გუშინ, ილიაობას, ყვარელში ჩავედით.
ეზოში მორიდებულად ამწვანებულა ბალახი. აღარ არის მრავალძარღვები. აღარც თხილი დგას მეზობლის სახლის კედელთან. ამ თხილს ტოტებს ვატეხდით ბავშვობაში, წკეპლად – ჯოხებით თამაში გვიყვარდა. ჯოხებს მერე პაპიდაჩემ ქრისტინეს ვაბარებდით, მაგრამ ერთხელაც არ მომხდარა ისე, შემდეგ წელსაც დაგვხვედროდა. მახსოვს უცნაური წინადადება მეორე კლასის ბუნების სახელმძღვანელოში, თითქოს თხილი ბუჩქი ყოფილიყოს. მახსოვს, შინაგანად გავაპროტესტე, მაგრამ დავიზეპირე და ტესტშიც ბუჩქად დავწერე. არადა, თვალწინ მედგა ჩვენი თხილის ხე. დედაჩემმა ასე ამიხსნა, ძირთან ხომ აქვს ბუჩქივით ამონაყარებიო. ხის გვერდით კი მართლა იყო თხილის ბუჩქი, ახლად ამოსული, ამ ხის შვილი.
ხის უკან, მეზობლის სახლის კედლის გაყოლებაზე, სარწყავი რუ მოწკრიალებდა. ბაღჩამდე რომ ჩაეღწია წყალს, ჯემალი პაპა, „გადაუგდებდა“ ხოლმე, ანუ თოხით მიწას ისე შემოურაგვავდა წყალს, რომ ნაკადს მიმართულება ეცვლებოდა.
როგორ გვიყვარდა ამ რუში თამაში!
ჯოხებიც მაგისთვის არ გვინდოდა?
ჩვენს ეზოში რაღაც გამოუცნობი განგებულებით მუდამ მოიძებნებოდა ნაჭრის ნაგლეჯები. წამოვაცვამდით ჯოხის ბოლოს და წყალში „ვაცურავებდით“. ზოგჯერ ამბებსაც ვიგონებდი ხოლმე, ზოგჯერ – არა – ისედაც სასიამოვნო იყო წყლის პირას ჩაცუცქვა და ნაჭრის რუში ამოვლება.
ერთგან რუ სიღრმეს იკეთებდა, პაწაწინა ტბორივით. თუკი წყალი სუფთა იყო, ტბორის ძირას მბრჭყვინავ კენჭებს ხედავდი. მსოფლიოს ყველა ზღვის ყველა კენჭს მერჩივნა ეს კენჭები.
ახლა რუ აღარ არის – მეზობელმა სახლი გაარემონტა და ღობის ის ნაწილი ჩვენკენ შემოწია, რომლის ქვემოთაც წყალი მოჩუხჩუხებდა.
მარჯვნივ გავიხედე და მარანს უკბილო ბებერივით დაეღო ბნელი პირი.
მარნის თეთრი კარი სულ ღია იყო, ნესტის, ღვინის და სიგრილის სურნელი გამოდიოდა. თუ პაპას ღვინო ჰქონდა გადასაღები, ჩვენც შევყვებოდით, თუ არა და, ზედაშესთან სანთლების დასანთებად შევდიოდით მარიამობას – ჩვენი საზედაშეო ქვევრები წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობისაა.
ბებო ზედ სანთლებს დაანთებდა, ჩავიტანდით ტკბილეულობას, ხილს – რაც გვქონდა, ყველაფერს და ვგალობდით „ღირს არსს“.
მარტონი მარანში არ შევიდოდით – საქმე ისაა, რომ იქ ბინადრობდნენ (და, დარწმუნებული ვარ, დღესაც ბინადრობენ) უცნაური ჯიშის ობობები. ამხელა ობობა პირველად და უკანასკნელად ჩვენს მარანში მყავს ნანახი, სხვაგან არსად.
ალბათ, მათი იქ ყოფნა ერთადერთია, რაც არ შეცვლილა.
და კიდევ ბანანის ხე, რომელიც, კაცმა არ იცის, შუაგულ კახეთში ვინ ჩამოიტანა. ფაქტი კია, რომ ესეც და პალმაც (ნამდვილი პალმა) თითქმის ყველა ეზოშია.
და კიდევ ის ხეც, იასამანს რომ ჩამოჰგავს. შესასვლელშია, ისევ ყოველ წელს ყვავილობს, უცვლელად. ეს ბებია-ბაბუას (ანუ ჩემი დიდი ბებიისა და ბაბუის) სახლიდან წამოვიღეთ, დავრგეთ და არის მას მერე. ეგაა, რომ მიმსვლელ-მომსვლელი ყველა ტოტებს ატეხს, წავიღებთ, ლამაზიაო. მაგრამ მაინც ყვავილობს, შეუპოვრად.
აღარაა არც ბაღჩის შესასვლელი კარი. ბაღჩაც მოხრიოკებულა, სიღრმეშიღაა ხეები – ისინიც ჩვენია თუ სხვისი, ვეღარ ვხვდები.
ეზოც მოხუცივით დაჩიავებული და დაპატარავებულია.
აივანი – უხეივნოდ მოშიშვლებული.
ერთი კიბე დგას ძველებურად, მედგრად. კიბის ზოგ საფეხურს სამი თეთრი ფილა აქვს ჩატანებული, რომბის ფორმისა. ბავშვობაში ამას განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი ხოლმე – ვცდილობდი, პრინციპი გამომეცნო. იქნებ საფეხურგამოტოვებითაა რომბები? ან იქნებ ორი საფეხურის გამოტოვებით?
სულ ტყუილად – არავითარი პრინციპი.
ერთი საფეხური მიყვარდა მანდ, კიდემოჭმული – კიბის ქვეშ შეჭყეტა და კნუტების თვალიერება შეგეძლო. კნუტები კი სულ იყვნენ, ხან რომელი და ხან რომელი კატისა.
კატები ახლაც მოდიან. სანსარიკო აღარ დამხვდა – მანქანას გაუტანია. ეთერი, ჩვენი მეზობელი, ჰყვებოდა, დავინახეო. იფართხალა, იფართხალა და მოკვდაო.
ქვევით – ოთახი, სამზარეულო და სააბაზანო ძველებურად არიან. აი, ზედა ოთახებს გასჩენიათ ბზარები, ნესტს ალაგ-ალაგ კედლები და ჭერი გაუშავებია. მზისგან გახუნებულ დუმფარებსა და ლოტოსის ყვავილებს სოკო ჭამს. ჭერზე არცთუ სიმეტრიულად გამოყვანილ რომბებს, ხაზებსა და კვადრატებსაც არა უშავთ. ძველი სიხასხასე არც ჭერზე დახატულ ყვავილებს დაუკარგავთ.
ეს ცოცხალი სახლია – ავეჯი ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად აწყვია. ერთი მიზეზი, რატომაც ყოველ ზაფხულს ყვარელში ჩამოსვლა მიყვარდა, ესეც იყო – მაინტერესებდა, იმ წელს ავეჯის განლაგება როგორი იქნებოდა.
მარტო ქვევით ოთახში არ იცვლებოდა არაფერი. ასე იმიტომ ჰქვია, რომ დანარჩენი სახლისგან გამოცალკევებულია. ზამთარში კარგია – ადვილად თბება (ზევით-ოთახებში კარები ხისაა, თან შიდა ფანჯრებია და ოთახები ერთმანეთში გადი-გამოდის). ზაფხულში აუტანლად ცხელია, კოღოების ნამდვილი ბუდე. ბებო მაინც აქ არჩევს ცხოვრებას.
საღამოობით ქვევით ოთახში ლოტოს ან დომინოს ვთამაშობდით ხოლმე. ლოტოს კოჭები ყველას არ გვყოფნიდა. ჩვენც სიმინდის მარცვლებს ვაწყობდით დაფებზე. სიმინდიც კოჭებთან, ერთ ტომარაში, ეყარა.
დომინო თეთრია. ჩვენ სახლში შავი გვქონდა, ხისა. ამიტომ თეთრი დომინო ეგზოტიკური იყო ჩემთვის და ძალიან მიყვარდა. მოთეთრო-მოსალათისფრო ყუთი აქვს და რუსული წარწერა: „ДОМИНО“. ერთი ჭავლური კალამი მაქვს, TWSBI Eco Amazonite, ერთადერთი მიზეზის გამო ვიყიდე – ზუსტად ჩვენი დომინოს ფერისა აქვს თავსახური და ბოლო. ბავშვობას გამახსენებს. და ყვარელს. მაშინ, როცა ძალიან ხნიერი ვიქნები, მაგრამ კალამიც მექნება და არც მელანი დამიშრება.
ნოემბრის დაისი სხვანაირი რომ არის, დაჰკვირვებიხართ?
ოქროსფერი.
ზაფხულისა ვარდისფერია, ზამთრისა – ფერმკრთალი.
გინახავთ, ნოემბრის მზე როგორ მოვარდისფრო-მოიისფროდ ადგას ლურჯ მთებს? სადღაც შორის, ჰორიზონტზე. წინ კი, მწვანე ფერდობი ყვითლად ბზინავს.
არასდროს მესმოდა, ილიას „ყვარლის მთებს“ სკოლაში რატომ არ ისწავლება. „გაზაფხულის“ მერე, ალბათ, პირველი ლექსი იყო, რომელიც გულზე მომხვდა.
„როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი,
ვითა ფოთოლი — ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი“.
ალბათ, ფიქრობთ, აზვიადებსო. არადა, ეს არაა მეტაფორა. არც ჰიპერბოლაა – გრიგალი და ქარიშხალი ყვარელში მართლა ზუსტად ასეთი იცის. თუ წვიმს, ასე წვიმს, მთელი გულითა და სულით. ცა შეზანზარდება, ქვევრისოდენა მთვარე კი ცაზე ჰკიდია. მიდიხარ შარაზე, წინ მთებია. მიდიხარ, ისინიც უკან იხევენ, გაგირბიან, გშორდებიან. ისმის წვიმის თქარათქური, სველი მიწის სურნელი ავსებს ეზოს. ფოთლიდან მოწყვეტილ წვეთში მთელი სამყაროა.
მაგრამ ეს აგვისტოს ამინდებია.
ახლა კი ნოემბერია. ჩამავალი მზე ოქროსფრად აელვარებს ფოთოლცვენისთვის გამზადებულ ხეებს, საზამთროდ და სათოვლედ რომ გარინდებულან…


