ბავშვებს ალბათ არასოდეს აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც ზაფხულის არდადეგებზე. ამავე დროს, ეს არის პერიოდი, როცა მოგზაურობის, ახალი ადგილებისა და ადამიანების გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღების შანსი მეტია, შთაბეჭდილებები კი – უფრო შთამბეჭდავი. ზაფხული იმედგაცრუებების დროც არის: მეტი თავგადასავალი გინდა, მეტი სიყვარული, მეტი მეგობარი, მეტი გართობა და ისევ ჩვეულებრივი დღეებით ცხოვრობ, დიდად არაფერი იცვლება, მეტი დრო გაქვს და ისევ უინტერესოდ ატარებ – ვინ არის ამისგან დაზღვეული?
როგორ ვატარებთ დროს, დიდწილად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული და ცოტათი გარემოზეც – თუ თავის გადარჩენისა და გართობის ხრიკებს ფლობ, ყველგან იპოვი რამე ხელჩასაჭიდს. როგორც კლასიკოსი ამბობს ცნობილ და ბავშვებისთვის ალბათ ოდნავ რთულად აღსაქმელ ტექსტში, „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. ეს წერილიც იმაზეა, როგორ ვისწავლოთ წვრილმანებზე ფოკუსით თავის გართობა და ყურადღების გაწვრთნა. წერილის ავტორი ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანია, რომელიც წვრილმანების დამახსოვრების ნაცვლად მუდმივად დიდი სურათის ასაწყობი ფაზლის ნაწილებს ეძებს, თუმცა პერიოდულად იხსენებს, რომ ეშმაკი ზოგჯერ სწორედ წვრილმანებშია და გაფაციცებით ეძებს ნიშნებს და მარკერებს რუტინულ ყოფაში.
ყოველდღიური წვრილმანების შემჩნევა და დეტალებზე დაკვირვება ბავშვებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს უყალიბებს, როგორიცაა კონცენტრაცია, ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა. ამ პროცესის თამაშად ქცევა კი ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან თამაში ბავშვისთვის ბუნებრივი სწავლაა, ამიტომ მეც რამდენიმე მარტივ თამაშს გთავაზობთ, რომლებმაც შესაძლოა თქვენც გაგიხალისოთ ზაფხულის დღეები და ბავშვებსაც თქვენ გარშემო.
ერთი წუთი და ათი რაღაც
ვიღებთ რაიმე საგანს, მაგალითად, ჭიქას კაფეში, სათამაშოს მაღაზიაში, გამვლელს ქუჩაში, ძაღლს პარკში, და ბავშვს ვთხოვთ, 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი რამ, რაც ამ საგანს ახასიათებს: ფერი, ფორმა, ხასიათი, ზომა, წონა, დანიშნულება და ა.შ.
ეს უმარტივესი და სახალისო სავარჯიშო შეუმჩნეველი დეტალების დანახვის უნარს ავითარებს, დროითი შეზღუდვა მას სასიამოვნო დაძაბულობას სძენს, აღწერის ნაწილი კი ვერბალურ განვითარებას უწყობს ხელს.
„მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ის არის“
ეს თამაში შეიძლება ითამაშო ყველგან: შინ, გარეთ, მოძრაობისას, სტატიკურ მდგომარეობაში. ერთი მოთამაშე ამბობს, რას ხედავს და რა ფერია ის, რასაც ხედავს. დანარჩენები იწყებენ გარემოს თვალიერებას და აღმოაჩენენ ათას საინტერესო და უინტერესო რამეს: საგზაო ნიშნებს, მიყრილ ნარჩენებს, სარეკლამო აბრებს, გამვლელს და გამომვლელს და ა.შ. ის, ვინც გამოიცნობს რას გულისხმობდა პირველი მოთამაშე, შემდეგ თავად ირჩევს ახალ სამიზნეს და კვლავ ფერის მითითებით აძლევს მინიშნებას სხვა მოთამაშეებს.
გარე სივრცეში ეს თამაში გაცილებით სახალისოა და გარემოს აღქმას და შეცნობას ამარტივებს.
„დღის დეტალი“ – ოჯახური თამაში
დავალება მუდმივია და ყველასთვის ცხადი: ყოველ საღამოს ოჯახის ყველა წევრი დანარჩენებს უყვება რაღაც ისეთზე, რამაც მისი დღე განსაზღვრა, რაც პირველად შეამჩნია ან რამაც მოულოდნელად მიიპყრო მისი ყურადღება.
ეს რიტუალური თამაში ერთმანეთისთვის გაზიარების კულტურას ავითარებს და უინტერესო დღეებშიც კი რამე განსაკუთრებულის შემჩნევისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებთ.
დაკვირვების მარშრუტი
შეადგინეთ იმ გზის რუკა, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ უფროსებთან ერთად ან მარტო. რუკაზე დატანილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელები, მნიშვნელოვანი ობიექტები (მაგალითად, მეგობრის სახლი, საყვარელი საფუნთუშე, ძაღლის ჯიხური, რომელსაც სეირნობისას ხვდებით) და ყველა ის სივრცე, რომლის აღწერაც შეიძლება (სალონი, სადაც დედა თმას იჭრის, მაღაზია, სადაც სკოლის შემდეგ სასუსნავის ყიდვა შეიძლება და ა.შ). რაც უფრო მეტი ობიექტია რუკაზე და რაც უფრო დაწყვრილებით არის ისინი აღწერილი, მით უკეთესი.
მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ მარშუტები და შეადარეთ ახალ გზებზე გაკეთებული აღმოჩენები ადრინდელს.
დეტექტივის დღიური
ეს უკიდურესად პირადი რამაა, რასაც მარტო თქვენთვის აკეთებთ – აქ ხვდება ყველაფერი უცნაური, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს ან მისი ყურადღება მიიპყროს: უცნაური ხმები, უცხო ადამიანები, თამაშის დროს ეზოში შემთხვევით ნაპოვნი მკვდარი ჩიტი თუ კალია, საეჭვო საუბრები, უცნაური ნიშნები – ყველაფერი ეს დეტექტივის დღიურში აღირიცხება, რა იცი, როდის გახდება ეს ნიშნები მნიშვნელოვანი და საყურადღებო.


