ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ცეცხლის წამკიდებელი

ბინის კუთხეში წამოქცეულ კასრზე იჯდა ბიჭი, რადგან წერა-კითხვა არ იცოდა კუჭით კითხულობდა თაროებზე ჩამორიგებულ კონსერვის ქილებზე წარწერებს.

ბიჭი მშიერთან ერთად ძალიან შეშინებულიც იყო. ამ სახლში, რომელიც შეთავსებით დუქანი იყო, მამამისის სასამართლო იმართებოდა. მამამისს მეზობლის ბოსლისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდნენ.

თქვენ რა დამამტკიცებელი საბუთი გაქვთ, მისტერ ჰარის? – ჰკითხა მოსამართლემ დამწვარი ბოსლის პატრონს.

„მისი ღორი ჩემს ბოსტანში გადმოვიდა, მე დავიჭირე და პატრონს დავუბრუნე. როცა მეორედ გაარღვია ღობე ღორმა, დავიჭირე და დავამწყვდიე. რახან ღორმა ნათესი სულ გამიოხრა, მე მას მავთულის გორგალი მივეცი, რომ საღორე მოეღობა და თან ერთი დოლარი მოვთხოვე ზარალის ასანაზღაურებლად. მან ზანგი გამომიგზავნა დოლარით და ღორი წაიყვანა. წასვლისას ზანგმა მისი დანაბარები გადმომცა: „თივა და ხე კარგად იწვისო“. დარწმუნებული ვარ, თქვენო ღირსებავ, რომ მან დაწვა ჩემი ბოსელი.

– ეს არაფერს ამტკიცებს, – თქვა მოსამართლემ, რომელსაც პროფესიისთვის უჩვეულო, სანდომიანი სახე ჰქონდა.

– ბიჭს ჰკითხეთ, მის შვილს. წამოიყვირა დაზარალებულმა. მას იმედი ჰქონდა, რომ ბიჭი ტყუილის თქმას ვერ გაბედავდა და სიმართლეს იტყოდა. ყველამ კასრზე მჯდარი ბიჭისკენ იბრუნა პირი, მოსამართლემ, დაზარალებულმა, დამსწრეებმა. ერთადერთ სერთუკში გამოჭიმულ მამამისს არ გამოუხედავს მისკენ. თითქოს მისი შვილი არც ეხსენებინოთ და, მით უმეტეს, არც მამის დაბეზღება ებრძანებინოთ. კასრზე მჯდომი ბიჭი უფრო მოიკუნტა, მუშტისტოლა გახდა შიშით, თვალებიც მელიისა გაუხდა, რომელსაც სოროს გარეთ წივა აუბოლეს, რომ გასაქანი არ მისცეს…

„მამაჩემს უნდა, რომ მოვიტყუო – გაიფიქრა ბიჭმა და ამის გამო დარდმა და სასოწარკვეთამ შეიპყრო“.

ბიჭი გადარჩა ცოდვაში ჩავარდნას, სანდომიან მოსამართლეს შეეცოდა ის და არაფერი უკითხავს. საერთოდაც იფიქრა, რომ ბიჭი იმდენად საცოდავი იყო, რომ ტყუილის თქმას ვერ გაბედავდა. ცეცხლის წამკიდებელ კაცს კი უბრძანეს, რომ სამუდამოდ მოშორებოდა ამ სოფელს.

ბიჭს გული სწყდებოდა ამის გამო. ის ამ ადგილს მიეჩვია. უჯიათი მამამისი კი სინანულის გარეშე ტოვებდა იმ ადგილს, სადაც ოცდაათი წლის წინათ პოლიციას დაემალა. პოლიციელმა მხოლოდ კოჭში მიაწვდინა ტყვია და კაცი სულითაც დააკოჭლა და ხორცითაც.

ფეხს ითრევდა და ძლივს მისდევდა კოჭლ მამას შვილი და გულში ლოცულობდა, რომ მამამისს ეკმარა სხვისი ქონების გადაბუგვა.

„მამა ყოველთვის ასე იქცეოდა – აიღებდა ნარდად რომელიმე ფერმერისგან მიწას, შემდეგ რამე თუ არ მოეწონებოდა მისი, რაზეც ხელი მიუწვდებოდა, ყველაფერს უფერფლავდა თავისი თავშეკავებული მძვინვარე სიფიცხით.

გაბეჩავებული უთქმელი დედა და მსუქანი დები ფორანზე ავიდნენ. ბიჭი კი წინ გაუძღვა ფორანში შებმულ ჯორებს. მამამისი უკან მისდევდათ ჩლახა-ჩლუხით.

ღამის გასათევად მუხნარში გაჩერდნენ, პატარა კოცონი დაანთეს. მამა უკრძალავდა დიდი ცეცხლის აბრიალებას. მას ძველი ჩვევები ჰქონდა ხორცში გამჯდარი. ის ხომ ხან გადამწვარი ბეღლის პატრონებს და ხან კი პოლიციელებს ემალებოდა, რომლებიც მის მოპარულ ცხენებს ეძებდნენ. რა წამსაც ბიჭს კოცონის პირას ჩასთვლიმა, მამამისმა დაუძახა. ის ვარსკვლავებით განათებულ სერზე იდგა და რა წამსაც ნახევრად მძინარე ბიჭი მიუახლოვდა, ჯოხი გამეტებით გადასცხო თავში ჯოხი.

„- შენ გინდოდა, მათთვის სიმართლე გეთქვა!“ – ბიჭმა არაფერი უპასუხა, მამამ ისევ გადასცხო ჯოხი. თუმცა ბრაზით არა, თითქოს უბრალოდ ჭკუის სასწავლებლად სცემდა შვილს. ასე სცემენ ძროხებს, როცა მათი აჩქარება უნდათ.

„- შენ მალე კაცი გახდები. უნდა იცოდე, რომ შენიანების დაცვა წმინდათაწმინდა საქმეა. ცემას და დარიგებას აგრძელებდა მამამისი. შვილს კი უნდოდა ეთქვა, რომ იმ ხალხს მისი ჯინი სულაც არ სჭირდა, უბრალოდ სიმართლის გარკვევას ცდილობდნენ. მაგრამ ვერ თქვა, უნდოდა, მამამისს მისი ცემა შეეწყვიტა.

რამდენიმედღიანი სიარულის შემდეგ იმ ადგილას მივიდნენ, სადაც მამამისს ნარდად მიწა უნდა დაემუშავებინა. სახლი კი, სადაც უნდა ეცხოვრათ, საღორეს ჰგავდა, თუმცა საღორედაც არ გამოდგებოდა.

მამამისმა შვილი თავის დამქირავებელთან წაიყვანა. ბიჭს არასოდეს ენახა ასეთი დიდი და ლამაზი სახლი. მთასავით თეთრმა და ზვიადმა სახლმა მოკრძალებით აავსო ბიჭი.

აი მამამისმა თვალნათლივ დაინახა, რომ ეს დიდებული სახლი მისნაირების ოფლით იყო აშენებული და მასაც მთელი ერთი წელი უნდა ემუშავა მისთვის. მან განზრახ ჩაყო ნეხვში ფეხი, დაუკაკუნებლად შევიდა სახლში და განზრახ დატოვა ნეხვის კვალი რამდენიმე ადგილას მდიდრულ ნოხზე. სახლის პატრონი სახლში არ დახვდა, კაცმა ზიზღნარევი უდარდელობით იბრუნა პირი უკან, კარში კი გულდაგულ გაიწმინდა ნეხვიანი ჩექმა ბალახზე.

ორი საათის შემდეგ მიწის პატრონმა შავკანიანი მონა გამოგზავნა ნეხვიანი ნოხით და დაუბარა, რომ კარგად გაერეცხათ. ბიჭის დედამ და დეიდამ ნოხი სპილენძის ქვაბში ჩადეს, შინნაკეთი საპონი წაუსვეს, ბიჭმაც ცეცხლი წამოანთო. როცა წყალი პირამდე წამოდუღდა მამამ ქვაბში რამდენიმე წვერწამახული ქვა ჩააგდო.

  • ამას ნუ იზამ, გთხოვ! – შეევედრა ცოლი. თუმცა კაცს არავისი ესმოდა. ნოხი კი გაირეცხა, მაგრამ დაზიანდა, თითქოს ბლაგვი ცელით აუძენძავთო. მიწის პატრონმა ნოხი არ დაიბრუნა, ისიც კი დაუბარა, ნოხის ფასს, მათი მოყვანილი მოსავლიდან გამოქვითავდა. ნოხის ღირებულება კი მათი ერთი წლის შრომაზე მეტი იყო.

ბიჭი იმ ღამეს დედის ტირილმა გააღვიძა. ის ისევ ევედრებოდა ქმარს, რომ ეგ არ ექნა. ქმარმა გამეტებით ჰკრა ხელი და კედელს მიანარცხა. ცოლსაც ისევე სცემდა, როგორც შვილს, გამიზნულად, რისხვის გარეშე. მოკუნტულ ცოლს უბრძანა, რომ ბიჭი მაგრად დაეჭირა, რომ ის სანდო არ იყო და შეიძლებოდა მიწის პატრონი გაეფრთხილებინა. დედამ, დეიდამ და მსუქანმა დებმა გაჩხინკული ბიჭი ვერ დაამაგრეს, ანდა არ დაამაგრეს. ბიჭი იმ დიდებული სახლისკენ გარბოდა. გულისხეთქვით მივარდა სახლში და იყვირა: „ბეღელი“, „ ბეღელი“!!! და უცბადვე გამოვარდა უკან და მთას ამოეფარა. გასროლის ხმა მოესმა ორჯერ, შემდეგ ისევ ორჯერ… „მამა“, „მამაჩემო“.. და ატირდა… მას ამას არ ელოდა.

ცეცხლის წამკიდებელმა მამამ მამისმკვლელი გახადა. ბიჭი მიხვდა, რომ მოენატრებოდა კიდეც თავისი ართვალი და უშნო სულის მამა. საერთოდაც ადამიანი, როცა კვდება, მისგან ნასროლი წიხლები გვავიწყდება ხოლმე.

 

ერთი კვირის წინ სკოლაში კითხვარი შევავსეთ, კითხვარში მეცხრე კითხვა ასეთი იყო: „რომელი უცხოელი მწერლის ნაწარმოებს შეიტანდით სასკოლო პროგრამაში?“. მე ამ მოთხრობას შევიტანდი, უილიამ ფოლკნერის „ ცეცხლის წამკიდებელს“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი