დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ
თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება – დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს იდეა სრულყოფილად განახორციელა. 16 წლისამ ჩაიბარა თურქ-სელჩუკთაგან იავარქმნილი, დაშლილი და ღონეგამოცლილი ქვეყანა და ტიტანური ენერგიით, დაუღალავი შრომით, გონით, ხმლითა და ოფლით მიჰყვა მისი ბედისწერის გამოჩარხვას. ჯერ გარე მტერს შეუტია, მერე შიდა მტერზეც გაიმარჯვა, ქვეყანა ეკონომიკურად და კულტურულად ააღორძინა, მის შიგნით და გარეთ განათლების კერები დაანთო, სულიერების ტაძარი მანკიერთაგან გაწმინდა, დიდგორი გააბრწყინა – ქართველთა ძლევაი საკვირველი და, ქვეყნის საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში კი სინანულის საგალობელი შექმნა – ეს ყველაზე აღმატებული აკორდი მის სულიერ ცხოვრებაში, ამქვეყნიური მეუფების გვირგვინი მარადისობის მეუფების წინაშე…
მსოფლიო ისტორია, რა თქმა უნდა, იცნობს დიდ მონარქებს, ძლევამოსილ და ღვაწლმოსილ მეფეებს, რომლებმაც უზარმაზარი როლი ითამაშეს თავიანთი ქვეყნების განვითარებაში, თუმცა იშვიათად მომხდარა, რომ სიცოცხლის ბოლოს იმ რანგისა და სიმაღლის სინანულის ჰიმნი ემღეროთ, როგორიც დავით აღმაშენებელმა დატოვა.
ვისაც ეს მშვენიერი, ღრმა და სულის შემძვრელი საგალობელი ახსოვს, ალბათ თავისი ცხოვრების რომელიმე წუთს უნებლიეთ წამოსცდენია კიდეც:
„რომლისაცა წინაშე
ქედდადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!..“.
„გალობანი სინანულისანი“ მეფის სინანულის ჰიმნი კია, თუმცა თავისი არსით ის ყოველი კაცის, ცოდვით დაცემული სულის ამოძახილსაც იტევს, ამიტომ ის ერთდროულად კონკრეტულიცაა და საზოგადოც, ერთი კაცის აღსარებაცაა და მთელი კაცობრიობის შენდობის ლოცვაც… თანაც, ეს არაა მხოლოდ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები. ის, უპირველესად, მხატვრული ქმნილებაა და სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ დავით აღმაშენებელს მეფე-პოეტადაც, სხვა სახელოვან რეგალიებთან და სიქველეებთან ერთად.
„გალობანი სინანულისანი“-ს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი კორნელი კეკელიძემ დაუდო. მეცნიერი „ქართული ლიტერატურის ისტორიაში“ დავით აღმაშენებელს მოიხსენებს, როგორც მწერალსა და მოაზროვნეს.
„გალობანი სინანულისანი“ იმ დიდი მხატვრულ-ჰიმნოგრაფიული ტრადიციის გამგრძელებელი ტექსტია, რომელსაც ეფრემ ასური, ანდრია კრიტელი, იოანე დამასკელი, გრიგოლ ნარეკაცი და სხვანი ქმნიდნენ. მათ შემოქმედებას სინანულის პოეზიაც შეიძლება ვუწოდოთ და ეს დიდებული, მგზნებარე, დასაბამიერი ცოდვის განცდით შეძრული ჰიმნები დღესაც მძლავრად ზემოქმედებს სულიერებისკენ მიდრეკილ მკითხველზე და დღესაც შთააგონებს მარადისობის წინაშე გაყურსულ შემოქმედთ.
შთააგონებს მათ, ვინც თანამედროვე ტექნოკრატიულ, ფასეულობებაღრეულ ეპოქაში, სადაც ზოგჯერ სინანულიც კი ნიველირებულია (ან მისი აღქმა სრულიად გამქრალია), მაინც უდრტვინველად, უკანასკნელი მცველებივით ერთგულებენ უპირველეს ზნეობრივ იდეებს, ადამიანის სულს ჭეშმარიტების შუქზე ჭვრეტენ და საკუთარ გამოცდილებას მადლის შხეფებად გარდაქმნიან, ცოდვის მორევში ჩაძირული კაცობრიობისათვის…
„გალობანი სინანულისანი“-ს კითხვისას ანა კალანდაძის უჭკნობი ლექსიც გვახსენდება, რომელიც მან დიდ მეფეს მიუძღვნა. „ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები…“ – გულწრფელია პოეტის გაოცება, როცა აღმაშენებლის სამეფო დიდების მასშტაბს მისივე სინანულის სიღრმეს ადარებს… მართლაც, მემატიანეს სიტყვით რომ ვთქვათ, დავითი ხომ ის მეფეა, ვინც „თჳთ მამამან ზეცათამან… უზეშთაეს ყო უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა “. რა იყო ის ცოდვა (ცოდვები), რამაც მეფის სული ასე დაამწუხრა, რამაც მთელ ამქვეყნიურ დიდებულებაზე უფრო მწველი და დაუძლეველი სინანული გაუჩინა?! ამ კუთხით ტექსტის განჩხრეკა ერთობ უმადური საქმეა. ეს იმ ზედაპირულ, უგერგილო და უნაყოფო განსჯა-ბაასს ჰგავს, რომლითაც დღეს ადამიანის („დიდისაც“ და „პატარასიც“) საქციელს ვაქიაქებთ ხოლმე, თავის ტყუილ-მართლით, აღქმებით და ილუზიებით, ბოღმითაც და სიყვარულითაც, თუმცა ამ მკვდრადშობილ პროცესში სულ უფრო მეტად ვშორდებით ჭეშმარიტების მარცვალს და სიცოცხლისა თუ სიკვდილის საზრისებიც სადღაც შორს, თვალსმიფარებულად გვრჩება, ხელში კი მხოლოდ არსისა თუ მოვლენის ჩენჩო გვიჭირავს და თავს ვინუგეშებთ, რომ ესაა სინამდვილე.
დავით აღმაშენებლის შეცოდებანიც, თუკი მათი სიტყვასიტყვით ამოკითხვის ჟინი მაინც მოგვერევა, იმ ბიბლიურ-იგავურ ხატ-სახეთა მიღმა უნდა ვეძიოთ, რომლებითაც ეს სინანულის ჰიმნი თავად დაშიფრა.
„კაენის მკვლელებრი ცნობაჲ,
სეითის ძეთა ლირწებაჲ,
გმირთა სიღოდით მავალობაჲ
ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე –
უფროჲს ვამრავალწილე,
ვითარცა რაჲ აღმართ-მსრბოლმან
მდინარემან უკეთურებისამან…“.
ცოდვათა ეს შემაძრწუნებელი ჩამონათვალი ტერენციუსის ფრაზასაც გაგვახსენებს – არაფერი ადამიანური რომ მისთვის უცხო არ იყო. პირველცოდვის სიმძიმით, ვნებებისა და მანკიერებების კალოზე ილეწებოდა მისი ადამიანური ბუნება. ერთ მუხლში ამბობს:
„ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ
სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ
და შემოქმედისაგან
შექმნილთა მიმართ
ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ სრულ-ვყავ, რაჟამს
თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე“.
ამ სტრიქონებს იმ აზრით განმარტავენ, რომ დავითი თავდაპირველად ბოლომდე ვერ ჩასწვდა ქრისტიანული მრწამსის უმთავრეს არსს და მიემხრო ბერძენთა მცდარ გზას, რომელთათვისაც კერპთა თაყვანისცემა უცხო არ იყო. სინანულის მიზეზია უმადურობაც – ღვთაებრივი წყალობის, სიცოცხლის ძღვენის, ყოველგვარი სიკეთის მიმართ გულმცირობა („ხოლო მე უმადლო გექმენ“)…
სინანულის ამ ოკეანეში კი, უპირველესი მეოხი დავითისთვის ღვთისმშობელია. საერთოდ, მთელი „გალობანი სინანულისანი“ ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ჰიმნია.
„ამისთჳს იყო ქალწული
და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა
დედობრივთა ოხათა მიერ
ცხოვნდნენ ცოდვილნი,
რომელთა პირველი,
საშუალი და დასასრული,
მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ…“.
„გალობანი სინანულისანი“ რომ პოეზიაა, ამაზე უკვე ვთქვით. სმენას იპყრობს მუსიკა, რომელიც ამ მდუღარე სტრიქონებშია. ამ მუსიკის ღერძი ალიტერაციული ტალღებია – სტრიქონების რიტმული გრადაცია, როგორც კოსმოსისკენ დაძრული სულის მწყობრი სვლა, მონანიების ინტეგრალებზე.
„მეგვიპტური გულმძიმობაჲ,
ქანანელთა ჩუეულებანი,
მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,
კოწოლი თმათაჲ
და სხუანი, რომელთაჲ
შენ ჰბრძანე არა-მსგავსებაჲ…“.
„გალობანი სინანულისანი“ მე-12 საუკუნეში დაიწერა. მას შემდეგ კაცობრიობამაც და ჩვენმა ქვეყანამაც დიდი გზა გამოიარა. ცივილიზაციური პროგრესის, ჰუმანისტური ტენდენციების, ომების, ტირანიის, ადამიანის უფლებებისა თუ თავისუფლების განცდა-გააზრების სისხლიანი, მარცხ-გამარჯვებიანი გზა. დღეს წარმოუდგენლად მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ციფრულ-ტექნოლოგიურმა დრომ თითქოს გაათავისუფლა მრავალი ტანჯვისგან და ახალი პერსპექტივები გაუჩინა. თუმცა დღესაც ურთულესი დრო დგას კაცობრიობისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. რთული დროა ადამიანის ფიქრისთვის, სულიერებისთვის, არჩევანისთვის. ძალაუფლება/ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის. რა გვეშველება? ხშირად გაისმის ზოგჯერ უღონო, სასოწარკვეთით სავსე, ზოგჯერ კი ნუგეშით მოკანკალე შეკითხვა. ეს საშველი ჩვენს დიდ ისტორიულ და სულიერ გამოცდილებაშიცაა, დიდ სულიერ საძირკველში, რომელსაც „გალობანი სინანულისანი“-ს დარი ტექსტები ამაგრებს. ყველაზე დიდი მეფე, რომელმაც პირველდაცემული კაცის ტრაგიზმით გაიაზრა თავისი ცხოვრება, მხოლოდ მონანიების მაგალითი კი არაა ჩვენთვის, არამედ, უპირველესად – განახლების, აღდგომის შესაძლებლობა; საკუთარ მანკიერებებზე და სისუსტეებზე, ცოდვებსა და უგუნურობაზე ამაღლების პერსპექტივა.
დავით აღმაშენებელი, ამ ჰიმნთან ერთად, დიდ ენერგიად დაიშვა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ისტორიაში. ის მხოლოდ წარსული როდია. ის მარადიული გამოსხივებაა და ჩვენგან ყოველწამიერ თანაგანცდას ელოდება.
არჩევანია, თვალი გავუსწოროთ ყველაზე ნამდვილს და … „აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ, ვხმობ…“.
სინათლეს ვუხმოთ.