სექტემბერში, გამთენიისას დედა მესიზმრა. ასე ნათლად კარგა ხანია არ მინახავს. ჩემს საწოლთან იჯდა და თანაგრძნობით მიმზერდა.
- დედააა, იცი ხომ, რომ დავიღალეეე? – თავადვე ვიგრძენი, როგორც ბავშვობაში, ისე შევტირე.
კიო, თავი დამიქნია და ჩასახუტებლად ხელები გამომიწოდა. წამოვჯექი და ჩავეკარი. სხეულში ისეთმა სითბომ დამიარა, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, რომ ჩემდაუნებურად გამეღვიძა. აზრზე მოსასვლელად დრო დამჭირდა, თვალები გავახილე და ჭერზე საზიზღარი არსებები დავინახე. ვიღაცის მახინჯი სახე დამყურებდა…
დამავიწყდა მეთქვა, რომ ზაფხულის არდადეგებზე წასულს, მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა. კი მომწერა, მილი გამისკდაო, მაგრამ აბა, თურქეთის სიდედან რას ვიზამდი, განგებას მივანდე ეს ამბავი. ჩამოვედი და საძინებლის ჭერი ისეთი საძაგელი არსებებით „მოხატული“ დამხვდა, კინაღამ გული გამისკდა. ზოგადად, ასეთი წყლის ჩამოსვლები ჩემი ბავშვობიდან მუდმივია. თუმცა, საძინებლამდე პირველად მოაღწია. მუდმივობის მიზეზი რა არის? რა გამოლევს, ხან ისა და ხან ესა… ძირითადად, ნაკლები პასუხისმგებლობა…
ჰოდა, ისე გავნერვიულდი, ისე ამოვიგდე გული, რომ ეტყობა იქ, სხვა განზომილებაში დედაჩემმაც გაიგო, ადამიანურად შევებრალე… მოვიდა და ისე მანუგეშა, როგორც შეძლო.
ჰოდა, იმას ვამბობდი, ჭერიდან მზერა კედელზე გადავიტანე. იქ „ქალი ყარყუმით“ კიდია, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის რეპროდუქცია.
სურათი აღებულია ვიკიპედიიდან
https://en.wikipedia.org/wiki/Lady_with_an_Ermine
„თქვენო უბრწყინვალესობავ, მე ავაგებ უმსუბუქეს და უმყარეს ხიდებს, რომელთა გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე უპრობლემოდ შეგეძლებათ. მათი დახმარებით მტერს დაედევნებით ან პირიქით დაემალებით და ჩაუსაფრდებით. შემიძლია ათასნაირი კიბის და სხვა მოწყობილობის კონსტრუირება, რათა ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. მე შემიძლია, დავანგრიო ნებისმიერი ციხე-სიმაგრე, თუნდაც კლდეზე აგებული. მე შემიძლია შევქმნა ცეცხლის და მომწამლავი ნივთიერებების გასატყორცნი იარაღი, რომელიც მტერში დაბნეულობასა და შიშს დათესავს. შემიძლია გავთხარო უხილავი გვირაბები, თუნდაც წყლის ქვეშ, რათა ჯარმა იქ გაიაროს. მშვიდობიან დროში კი ნებისმიერი ტიპის არქიტექტურას შევქმნიდი. შემიძლია გამოვძერწო ნებისმიერი ნივთი თიხასა და ფაიფურის მასალისგან და კიდევ ხატვა შემიძლია, სხვებზე არცთუ ნაკლებად…“.
ეს ნაწყვეტი მე სამოტივაციო წერილს მაგონებს. არ მოგესმებათ, ის ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. დაწერა 1482 წელს ფლორენციაში.
ვის წერდა?
მილანში ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას.
სინამდვილეში, ჰერცოგი მაშინ 13 წლის ბავშვი იყო და მისი სახელით მილანს მისივე მეურვე მართავდა. ლეონარდო კი სამხედრო საქმეში დახმარებას აღუთქვამდა და ისე, სხვათა შორის, ახსენებდა, რომ ხატვაც შეეძლო…
ლეონარდო ვინც ბრძანდებოდა, ისტორიამ დაგვანახა. თან იმ დროისთვის საუკეთესო სამხატვრო განათლება ჰქონდა მიღებული. ანდრეა ვეროკიოს ფლორენციის სახელგანთქმულ სახელოსნოში ჰქონდა სამხატვრო საქმე შესწავლილი. ამ აკადემიაში მან მხოლოდ ხატვისა და ძერწვის ტექნიკა კი არ შეითვისა, არამედ ქიმია და მეტალურგიაც სავალდებულო წესით შეისწავლა.
აბა? როგორ გგონიათ? ტყუილად კი არ ფლობდა საღებავების ტექნიკას და სხვადასხვა პიგმენტით რეაქციებს ატარებდა.
1480 წელს ლეონარდოს ფლორენციაში ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა და ის ერთადერთ არა, ერთ-ერთ კარგ მხატვრად ითვლებოდა. ჰო, აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს დროში ცხოვრობს სანდრო ბოტიჩელი, დომენიკო გირლანდაიო, პიეტრო პერუჯინო, რაფაელი, მიქელანჯელო.
ჰოდა, ლეონარდომ ფლორენციიდან მილანში გადასვლა გადაწყვიტა და იქაურ მმართველობას თავი, ისე შესთავაზა, როგორც ინჟინერმა. თან აღუთქვა, რომ დაუსრულებელ ომებში მიეხმარებოდა.
ისტორიკოსები იმასაც ამბობენ, ფლორენციის პატრონმა მედიჩებმა აითვალწუნეს ლეონარდოო. მოაბეზრა ყველას თავი ამბიციებითა და ჭირვეულობითო…
ვაჰ, როცა ლეონარდო ხარ, აღარც უნდა იჭირვეულო???… თუმცა, გავაგრძელოთ…
კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ერთ ნაწარმოებს ათწლეულობით წერდა. თან სამხატვრო მასალით თითქმის, სულ ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებდა. ამიტომაც არის, რომ მისმა მრავალმა ტილომ დროს ვერ გაუძლო. სხვებს კი, მრავალჯერადი რესტავრაცია დასჭირდა. ასე მაგ. „საიდუმლო სერობიდან“ საღებავს ჩამოშლა დასრულებიდან ერთ წელიწადში დაუწყია.
გამოდის, რომ შინაგანი ბუნებით მხატვარზე მეტად გამომგონებელი გახლდათ და იმ ქალაქს მიაშურა, სადაც გამოგონებები ფასდებოდა.
სამოტივაციო წერილმა იმუშავა და 1482 წლის ბოლოს ლეონარდო მილანს გაემგზავრა. იქ მთელი 17 წელი დარჩა. მცირე შესვენების შემდეგ კი, კიდევ 7 წლით დაბრუნდა. ამ დროის მანძილზე სამხედრო დანაპირებიდან არაფერი შეუსრულებია. სამაგიეროდ, ბევრი გამოგონება დატოვა სასცენო საქმეში. თეატრალური წარმოდგენების დროს, ჭერში მობილიზებულ ზეცაში ღრუბლები, პლანეტები და მსახიობები ერთად დაფრინავდნენ. ეს პერიოდი გახდა, მისი, როგორც მხატვრის გაფურჩქნის დრო. ზემოთ ხსენებული „საიდუმლო სერობა“ სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის კედელზე შესრულდა. მილანის პერიოდსვე ეკუთვნის „ქალი ყარყუმით“. ორიგინალი ნახატი კაკლის ხის ფიცარზეა შესრულებული. ფიცარს საფუძვლად თეთრი გრუნტი ჰქონდა დადებული.
დღეს ასეთი გრუნტის შეძენა სამხატვრო მასალების მაღაზიებშია შესაძლებელი და ის აკრილის ცვილის წყლის ემულსიაზეა დამზადებული. აქვს თეთრი პიგმენტი ტიტანის დიოქსიდის სახით. ზოგჯერ შემთხვევაში კი, როგორც ძველ დროში, შეიცავს თაბაშირსაც. ლეონარდო წებოსთან შერეულ ცარცის ფხვნილსაც ურევდა მასში. ნახატის ორიგინალის რესტავრაცია 1830-1870 წლებში მოხდა, ზედა მარცხენა კუთხე აეცალაო და უკან მიაწებესო. რესტავრაცია ჟან დელაკრუას ჩაუტარებია და უკანა ფონიც ამ დროს გადაუღებავთ მუქად. სპეციალისტები ამბობენ, მუქ ფონზე უდავოდ ლამაზი ქალბატონი უკეთ გამოჩნდაო.
ეს შედევრი ლეონარდოს ქიმიური ექსპერიმენტიც არის, რადგან სწორედ მისი შექმნისას პირველად გამოიყენა ზეთის საღებავები. თან, ხელთ არსებული ქიმიური პიგმენტები ერთმანეთთან შეურია და დაფარვის სრულიად ახალი ტექნიკა მიიღო. მანამდე, ყველა ცნობილი მხატვარი ე.წ. „ტემპერას“ საღებავს იყენებდა და თავადვე ამზადებდა მათ. ანუ, პიგმენტის შემცველ ფერად ფხვნილებს ურევდა ქათმის კვერცხის გულში და შემდეგ ტილოზე გადაჰქონდა. გახსოვთ, მე ლაპის ლაზურიზე ვწერდი – იგივე, ლაზურიტი ან ლაზვარადი. https://mastsavlebeli.ge/?p=3808
მისგან ძვირად ღირებული მელანი და საღებავი მზადდებოდა, მომზადების ტექნიკა კი „ტემპერა“ გახლდათ. ამ ტიპის საღებავები კვერცხის გულში შეყოლილი ცილის გამო მალევე პოლიმერიზდებოდა, შრებოდა და გამოუსადეგარი ხდებოდა. განსაკუთრებით, ცხელ სეზონზე, სიცხის დროს ხდებოდა ასე. გარდა ამისა, პიგმენტების შერევაც რთულდებოდა სწრაფად გამოშრობის გამო. ზეთის საღებავებმა კი ახალი შესაძლებლობები მისცა მხატვრებს. შეიძლება ვინმემ შემისწოროს ბოტიჩელი „ტემპერათი“ შედევრებს ქმნიდაო.
კი, როგორ არა, თუ შვიდი წლისას სახელოსნოში მიგაბარებენ, იქ ათი წელი გასწავლიან და შეცდომის შემთხვევაში, კარგადაც შემოგცხებენ, მერე შეიძლება ბოტიჩელივით „ტემპერათი“ შედევრი შექმნა. ოღონდ, გალაც არ დავივიწყოთ:
- ნიჭი, ძამა, კიდევ ნიჭი იქნება საჭირო.
ახალი საღებავებისთვის ძირითადად, სელის ზეთს იყენებდნენ. ოღონდ, მანამდე ზეთი ქიმიური გასუფთავების ოთხ ეტაპს გადიოდა და მხოლოდ შემდეგ ხვდებოდა პალიტრაზე. ზეთის გასუფთავებაზე ზოგჯერ თავად მაესტრო, ან მისი შეგირდები ზრუნავდნენ, თუმცა მხატვრის ზედამხედველობით. წარმოგიდგენიათ ხომ, როგორი ლაბორატორიისა და ცოდნის ფლობა იყო აუცილებელი.
და სურათზე დახატული ქალი ვინ არის? ჩეჩილია გალერანია. აქ მხოლოდ 18 წლისაა და ჰერცოგის ფავორიტი გახლავთ. ისტორია ლამაზ, აღზრდილ და განათლებულ ქალად აღწერს. მოგვიანებით, როცა ჰერცოგი დაოჯახდება, ჩეჩილიას ვინმე გრაფს მიათხოვებენ, ოთხი შვილის დედა გახდება და წყნარ, თუმცა მდიდრულ ცხოვრებას გაივლის ჰერცოგის მიერვე ნაჩუქარ მდიდრულ სასახლესა და მამულებში.
ჩეჩილია ჩემს კედელზეც არის, ლამაზ ჩარჩოში ზის და სადღაც იქით იყურება.
ცოტა ხანი უაზროდ შევცქერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოთ, ჭერში არ ავიხედო.
მერე? მერე სასწრაფო წესით ვდგები და მზადებას ვიწყებ, რადგან ახალი დღე იწყება.