რატომ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე? როგორ მოძრაობს სინათლე? რა აკავშირებს ატომებსა და ბირთვებს? საუკუნეების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ იმ ძალების აღწერას, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთქმედებებს უდიდეს და უმცირეს მასშტაბებზე, პლანეტებიდან ნაწილაკებამდე. თანამედროვე ფიზიკა განმარტავს ბუნებაში არსებულ ოთხ ფუნდამენტურ ძალას. ესენია – გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი. ტერმინი „ფუნდამენტური“ გულისხმობს, რომ ამ ოთხიდან თითოეული ძალა სხვა სახის ურთიერთქმედებით არ აღიწერება. გრავიტაციულ ურთიერთქმედებას განმარტავს ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, კიდევ უფრო ზუსტად კი აინშტაინის ფარდობითობის თეორია. გრავიტაციის კანონზომიერება შესამჩნევია მაკრო და ციური სხეულების სამყაროში. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება როგორც მიკრო-, ასევე მაკროსამყაროში. ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედება აღწერს ბირთვში მიმდინარე პროცესებს.
გრავიტაციული ურთიერთქმედება უნივერსალურია, რადგან იგი მოქმედებს ყველა ნაწილაკზე. გრავიტაცია ოთხ ფუნდამენტურ ძალას შორის უსუსტესია. მისი მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ მოქმედებს დიდ მანძილზე (მილიარდობით კილომეტრზე) და ყოველთვის მიზიდულობის ხასიათისაა. ძლიერი ურთიერთქმედება მჟღავნდება 10 -14 მ-ზე, ხოლო სუსტი ურთიერთქმედება თავს იჩენს კიდევ უფრო მცირე მანძილზე, არაუმეტეს 10 -19 მ-სა. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება იმ ნაწილაკებსა და სხეულებს შორის, რომელთაც გააჩნიათ ჭარბი ან ნაკლები ელექტრული მუხტი. თანასახელა მუხტის მქონე ნაწილაკები და სხეულები მიიზიდებიან, ხოლო საპირისპირო მუხტის კი განიზიდებიან. ლოგიკურად იბადება კითხვა, რა ძალები განაპირობებს ბირთვში დადებითად დამუხტული პროტონების ასე მჭიდროდ „ჩაჭეჭყვას“? სწორედ აქ იჩენს თავს ბირთვული ძალები (ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედება). ბირთვული ძალების მნიშვნელოვანი თვისებაა ახლოქმედება. ამ ძალების რაოდენობრივი თეორია ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს ძალები 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება.
მე-20 საუკუნის ბოლოს ფიზიკოსები სამყაროს აგებულების ერთიანი საწყისის მოძიებას ცდილობდნენ – ამუშავებდნენ თეორიას, რომელიც ბუნებაში მოქმედ ყველა ძალას გააერთიანებდა. ამ ხედვის მიხედვით, ყველა ტიპის ურთიერთქმედება ერთ საერთო ძალას უკავშირდება და ოთხივე ფუნდამენტური ურთიერთქმედება საერთო პირველწყაროდან მომდინარეობს. ეს მოსაზრება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ყველა ტიპის ურთიერთქმედების განხორციელების მექანიზმი ერთსა და იმავე პრინციპზე იყო დაფუძნებული. დამტკიცდა ელექტრომაგნიტური და სუსტი ურთიერთქმედების ერთიანი ბუნება. 2012 წელს კი, როდესაც აღმოაჩინეს ახალი ნაწილაკი, ე.წ. ჰიგსის ბოზონი, მათ ძლიერი ურთიერთქმედებაც შეუერთდა.
რატომაა სამყაროში არსებული ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან ერთ-ერთის ბუნება გამონაკლისი? იქნებ არც არის გამონაკლისი და გრავიტაციული ურთიერთქმედების ნიუტონისეული თეორიაა გადასასინჯი? მეცნიერებაში კერპები არ არსებობენ. ბუნება ამოუწურავია და ყოველი დიდი მეცნიერული აღმოჩენა, მხოლოდ სამყაროს ახალი, შეუცნობი მხარეების კვლევის დასაწყისია.
საინტერესო იქნება ამ თემაზე სასწავლო პროექტის განხორციელება. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, „აღმოაჩინოს“ სამყაროს ერთიანობის იდეა; გააცნობიეროს, რომ ყველა პროცესი, ატომის ბირთვიდან გალაქტიკებამდე, იმართება ერთი და იმავე კანონებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძლიერი და სუსტი ძალების გააზრება, რომლებიც მოზარდისთვის ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი რჩება. ამ საკითხის ფიზიკური არსის გარკვევა მოსწავლეებში გააღრმავებს ზუსტი მეცნიერებებისადმი ინტერესს.
წარმოგიდგენთ სასწავლო პროექტს „ოთხი ფუნდამენტური ძალა“.
პროექტის სახელწოდება | ოთხი ფუნდამენტური ძალა |
პროექტის ტიპი | საგნობრივი |
საგანი (საგნები) | ფიზიკა /შესავალი თანამედროვე ფიზიკაში/ |
კლასი | XI-XII |
მონაწილეთა ასაკი | 16-18 წელი |
პრობლემის ანალიზი | · მოსწავლეები სამყაროში მოქმედ ძალებზე ფლობენ ფრაგმენტულ ცოდნას და ვერ ხედავენ მათ შორის კავშირს;
· ძლიერ და სუსტ ურთიერთქმედებებზე მსჯელობა მთლიანად დამყარებულია წარმოსახვაზე, რადგან მათი მოქმედება უშუალოდ არ ჩანს; · საჭიროა ისეთი მიდგომები, რომლებიც დაეფუძნება დაკვირვებას, მოდელირებას, ანალოგიებსა და შემოქმედებით აზროვნებას, რათა მოსწავლეებმა ფუნდამენტური ძალები აღიქვან, როგორც სამყაროს ერთიანობის საფუძველი. |
თემა /საკითხები /ქვესაკითხები | ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა – ბუნებაში არსებული ოთხი ტიპის ურთიერთქმედება |
სამიზნე ცნება/ სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები | მატერია
· არსებობს მატერიის ორი ფორმა – ნივთიერება და ველი; · ველი წარმოადგენს მატერიის უხილავ ფორმას, რომელიც განაპირობებს ნაწილაკებს /სხეულებს/ შორის ურთიერთქმედებას; · ნივთიერება და ველი ქმნიან ერთიან სისტემას, რაც განაპირობებს ოთხი ფუნდამენტური ძალის არსებობას; · მატერიის სტრუქტურა განისაზღვრება ფუნდამენტური ძალების ბალანსით; · მატერიის თვისებების ცოდნა მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური და ენერგეტიკული სისტემების განვითარებისთვის. ძალა · ძალა წარმოადგენს სხეულთა ურთიერთქმედების რაოდენობრივ და ვექტორულ მახასიათებელს; · ბუნებაში არსებული ყველა ურთიერთქმედება შეიძლება აიხსნას ოთხი ფუნდამენტური ძალით; · ფუნდამენტურ ძალებს შორის არსებობს კავშირი, რაც სამყაროს სტრუქტურის ერთიანობას განაპირობებს; · გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური ძალები ადვილად შესამჩნევია მაკროსკოპულ სამყაროში; · სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედება არსებობს მიკროსამყაროში; · სამყაროს სტაბილურობა დამოკიდებულია ამ ძალების ბალანსზე. პროცესი · პროცესი არის სამყაროში ფუნდამენტური ძალებით გამოწვეული ყველა ცვლილება; · ფიზიკურ პროცესებში ძალა მოქმედებს სხეულზე, იცვლება მისი ენერგია და ეს ცვლილება დროში მიმდინარეობს; · ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა შეიძლება აიხსნას განსაზღვრული პროცესის საშუალებით, რომელიც ემორჩილება ფიზიკის კანონებს; · პროცესებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს მოვლენათა მიმდინარეობა. ენერგია · ენერგია წარმოადგენს უნარს, გამოიწვიოს ცვლილება ან შეინარჩუნოს მდგომარეობა; · ენერგიის გადაცემასა და გარდაქმნას სხვადასხვა ძალა ახორციელებს სხვადასხვა ფორმით; · ენერგია გამოხატავს ფუნდამენტური ძალების მოქმედების შედეგს და წარმოადგენს ყველა ურთიერთქმედების საერთო საზომს; · ენერგიის გადაცემა და გარდაქმნა ფუნდამენტური ძალების მოქმედების შედეგია და ქმნის ბუნებრივი პროცესების საფუძველს; · ენერგიის შენახვის პრინციპი აერთიანებს ყველა ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას და ასახავს სამყაროს სტაბილურობას; · ენერგიის გადაცემისა და გარდაქმნის გააზრება აუცილებელია მატერიის სტრუქტურის, მოძრაობისა და ველის თვისებების გასაგებად. |
სტანდარტთან კავშირი | ფიზ.საშ.1. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ნივთიერებების შემადგენელი სტრუქტურის დახასიათება და ველების მახასიათებელი პარამეტრების შესახებ მსჯელობა მატერიის სახეების ფიზიკური თვისებებისა და მათი ცვლილების მიზეზების გასააზრებლად;
ფიზ.საშ.2. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ენერგიის სახეებზე და მათი ურთიერთგარდაქმნის მიზეზებზე/შედეგებზე მსჯელობა ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების დასახასიათებლად; ფიზ.საშ.3. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულთა ურთიერთქმედებებსა და მათ შედეგებზე მსჯელობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების აღსაწერად; ფიზ.საშ.4. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ბუნებაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება ფიზიკური პროცესების/მოვლენების აღსაწერად და დასახასიათებლად. |
კვლევა – რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი | · პროექტი მოიცავს საგნობრივ კვლევას, რომელიც ეფუძნება ინფორმაციის მოძიებას, ფიზიკური მოვლენების ანალიზსა და მოდელირებას;
· მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ განსაზღვრავს ოთხი ფუნდამენტური ძალა (გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი) მატერიის სტრუქტურას, ენერგიის განაწილებას და სამყაროს სტაბილურობას. |
გრძელვადიანი მიზნები | · ფუნდამენტური ფიზიკური კონცეფციების ღრმა გააზრება;
· კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება; · მეცნიერული პრობლემების მიმართ შემოქმედებით მიდგომა; · დაკვირვებისა და მოდელირების უნარების ამაღლება; · მეცნიერული ცნებების ინტეგრირებულად გააზრება; · თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბება; · კვლევითი მუშაობის და ახალი ცოდნის ინტერესის სტიმულირება. |
მდგრადი განვითარების მიზნები | მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება |
პროექტის მიზნები და ამოცანები | · ფუნდამენტური ძალების არსის გააზრება და მათ შორის კავშირის დანახვა;
· ატომურ და კოსმოსურ მასშტაბებზე მოქმედი ძალების შედარება; · ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედების ახსნა მარტივი მაგალითებითა და მოდელირებით; · შემოქმედებითი დავალებებისა და პრეზენტაციის მეშვეობით ცოდნის ინტეგრირება. |
პროექტის ვადები | 3 – 4 კვირა |
მოსალოდნელი შედეგები და რისკები | მოსალოდნელი შედეგები:
· მოსწავლეები შეძლებენ ფუნდამენტური ძალების კლასიფიკაციასა და ერთმანეთთან დაკავშირებას; · გააზრებული ექნებათ ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედების როლი ბირთვულ პროცესებში; · განუვითარდებათ მეცნიერული აზროვნება და კვლევითი უნარები; · შეძლებენ მიღებული ცოდნის ვიზუალურ და სიტყვიერ გადმოცემას პრეზენტაციის საშუალებით. რისკები: · თემის აბსტრაქტულობამ შეიძლება აღქმაში შექმნას სირთულე; · ინფორმაციის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება მოსწავლეებს დაუკარგოს მოტივაცია; · საჭიროა მასწავლებლის მხარდაჭერა და სწორი ეტაპობრივი მონიტორინგი და სამუშაოს მიმართულების განსაზღვრა. |
პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები | პროექტის მიმდინარეობის სავარაუდო აქტივობები:
აქტივობა 1. პროექტის იდეის გაცნობა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის იდეას – ოთხ ფუნდამენტურ ძალას: გრავიტაციულს, ელექტრომაგნიტურს, სუსტსა და ძლიერ ბირთვულ ძალებს. განმარტავს, რატომ არის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი. აქტივობა 2. პროექტის სამუშაოს განაწილება: მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა, თემების და პასუხისმგებლობის გადანაწილება. თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას შემდეგ თემებზე: Ø „გრავიტაციული ძალა – სხეულთა მიზიდულობის უნივერსალური კანონი“; Ø „ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება“; Ø „ძლიერი ბირთვული ძალა –ატომის ბირთვის შემაკავებელი ურთიერთქმედება“; Ø „სუსტი ძალა – ბირთვული გარდაქმნების მიზეზი“. აქტივობა 3. მოდელირება და შემოქმედებითი დავალება მოსწავლეები ქმნიან მოდელს ან ვიზუალურ სქემას, რომელიც აჩვენებს ოთხი ფუნდამენტური ძალის მოქმედების არეალს, ინტენსივობასა და გამოვლინების ფორმებს. Ø პლასტილინის, ბურთულების, მავთულის ან/და ციფრული მოდელების გამოყენებით ძალების ურთიერთქმედების ვიზუალიზაცია; Ø კომიქსის ან მოკლე ანიმაციის შექმნა, სადაც პერსონაჟებად წარმოდგენილია ფუნდამენტური ძალები და მათი „ურთიერთქმედება“; Ø პოსტერი ან ინფოგრაფიკა თემაზე: „რა მოხდებოდა, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური ძალა არ არსებობდეს?“ აქტივობა 4. კვლევა და შუალედური შეხვედრები მოსწავლეები იკვლევენ მაგალითებს ბუნებიდან და ტექნოლოგიებიდან, სადაც შეინიშნება თითოეული ძალის გავლენა (მაგალითად, გრავიტაცია პლანეტების მოძრაობაში, ძლიერი ურთიერთქმედება ბირთვში, ელექტრომაგნიტური ძალა ელექტროტექნიკაში და სხვ.). ტარდება შუალედური შეხვედრები პროგრესის გასაზიარებლად და უკუკავშირის მისაღებად. აქტივობა 5. პრეზენტაცია ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ კვლევას, მოდელებსა და შემოქმედებით ნამუშევრებს. აქტივობა 6. დისკუსია: „რა აერთიანებს ოთხ ფუნდამენტურ ძალას და როგორ ქმნიან ისინი სამყაროს ერთიან სურათს?“ აქტივობა 6. შეფასება პროექტის შეფასება ხორციელდება შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს: Ø მეცნიერულ სიზუსტესა და ცნებების სიღრმისეულ გაგებას; Ø შემოქმედებითობასა და მოდელირების ხარისხს; Ø თანამშრომლობასა და ჯგუფურ პასუხისმგებლობას, Ø პრეზენტაციის სტრუქტურას, არგუმენტაციასა და ვიზუალურ ფორმატს. |
სასარგებლო ბმულები | https://science.nasa.gov/universe/overview/forces/
https://www.space.com/four-fundamental-forces.html https://www.britannica.com/science/fundamental-interaction https://www.britannica.com/science/subatomic-particle/Four-basic-forces https://www.youtube.com/shorts/QhohoAw0Q48 https://www.youtube.com/watch?v=669QUJrF4u0 https://www.youtube.com/watch?v=xTvp8fbL3hI https://www.youtube.com/shorts/GqxAmIUzwbU
|
გამოყენებული რესურსები | · სახელმძღვანელო, ვიდეომასალა, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი. წვრილი მავთული, ბურთულები, მაგნიტები, სხვადასხვა ფერი პლასტილინი, მავთული, ფერადი ფანქრები. |
შეფასების რუბრიკა
კომპონენტი | დაბალი | საშუალო დონე | მაღალი |
ფიზიკური ცნებების გააზრება | ფუნდამენტური ძალების შესახებ ცოდნა ფრაგმენტულია; ტერმინების გამოყენება არაზუსტია. | იცნობს ძირითად ცნებებს, მაგრამ ზოგჯერ უჭირს ძალებს შორის კავშირის დანახვა. | აღწერს ფუნდამენტურ ძალებსა და მათ ურთიერთკავშირს; იყენებს სწორ ფიზიკურ ტერმინებს; ახდენს ცნებების ინტეგრაციას. |
კვლევითი და ანალიტიკური უნარები | კვლევა ზედაპირულია; წყაროები შეზღუდულია; დასკვნები უმეტესად აღწერითია. | იყენებს შესაბამის წყაროებს; ზოგჯერ ცდილობს და ახერხებს მიზეზ-შედეგობრივ ახსნებს. | ავითარებს დამოუკიდებელ მსჯელობას; საკითხს იკვლევს მიზანმიმართულად, მაგალითებზე დაყრდნობით აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს. |
შემოქმედებითი და ინტერდისციპლინური ხედვა | იშვიათად ავლენს შემოქმედებით მიდგომას; იდეები ერთფეროვანია. | ზოგიერთ ელემენტში იჩენს ინოვაციურ ხედვას (მაგ. ვიზუალური ელემენტები). | იყენებს შემოქმედებით გზებს ფიზიკური იდეების გადმოსაცემად (მოდელი, ანალოგია, ვიზუალური მასალა); ავითარებს ორიგინალურ ინტერპრეტაციებს; |
თანამშრომლობა და კომუნიკაცია | ჯგუფში ჩართულობა სუსტია; იდეების გაზიარება იშვიათია. | მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, აქვს პრობლემები თანამშრომლობაში. | აქტიურად თანამშრომლობს, უსმენს სხვებს, აზიარებს იდეებს; ავლენს ლიდერის თვისებებს, ახერხებს იდეებზე ეფექტიანად და ნაყოფიერად მუშაობას. |
თვითშეფასება და რეფლექსია | არ შეუძლია საკუთარ სწავლის პროცესის შეფასება. | აღწერს ნაწილობრივ, რა ისწავლა, თუმცა ზოგადი ფორმით. | აანალიზებს მიღწევებსა და სირთულეებს, განსაზღვრავს განვითარების გზებს. |
გამოყენებული ლიტერატურა:
- გ.გედენიძე – შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, XI-XII კლასი, მოსწავლის წიგნი, მე-2 მოდული
- ქ. ტატიშვილი – ფიზიკა, IX კლასი, მოსწავლის წიგნი