საგანმანათლებლო რესურსები
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთი საგანმანათლებლო რესურსები
განათლების სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
თარიღი: 08 აგვისტო 2013
ავტორი: რევაზ ხოფერია
„ვინც სკოლას მართავს, ის მართავს მომავალს" - განათლების სისტემა საბჭოთა კავშირში ლენინის ამ იდეას ეყრდნობოდა. სახელმწიფო მართავდა სკოლას და ამ სახელმწიფოს მომავალი არ აღმოაჩდნა.

ევროპულ სახელმწიფოებში დეცენტრალიზაციის პროცესი 1990-იან წლებში დაიწყო. სკოლებს მიენიჭა საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის უფლება და შედეგზე პასუხისმგებლობაც მათვე დაეკისრა. სახელმწიფო ორგანოების ფუნქციათა დეცენტრალიზაციის ტენდენცია შეეხო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც. გაძლიერდა სკოლის მართვის ორგანოებისა და სკოლასთან დაკავშირებული პირების (მასწავლებელთა კოლეგია, სკოლის მენეჯმენტი, მშობლები, მოსწავლეები), აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარეების (კავშირები, მშობელთა წარმომადგენლობები) უფლებები.

დეცენტრალიზაციის პროცესი განსხვავებულად წარიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთსა და ჩეხეთში სკოლებს ფართო ავტონომია მიენიჭა და დღეს გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი ორგანო სკოლაა; ბალტიისპირა ქვეყნებისთვის ცალკეული სკოლის დამოუკიდებლობა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია, თუმცა აქ უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება, სკოლას მინიჭებული აქვს კურიკულუმის დამოუკიდებლად შემუშავების უფლება.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობის განათლების პოლიტიკით უზრუნველყოფილია სკოლების ავტონომია და დემოკრატიზაცია, აგრეთვე სკოლებისთვის მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭება, თუმცა დაფინანსების სისტემები ერთმანეთისგან განსხვავებულია. არსებობს 3 ძირითადი მოდელი:

1. დაფინანსების შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიიღება უმაღლეს დონეზე, სკოლა ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.;

2. დაფინანსების შესახებ ზოგიერთ გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოები, ზოგს კი - ადგილობრივი ხელისუფლება; მაგალითად, პერსონალთან დაკავშირებული ხარჯებისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ორგანო, ხოლო სხვა ხარჯებისთვის - ადგილობრივი ხელისუფლება;

3. დაფინანსების შესახებ ძირითად გადაწყვეტილებას იღებს სკოლა. სკოლების სრული ფინანსური ავტონომია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თუმცა ჯერჯერობით არ არის დანერგილი, ამ ქვეყნებში სკოლებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება, დამოუკიდებლად მოიპოვონ დამატებითი შემოსავლების წყარო, მაგალითად, გააქირაონ ფართი, საზოგადოებას შესთავაზონ საგანმანათლებლო კურსები, გაყიდონ სხვადასხვა სახის მომსახურება.

განსაკუთრებით თვალშისაცემია ავტონომიისადმი მისწრაფება უმაღლესი განათლების სფეროში, სადაც ძირითადი მამოძრავებელი იდეა ბიუროკრატიის მარწუხებისგან გათავისუფლება იყო. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოიპოვეს სწავლებისა და კვლევის თავისუფლება. იმავდროულად დანერგილ იქნა სწავლებისა და კვლევის ერთიანობის პრინციპი, რაც აისახა უნივერსიტეტების წესდებებში. შემოიღეს და გააძლიერეს საუნივერსიტეტო თვითმმართველობები. თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის პრინციპი გარანტირებულ იქნა კანონის დონეზე და ეს გამოიხატა უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის მინიჭებაში. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა და კონტროლი შეიცვალა კონტროლის არაპირდაპირი, ირიბი მექანიზმებით. შემოღებულ იქნა აკრედიტაციის სისტემა. რეფორმის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, სოროსის ფონდი).

დეცენტრალიზაციამ, მართვის ახალი მოდელების დანერგვამ განაპირობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების დივერსიფიცირება. სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებში წარმოიშვა მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა, რაც მიზნად ისახავდა განათლების კომერციალიზაციას. განათლების დემოკრატიზაციისა და დარეგულირების შედეგად გაიზარდა არასახელმწიფო, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა. კერძოსთან ერთად გაჩნდა რელიგიური, ალტერნატიული მეთოდების სკოლები. დაფუძნდა მრავალი უნივერსიტეტი, მათ შორის - რეგიონულ დონეზეც. მრავალსაფეხურიანი სწავლების შემოღებით მიღწეულ იქნა საგანმანათლებლო პროგრამების ძირეული დიფერენცირება. ამით შესაძლებელი გახდა საზოგადოებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. დივერსიფიცირებამ განაპირობა სტუდენტების რაოდენობის არსებითი ზრდა.

დეცენტრალიზაციის რეფორმასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების დანერგვა. განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ძირითადი სადისკუსიო თემა იყო 1990-იანი წლების ევროპაში, რაც გარკვეულწილად განაპირობა საერთაშორისო შედარებითმა კვლევებმა. 1990-იანი წლების დასასრულს ეს დისკუსია გადაიზარდა რეფორმაში. დაინერგა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.

საქართველოში 2004, 2005 და 2007 წლებში მიღებული საკანონმდებლო აქტებით (უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონები) განისაზღვრა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის პრინციპი. სახელმწიფო ფუნქციების დიდი ნაწილი საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა. სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ მისი მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის უზრუნველყოფა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია. თუმცა მომდევნო წლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა გახადა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის წარმატება. პირდაპირი კონტროლის ფორმების უარყოფისა და დეცენტრალიზაციის გარეშე კი შეუძლებელია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის წარმატებული სისტემის დანერგვა.

„ვინც სკოლას მართავს, ის მართავს მომავალს" - ლენინისეული იდეა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წარსულს ჩაბარდა, საქართველოში კი ზოგიერთ საკანონმდებლო ნორმაში ჯერ კიდევ უდგას ფესვი.