ზაფხული სწრაფად გავიდა, ისე სწრაფად, როგორც გადის ჩვეულებრივ სხვა სეზონები – შეუმჩნევლად, აჩქარებულად და ჩვენც ვამბობთ: „დრო სწრაფად მიდის, მართლაც”. გულდასაწყვეტი ის არის, რომ ზაფხულისგან მეტი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერი სეზონისგან, როცა ვიცით, რომ ეს ჩვეულებრივი რიგითი დღეებია, არაფრით გამორჩეული და მისგან განსაკუთრებულს არც არაფერს ელი.
ზაფხულისგან კი, დიდები, პატარები, ყველა ასაკის ადამიანი ველით ბევრ ფერად დღეს, მხიარულ და შთამბეჭდავ თავგადასავლებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ზაფხული მოსაწყენი ვალდებულებებისგან განტვირთვის სეზონია, როდესაც ვიცვლით გარემოსა და დამოკიდებულებებს, ვიწყებთ რაღაც ახალს, ვეჭიდებით ახალ გეგმებს და, რაც მთავარია, თავს ვგრძნობთ გაჯანსაღებულად. ზაფხული უნდა იყოს ის დრო, როდესაც დიდი თუ პატარა დაუყვედრებლად, მთელი არსით, სხეულითა და გონებით შეძლებს გადატვირთვას, გაჯანსაღებას, – რადგან დასვენება, განტვირთვა, კარგად გამოძინება, სტრესული და დამღლელი რუტინიდან ცოტა ხნით ამოყვინთვა – ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სწორედ ამიტომ, ასეთი დასვენების შესაძლებლობა ადამიანებისთვის უფრო მეტად ღირებული ხდება და ამასთან ერთად უფრო მეტად ძნელდება ამ შესაძლებლობების მოპოვება ჩვენს საარსებო გარემოში.
ღირსეულ დასვენებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს. რატომ ამბობენ ადამიანები უარს დასვენებაზე? დასვენება ზაფხულში, მუშაობაზე უარის თქმა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის ავტომატურად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისინი ვერ შეძლებენ შვილების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას; ვერ მოამზადებენ მათ სასკოლოდ სექტემბერში, საზამთროდ ვერ შეუძენენ თბილ ქურთუკს, ფეხსაცმელს, საჭირო სამოსს, ვერ უყიდიან მხატვრულ ლიტერატურას, ვერ ატარებენ საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე (ზედმეტია ლაპარაკი საზაფხულო თუ საზამთრო ბანაკში გაშვებაზე), ვერ გადაუხდიან დამატებითი მასწავლებლის თანხას, ვერ გაუშვებენ ექსკურსიაზე, კლასელების დაბადების დღეებზე, არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სკოლაში საკვები გაატანონ ან რამდენიმე ლარი გადაურიცხონ ყოველდღიურად სკოლის ბუფეტისთვის და ა.შ… დაბოლოს შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ შესაძლოა ვერც კი გამოკვებონ.
და მაინც, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ჩემი ბავშვობის არდადეგები მახსენდება, ისევ მიჩნდება სურვილი, ეს სეზონი ჩემი შვილებისთვის იქცეს დაუვიწყარ დროდ, რომელსაც მართლაც სიხარულით გაიხსენებენ, ბევრ თავგადასავალსა და შთამბეჭდავ ამბავს დააგროვებენ; ზაფხული, რომელიც რაღაც ახალთან იქნება დაკავშირებული მათთვის და ეს მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღის ფუნდამენტიც იქნება. ახლა უფრო მეტად ვფიქრობ შვილებთან ხარისხიანი დროის გატარებაზე. მინდა, მქონდეს მათთან რაც შეიძლება მეტი გულახდილი საუბრის შესაძლებლობა; მინდა, ვუსმენდე მთელი გულისყურით, გონებაში არ მეფიქრებოდეს სხვა სავალდებულო საქმეებზე. იყოს ამგვარი აქტივობებისთვის ერთი თვე, სავსებით საკმარისი იქნებოდა, ოღონდ ამ ერთი თვის განმავლობაში მოწყვეტილი ვიყო ყოველგვარ სამსახურებრივ ვალდებულებას და არაფერზე მეფიქრებოდეს.
ამ ზაფხულს ვდარდობდი, რომ ზაფხული მართლაც ძალიან სწრაფად გავიდა, ოჯახურ ყოველდღიურობასთან შეზავებული სამუშაო პასუხისმგებლობები კი საზაფხულო არდადეგების აჩრდილად მექცა და ზაფხულიც ამ ვალდებულებებს მიეძღვნა. ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულობა გამართლებაა და მადლიერი უნდა იყო იმის გამო, რომ შეგიძლია შვილების, ოჯახის ყოვლისმომცველი საჭიროებები დააკმაყოფილო, ქვეყნის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის აქაფებული ტალღებიდან ოჯახი მშვიდობით გადაიყვანო ნაპირზე, მაგრამ მეორე სევდიანი მხარე ამ გარემოების ისიც არის, რომ თითქმის აღარ გვრჩება დრო საკუთარი თავისთვის, დასვენებისთვის, ურთიერთობებისთვის, დაფიქრებისთვის, რადგან დაუღალავად ვშრომობთ. იმ ზაზუნას ვგავართ, ბორბალში ძალიან ბევრს რომ დარბის, ენერგიას ხარჯავს და მაგრამ, მაინც ერთ წრეზე ტრიალებს.
სინამდვილეში, ზაფხული მართლაც ის დროა, როდესაც ბავშვი თუ ზრდასრული საჭიროებს ღრმა, საფუძვლიან და ხარისხიან გადატვირთვას, მოშვებას, თავიდან ათასი ხარახურის ამოყრასა და განიავებას, დიდხანს ძილს და ბუნებაში რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას. დასვენება არ არის მარტო სასიამოვნო მდგომარეობა, ეს არის აუცილებელი პირობა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. როდესაც ვისვენებთ, ჩვენი ორგანიზმი ახერხებს თვითაღდგენას, რაც განაპირობებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასაც. დასვენებისას ორგანიზმი იძენს ახალ ძალებს, ინახავს ენერგიას და აწესრიგებს ბიოქიმიურ პროცესებს, რაც თავისთავად ამცირებს სტრესის დონეს. როდესაც ადამიანი გამუდმებით მუშაობს ან ფიზიკური/ემოციური დატვირთვის ქვეშაა, ნერვული სისტემა ვერ ახერხებს განტვირთვას, ეს კი იწვევს ნევროზულ სიმპტომებს, გაღიზიანებას ან დეპრესიას. თავისუფალი დრო და დასვენების პრაქტიკა, ოჯახთან ერთად დროის გატარება, კარგი ძილი, სეირნობა, სირბილი, ზრდის ტვინის შემოქმედებით და ინტელექტუალურ პროდუქტიულობას. დასვენება აუცილებელია ყურადღების კონცენტრაციისთვის, სწავლისთვის და მეხსიერების გასაძლიერებლად.
საზაფხულო არდადეგები ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი, ხარისხიანი, შემოქმედებითი და ნათელი დღეებია. ვისურვებდი, ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ჰქონდეს ღირსეული საზაფხულო არდადეგები, რომლებიც დამუხტავს მათ შემოქმედებითად, გაუღვიძებს სწავლის, შემეცნებისა და ღირსეულად ცხოვრების სურვილს.


