ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

არეული ჩანაწერები ხერთვისიდან (მეორე ნაწილი)

საოცარია, დროთა განმავლობაში ყველაფერი როგორ იქცევა ისტორიის ნაწილად და იმდროინდელი აწმყოს აღდგენის საშუალებად. მაგალითად, ვიცით, რომ ციხე რამდენჯერმეა რესტავრირებული. დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ ქვედა, დღეისათვის მოშავო ფერის ნაწილი, ციხეს XX ს-ის შუა ხანებში მიამატეს.

საიდან ვიცით ეს?

შემონახულია 1945 წელს გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც ამ ადგილას მხოლოდ ღიობია. ესე იგი, ამ დროისათვის ციხე ჯერ რესტავრირებული არ იყო და ქვედა ნაწილიც მოგვიანებით აღუდგენიათ.

მაგრამ საბოლოოდ ციხის გაწმენდა მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ მოახერხეს. ალბათ, გაგიკვირდებათ, რა გაწმენდა უნდოდა, არქეოლოგიური სამუშაოები აკი ისედაც არ ჩაუტარებიათო.

საქმე ისაა, რომ, როგორ გასაოცრადაც უნდა ჟღერდეს, აქ ხალხი ცხოვრობდა. დიახ, ციხის გალავნის შიგნით მოსახლეობას ქოხები ჰქონდა ჩადგმული და საქონელი ჰყავდა გაშვებული. ადვილი წარმოსადგენია, ციხე რას დაემსგავსებოდა ასეთ პირობებში.

ექსკურსიამძღოლმა, ბატონმა მუხრანმა, რომელიც, ამავდროულად, ვარძიის ფონდების მცველია და ადრე ვარძიაშიც გიდად მუშაობდა, გვიამბო – კოშკის მეორე სართულზე ერთი გლეხი ცხოვრობდა და ძლივს დავიყოლიეთ, რომ გამოგვესახლებინაო.

ეს ამბავიც, ალბათ, ოდესმე ისტორიის ნაწილად იქცევა.

ხერთვისის აწმყო კი ასეთია:

ასვლისას მოხუცი ქალი შემოგვხვდა, წელში მოხრილი, ჭრელაჭრულა კაბაში. ალუმინის ბიდონი მოჰქონდა ქოშინ-ქოშინით, აი ისეთი, სოფელში წყლისთვის რომ ვიყენებთ.

მერე მოხუცი ცოლ-ქმარი შემოგვეყარა, ასევე – ალუმინის ბიდონებით.

გამიკვირდა, საიდან მოაქვთ-მეთქი.

როცა ჩვენი ექსკურსია დასასრულს მიუახლოვდა, შუადღის თორმეტი საათი იქნებოდა, მაგრამ მზე ისე აჭერდა, როგორც მხოლოდ მთაში იცის.

ბატონმა მუხრანმა, ჩვენი წყაროს წყალი დალიეთ, ისეთი კარგი წყარო გვაქვს, ცოტა სული მოითქვითო, – და იქვე ერთი რეზინის მილს, მეორე, დასაგრძელებლად მიმაგრებული მილი მოხსნა.

წყალი მართლაც ცივი და გემრიელი იყო. ყველას მაშინვე ის სამი მოხუცი გაგვახსენდა.

რანაირად შეიძლება, რომ ციხის ეზოში წყარო მოთქრიალებდეს და თვითონ სოფელს კი სასმელი წყალი არ ჰქონდეს?

რანაირად შეიძლება, ეს ოცდამეერთე საუკუნეში მოხდეს, როცა შორეულ და, როგორც ამბობენ, ბნელ შუა საუკუნეებშიც კი წყალმომარაგების ამბავი ჩვენს წინაპრებს ნაფიქრი და გათვლილ-გაწერილი ჰქონდათ?

ეგ არის საქართველო – ნახავ და იამაყებ, მაგრამ შეუძლებელია თან გულიც არ ჩაგწყდეს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“