იდეები წარსულიდან, გაჯეტებისთვის წართმეული დრო, პოეზიის რვეული და სხვა
როდესაც რამე იდეა მომდის ან რამე საინტერესოს დაგეგმვა მინდა, მაშინვე ჩემი ბავშვობა და სკოლის წლები მახსენდება. 90-იანი წლები ინსპირაციაა იმისა, რასაც ახლა ვაკეთებ და რასაც ვწერ, იმიტომ რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი ფანტაზია საზღვრებს მიღმა დაქროდა, თითოეული საგანი ჩვენთვის ცოცხლდებოდა და წარმოსახვითი ისტორიების პერსონაჟი ხდებოდა. ჯერ კიდევ წინასასკოლო ასაკში ბებიაჩემის ტუალეტის მაგიდა იყო ის ადგილი, სადაც უამრავი ნივთი: თმის ლაქისა და სუნამოს ბოთლები, ათასნაირი სავარცხელი, პუდრი და პომადა – სიცოცხლეს იძენდა და იწყებოდა თამაში, რომელიც ხუთი წლის ბავშვს ყველაფერს მავიწყებდა, რადგან მე ვიყავი სცენარისტიც და რეჟისორიც, მსახიობიც და გამხმოვანებელიც. დღესაც თვალწინ მიდგას საბჭოთა კავშირში პოპულარული ლაქი, რომელსაც სამი თმაგაშლილი ქალი ეხატა და ეს ქალები ცოცხლდებოდნენ, ნამდვილები, ლამაზები და მხიარულები ხდებოდნენ.
დღეს, როდესაც ბავშვებს გაჯეტებისა თუ ფერად-ფერადი ანიმაციების სახით ამდენი ცდუნება აქვთ, აღარ სურთ, თამაშებში წარმოსახვა ჩართონ, თავად აღარ იგონებენ, რადგან მზა უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველია.
ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი ტრენდები მოიტანა, პოპულარულ სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო შინაარსისგან დაცლილი მოკლე ვიდეოები, რომლებიც ბავშვბს ძალიან მოსწონთ. სხვადასხვა შეუსაბამო საგნისა და არსების შერწყმით მიღებული სასაცილო პერსონაჟები, ერთი შეხედვით, მართლაც სახალისოა, მაგალითად, ბალერინა კაპუჩინო, თუმცა მე ისინი ტვინისა და გონების პარაზიტებად მიმაჩნია, რადგან ერთი ნახვითაც გიჯდება გონებაში და მათგან თავის დაღწევა ძნელია, იმეორებ და იმეორებ, ამოჩემებულ მელოდიასავით, თუმცა, მელოდიისგან განსხვავებით, ვერც რიტმით დაიკვეხნის და, როგორც ვთქვი, ვერც შინაარსით. პირიქით, სრულიად უშინაარსო და აზრს მოკლებულია, ფიქრის საშუალებასაც კი არ გაძლევს, უბრალოდ უნდა სქროლო და უყურო, დრო გაიყვანო. ეს დრო კი ისე სრწფად გარბის, ასე გასაფლანგად ნამდვილად ცოდოა, განსაკუთრებით იმ ძვირფას ასაკში, როდესაც ტვინი მზადაა, უზარმაზარი ინფორმაცია შეისრუტოს და გადაამუშაოს.
აკრძალვა, რა თქმა უნდა, არ არის გამოსავალი და არც ვარ ამის მომხრე. ყოველთვის ალტერნატივას ვეძებ, ვფიქრობ, როგორ ჩავანაცვლოთ მდარე ხარისხის ვიდეოები და ანიმაციები.
და აი, რამდენიმე რჩევა 90-იან წლებგამოვლილი ბავშვისგან:
პოეზიის რვეულები
პირველი, რაც მახსენდება, პოეზიის რვეულებია. იმ დროს ლამაზი ბლოკნოტების ძალიან მცირე არჩევანი იყო. ამ მცირედან ვარჩევდი ყველაზე, ყველაზე ლამაზს. ვყიდულობდი ფერად კალმებს, ვიმარაგებდი ძველ ჟურნალებსა და გაზეთებს, და იწყებოდა საოცარი პროცესი.
ჩვენი სახლის ბიბლიოთეკიდან გადმოვარჩევდი ლექსების კრებულებს, გალაკტიონს, შექსპირს, „სიყვარულის წიგნს“, ანა კალანდაძეს, მირზა გელოვანს… გადავშლიდი და რაც იმ მომენტში ჩემს სულთან, ჩემს განწყობასთან ახლოს იყო, ლამაზი კალიგრაფიით ვიწერდი ახალ, ლამაზ ბლოკნოტში. მერე ვაფორმებდი. ეს გაფორმების მომენტი იყო ყველაზე ჯადოსნური და ამაღელვებელი… ვჭრიდი ჟურნალებიდან შესაბამის ილუსტრაციებს და ფოტოებს ვაწებებდი; ვაწყობდი კოლაჟებს, ოღონდ იმ დროს არ ვიცოდი, რა იყო კოლაჟი; ვხატავდი, ვაფერადებდი… ამ კრებულებს დღემდე ვინახავ და ხანდახან ვათვალიერებ ხოლმე. მიკვირს, პატარა გოგოს, იმ ჩაკეტილ და მძიმე წლებში, რა კარგი ლიტერატურული გემოვნება მქონია.
მოდით, თანამედროვე მოზარდებს შევთავაზოთ მსგავსი აქტივობა. თავდაპირველად ჩვენ შევურჩიოთ პოეზიის კრებულები, ვუყიდოთ ძალიან, ძალიან ლამაზი ბლოკნოტი, ფერადი კლამები და მარკერები, გადმოვქექოთ ჩვენი ძველი ჟურნალები და გაზეთები, ვთხოვოთ, დღეში ერთი ლექსი იპოვოს და ლამაზად გადაწეროს, გააფორმოს და მოხატოს. რაღაცნაირად მგონია, რომ ეს ამბავი ისე შეიყოლებთ, დღეში ერთ ლექსს არ დასჯერდებიან. ესეც გაჯეტებისთვის გამოტაცებული წუთები თუ საათები!
დამალული ნივთები
ვიღებთ რამდენიმე საინტერესო ნივთს, მაგალითად, ნიჟარას, ბუმბულს, მძივს, მონეტას… ვმალავთ სხვადასხვა ადგილას. თუ ეზო გვაქვს – უკეთესი, თუ არა და ოთახშიც შეიძლება. ვხატავთ სამალავების რუკას და ვაძლევთ ბავშვს, რომ დამალული ნივთები იპოვოს. რუკაზე მინიშნებებს გამოვსახავთ, შეგვიძლია, სიმბოლოებიც გამოვიყენოთ. თუ ყველა ნივთს იპოვიან, შეიძლება, საინტერესო ფილმით დავაჯილდოოთ, მაგალითად, „მუსიკის ჰანგებით“.
ბავშვობაში ბებიაჩემის დიდი ბოსტნის ნაწილი მოვიზომე და ჩხირებით შემოვღობე, გამოვაცხადე, ეს ჩემი ბოსტანი იქნება-მეთქი. მე და ჩემს დას ძალიან გვიხაროდა და გვეხალისებოდა ამ ბოსტნის მოვლა-პატრონობა, მოგვყავდა მწვანილი და ისეთი ბოსტნეული, რომელიც მალე ამოდიოდა.
თქვენც შეგიძლიათ, ბავშვებს ასეთი მიწა „აჩუქოთ“ და უთხრათ, რომ ეს მათი საკუთრებაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგებიან მის დამუშავებას. ჩვენ თოხით და ბარით ვამუშავებდით, პაწაწინა იარაღები გქვონდა. ალბათ ახლაც იშოვება ასეთი ნივთები. მორწყავენ, დათესავენ, დაელოდებიან, მერე დაკრეფენ და იწრმუნებენ ბუნებისა და ადამიანის შრომის ძალას.
ბუნებრივი საღებავებით ხატვა
თუ ჭარხალს დაწურავ, კურკუმას ნაყენს თუ დააყენებ, მოცვს თუ დაჭყლეტ ან კაკლის წენგოს დაჩეჩქვავ, შესანიშნავ ბუნებრივ საღებავებს მიიღებ. ამ პროცესით, დარწმუნებული ვარ ძალიან იხალისებენ ბავშვები, მერე კი აუცილებლად დაახატვინეთ. რა ამაღელვებელი და ჯადოსნური იქნება!
ძველი ტანსაცმლის გადაკეთება
უჰ, როგორ მიყვარდა ბებიაჩემის სკივრებში ქექვა! დარწმუნებული ვარ, ყველა ოჯახში იქნება ძველი და გამოუსადეგარი ტანსაცმელი. მიეცით ბავშვებს და შესთავაზეთ, მისგან შექმნან ახალი ტანსაცმელი ან სხვა საინტერესო რამეები – აქსესუარები, თოჯინები. დღეები ისე გავა, ჭამაც კი არ გაახსენდებათ, გაჯეტებს მხოლოდ ინსპირაციისთვის თუ გამოიყენებენ.
საოჯახო სპექტაკლის დადგმა.
ეს მთელი პროცესია, დაწყებული სცენარის დაწერით და როლების განაწილებით. ისე მიყვარდა ასეთი სპექტაკლების გამართვა, მთელ სულსა და გულს ვდებდი. ალბათ 90-იანების ყველა ბავშვი ამით ერთობოდა. მეზობლებიც ერთვებოდნენ. მთელი კვირა ვემზადებოდით, კოსტიუმებსაც ვიკერავდით, აი, სწორედ იმ სკივრში ნაპოვნი ძველი ტანსაცმლისგან, ვეპატიჟებოდით სტუმრებს ან ბილეთებს ვყიდიდით. ვისაც ყველაზე დიდი ეზო გვქონდა, ორ ხეს შორის ვჭიმავდით თოკს და ამ თოკზე სარეცხის სარჭებით ვამაგრებიდთ ძველ ზეწარს, რომელსაც ვახატავდით, ვაწერდით, ვაწებებდით ათას მოსართავს. უბანშიც ჩაგვიტარებია, მეზობლის კარი გამოგვიყენებია ფარდად და სხვა უბნის ბავშვები დაგვიპატიჟებია.
აი, ასეთი იყო ჩვენი უინტერნეტო და უტელეფონო ბავშვობა, მიამიტური, წრფელი და უბრალო. ჰოდა, ხომ არ შეგვეთავაზებინა ახალი თაობისთვისაც? იქნებ როგორ სჭირდებათ სოციალური ქსელების ქაოსისა და აურზაურისგან თავის დაღწევა, იქნებ როგორ სჭირდებათ სიმშვიდისა და სინათლის კუნძული? ჰოდა, მოდი, ჩვენი შვილებიც ვამოგზაუროთ ამ უბრალო და წრფელ სამყაროში, შევაჭყიტოთ იმ ჭუჭრუტანაში, საიდანაც ჩვენი ბნელი, მაგრამ ძალიან ტკბილი 90-იანები მოჩანს.