დაჰკვირვებიხართ ბავშვების უცნაურ იდეებსა და ინტერესებს? ზოგჯერ რომ სრულიად უმიზნო და უშედეგო გგონიათ, დროის კარგვად თვლით და გირჩევნიათ, ამ დროს ჩვენი შვილები თუ მოსწავლეები გაკვეთილების მეცადინეობას უთმობდნენ?
არადა, თუ კარგად დაფიქრდებით და დაგეგმავთ, ყველა, ერთი შეხედვით უცნაური გატაცება შეიძლება სასარგებლო პროექტად იქცეს, ასე გამოვიდა გიოსა და ლიფტების შემთხვევაში.
გიო ჩემი შვილია, პროექტის დაწყებისას 13 წლისა იყო და მერე თოთხმეტისა გახდა. მას ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები აქვს და სანამ ყველა კითხვას პასუხს არ გასცემს, საკითხს არ ამოწურავს, ვერ მშვიდდება.
ერთ დღეს მის ასეთ გატაცებად ლიფტები და ლიფტების მექანიზმი იქცა.
გადაწყვიტა ჩვენი ქალაქის ლიფტები შეესწავლა.
13 წელი ისედაც ისეთი ასაკია, როცა მოზარდს ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო და უსაფრთხოების წესები უნდა ვასწავლოთ. ამიტომ მე, როგორც მისი ყველა გატაცების ხელის შემწყობი მშობელი, ჯერ მასთან ერთად დავდიოდი ლიფტების შესასწავლად, მერე კი მარტოც გავუშვი.
ა) ამ გატაცების დადებითი მხარეები:
- ისწავლა დამოუკიდებლად გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით, სქულქარდის გამოყენება, ბიუჯეტის დაგეგმვა;
- გუგლმეპისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება თავისი მიზნებისთვის;
- ქუჩაში მოძრაობა დამოუკიდებლად – ქვეითთა გადასასვლელი, მიწისქვეშა, უსაფრთხოების წესები;
- დამოუკიდებელი სოციალური ჩვევები – ცუდი და კარგი უცხოების განსხვავება – ცუდია ის, ვინც უაზროდ აეტორღიალება, კარგია ის, ვინც, ვთქვათ, სხვა ავტობუსში ასულს სწორ ავტობუსს ასწავლის.
ამ გატაცებამ მოგვცა ქუჩაში დამოუკიდებელი გადაადგილების გამოცდილება, რომელსაც ყოფით ცხოვრებასა და ყოველდღიურად ვიყენებთ.
ბ) სოციოლოგიური დასკვნები:
- ქალაქში საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლების ლიფტები არც ისე კარგ მდგომარეობაშია;
- ყველა ლიფტი ერთგვარი კომუნიკაციური, სოციალური ცენტრია – კედლის წარწერები, განცხადებები, მათი დანიშნულება უნივერსალურია, ქალაქის ალტერნატიული სოციალური ქსელია ლიფტი.
- ლიფტების ეპიგრაფიკა ერთგვარად უნივერსალურია.
და კიდევ ბევრი რამ შეიძლება დაასკვნა ლიფტებით, მაგალითად, ის, რომ ძალიან გაბედული ხალხი ვართ. დიღმის მასივში ვნახეთ ლიფტი, რომელსაც ჩვეულებრივი კარადის კარი აქვს შებმული.
ცხადია, უსაფრთხო არაა, მაგრამ მე, როგორც დედას, ამ გატაცებამ მასწავლა ბალანსი, რომ შიშის გამო დამოუკიდებლობა არ უნდა წავართვა ბავშვს და შინ არ უნდა ჩავკეტო. გაბედვა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა.
გ) კვლევითი ნაწილი:
ლიფტების კვლევისთვის გიომ რამდენიმე მეთოდი გამოიყენა:
- პირველ რიგში, შეადგინა ლიფტების რუკები:
2. ლიფტების აღწერის დღიური, სადაც თითოეულ ლიფტს მიანიჭა თავისი უნიკალური კოდი, მოახდინა სისტემატიზაცია სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, როგორებიცაა, დამონტაჟების დრო, ტიპი, მწარმოებელი ქვეყანა, კორპუსის პროექტის ტიპი და სხვა;
- გუგლდრაივზე გააკეთა დიდი არქივი, სადაც ატვირთა ყველა ლიფტის აღწერა და ვიზუალური მასალა.
- გააკეთა სტატისტიკური კვლევა, სადაც დათვალა, რა ტიპისა და წარმოების ლიფტებია თბილისში, როგორია, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების სტატისტიკა.
ბოლოს, სკოლაში, მოქალაქეობის საგნისთვის მოამზადა პრეზენტაცია თბილისის ლიფტების შესახებ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.
მგონი, ძალიან საინტერესო კვლევა გამოვიდა, არა?