შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მე მასწავლებელი ვარ

ნინოწმინდის რაიონის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი მასწავლებელი, ჯეკი თერნბულის ორი ფრაზა წავიკითხე: „მე მასწავლებელი ვარ” და „მე მასწავლებლად ვმუშაობ”. ავტორი მკვეთრად მიჯნავდა ამ ორი ფრაზის შინაარსს და არგუმენტირებულადაც ხსნიდა, რატომ ხედავდა დიდ სხვაობას მათ შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ ამისთვის სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია.

მახსოვს, დავიწყე უცნაურისა და უჩვეულოს სურვილით, ახლისა და რაღაც ისეთის კეთების გამძაფრებული შეგრძნებით, რაც მომცემდა საშუალებას, ვყოფილიყავი სხვებისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი. იქნებ მარტივ რომანტიკას არც კი სცდებოდა ეს ყველაფერი მაშინ – ახალბედა მასწავლებლის ოდისეა მთაზე შეკოკოლავებულ პაწია სოფელში.

დღეს მე მასწავლებელი ვარ და კარგად მესმის განსხვავება ზემოთ მოყვანილ ფრაზებს შორის. არიან მასწავლებლები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში აკეთებენ საქმეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც აქ აღმოვაჩინე – არიან მოსწავლეები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში „აკეთებინებენ” საქმეს მასწავლებელს, არიან მოსწავლეები, რომელთა გვერდით გაქვს საჭიროების იმგვარი შეგრძნება, როგორიც არ გქონია არსად და არასდროს. საჭიროების შეგრძნება კი აუცილებელია მასწავლებლისთვის. ისინი უკვე მეხმარებიან იმით, რომ ასჯერ ნაფიქრზე, მგონი, მეათასედ ვფიქრობ, რათა ყოველდღე რაღაც ახლით შევიდე მათთან და არ დავრჩე მასწავლებლად, რომელიც მოვიდა და წავიდა, თითქოს არც ყოფილა. ნუ გაიკვირვებთ, მაგრამ მთის ამ პატარა სოფლის ბავშვების გაოცება უფრო ძნელია. ალბათ იმიტომ, რომ საოცრად ხალასები და ბუნებრივები არიან, ესმით და აღიქვამენ მარტივად, სადად და შეუფერადებლად. თან უკვირთ, თან უხარიათ, რომ მათზე არც ისე დიდი ხარ და – მასწავლებელი. და ასე, ზედმეტი ძალისხმევისა და ორმხრივი დაძაბულობების გარეშე ჩნდება ნდობა. სულ შვიდნი არიან, კლასში მაქსიმუმ ორი თუ ზის, ხანდახან – თითოც. მათ გააკეთეს ჩემთვის მთავარი – დამარწმუნეს, რომ არ არსებობს მიზანი, რომელიც არ შეიძლება გარემოს შესაბამისად შეიცვალოს და მაინც მიღწეულ იქნეს ისეთი, როგორიც თავიდან გაჩნდა. კიდევ, გადამაჩვიეს იმით გაოცებას, როგორ შეიძლება გიყვარდეს არც ისე ლამაზი და კომფორტული სკოლა…

თეა მეხუთეკლასელი გოგონაა გრძელი ოქროსფერი თმით და საყვარლად დაჭყეტილი თვალებით. ის მუდამ ერთსა და იმავე პოზაში მხვდება: მერხზე ოდნავ დახრილი, ცალი ხელით მერხს წმენდს შინიდან წამოღებული ცისფერი (მუდამ ცისფერი!) ჩვრით, მეორით კი ნაწნავს აკავებს, რომელიც წელამდე სწვდება. ღიმილით მომესალმება, დიდი სახლის პატარა, მზრუნველი და ვალმოხდილი დიასახლისივით ამომხედავს, მერე კოხტად დაკეცავს ჩვარს და ბარბებიანი ჩანთის პაწია განყოფილებაში ინახავს… და ასე ყოველდღე, მოუბეზრებლად ზრუნავს არც ისე ლამაზ, მაგრამ თავის კლასზე, სასაცილო სიმკაცრით ამოწმებს ორად ორი თანაკლასელი ბიჭუნას სახელმძღვანელოებსა და რვეულებს. მე კი ვფიქრობ: ნეტავ საიდან აქვს ამ პატარა, გაკნაჭულ გოგოს ასეთი დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება, და რა კარგია, როცა პასუხისმგებლობა არ ვლინდება მხოლოდ დავალების დაწერით და ლექსის დაზუთხვით და მოსწავლე ასე მძაფრად აღიქვამს თავს სასკოლო ცხოვრების ნაწილად.

ისინი ხშირად საოჯახო საქმეებმოლეულნი მოდიან სკოლაში, შემოაბიჯებენ ოჯახის პატარა „კაცები” და „ქალები”, გადაშლიან სახელმძღვანელოებს თაკარა მზით გარუჯული ხელებით და უცებ რაღაც საოცრად ბუნებრივი და საინტერესო წამოსცდებათ. მახსოვს, როგორ გაუცდა გიოს სკოლა, ოჯახს უნდა მიხმარებოდა მოსავლის აღებაში. ლექსი არ იცოდა ზეპირად, მაგრამ იცოდა უფრო მნიშვნელოვანი რამ: „ვაჟა-ფშაველამ იმიტომ კი არ დაწერა „რამ შემქმნა ადამიანად?”, რომ ადამიანად ყოფნა არ უნდოდა, – ამით ისა თქვა, რომე ადამიანობა კია კაი, მარა წვიმა რომ ვიყო, რამდენნაირ სიცოცხლეს მოვუვლიდიო”. მე, მის მასწავლებელს, მის ასაკში ორი დღე მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ ალბათ გამიჭირდებოდა, ვაჟას ეს ლექსი მარადიული სიცოცხლის ჰიმნად მიმეღო.

ვაჟა-ფშაველა მართლაც განსაკუთრებულად მოსწონთ, ალბათ თავიანთი ცხოვრების წესის გამო… მე მიხარია, რომ ისინი ზედმეტი კირკიტის გარეშე აკავშირებენ თითოეულ პერსონაჟს თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, ოცნებებთან, მიზნებთან, როცა საოცარი გულწრფელობით გადმოსცემენ ამბებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აქვს საერთო ნაწარმოებთან, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანი მიღწეულია და მშვენივრად ახერხებენ, გააანალიზონ ესა თუ ის ტექსტი. მერე რა, რომ მათი მეტყველება სავსეა გაუმართავი წინადადებებითა და დიალექტიზმებით, რომ არ ჰყოფნით ლექსიკური მარაგი იმის გამოსახატავად, რასაც მიხვდნენ… ეს პროცესიც ერთ რამედ ღირს! უნდა ნახოთ, როგორ უფართოვდებათ თვალები, როგორი მოუთმენლობით იკვნეტენ ფრჩხილებს, ოღონდ მიმახვედრონ, რომ გაიგეს…

ისინი ასეთები არიან – მარტივები, უბრალოები, საინტერესოები და ინტერესით აღსავსენი… მაგრამ მათ არ ჰყავთ მასწავლებლები. ხშირად რამდენიმე საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის. იმიტომ რომ აქ მთაა, სოფელია, ტალახიანი და ცივი. სამაგიეროდ აქ არიან ბავშვები, რომლებიც მუხლამდე თოვლში ხშირად მეორე სოფლიდან მოდიან, რათა სკოლა ჰქონდეთ. მათ არ სჭირდებათ ულტრათანამედროვე კლასები – იციან, სწავლა უამისოდაც შეიძლება. სჭირდებათ მასწავლებელი, რომელიც დაანახვებს, რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი მისთვის. მათ ჩვენ ვჭირდებით – მე, შენ, სხვები… ყველა, ვინც სიყვარულით და რამის კეთების სურვილით მოვა აქ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი