პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქალთმოძულე მამაკაცების საგა

როცა შვედი მწერლის სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველ ნაწილს ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რომ ჩვენთან ასე არ ხოცავდნენ გოგონებს, არ აუპატიურებდნენ, ასე არ ძალადობდნენ მათზე. ლოკალურ კონტექსტში ძალადობის ასეთი მძიმე ფორმების წარმოდგენა მიჭირდა…
სამ თვეში ჩვენს ქვეყანაში უკვე 13 ქალი მოკლეს, გაუპატიურებათა რაოდენობამ იმატა, მე კი დავარღვიე წყენის გამო დადებული პირობა, აღარ მეწერა „თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე”, რომლებიც ქალებს ეხებოდა.
როცა ამ შვედურ დეტექტიურ საგას კითხულობ, ნელ-ნელა თვალს ეფარებიან ვილა „ყიყლიყოში” მცხოვრები ბედნიერი და დამოუკიდებელი პეპი, ტომი და ანიკა, სახურავის ბინადარი კარლსონი, ბიჭუნა, კალე ბლუმკვისტი და ასტრიდ ლინდგრენის სხვა ცნობილი პერსონაჟების სახეები, რომლებიც სკანდინავიის ხსენებისას ამოტივტივდებიან ხოლმე ჩვენი მეხსიერების ზედაპირზე. აქ ზრდასრული ადამიანების ამბებია მოთხრობილი, საგანგაშო სტატისტიკით, გადატანილი ტრავმებითა და ძალადობის ისტორიებით, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, ცხოვრობენ და თავიანთ ადგილს იმკვიდრებენ საზოგადოებაში.
„შვედეთში ქალების 18 პროცენტს ერთხელ მაინც დამუქრებია საფრთხე მამაკაცისგან!!! შვედეთში ქალების 48 პროცენტი ერთხელ მაინც გამხდარა მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი!!!” – ეს დეტექტივის რეფრენია, მძაფრი, ისტერიული ტონალობის, სიფრთხილის, ყურადღებისა და გამბედაობისკენ მომწოდებელი სტატისტიკა.
დეტექტივი ერთ სიუჟეტურ ხაზს – ჰარიეტ ვაგნერის გაუჩინარებას მიჰყვება. როგორც შემდეგ ირკვევა, გოგონა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, მასზე გამუდმებით ძალადობდნენ მამა და ძმა. ამ შემაშფოთებელ ოდისეას გზადაგზა სხვა ქალთა ბურუსით მოცულ მკვლელობათა სერიაც ემატება. ყველა მოკლული ქალია. მათი მკვლელობები რაღაცით რელიგიური და დოგმატური მინიშნებების ხასიათს ატარებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მკვლელი ქალთმოძულე, რელიგიური ფანატიკოსია, რომლისთვისაც ქალი მხოლოდ დაცემისა და ცოდვის სიმბოლოა.
სტიგ ლარსონს, ვფიქრობ, იმის ჩვენება სურდა, რომ მიუხედავად კაცობრიობის ტექნიკური თუ მატერიალური პროგრესისა, ქალი მაინც დაუცველ არსებად და მრავალფეროვანი თავდასხმის ობიექტად რჩება. მას აუპატიურებენ, ჩაგრავენ, ძალადობენ ფიზიკურად და მენტალურად, ძალადობენ რელიგიური მოსაზრებით, ქალებს ებრძვიან მუცლად ყოფნის დროსაც – სელექციური აბორტებით და სხვა.
ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერება კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. არ არსებობს მშვიდობიანი ლოკაცია ქალებისთვის. ის, რაც შეიძლება მოხდეს ავღანეთში ან ირანში, შეიძლება მოხდეს შვედეთშიც. არ არსებობს ადგილი, სადაც ქალი ძალადობისგან დაზღვეულია. თუმცა, მიუხედავად პრობლემის უნივერსალურობისა, მაინც არის განსხვავებები. ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან არ არსებობს ძალადობაზე საუბრის კულტურა, ხშირად მსხვერპლი თავად ვერ აცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია და ძალადობისგან მას კანონი იცავს. გარდა ამისა, ოჯახური ძალადობა შინასაოჯახო საკითხად განიხილება და მისი გარეთ, განსასჯელად გამოტანა სამარცხვინოდ არის მიჩნეული. ჩვენი ქვეყნის ქალების დიდი ნაწილი ქალის ჩაგვრას ბუნებრივ, მისაღებ მოვლენად მიიჩნევს. გარდა იმისა, არსებობს მძიმე სოციალური ტაბუ და სტიგმა, რომელიც ქალებს ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკის უფლებას არ აძლევს. მძიმე რეალობაა, როცა მსხვერპლს არ გააჩნია ალტერნატივა, რათა თავი დააღწიოს მოძალადეს, რადგან თუ ის გათხოვილია და შვილები ჰყავს, საზოგადოება უფრო შეუწყნარებელია მისი პრობლემისადმი.
ახლა, როცა ჩვენს ქვეყანაში ეს ამბები ხდება, საგულისხმოა სიტყვები, რომლებითაც ტრილოგიის მესამე ნაწილი იწყება: „ამერიკის სამოქალაქო ომში დაახლოებით ექვსასი კაცად გადაცმული ქალი იბრძოდა. საკვირველია, რომ ისტორიის ეს მონაკვეთი ჰოლივუდს გამორჩა. იქნებ ეს ისტორიული მოვლენა იდეოლოგიურად მეტისმეტად რთული დასამუშავებელია? ისტორიკოსებს ყოველთვის უჭირდათ ისეთი ქალების აღწერა, რომლებიც სქესობრივი განსხვავების საზღვრებს არღვევდნენ”. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა ხიფათები ელოდება ლისბეთ სალანდერს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს გაართმევს თავს. ჩვენ არ გვაქვს პესიმისტებად დარჩენის უფლება.
არც სტიგ ლარსონია პესიმისტი მწერალი, იგი ფიქრობს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები უნდა გადარჩნენ, ზოგმაც მწარედ უნდა იძიოს შური, ძალადობას არ შეურიგდეს და კრაზანების ბუდეც ააწიოკოს, საზოგადოებას დაუბრუნდეს და წართმეული ადგილი დაიბრუნოს. ამისთვის კი ქალები უნდა გახდნენ ძლიერები, ისეთი ძლიერები, რომ ცეცხლთან თამაშსაც არ შეუშინდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი