არ მახსოვს, ფილმში (“პირველ მერცხალში”) როგორაა, მაგრამ – “პენტელი!” – ასე ნიშნავს პენალტს იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟი, პოლიციელი ვარლამი, ლევან ჭელიძის სცენარში, რომელიც სრულიად გადასარევი საკითხავია.
*
სოფელში ჭიშკართან მაქვს სტადიონი, უფრო სწორედ, მოზრდილი მინდორი, რომელზეც ჩემს დროს სტანდარტული ზომის დიდი საფეხბურთო სტადიონიც იყო, მინი სტადიონიც და ფრენბურთის მოედანიც. შესაბამისად, სპორტი, განსაკუთრებით – ფეხბურთი, ბავშვობიდან ღრმად გახლდათ შემოჭრილი ჩემს ცხოვრებაში. ეგეც არ იყოს, მამაჩემი, კომუნისტების დროს, სოფლის გუნდში თამაშობდა და დღემდე ახსოვთ რაიონში მისი თამაში. მწვრთნელი ჰყავდათ გენიალური კაცი, განთქმული შარაფისტი. სადმე ქორწილში რო წავიდოდა, ჩააყრევინებდა უშველებელ პარკში ან ტომარაში პურ-მარილს “თავისი ბიჭებისთვის”, ანუ – ფეხბურთელებისთვის, და დააპირქვავებდა მინდორზე, თურმე, ერთმანეთში აზელილ ხორცს, ნამცხვარს, ტორტს, ხაჭაპურს და ა. შ. , ხოდა, ვარჯიშები, არცთუ იშვიათად, ქეიფებში გადაიზრდებოდა ხოლმე… საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მამაჩემი მხოლოდ გასართობად თამაშობდა ხოლმე უბანში, მერე, ჩემი ასაკისა, უკვე აღარ თამაშობდა, თუმცა, როცა ჩვენი უბანი სხვა უბანს ეთამაშებოდა, დელეგაცია მოდიოდა ხოლმე სათხოვნელად, რო ეთამაშა, როგორც იასონთან მიდიან. მისი ნაქონი შორტი, მაისური და გეტრები მე მეცვა მერე, მართალია, დიდი მქონდა, მაგრამ მაინც მეცვა. მამაჩემი მცველი იყო, მე – თავდასხმაში ვთამაშობდი, ამიტომ მისი მაისურის უკან მიწერილ ნომერ 3-ზე ბებიაჩემმა 10 ნომერი გადააქარგა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ დაიარებოდა ჩხოროწყუში…
როგორც მახსოვს, ფეხბურთელობა არასოდეს მდომებია, უფრო – მხატვრობისკენ და მწერლობისკენ ვიქაჩებოდი, მაგრამ ფეხბურთის თამაში გაგიჟებამდე მიყვარდა. დედაჩემი დღემდე იხსენებს ხოლმე, როგორ დამტოვა ოთახში გაკვეთილის სასწავლებლად, ცოტა ხანში ჩუმად შემოიხედა ოთახში და ნახა, როგორ ვიდექი ფანჯარასთან, მინი სტადიონზე მოთამაშე თანატოლებს გავცქეროდი და ფინტების და დარტყმის იმიტაციას ვაკეთებდი როლში შესული…
ბურთი იყო ჩვენი პრობლემა სულ. უფროსებს ერთი ბურთი ჰქონდათ ხოლმე და მაგას ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ვერ იმეტებდნენ, ამიტომ ჩვენ მუშტისტოლა პლასტმასის ბურთით ვთამაშობდით. ზოგჯერ სტანდარტული ზომის ბურთს რო მოვიხელთებდით, იმ მუშტისტოლა ბურთზე ნაწრთობნი, ისე ვფინტაობდით, მიმიქარავს მარადონა და მესი…
შემდეგ ლარიანი, ფერადი ბურთები შემოვიდა და მაგას ვდებდით ხოლმე ტყავში, ოღონდ სტანდარტულ რეზინაზე ბარე ათჯერ სქელი იყო ის ბურთები, ამიტომ, ტყავში ჩადებული, საშინლად მძიმე გახლდათ, მაგრამ პლასტმასის გორებას, ისევ ეგ სჯობდა. სტადიონს ერთ მხარეს ეკალ-ბარდი და ტრიფოლიატის ბუჩქები ესაზღვრებოდა, ამიტომ ხშირად იხვრიტებოდა ბურთი, ხოდა, ნახვრეტზე ნაჭრებს ვაწებებდით ხოლმე გახურებული დანით (რაღაც უცნაური რეზინა იყო – პლასტიკური მასის და რეზინის ნაზავი, – გახურებულ დანას რო გაუსვამდი ნახვრეტს და იმავე მასალის პატარა ნაჭერს, ზედაპირები წებოვან-მდნარი ხდებოდა და მაგრად ეწებებოდა ერთმანეთს.) ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სწორედ ამ ლარიანმა ბურთმა გაგვიწია ბურთობა მთელი საქართველოს ბავშვებს…
ზამთარში მოწყენილი და ცარიელი იყო ჩვენი სტადიონი, მხოლოდ ბავშვები თუ გავაგორებდით ზოგჯერ ბურთს, აი, გაზაფხულზე, აღდგომა დღეს, საფეხბურთო სეზონი იხსნებოდა. აღდგომის წინა დღეს, ამოვსებულ ხაზებს ისევ გავავლებდით თოხებით, ჩავყრიდით შიგ ნახერხს და სათამაშოდ მზად იყო მოედანი. აღდგომა დღეს, რაც არ უნდა წვიმა ყოფილიყო, გვერდითა უბნელი ბიჭები მოდიოდნენ (მაგათ საშინელი სტადიონი ჰქონდათ) და იხსნებოდა საფეხბურთო სეზონი. და ასე გრძელდებოდა ყოველ საღამოს, ყანიდან გამოსული და მოწესრიგებული ხალხი ამ ჩვენი სტადიონისკენ მოიჩქაროდა, მეტი გასართობი არაფერი იყო. არც სტუმრად ჩამოსული გოგოების ნაკლებობა იყო სოფელში, ეს კი დამატებითი სტიმული გახლდათ თავგანწირვისთვის და მათთვის თავის მოსაწონებლად ჩაღდებოდა შიშველი ფეხების ხათქა-ხუთქი და ტყაპა-ტყუპი, აბა, სად იყო ბუცები, კედები და კაი ცხოვრება… თავსხმისას მაყურებლები სტადიონის გასწვრივ ჩამწკრივებულ სახლებში გადაინაცვლებდნენ და მეორე სართულის დერეფნებიდან ადევნებდნენ თვალს თამაშს, ჩემი სახლის დერეფანიც ხშირად გამხდარა ასეთი “ტრიბუნა”…
ახლა ჩემი სახლის წინ მაგხელა სტადიონი სრულიად უქმადაა, აღარავინ თამაშობს, ღორების დინგით გადათხრილი და სარეველამოვლილი, უეჭველად მოგვრის ცრემლს გულჩვილ მაცქერალს, რომელსაც ის დიდი თამაშები ახსოვს…
*
ვერ ვიხსენებ, ფილმში როგორაა, მაგრამ – “პენტელი!” – ასე ნიშნავს პენალტს იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟი, პოლიციელი ვარლამი, ლევან ჭელიძის სცენარში.