შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვისაც ქალაქში ცა აკლია – წერილი ჯავახეთიდან

ცოტა ხნის წინ ერთი ბიჭის სტატია წავიკითხე, სადაც ქალაქში ცის ნაკლებობაზე ამბობდა რაღაცას და ჭრილობები გამეხსნა: სულ ვფიქრობდი, რატომ მიჩნდება-მეთქი საშინელი შეგრძნება ნიუ-იორკის ცათამბჯენების დანახვისას – ფოტოებზე, ფილმებში და, რა ვიცი, ყველგან. ეს ქალაქი სელინჯერის “ჭვავის ყანამაც” კი ვერ შემაყვარა. მგონია, ბილეთი და ათდღიანი საგზურიც რომ მაჩუქონ, არ წავალ… კარგი, სულ მთლად უარსაც ვერ ვიტყვი, მაგრამ ევროპის რომელიმე პატარა ქალაქზე გავცვლი.

მოკლედ, მივხვდი, რასაც ვერჩი ამ ქალაქს: გიგანტური შენობები სრულიად ფარავენ ცას და თუ ინსტინქტურად მაღლა აიხედე, ღრუბლის ციცქნა ფთილასაც ვერ მიაწვდენ მზერას; რომელიმე შენობის 156-ე სართულის აივანს მიაშტერდები და ამიერიდან გეცოდინება, რომ მაღლა არაფერი გესაქმება – მაინც ვერაფერს დაინახავენ შენი 156-ე სართულს ვერგაცილებული თვალები… არ ვყოფილვარ ნიუ-იორკში, მაგრამ ასე მგონია…

რას გადავეკიდე ამ ქალაქს? რა ვქნა, ასეთი წინასწარი შეგრძნებები მაქვს… ჰოდა, ალბათ ამ სულელური აკვიატების გამო აღმოვჩნდი ერთი წლით იქ, სადაც მიწიდან ამოჭყეტილი ერთი სართულიც კი ცათამბჯენად ითვლება.

რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის სტუდენტები ექსპედიციაში წავედით ჯავახეთის სოფელ ფოკაში. თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს ნახავდით აქ. ექსპედიციის მიზანი ჯავახეთის უკეთ გაცნობა იყო, უკეთეს შემთხვევაში კი ისტორიული, ფილოლოგიური და გეოგრაფიული კვლევები უნდა ჩაგვეტარებინა.

არ ვიცი, რა მომცა ამან როგორც ფილოლოგს, – როცა თვრამეტის ხარ, გინდა, უბრალოდ იქ იყო, სადაც ბევრ სხვადასხვანაირ განწყობას აღმოაჩენ, სხვადსხვანაირ ადამიანებს გაიცნობ, გაერთობი და იმოგზაურებ. ჰოდა, მეც თვრამეტის ვიყავი… სამაგიეროდ, აღმოვაჩინე, რომ არის ამქვეყნად ადგილები, სადაც მარტო ცას ხედავ ირგვლივ; რომ მოშიშვლებულ მინდორზე ბახის საფორტეპიანო კონცერტების მოსმენა დაუვიწყარი სიამოვნებაა; რომ მთაში ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად ცხოვრებას – ერთი დღის განმავლობაში მცხუნვარე მზეც მოგჭრის თვალს, გრილი სიოც გაგიწეწავს თმას და სეტყვასაც წამოუშენს შებინდებისას; რომ არსებობს კაშკაშა ლურჯი, საოცრად ნაზი, ბაცი ვარდისფერი და ათასი სხვა ფერის ყვავილი, რომელიც ალპურ ზონაში, ფარავნის მსგავსი ტბების პირას ხარობს, ქალაქისგან შორს. აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ახლობლებისგან, მეგობრებისგან, საყვარელი და შეჩვეული ქალაქისგან შორს ყოფნა – მარტივად და უბრალოდ. მივხვდი, რატომ ვერ იტანს ზოგი ადამიანი სიმშვიდეს: სიჩუმე საკუთარ თავთან მარტო გტოვებს, რაც ზოგისთვის ჯოჯოხეთია, ზოგისთვის კი ფუფუნება. ჯავახეთი ის ადგილია, სადაც გაშლილი სივრცეები ყოველგვარ ხმაურს ისრუტავს და სიმშვიდედ გარდაქმნის. 

მახსოვს, როგორ გამიჭირდა ფარავნის ტბის პირას გატარებული ერთი თვის შემდეგ თბილისში დაბრუნება. მეჩვენებოდა, რომ მანქანების გიჟური ხმაურის ატანა ყოველგვარ ადამიანურ ძალას აღემატებოდა, ადამიანები კი არ დადიოდნენ – დარბოდნენ ქუჩაში და, ღმერთმა იცის, სად მიიჩქაროდნენ ასე ისტერიულად. ქალაქში იყო საშინლად ცოტა ცა და ბინძური, უჟანგბადო ჰაერი. მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ქალაქის ტემპზე გადმოვეწყვე, ხმაურს შევურიგდი და ცისკენ თვალის გაპარებასაც გადავეჩვიე. ჯავახეთი კი დარჩა ცით, სივრცეებითა და სიმშვიდით სავსე შორეულ, ზღაპრულ ამბად.

რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით შევიტყვე განათლების სამინისტროს პროგრამის შესახებ, რომელსაც “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ეწოდება და არაქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად. როცა გადავწყვიტე, ერთი წლით ჯავახეთში წავსულიყავი, უმალვე უამრავი კეთილის მსურველი გამომიჩნდა. მეუბნებოდნენ, რომ იქ საშინლად ცივი ზამთარი იცის, ცხოვრება რთულია, ყველაფერს მოწყვეტილი ხარ, ინტერნეტიც კი არ არის და ასე შემდეგ. მე კი სულ ვფიქრობ: რატომ ითვლება, რომ ბედნიერება და სიცოცხლის ხალისი მხოლოდ იქ არის, სადაც ყველაფერი ხელის გაწვდენაზეა და ცხოვრებაც საათივითაა აწყობილი? სადღაც, გულის სიღრმეში, მეც ასე მეგონა, მაგრამ უცნაური ამბები დატრიალდა ჩემს თავს: უინტერნეტო, უსუპერმარკეტო და ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე სოფელში მთელი ერთი წელი ისე ვგრძობდი თავს, როგორც ალისა – საოცრებათა ქვეყანაში.

სოფელი

ყველა სოფელი იდილიურია, მაგრამ ჯავახეთის სოფლები გამორჩეულად თბილი და შინაურულია. ამას ალბათ თავისი მიზეზები აქვს. მკაცრი ზამთარი აქ ცხრა თვე გრძელდება, ძლიერი ყინვებისგან ჯავახეთის ლურჯი ტბები თითქმის ერთი მეტრის სიღრმეზე იყინება. ასეთი ცივი ზამთრის შემდეგ მზის სხივებს მონატრებული ადამიანები თვითონ ისეთ სითბოს აფრქვევენ, გეგონება, ცხრათვიან ყინვას სამაგიერო უნდა გადაუხადონო.

მეორედ ჯავახეთში თებერვალში ჩავედი, სამხრეთის თითქმის უკიდურეს სოფელში. ახალქალაქიდან ნელ-ნელა ვშორდებით დასახლებულ ადგილებს და თვალუწვდენელ სივრცეებში მივცურავთ, სოფლამდე ათი კილომეტრია. გზადაგზა, ძალიან შორს, ჩნდება ხელისგულისოდენა სოფლები – ჩანდურა, კუმურდო, კომუნა…

სახლში, სადაც ერთი წელი უნდა ვიცხოვრო, სკოლის დირექტორს მივყავარ თავისი მანქანით. ვგრძნობ, საკუთარი სტუმარივით მიყურებს, გზადაგზა მიყვება სოფელზე, ხალხზე, სკოლაზე… გზა არ მთავრდება – მანქანა თოვლის თეთრ ნისლში მისრიალებს და წინ არაფერი ჩანს გადათეთრებული მინდვრების გარდა, რომელსაც სად უერთდება ცა, ვერ გაარჩევ. გაზაფხულდება, ამ მინდვრებზე კარტოფილს, ქერსა და ხორბალს დათესავენ, თეთრ თოვლს მწვანე მინდორი შეცვლის, დაუღალავი და შრომას გადაგებული გლეხები უამრავი ხალხის სამყოფ სარჩოს აიღებენ შემოდგომაზე და ქალაქში გაგზავნიან.

შორს ისევ ჩნდება პატარა სოფელი. მთავარი გზიდან ვუხვევთ და ოკრობოკრო გზებით მივდივართ სახლებისკენ. ყველა საკვამურიდან ოჯახური სითბო ამოდის, სახლებში თბილა. ერთი შეხედვით მეჩვენება, რომ ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს – ერთნაირად თეთრი, დიდი აგურითაა ნაშენი, ყველას ორმაგი ფანჯრები აქვს ყინვისგან დასაცავად. აქ ხეები არ იზრდება, “დიდი მუხით” რომ დაიმახსოვრო ადამიანმა ადგილი (თან – თუ მინუს სამით იხედები და სათვალესაც არ ატარებ).

“ესეც შენი სახლი”, – ამბობს ჩემი მეგზური და მანქანას აჩერებს. ოთახში შუქი ანთია, გამჭვირვალე, თეთრი ფარდის მიღმა ვიღაც ფუსფუსებს უცხო სტუმრის მოლოდინში. აშკარად მელიან… 

სახლში ყველაფერი კრიალებს, ყველაფერს დიასახლისის ხელი ეტყობა. სომხური არ ვიცი და ჯერ არ მესმის, რას მეკითხებიან. კითხვებზე მხრების აჩეჩვითა და უხერხული ღიმილით ვპასუხობ. დიასახლისი მშვიდად ლაპარაკობს, ხმადაბლა, მოღიმარი სახით. ჩემს დიასახლისს ჰამესტი ქვია. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი არ ყოფილა – სოფელს შეურქმევია ასე მშვიდი ბუნების გამო: “ჰამესტ” სომხურად წყნარს, მშვიდს ნიშნავს.

ჯავახეთში ჩასულს ჩემმა მასპინძელმა თავისი მოქსოვილი რამდენიმე წყვილი შალის ჭრელი წინდა დამახვედრა. ამხედ-დამხედა, “შათ ფოხვილ ახჩიკ” (გამხდარი ხარო), – ჩაილაპარაკა და გასაღები გადმომაბარა: მე სამსახურიდან გვიან ვბრუნდები და რაც აქ იპოვო, შენიცააო. ეს გასაღები ჯადოსნურ კარს აღებდა, რომლის მიღმაც ინახებოდა გრძელი ჯავახური ზამთრის მთელი სარჩო: ატმის, კომშის, ალუბლის, მოცხარისა და ხურტკმლის კომპოტი. ჟოლოს, კაკლის, თეთრი ბლის, მოცვისა და ტყის მარწყვის მურაბა, ქაცვის ნარინჯისფერი წვენი და ყველა ფერის ჩირ-ჩამიჩი, რა ფერის ხილიც კი არსებობს ქვეყანაზე!

არ ვიცი, ყარყატები რა ნიშნით ირჩევენ ბუდის ასაშენებელ ადგილებს, აი, ჯავახეთში კი მათი უამრავი ბუდეა. იმხელებია, რომ თავისუფლად დაიტევს ორ ადამიანს. ჩვენი სახლის გვერდითაც ჰქონდა ყარყატს ბუდე, მაღალ ელექტრობოძზე. ამ ფრინველის დაბრუნება სოფელში საყოველთაო სიხარულის მიზეზია – მასთან ერთად მოდის ჯავახეთში ნამდვილი გაზაფხული და პირიქით: როცა ყარყატი გაფრინდება, ჯავახები დიდი და ცივი ზამთრისთვის ემზადებიან.

დიასახლისი მარტოხელა ქალია, მარტოობისგან ბევრ ფიქრს მიჩვეული. ხანდახან ხმამაღლაც ფიქრობს: “თამოჯან, იეს შათ უზუმ კიტე, ურ გეშთა ნარანქ არაგია ძემირ”, – თამოჯან, ნეტავ ვიცოდე, რომელ ქვეყანაშია ახლა ჩვენი ყარყატიო. საშინაო საქმეებს რომ მორჩება, მიუჯდება უზარმაზარ შეშის ღუმელს, ფანჯრიდან გასცქერის, როგორ ერევა კვამლი თოვლიან, თეთრ სივრცეს და ზამთრის სიმღერებს მღერის: 

“ძემირ ვა ბუქინ
სარნა მანი ქინ
დაბროცი ჯამფა
იეს იშკან ტანჯვავ”.
იცის, რომ მომწონს და ვუსმენ, ამიტომ აგრძელებს და ეცინება, როცა მის ნამღერს ვიწერ:
“თერი ეს ტუნ, თერი ენ ტუნ ქერეკინ
ლამპე ლუს ტუ ქერუი თუშ ტუ ქერეკინ”.

ამ სიმღერაზე მითხრა: “თამოჯან, მი ასა დაბროცა ეტიკ, შათ მუნდარ იერქ”, – სკოლაში არ თქვა, ეს რომ გასწავლე, უწმაწური სიმღერააო, არადა ერთ უწყინარ კოცნაზეა საუბარი, როგორც მითარგმნა.

ჯავახეთის ყველა სომხურ ოჯახში აქვთ საცხოვრებლისგან გამოყოფილი თონე, რომელსაც სომხურად თანდირს ეძახიან. ქართული თონისგან განსხვავებით, თანდირი მიწის ქვეშ არის დატანებული. სომხური ლავაშისა და თონის პურის ცხობა ხანგრძლივი და რიტუალური პროცესია, ერთ ჯერზე მთელი კვირის სამყოფ პურს აცხობენ. თუ ოჯახი დიდია და დიასახლისი მარტო ვერ აუდის საქმეს, მეზობელი ქალებიც ეხმარებიან ცომის მოზელასა და გაბრტყელებაში.

ცივი ზამთრის შაბათ-კვირას არაფერი სჯობს თონის კუთხეში მიდგმულ ხის მაგიდასთან ჯდომას და ყურებას, როგორ ყრიან თონიდან ცხელ ლავაშებს ქათქათა ტილოზე. შაბათ-კვირას ყველა ოჯახში ხურდება თონე და ჰაერი მთელ სოფელში ახალგამომცხვარი პურის სურნელითაა სავსე, გარეთ კი ბარდნის და ბარდნის… ამ დროს მართლა ძნელი მისახვედრია, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ზღაპარი.

სოფლების დიდი ნაწილი ჯავახეთში რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია: დადეში, აბული, დიდი და პატარა სამსარი, ალათუმანი, ბავრა, მერენია… ბევრგან ძნელად სავალი, გაფუჭებული გზაა და ტრანსპორტი საერთოდ არ დადის. ასეთი სოფლები ვაჭრებისთვის კარგი შემოსავლის წყაროა – ჩამოაქვთ პროდუქტი და სამოსი, ჩურჩხელა, თუთის ტყლაპი და ხილი, რომელსაც აქ ოქროს ფასი აქვს.

გასაყიდი პროდუქტით დატვირთულ მანქანებს სოფელში “ვოთქოვ ხანუთს” – “მოსიარულე მაღაზიებს” – ეძახიან. მათი გამოჩენა აქ ისეთივე დღესასწაულია, როგორიც გაზაფხულზე წეროების დაბრუნება. სოფელი ამ დროს მაკონდოს ემსგავსება: ყველა “მოსიარულე მაღაზიასთან” იკრიბება და გამყიდველიც ამაყად უჩვენებს ხალხს გორის წითელ ვაშლებსა და, ვინ იცის, საიდან ჩამოტანილ ფოჩიან ანანასს, ხასხასა მწვანე ფეიხოას და ნარინჯისფერ ფორთოხალს, სურნელოვან ხელსაწმენდებსა და ყველანაირი ლაქის ამომყვან ჯადოსნურ სითხეს. ყველაფერს კარტოფილით და ყველით “ყიდულობენ”. ყველი და კარტოფილი ჯავახებს ფულის მაგივრობას უწევს. ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო კარტოფილის, ქერისა და ხორბლის მეურნეობაა, თუმცა ხშირად აღნიშნავენ, რომ საბაზრო პირობები თანდათან უარესდება: საქართველოში ძირითადად თურქული, კარგი შესახედაობის კარტოფილი შემოაქვთ, რომელიც სასუქით დასაშვებზე მეტადაა გაჯერებული, ჯავახეთში მოყვანილ კარტოფილს კი თურქები ყიდულობენ იაფად და ხშირად მთელი წლის მოსავლის საფასური მიწის დასამუშავებლად თუღა კმარა.

ჯავახეთი ცენტრს მოწყვეტილი მხარეა და ხალხს მუდმივად და სამართლიანად აქვს გარიყულობის შეგრძნება. რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს ეთნიკური უმცირესობა, საჭიროა ბევრი სხვადასხვა სახელწიფო პროგრამის ამოქმედება, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს. გაგიკვირდებათ და ქართული ტელევიზიები არც კი აცხადებენ ნინოწმინდისა და ახალქალაქის ამინდის პროგნოზს, როცა ამ რეგიონებში კარტოფილის თესვის, მოვლისა თუ აღების პერიოდში ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩემი დიასახლისის გაწაფულ თვალს არასოდეს შეშლია წვიმის, ქარისა და თოვლის წინასწარ ამოცნობა: როცა ღამით ცას მოწითალო ფერი გადაჰკრავს და ვარსკვლავები არ ჩანს – იწვიმებს; თუ ზამთრისთვის შეუფერებლად ჩამოთბა და ჰაერი გამჭვირვალე და კრიალაა – გათოვდება… ქარის ამოცნობა კი ვერაფრით ვისწავლე: სალოკ თითს ასწევდა ხოლმე დეიდა ჰამესტი და მოახლოებულ ქარბუქს საიდან და როგორ გრძნობდა, დღემდე გამოცანაა ჩემთვის.
სკოლა და მელინე

“ჰარქელიჯან, ინჩუ იეს სორვი ვარაც ლეზურ?” – “მასწ, რაში გვჭირდება ქართულის სწავლა?” – ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც მოსწავლეებმა დამისვეს. არ მწყენია, ჯავახეთის სომხურ სოფლებში რამდენიმე დღის გატარებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ქართულად არავისთან უწევთ საუბარი და ენის სწავლის პრაქტიკულ საჭიროებას ვერ ხედავენ. სოფლიდან თითქმის არსად გადიან, მოსიარულე მაღაზიების მფლობელი ქართველები კი თვითონ საუბრობენ სომხურად, როცა სავაჭროდ ჩამოდიან.

იმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ჯავახეთში გავატარე, ყოველი დღე იყო მცდელობა პასუხის გაცემისა კითხვაზე, რატომ უნდა ვისწავლოთ ქართული.

სახლიდან სკოლამდე გზა ტბის პირს მიუყვება. უცნაური სანახაობაა, ზამთარში გაყინულ ტბაზე ჯგუფ-ჯგუფად როგორ გადადიან ციცქნა ბავშვები. მესამეკლასელი მელინე ერთ-ერთი მათგანია. უცნაურად გავიცანი – სკოლაში პირველად რომ წავედი, იმ დილით გაყინულ ტბასთან ქურქში ჩაფუთვნილი ბავშვი მელოდებოდა, ქუდიდან და კაშნედან წითელი ლოყები და დიდი, შავი თვალები მოუჩანდა. რომ მივუახლოვდი, მონდომებით გაიკრიჭა, თავით მანიშნა, წავედითო და საქმიანი ნაბიჯებით გაუყვა გაყინულ ტბას სკოლისაკენ. გზადაგზა შემომხედავდა, ისევ გაებადრებოდა სახე და რაღაცებს მეკითხებოდა სომხურად, თუმცა მაშინ მისი ნათქვამი არ მესმოდა. მას მერე სკოლაში სულ ერთად დავდიოდით. თუ ხელსაც ჩავკიდებდი, მელინეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დიდი თვალები უციმციმებდა, გზაში მეტიტინებოდა და პატარა, ფუმფულაჩექმებიან ფეხებს მიაბაკუნებდა თოვლში.

სომხურ სიტყვებში ბგერა “რ” რბილად გამოითქმის. მელინეს ავუხსენი, რომ ქარული “რ” უფრო მაგარი და მკვეთრია. დიდი მონდომებით სწავლობდა ქართულს და ზედმეტი მოწადინებისგან ასე ალაპარაკდა: “გამარრჯობა”, “რროგორა ხარრ?” , “მაკრრატელი”, “ვირრი”. ისე მომწონდა მისი ასეთი “რ”, რომ ხანდახან არც კი ვუსწორებდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები უკეთეს შემთხვევაში ერევანში მიდიან სასწავლებლად ან რუსეთში სამუშაოდ, უფრო ხშირად კი სოფელში რჩებიან და ადრეულ ასაკშივე ქორწინდებიან.

სომხეთში სწავლა საკმაოდ ძვირია და სოფელში დარჩენილ მშობლებს მძიმე ტვირთად აწევთ სტუდენტი შვილების სწავლისა და საცხოვრებლის ქირა. ბევრმა არ იცის, რომ ქართულ უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობები მნიშვნელოვანი შეღავათებით სარგებლობენ, თუმცა ვინც ეს იცის, მათთვის ისევ და ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის არცოდნა.

განათლების სამინისტროს პროგრამები “ქართული როგორც მეორე ენა” და “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” გრძელვადიანი პროექტებია, რომლებიც არაქართულ სკოლებში გზავნის ქართული ენის მასწავლებლებს მინიმუმ ერთი სემესტრით. ეს პროექტები შედეგს წლების შემდეგ გამოიღებს, მაგრამ სოფლებში, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს და სახელმწიფო ენაზე საუბარი უბრალოდ არ უწევთ, ყოველ წელს ერთი ქართველი მასწავლებლის გაგზავნა ფონს ოდნავ თუ შეცვლის… სახელმწიფო ენის სწავლის საუკეთესო მოტივაცია პრაქტიკული საჭიროება უნდა იყოს.

ევროპის ქვეყნებში მიიღებს თუ არა ადამიანი მოქალაქეობას, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ ოფიციალურ სერტიფიკატებსა და გამოცდებზე. საქართველოში ქართული ენის ცოდნის ოფიციალური სტანდარტიც კი არ არის შემუშავებული, არც ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტები და გამოცდები, როგორიც არის ფრანგული ენისთვის Delf, Dalf, TCF, ინგლისურისთვის კი Toefl.
ჩამოსახლების ისტორია 

სომხური მოსახლეობა საქართველში ჩვ. წ. აღ-მდე მე-2 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. მას შემდეგ ეტაპობრივი მიგრაცია არ შეწყვეტილა. პირველი დიდი ნაკადი მე-7 საუკუნეში, საეკლესიო განხეთქილების შემდეგ ჩამოვიდა. როცა საქართველომ ქალკედონური, ანუ ბიზანტიური ქრისტიანობა აირჩია, სომხეთმა კი ანტიქალკედონური, სომეხთა კათალიკოსმა მრევლს მოსთხოვა, უარი ეთქვათ დიოფიზიტობაზე და ანტიქალკედონურ ეკლესიას შეერთებოდნენ ან ქვეყანა დაეტოვებინათ. დიოფიზიტი სომხების ნაწილი, რომელმაც რწმენა არ შეიცვალა, სწორედ იმ დროს ჩამოვიდა საქართველოში.

1895-1896 წლებში თურქეთში სომხების დევნამ მიგრაციის ახალი ტალღა წარმოშვა. ამ დროს 19 000 ლტოლვილი დასახლდა საქართველოს რაიონებში. თურქეთიდან მრავალმა სომხურმა ოჯახმა შეაფარა თავი საქართველოს 1915 წელს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების წინაპრები ცარისტულმა რუსეთმა გადმოასახლა მე-19 საუკუნის ბოლოს. ჩასახლების გეგმა გენერალმა ივანე პასკევიჩმა შეადგინა. თავდაპირველად გადაწყდა 8 000 ოჯახის ჩამოყვანა ერზრუმის, ყარსისა და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან, მაგრამ საბოლოოდ 14 000 ჩამოასახლეს. თურქეთიდან ჩამოყვანილი სომხები ძირითადად სამცხე-ჯავახეთში დაასახლეს, ირანიდან ჩამოსახლებულები კი ქვემო ქართლში.
სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანაში თავს ეთნიკური თუ სხვა ტიპის უმცირესობები. ჩვენ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდამ “გარდამავალ პერიოდში” მყოფებს, ეს რეგიონები ყურადღების მიღმა დაგვრჩა.

კლიმატი ჯავახეთში ძალიან მკაცრია, საცხოვრებელი პირობები – მეტად რთული. სავსებით სამართლიანად უწოდებენ ამ მხარეს საქართველოს ციმბირს. ზამთარში ტემპერატურა -10, -15, -20 გრადუსსაც აღწევს. ნინოწმინდაში (ყოფილი ბოგდანოვკა) გზები ზამთრობით საერთოდ იკეტება და გაზაფხულამდე ქარბუქი ტრიალებს. სამწუხაროა, რომ არ არსებობს არავითარი სუბსიდია ასეთ მძიმე პირობებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, რაც ოდნავ მაინც აგრძნობინებდა მათ სახელმწიფო მხარდაჭერას.

ძვირად ღირებულ საახალწლო კონცერტებსა და სამთო-სათხილამურო კურორტების მოწყობას არ ითხოვენ ჯავახები; უბრალოდ, სურთ, სახელმწიფომ შეამციროს ქართულ ბაზარზე თურქული კარტოფილის ექსპორტი და უპირატესობა საკუთარ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას მიანიჭოს. 

სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო უნდა იყოს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ სულ რამდენიმე წელია, ამოქმედდა ენის სწავლების პროგრამა და შედეგი თვალის დახამხამებაში ვერ გახდება თვალსაჩინო – ენის სწავლების საწყის ეტაპზე პროცესს არ უნდა შეეწიროს ადამიანების სამუშაო ადგილები ენის არცოდნის გამო. 

საერთოდ კი ენის სწავლის საუკეთესო მოტივაცია ურთიერთობებია. თუ თბილად მოიკითხავთ გზაზე შემოყრილ უცნობებს და გამოჰკითხავთ, როგორ ცხოვრობენ, გარწმუნებთ, გაუხარდებათ, თავიანთ ტკივილებსა და სიხარულზე მოგიყვებიან, სოფლების ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლადაც გამოგყვებიან და თუ ორ სიტყვას მაინც ეტყვით სომხურად, ქართული ენის მთელ ლექსიკონს ჩაიწერენ თქვენგან.

მე გამიმართლა: როცა ჩემი კონტრაქტი ამოიწურა და შინ დასაბრუნებლად მოვემზადე, ჩემმა ჰამესტმა მითხრა: ყოველ ზაფხულს უნდა ჩამოხვიდე დასასვენებლად, ჩემი სახლის კარი შენთვის მუდამ ღია იქნებაო.

ნუ დაიზარებთ, აიკიდეთ ზაფხულობით ზურგჩანთები და იმოგზაურეთ ჯავახეთში, იქნებ თქვენც გადაეყაროთ ჩემი დიასახლისივით გულღია და თბილ მასპინძელს.

მოინახულეთ ლურჯი ტბები და ზღაპრული ალპური ბუნება – ეს ადგილები ხომ მათთვისაა, ვისაც ქალაქში ცა და გაშლილი სივრცეები აკლია.

ნინო სურმავას ფოტოები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი