ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მხედრისა და სპილოს ჭიდილი ცვლილებების გატარების გზაზე

“გარდატეხა. როგორ გავატაროთ ცვლილება, როცა ეს ასე რთულია” ძმების, პროფესორ  ჩიპ და დენ ჰითების ნაშრომი აუცილებელ ცვლილებებს შეეხება. მასში განმარტებულია, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ ცვლილების აქტიური მონაწილე და როგორ ვმართოთ პროცესი.

ჩვენ ყველას გვინდა საკუთარ ცხოვრებაში პატარა სასწაულების მოხდენა, მაგალითად ადრე თუ გვიან ავიღოთ  მართვის მოწმობა, მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები, დავნერგოთ ჯანსაღი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენს ყოველდღიურობაში, შევისწავლოთ ახალი ენა, ჩამოვიყალიბოთ სხვა პოზიტიური უნარ-ჩვევები. მიუხედავად, მონდომებისა და სურვილისა, ჩვენს მცდელობებს განხორციელების გზაზე ბევრი დაბრკოლება ეღობება წინ.

ავტორები ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, რაციონალურ და იმპულსურ ჩვევებს, მეტაფორულ სახელებს არქმევენ. ჩვენი განვითარებული, რაციონალური ეგო “მხედარია”, რომელიც ხანდახან ძალიან ბევრს ფიქრობს, დიდხანს უკირკიტებს საგნებს, აანალიზებს მათ და რთულად იღებს გადაწყვეტილებას; “სპილო” კი მთელი თავისი არსებით იმპულსური ფიგურაა, თავისი სიძლიერითა და გამბედაობით, თავისი ემოციურობითა და სულმოკლეობით, თუმცა ცალ-ცალკე ორივეს უჭირს საერთო მიზნამდე მისვლა. ავტორები გვირჩევენ  – თუ სასიკეთო ცვლილების მოხდენა გვინდა, თანაბრად უნდა შევძლოთ სპილოსა და მხედრის ერთი მიმართულებით საერთო მიზნისკენ დარაზმვა. 

ცვლილებების მოსახდენად, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. თუკი ერთ დღესაც გადავწყვეტთ, ამბიციური  გეგმის სისრულეში მოყვანას, აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ცვლილების მოხდენის კონცეფცია, მიზანი; გამოვარკვიოთ პრობლემა  და გავკვალოთ გზა, სადაც ჩვენი მხედარი თავისუფლად შეძლებს მიმართულების გაგრძელებას მოტივირებულ სპილოსთან ერთად. მანამდე, კი აუცილებლად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ნებისყოფა და უფრო მეტი შემოქმედებითი მიდგომა გამოვიჩინოთ, რომ ცვლილებების მოხდენის გზაზე მარცხისა და შემაფერხებელი გარემოების მიუხედავად, მიზანსწრაფულობა არ გაგვიქრეს, ფარ-ხმალი არ დავყაროთ და ნებისმიერი პრობლემის გამოჩენასთან ერთად დამბლა არ დაგვეცეს. ამ პროცესის დროს მნიშვნელოვანია, შევძლოთ “ნათელი წერტილების” დანახვა, რომელიც ჩვენი მხედრისთვის შუქურის ფუნქციას შეასრულებს ცვლილებების გზაზე.

წიგნში მრავალი მაგალითია მოტანილი, როგორ შეძლეს ადამიანებმა რთულ პირობებში განეხორციელებინათ ცვლილებები, ზოგჯერ მწირი ფინანსური შესაძლებლობებით, ზოგჯერ არაორდინალური მიდგომებით და უფრო მეტად კი სწორედ ნათელი წერტილების მოძებნით, რომელზე ორიენტირებითაც შესაძლებელი გახდა სასიკეთო ცვლილების გატარება.

“სკოლა სრული დებილობაა”, – განაცხადა სკოლის ფსიქოლოგთან პირველ შეხვედრაზე მისულმა მეცხრე კლასელმა ბობმა. ჯონ მერფი, სკოლის ფსიქოლოგი, იმითაც კი გაოცებული იყო, რომ ბობი შეხვედრაზე გამოცხადდა.  ფსიქოლოგმა მოსწავლის კომენტარს, რომ “სკოლა სრული დებილობაა” ყურადღება არ მიაქცია და უჩვეულო შეკითხვები დაუსვა მას. ასე დაიწყო ბობისა და ფსიქოლოგ მერფის საუბრები.

ბობის რთული ქცევა მძიმე ოჯახური პირობებით იყო გამოწვეული. მას მოვლილი ჰქონდა ბავშვთა სახლები და პრობლემური ბავშვებისთვის შექმნილი სპეცსკოლები, გარდა ამისა ბობი უნარშეზღუდული იყო, რაც სწავლაში ხელს უშლიდა. ფსიქოლოგი წარსულს და ძველ პრობლემებს არ ჩაღრმავებია, ის ნათელ წერტილებზე ჩაჭიდებით და გამოსავალზე ორიენტირებული თერაპიის საშუალებით შეეცადა შედეგის მიღებას. მერფი იმ შემთხვევებით დაინტერესდა, რომლითაც ბობს სკოლაში პრობლემები არ ექმნებოდა და უეცრად, ბობისგან მოულოდნელი პასუხი მიიღო : „აი, მისის სმიტის კლასში არასოდეს, თითქმის არასოდეს მექმნება პრობლემები”. მერფი დაინტერესდა, რით განსხვავდებოდა მისის სმიტის გაკვეთილი სხვა გაკვეთილებისგან და ბობმა ისევ უპასუხა: „უფრო კეთილია. ერთმანეთს კარგად ვუგებთ”. ფსიქოლოგმა მერფიმ გამოიკვლია, თუ რატომ გრძნობდა თავს მეცხრეკლასელი ბობი მისის სმიტის გაკვეთილზე თავს უფრო კარგად და აღმოაჩინა, რომ მისის სმიტი ბობს ყოველთვის ესალმებოდა, შედარებით მარტივ დავალებას აძლევდა, რომელსაც ბობი აუცილებლად ძლევდა. შემდეგ გადაამოწმებდა კიდეც, გაიგო თუ არა ბობიმ დავალება. ასე იქცა მისის სმიტის გაკვეთილი ნათელ წერტილად ცვლილებების გზაზე. სამი თვის შემდეგ, ბობმა საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა – ცუდი ყოფაქცევა საგრძნობლად გაუმჯობესდა; იგი სამაგალითო მოსწავლე არ გამხდარა, მაგრამ საგრძნობლად გამოიცვალა.

გამოსავალზე ორიენტირებული მიდგომით და ნათელ წერტილებზე ჩაჭიდებით, ფსიქოლოგმა მერფიმ სხვა მასწავლებლებსაც მისცა პრაქტიკული რჩევები, როგორ უნდა მოქცეოდნენ  ბობს. რჩევები ასეთი იყო: აუცილებლად უნდა მისალმებოდნენ, ისეთი დავალება მიეცათ, რომლის დაძლევასაც შეძლებდა, და აუცილებლად გადაემოწმებინათ, გაიგო თუ არა მოსწავლემ დავალება.

ცვლილებების გზაზე ბევრი გასათვალისწინებელი დეტალია, მათ შორის მნიშვნელოვანია ცვლილების მასშტაბის სწორად განსაზღვრა. ჩვენი მხედრის უპირატესი მხარე, სწორედ ვიზიონერული ხედვაა. მას უნარი შესწევს ოპტიმალურ ვადაში, გაიღოს მსხვერპლი და გრძელვადიან მიზანს მიაღწიოს. ასეთი ამბიციური გამოწვევა დაუსახა თავის თავს და თავის მოსწავლეებს ახალგაზრდა მასწავლებელმა კრისტალ ჯოუნსმა, რომელიც 2003 წელს “ასწავლე ამერიკისთვის” პროგრამას შეუერთდა და ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, დაწყებითი კლასის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. როგორც, ჯოუნსი იხსენებს კლასში პირველი კლასელისთვის შესაფერის ცოდნას არც ერთი მოსწავლე არ ფლობდა. მასწავლებელმა მიზნად დაისახა წლის ბოლომდე პირველკლასელთა ცოდნა მესამეკლასელთა ცოდნისთვის გაეტოლებინა და მათში მხედრისა და სპილოს ტანდემის ამუშავებას და წაქეზებას შეუდგა. მიზანი იმდენად ამბიციური და შთამბეჭდავი იყო, რომ არც ერთი პირველკლასელი არ იტყოდა უარს წლის ბოლოს “მესამეკლასელები გამხდარიყვნენ”. კრისტალ ჯოუნსმაც მშვენივრად მოახერხა პირველკლასელების მოტივირება, რომ წლის ბოლოსთვის სკოლა მესამე კლასელისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებით დაეხურათ. მასწავლებელს გულწრფელად სჯეროდა, რომ პირველკლასელები შეძლებდნენ სასურველ დონეებს შორის განსხვავების გადაფარვას.

პირველ რიგში, ჯოუნსმა კლასში სწავლის კულტურის დამკვიდრება დაიწყო. მოსწავლეებს “სწავლულებს” უწოდებდა და მათაც სთხოვდა ერთმანეთისთვის ასე მიემართათ. გარდა ამისა ის ავალებდა მოსწავლეებს, იმ დღეს მიღებული ცოდნა ოჯახის წევრებისთვისაც გაეზიარებინათ. გაზაფხულისთვის მოსწავლეები ტესტებში მოსწრების დონით მეორეკლასელებს გაუტოლდნენ. წლის ბოლოს კი მოსწავლეების 90% მესამეკლასელის დონეზე ან მათზე უკეთესად კითხულობდა. 

დასახულ მიზანზე მოტივირებით – “თქვენ მალე მესამეკლასელი გახდებით”, კრისტალ ჯოუნსი მოსწავლეების გრძნობებსაც შეეხო და მათ მხედარს – მიმართულება, ხოლო სპილოს დიდი და შთამაგონებელი მიზნისკენ სწრაფვის მოტივაცია მისცა.

წიგნში მოხმობილი უამრავი, თვალსაჩინო მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ცვლილებები ორგანიზაციულ თუ პირად სივრცეში, თავადაც განგვაწყობს აქტიურობისკენ იმ პატარა მიზნების შესრულებისთვის, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს ერთ ციცქნა ფურცელზე და განსახორციელებლად ფეხს ვითრევთ და ხელსაყრელ დროს ველოდებით. ეს შთამაგონებელი მაგალითები იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეძლეს შეეცვალათ თავიანთი პირადი სივრცე, სასიკეთო ცვლილებები შეეტანათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დახმარებოდნენ ადამიანებს, სხვასაც განაწყობს ცვლილებების მოხდენის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისაკენ.

 პ. ს “გარდატეხა. როგორ გავატაროთ ცვლილება, როცა ეს ასე რთულია” ქართული, არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” ერთ-ერთი თარგმანია. უახლოეს მომავალში, “რადარამი” მკითხველს ამერიკელი-კანადელი ჟურნალისტის და მწერლის პოლ ტაფის  კიდევ ერთ ნაშრომს – “როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას” – წარუდგენს და კიდევ ერთ აქტუალურ თემაზე სადისკუსიოდ გამოიწვევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი