედვით გავმართეთ სახალისო თამაშები;

*         სანაყინეში მივირთვით ნაყინები;

*         დღის ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვებმა გული იჯერეს სკეიტპარკში ყოფნით;

*         შინ ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავბრუნდით.

სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, თუ რატომ წავიყვანე ბავშვები დედაენის ბაღსა და ეროვნულ გალერეაში, ჩემი პასუხი მრავალმხრივი იქნება:

დიდი სურვილი მაქვს, სასკოლო ცხოვრება სიხარულით იყოს სავსე, ამას კი ფორმალურ გარემოში არაფორმალური სწავლების ინსტრუმენტების შეტანით ვახერხებ. ამასთანავე, კულტურულ-საგანმანათლებლო ფეხტური ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს: სწავლობენ ქცევას სხვადასხვა გარემოში, უფართოვდებათ თვალსაწიერი, განსხვავებულ გარემოში უკეთესად იცნობენ ერთმანეთსა და საკუთარ თავს, იძენენ ცოდნასა და ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, აგროვებენ ბავშვობის შთაბეჭდილებებს, უყვარდებათ ქალაქი თავისი ქუჩებით, ღირსშესანიშნაობებითა და ადამიანებით, იღებენ ფოტო-ვიდეომასალას და სწავლობენ ციფრულ თხრობას, მოძრაობენ და დროს ნაყოფიერად ატარებენ, შინ დაბრუნებულები ოჯახის წევრებს უყვებიან დღის ამბებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ყოველივე ამას დავუმატოთ წერითი აქტივობები, რომლებსაც გასასვლელ ბილეთებში წერენ.

დედაენის ბაღში აფორიზმების ძიება „ვეფხისტყაოსანთან“ პირველ შეხვედრას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. ამგვარად ბავშვები მარტივად იმახსოვრებენ სტრიქონებს და რწმუნდებიან, რომ სხვა ადამიანებისთვისაც ძვირფასია მეთორმეტე საუკუნის პოემა. მათი განწყობა ვრცელტანიანი, ძველი პოემისადმი სიყვარულით იმუხტება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის შემდგომი ეტაპისთვის.

ასეთივე აქტივობების მოფიქრება შეიძლება რუსთაველის პროსპექტზე შენობებზე ჩამწკრივებული კერამიკული აბრების ირგვლივ, რომლებზეც დატანილია „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები და მამუკა თავაქარიშვილის მინიატიურები.

სტატიის ბოლოს კი მეხუთეკლასელების მიერ შევსებული გასასვლელი ბილეთებიდან გთავაზობთ ჩანაწერებს:

ალაპარაკებული ყუთები

„გამარჯობათ, მე ყუთი ვარ. მე ვარ ძალიან ფერადი და ღამე ვანათებ. ჩემზე ამოტვიფრულია აფორიზმი – გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. ჩემს ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ ჩემნაირი ყუთები დგანან. ჩვენ ერთად ვკაშკაშებთ ღამე, როგორც ცაში ვარსკვლავები“. – ნუცა

„მე ვარ დიდი ყუთი. ჩემთან მოცვივდნენ ვიღაც ბავშვები და რაღაცას უყურებდნენ. უცბად ერთი ბავშვი ისე მიყურებდა, მეგონა, მოვწონდი და გავიპრანჭე, ჩემი აფორიზმი ავანთე და გავალამაზე ის ბავშვი. თურმე მასაც აინტერესებდა, რა ეწერა ჩემს ტანზე. მან დაიყვირა, ვიპოვე, მაასწო და გაიქცა იქით. ასეთი თავგადასავალი გადამხდა თავს“. – საბა წიკლაური

„გამარჯობა, მე ყუთი ვარ. მე ვზივარ მტკვრის პირას მოაჯირზე. მე როდესაც მიყურებენ, რაღაცას ამოიკითხავენ ხოლმე პოეტურს. ერთ დღეს დარბოდნენ ბავშვები. ზოგი ერთ ყუთთან იდგა, ზოგი მეორესთან. მოვიდა ჩემთან ბიჭი ფურცლით და ყვირილით გაიქცა: მას, ვიპოვე! მე სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე ან ორი მილიმეტრით გავმაღლდი“. – გაბრიელი

დღის ჩანაწერები

„მე ვხედავ ულამაზეს ძეგლებს. მე ვფიქრობ, რომ აქ ვინც მოვა, არ ინანებს. მე ვგრძნობ სიხარულს. მე ამ დღეს დავარქმევდი ძიებ-გართობას. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენთვის ნიკო ფიროსმანის ნახატები გაგეცნოთ?“ – სალომე

„მე ვხედავ მზიან ამინდს და ჩემს თანაკლასელებს. მესმის მტრედების ჭიკჭიკი და მესმის ბავშვების ჟრიამული. მე ვფიქრობ, რომ კარგ დღეს გავატარებდი და ასეც მოხდა. მე ვგრძნობ ჩემი მეგობრებისგან სითბოს, სიყვარულს და ერთობლიობას. მე ამ დღეს დავარქმევდი: „ლელა მასი და ბავშვები“. ლელა მას, რომელია თქვენი საყვარელი აფორიზმი, რომლებიც იქ დაგვხვდა? პასუხი: …     „ – დაჩი

ის, რაც განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ:

*         მტრედები ტაძრის ეზოში.

*         დედაენის პარკში სკეიტებით გართობა.

*         მუზეუმში დიდგორის სურათი.

*         თამარ მეფის ქანდაკება.

*         რკინაზე ამოტვიფრული „ვეფხისტყაოსნის“ ფრაზები.

*         ლელა მასის თამაში და დაუვიწყარი გართობა.

*         როცა ჩვენ უცხო ადამიანებს ვეკითხებოდით, უკაცრავად, გამარჯობა, შეგიძლიათ, რომ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს ფრაზეოლოგიზმნი.

*         დიდი მანძილი გავიარეთ.

*         აფორიზმებზე ვითამაშეთ.

*         ნაყინის ჭამა.

*         მასწავლებელმა რომ თოკი იყიდა და დაგვაბა.

*         ლელა მასის ჩანთაზე ცისფერი ბურთი.

*         ჩვენი გლდანულიდან წასვლა.

*         მეტროთი მგზავრობა – დ.შ.დ.დ.

*         ხალხი რომ გაკვირვებული იყო, რომ თოკით დავდიოდით.

*         ვნახეთ პარლამენტი.

*         მუზეუმში ყოველ წამს რომ სურათებს ვიღებდით.

*         ძალიან ლამაზი მტკვარი.

*         ის მომენტი, როდესაც მასწავლებელს ჩანთაზე ცისფერი ბუშტი მივაბი.

*         მდინარის მშვენიერი ლიცლიცი.

*         ყვითელ თოკზე ასხმული ბავშვები.

*         მანქანა – გატენილი სკუტერებით, სკეიტებით და როლიკებით.

*         ხელზე მტრედები რომ მესხდნენ.

არა მარტო ბავშვებისთვის, ჩემთვის, მათი მასწავლებლისთვისაც, ეს დღე დაუვიწყარ დღედ იქცა. ჩვენს მყუდრო უბანში დაბრუნებისას უკვე ღამე იყო. ვარდისფერ სკოლას მთვარე დანათოდა თავს. მე ჩემი ხუთი წლის გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული მოვუყვებოდი სახლისკენ მიმავალ გზას და ჩემი მასწავლებლური ცხოვრების გამო გული მადლიერებით მევსებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“