შაბათი, სექტემბერი 6, 2025
6 სექტემბერი, შაბათი, 2025

ყველაზე დამაინტრიგებელი პერსონაჟი

ალბათ დამეთანხმებით, „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაში ყოველი ეპოქის მწერლებისთვის ურთულესი იყო მკითხველის მოხიბვლა და თავის დამკვიდრება სამწერლო ასპარეზზე. რუსთველმა ისე მაღლა ასწია თამასა, რა თემა უნდა მოიფიქრო და რანაირი ოსტატობით უნდა დაწერო, რომ ქართველი მკითხველის გული დაიპყრო? სამწერლო ჯადოქრობის ისეთი მასტერკლასი გაიშალა 1662 სტროფში, საუკუნეებია, ვერ ვწყდებით. ეს მაგია დაუსრულებლად მოქმედებს ჩვენზე. მთელი ექვსი საუკუნე „ვეფხისტყაოსნის“ ჩრდილში ისე გაატარა ქართულმა მწერლობამ, რომ ვერ შვა სახელი, რომელიც ისევ დაიქუხებდა. სულხან-საბა, ბესიკი და დავით გურამიშვილი – მეთვრამეტე საუკუნემ გაარღვია მოჯადოებული წრე და მომდევნო ორი ასწლეულიც უთუოდ არის ჩვენი მწერლობის დიდების ხანა. თუმცა ამ სამსაუკუნოვან მარათონში მრავალთა შორის ვაჟა-ფშაველა შემოგვყურებს როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, მხატვრულ და ფილოსოფიურ აზროვნებაში ახალი კოსმოსის შემოქმედი.

შევყურებ დღევანდელ ჩვენს რეალობას და იმედგაცრუებული, გულდაწყვეტილი ვფიქრობ, რომ მაინც ვერაფერი ვისწავლეთ ფშაველი ბიჭისგან. კი, მართალია, ალუდა, მინდია, გოგოთური, ჯოყოლა, აღაზა, ლუხუმი, ზეზვა, კვირია, ლელა და სანათა ანათებენ ჩვენს სულებში, გვასწავლიან ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის უნიკალურ გაკვეთილებს, მაგრამ ჩვენში დავანებული „ჯანღი რამ“, რომელიც „კურუმად, შავის ფერითა“ აწვება და აბნელებს ყველაფერს, გვაიძულებს, ერთმანეთს მოღალატეები, გონებაჩლუნგები, უზნეოები ვეძახოთ, ვაფურთხოთ, ვაგინოთ, შევეჯიბროთ ბილწი სიტყვების ხანჯლით გულების განგმირვაში.

მე კი ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ ეს ტექსტებია პანაცეა, ჯადოსნური მალამო, სულ ახლოს რომ უნდა ვიქონიოთ, ვიკითხოთ, ვესაუბროთ, ჩავუღრმავდეთ, სული გავიფაქიზოთ.

მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან, ვინ არის ჩემი საყვარელი მწერალი, რომელი ნაწარმოები ან გმირი მიყვარს განსაკუთრებით. ამ კითხვების პასუხებში გემოვნებასთან ერთად ალბათ ადამიანის ღირებულებები, ინტერესები და მორალიც იკითხება, თუმცა ფილოლოგისთვის, რომელიც ტექსტებში ცხოვრობს, ერთის ამორჩევა ძნელია.

ამასწინათ, როცა კიდევ ერთმა მოსწავლემ მკითხა, ვინ არისო ქართულ მწერლობაში თქვენთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი ქალი პერსონაჟი, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ვუპასუხე: შუშანიკის, ნესტან-დარეჯანისა და ოთარაანთ ქვრივის შემდეგ აღაზას, ჯოყოლა ალხასტაისძის ცოლს, დავასახელებდი-მეთქი.

რატომ აღაზას? მიუხედავად იმისა, რომ ვაჟას magnum opus-ად უმეტესობა „ალუდა ქეთელაურს“ მიიჩნევს, ჩემთვის „სტუმარ-მასპინძელია“ მისი ყველაზე ღრმა და ექსპრესიული ნაწარმოები. აღაზას სახეში კი იმხელა ინტრიგა ჩადო ვაჟამ, რომ აღარ სრულდება მისი დეკოდირებისას ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები. ვაჟამ თავისი საუკუნის მუსლიმური თემიდან გამოიყვანა საოცარი ქალი: ლამაზი, სექსუალური, ვნებიანი, ლაღი, თამამი, თავისუფალი, მამაცი, ჰუმანური, სამართლიანი, თემისა და ოჯახის ერთგული.

როგორია 21-ე საუკუნეშიც კი მუსლიმურ თემში ქალთა ყოფა, კარგად ვიცით. ჯოყოლა და აღაზა მენტალობით უსწრებენ ეპოქებს. აღაზა ქმრის გვარის ღირსებისა და სიმაღლის სიმბოლოა. ის ამაყად უნდა ატარებდეს ამ გვარს, რადგან მის ქმარს სამართლიანად მოსწონს თავი ცოლით: „ცოლს დაუძახა ჯოყოლამ: – გამოიხედე კარშია! – ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია. გამოჩნდა ქალი ლამაზი, შავის ტანსაცმლით მოსილი, როგორაც ალყა ტანადა, ვარსკვლავი ციდამ მოცლილი…“ ვაჟა განსაკუთრებული ფერებით ხატავს აღაზას სილამაზეს. ჯოყოლას ცოლი, მისი აღწერისას გამოყენებული ტროპული ხერხების წყალობით, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟ ქალებს მოგვაგონებს: სიმივით ასხლეტილია, ვარსკვლავივით მანათობელი; როცა ჯოყოლას დასტირის, „ცრემლს ასხურებდა ხშირადა, არჩვი ყელ-გადაგდებული, თმა-ხშირი, მთვარე პირადა, ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“.

ზვიადაურის შინ მიყვანის სცენიდანვე ბრწყინავს აღაზას სახე. ჯოყოლას მეუღლის იმედი აქვს და მას მიანდობს ღირსეულ მასპინძლობას:

„აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა,
როგორც დახვდები, დიაცო, ახლა ჰკიდია შენზედა“.

აღაზა არ არის XVIII-XIX საუკუნეების უფლებააყრილი ქალი, რომელსაც უცხოსთან საუბარიც კი ეკრძალებოდა. ის მთავარი აქტორია. თამამად ესალმება სტუმარს, მეომარ-მონადირის აღჭურვილობას ჩამოართმევს და ამაყად მიუძღვება სახლისკენ.

მომდევნო სცენა, სადაც აღაზა ჩნდება, უკვე სოფლის სასაფლაოა, სადაც ის ზვიადაურზე სისხლიანი ანგარიშსწორების მოწმე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაური მისი ოჯახისთვის ერთი ღამის სტუმარია, აღაზა, ისევე როგორც ჯოყოლა, მის ძმად მიღებას მოასწრებს და ამ არჩევანს არც მას შემდეგ ღალატობს, რაც გაირკვევა, რომ ზვიადაური ჯოყოლას ძმის მკვლელი და ქისტების დაუძინებელი მტერია. აღაზას ავიწყდება შინ დაგდებული, თანამოძმეთაგან გაკოჭილი ქმარი და ქისტების ხელში ჩავარდნილ, მარტო დარჩენილ ზვიადაურს ბოლომდე უერთგულებს.

რამხელა გამბედაობა იყო საჭირო, რომ სისხლს მოწყურებული ბრბოს საპირისპირო მხარეს დამდგარიყო მარტო-ქალი!

სიკვდილით დასჯისას გამოჩენილმა გაუტეხელობამ აღაზა ზვიადაურისადმი კიდევ უფრო მეტი პატივისცემით განაწყო. ეს სცენა ქართული მწერლობის ექსპრესიულ სცენებს შორის ყველაზე დამაინტრიგებელი მგონია:

„და ამ სურათის მნახველი ერთი დიაცი ბნდებოდა,

ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი, ხალხზე უკანა დგებოდა.

მიშველებასა ჰლამობდა: „ნუ ჰკლავთ!“ – ეძახის გულიო,

ფიქრობდა ბრაზმორეული: ნეტავი მომცა ცულიო,

ნეტავი ნებას მაძლევდეს დედაკაცობის რჯულიო,

რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას გავაფრთხობინო სულიო.

ნეტავი იმას, ვინაცა მაგის მკლავზედა წვებოდა,

ვისიცა მკერდი, აწ კრული, მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!

ნეტავი იმას ოდესმე ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!“

ეს სცენა მკითხველებში ურთიერთსაწინაააღმდეგო განცდებს აღძრავს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს უბრალო ადამიანური თანაგრძნობაა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ აღაზას ზვიადაურისადმი ადამიანურ თანაგრძნობაზე მეტი ამოძრავებს და გლოვობს მას არა როგორც ძმას, არამედ როგორც სატრფოს. სწორედ ეს ინტრიგაში ამხელს ვაჟას ოსტატობას. ტექსტი გვაძლევს საშუალებას, აღაზას განცდები კონტროვერსიულად განვიხილოთ.

არგუმენტები, რომლებიც ნათელყოფს, რომ შეუძლებელია, აღაზას ზვიადაურის მიმართ ვნებიანი ლტოლვა ჰქონდეს, რომ მისი ქცევა მხოლოდ ჰუმანიზმით არის განპირობებული: 1. აღაზა რომ ქმრის მოყვარული და ერთგულია, ნათლად ჩანს ტექსიდან; 2. აღაზასა და ჯოყოლას შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა; 3. ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ყოველთვის შეიძლება მოიხიბლოს უცხო ადამიანით და ეს ყოველთვის სექსუალურ ლტოლვას არ გულისხმობს; 4. ადამიანის სიკვდილით დასჯა ამაღელვებელი პროცესია, აღაზაზე ემოციურ გავლენას ახდენს საუკეთესო ვაჟკაცის მოკვლა და ის ამ დროს ღვთის გამორჩეულ ქმნილებას დასტირის; 5. ზვიადაურის წინაშე პასუხისმგებლობა და სირცხვილის გრძნობა აღაზას ემოციურად ანადგურებს. მისმა ოჯახმა ზვიადაურის დაცვისა და უსაფრთხოების ვალდებულება იკისრა და მისი ვერშესრულება დამამცირებელია; 6. აღაზას სული ბობოქრობს თანატომელთა აგრესიისა და მისი ოჯახის გაწირვის გამოც – მძიმეა განცდა იმისა, რომ თვისტომნი შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არჩევანს ფეხქვეშ თელავენ; 7. ვაჟა თავადვე მიგვანიშნებს ტექსტში: „სიკვდილსა გლოვა უხდება, მკვდარს ძმას – ტირილი დისაო“, ანუ აღაზას მხოლოდ ზვიადაურის სულიერ დად განიხილავს; 8. აღაზას პოზიციას იზიარებს ჯოყოლაც – მას ესმის ცოლისა და შეუქებს კიდევაც ზვიადაურისადმი თანაგრძნობას. ცოლ-ქმარს ჰუმანისტური ფასეულობები აერთიანებს; 9. ჯოყოლას არ დაუწყია ეჭვიანობა, თუმცაღა შეეძლო, ესაყვედურა აღაზასთვის, რომ გაკოჭილი ქმარი დაღამებამდე მარტო დატოვა სახლში და საეჭვოდ დაიგვიანა.

ასევე იძებნება არგუმენტები მეორე თვალსაზრისის სასარგებლოდ: 1. აღაზამ დაივიწყა გაკოჭილი ქმარი, შვილები და მთელი დღით მიატოვა ოჯახი; 2. ის უჩვეულოდ განიცდის სულ რამდენიმე საათის წინ გაცნობილი ადამიანის სიკვდილს; 3. სისხლის აღება იმ დროს იმდენად გავრცელებული და მიღებული იყო, რომ აღაზაზე ასეთი მძაფრი ზემოქმედება არ უნდა მოეხდინა; 4. აღაზამ გაიგო, რომ ზვიადაური ქისტების მოსისხლე მტერი და ჯოყოლას ძმის მკვლელი იყო და, წესით, მისდამი შურისძიების გრძნობა უნდა გასჩენოდა; 5. აღაზა შიშს სძლევს და სასაფლაოზე ღამით მარტო რჩება, ის თმას აჭრის ზვიადაურს სახსოვრად, როგორც უძვირფასეს, დაუვიწყარ ადამიანს; 6. ის ზვიადაურის ვაჟკაცობით უბრალოდ კი არ მოიხიბლა, არამედ შენატროდა მის სატრფოს, ფიქრობდა, რომ ასეთი კაცის სიყვარული ქალს არასოდეს გაუნელდებოდა; 7. აღაზა, მიუხედავად იმისა, რომ თემის თვალში ეს ძალზე სარისკო ქმედებაა, ჭირისუფლად უდგება ზვიადაურს და მეორე დღესაც მიდის მისი ცხედრის სადარაჯოდ, რომ ლეშიჭამია ფრინველებმა არ დაძიძგნონ; 8. ჯოყოლამაც კი შენიშნა, რომ აღაზას სახეზე ძლიერი გრძნობის ნაკვალევი ცხადად იკითხებოდა.

არგუმენტების მოყვანა კიდევ შეიძლება… თუნდაც დავუშვათ, რომ ამ ახალგაზრდა, ულამაზეს ქალს საოცარი ვაჟკაცის მიმართ გაურკვეველი, უცნაური გრძნობა აღეძრა – რა არის აქ არაადამიანური და გაუგებარი? წმინდანი და ასკეტი ხომ არ ყოფილა? ცოცხალი ადამიანი იყო, ადამიანის გული კი ვნებათა ბრძოლის ველია.

ყველაზე საინტერესოა აღაზას გაორება, მისი სულიერი ტანჯვა იმის გამო, რომ ზვიადაურთან სულიერმა კავშირმა ის თემს, ტრადიციებს, რწმენას დაუპირისპირა. ქალის არსებაში უმძაფრესი სულიერი ბრძოლა ბობოქრობს. სინდისი ქენჯნის ქმრის წინაშეც. პოემის მეშვიდე და მერვე თავები, სადაც აღაზას გრძნობათა ჭიდილია გადმოცემული, უბადლოა. მსოფლიო მწერლობაშიც კი იშვიათად თუ შევხვდებით ამგვარ ექსპრესიას. როცა ზვიადაურს თმას მოაჭრის და გულმდუღარედ დაიტირებს, აღაზას მთელი სამყარო და საკუთარი არსებაც კი აუჯანყდება. მთელი ქისტეთის მკვდრები თითქოს საფლავებიდან ამოდიან, საკუთარი ძმა ებარი გამწარებული მისდევს, მეორედ დამმარხე, ეს რა გააკეთეო?! „ხმა ესმის ისევ მკვდრებისა, მას ბანს აძლევენ მთანიცა, სამდურავს ეუბნებიან აღაზას გიშრის თმანიცა“.

აღაზას გზა სასაფლაოდან სახლამდე ჯოჯოხეთის ტანჯვაა. ქალი ზღურბლთან ჩაიკეცება და როცა გონს მოვა, ქმარს მოატყუებს, შენს ცხენს ვეძებდი ხევებში და დევი გამომეკიდა, ცოლობას მთხოვდაო. თანამედროვე ადამიანი არც კი დაუშვებს ამ მონათხრობის დამაჯერებლობას, მაგრამ მთის ხალხებში დევებისა და ქაჯების რწმენა ისე იყო ფესვგადგმული, რომ ჯოყოლას ეს არ გაჰკვირვებია. მაგრამ მოგვიანებით, როცა დაკვირვებულმა და მოსიყვარულე ქმარმა ცოლის სახეზე აღბეჭდილი ძლიერი გრძნობის ნაკვალევი შენიშნა, აღაზამ გულწრფელად აღიარა „შეცოდება“: „რა დაგიმალო, ჯოყოლავ, ან რად შემრისხავ თქმისადა? – ეტყოდა ცოლი და ნაზი თრთოლა მიეცა ხმისადა: – ცრემლები შემიწირია იმ შენის მეგობრისადა. ძლიერ შემბრალდა ბეჩავი, რომ უცხოეთში კვდებოდა, არც ნათესავი, არც მოძმე, რომ ვისმე შეჰბრალებოდა! მაგრამ, როს კლავდნენ ხანჯრითა, ოდნავაც არა ჰკრთებოდა. იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა, მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..“

აქ აღაზა გულწრფელი, გაბედული, ნათელი, მართალი, ზემგრძნობიარე ქალია, მისი შინაგანი სამყარო უბრალოდ აღაფრთოვანებს მკითხველს. ის ქმრის თანამებრძოლიც არის. როცა ხევსურები მოდიან ჯარეგის დასალაშქრად, ქმარს აღაზა უხმობს: „კარში გამოდი, ჯოყოლავ, წყნარად ნუ სწევხარ კერასა, რამდენი ხალხი მოერტყა ამ ჩვენის მთების წვერასა!.. წადი, უშველე თავისებს, მტრის დასახვედრად მირბიან, შენც ისე წადი, ჯოყოლავ, როგორაც სხვანი მიდიან!“

საკვირველია ამ ნაზი ქალის გაუტეხელობა. ის მზად არის ყოველგვარი განსაცდელისთვის. სოფელი ჯოყოლას ბოლომდე გაწირავს და სასაფლაოზე მისი დამარხვის უფლებასაც კი არ მისცემს აღაზას, მაგრამ ის მარტო გაუთხრის საფლავს ქმარს და იქვე დამარხავს, სადაც ჯოყოლა ხევსურებს შეაკვდა. აღაზას სიტყვებში გაუსაძლისი სულიერი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნობა, მაგრამ არა სასოწარკვეთა. ამაზე უარესი, შეუძლებელია, მომხდარიყო, მაგრამ აღაზა მზად იყო, თავის ზნეობრივ არჩევანს მიჰყოლოდა და ეს აუტანელი სიმწარე გულსა და გონებაში დაეტია. თითქოს სამყაროს შესჩივის მარტო დარჩენილი, ღვთისა და ადამიანებისგან გაწირული ქალი: „შენს მტერსა ისეთი ყოფნა, რო ჩემი ყოფნა მწარია! აღარვინ მივლის ახლოსა, არვინ მიჭირა მხარია…“

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას, ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული, თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“, –

ვფიქრობ, ამ მეტაფორებით დახატულ მხატვრულ სახეზე გამომსახველს, საოცარს და ამაღელვებელს ძნელად თუ იპოვით ქართულ ლიტერატურაში.

მორიგი სცენა აღაზას თვითმკვლელობისაა და ამ სცენის ექსპრესიულობის აღსაწერად სიტყვები არ მოიძებნება. უდრამატულესი კადრები კინოსავით ცოცხლდება ჩვენ თვალწინ, დაუვიწყარი, სულისშემძვრელი, გამაოგნებელი, თავისი უღრმესი ტრაგიზმით „ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს რომ ქმნის“ (რევაზ სირაძე). სტიქია მძვინვარებს და ლაშდაღრენილი შავი ხეობის თავზე თმაგაწეწილი ქალი დგას. დაბლა მდინარე საზარლად ხმაურობს. ყველა იმედი გადაწურულია, ხსნა მხოლოდ სიკვდილშია – თემმა სხვა გზა არ დაუტოვა. სიკვდილით თუ გადაარჩენს შვილებსაც. სიკვდილის წინ სინანული იპყრობს, აღსარებას ამბობს. შიში სადღაც გამქრალა. აქ სიკვდილი ხელახლა დაბადებას უდრის. „სხივმიხდილ ვარსკვლავს“ ყბები უთრთის. მძვინვარე ხეობა მის სულს ეხმიანება. იცის, რომ არავინ შეაჩერებს, არავინ ეტყვის, თავს ნუ იკლავო. როგორ უნდა შემობრუნდეს თემისკენ, როცა ასეთი ფიქრები უტრიალებს თავში: „რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?.. ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი არსად არია…“ გგონიათ, თემზე დაიბოღმა? გგონიათ, ვინმეს ადანაშაულებს თავის ტრაგედიაში? არა – როგორც ალუდას, ისე მის სულსაც არ მიჰკარებია სიძულვილი, პირიქით, გაუგო თემს, არ დაუძრახავს მისი გაუგონარი სისასტიკე: „მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, უცხოსთვის ცრემლი ვღვარია…“

ასე ქრება ეს ულამაზესი სიცოცხლე, მაგრამ აღაზა არ კვდება. მას ქისტები ყოველღამე ხედავენ ჯოყოლასა და ზვიადაურთან ერთად. აღაზა იმარჯვებს, ის ყველას ახსოვს. ის გვერდიდან არ მოუშორებიათ ჯოყოლასა და ზვიადაურს. ან კი როგორ მოიშორებდნენ? მათზე ნაკლები ხომ არ გადახდენია აღაზას, თუ მეტი არა? იქაც მასპინძლობს ზვიადაურს, ჯიხვის მწვადს უწვავს და ისეთი საოცარი სანახავია, ქისტები ვერაფრით ივიწყებენ. „როცა მათ ჰხედავს ერთადა, კაცი ვერ ძღება ცქერითა…“ ჯანღი, რომელიც დააწვება ხოლმე ამ სამეულს, გამოძახილია მუსას გაუნელებელი აგრესიისა ალხასტაისძეების ოჯახისა და ზვიადაურისადმი.

აღაზას ქცევის მოტივაცია ცხარე დებატების საგანი ხდება ხოლმე. ვაჟას უდიდესი ოსტატობა სწორედ ასეთი მგრძნობიარე ფსიქოპორტრეტების ხატვაში ცნაურდება. მეცხრამეტე საუკუნეში ავტორმა გააცოცხლა ორი საუკუნის შემდგომი მკითხველისთვისაც კი თანამედროვე, თამამი, მშვენიერი, მამაცი, ამაღლებული ღირებულებების მქონე, ადამიანურად მომაჯადოებელი ქალი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ნებისმიერ შთამბეჭდავ სახეს გაუწევს კონკურენციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“