ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

– ბიბლიოთეკის მონატრება და ჩემი ავსტრიული არდადეგები

გახსოვთ ბავშვობაში ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნის სუნი? წლების მერე, იგივე წიგნი რომ შეგხვდეთ მაღაზიის თაროზე, შეიძლება არავითარი ემოცია არ გქონდეთ, მაგრამ აბა ისევ ის წიგნი აიღეთ ხელში, ბიბლიოთეკის, ყდის შიდა გვერდზე რომ მოლურჯო ან მოყავისფრო შტამპი არტყია…თქვენს განცდებზე ვერ ვისაუბრებ, ჩემსაზე – კი. ეს მარტივად გამოითქმის: ბიბლიოთეკის წიგნები განსაკუთრებით მიყვარს, მასევდიანებს და მახალისებს. აბსოლუტურად ყველა ბიბლიოთეკარი მახსოვს, ვინც კი ცხოვრებაში (ანუ ბიბლიოთეკაში) შემხვედრია: ბიბლიოთეკარი ლიანა, თალიკო, ქეთინო ფალიაშვილის ქუჩის ულამაზესი ბიბლიოთეკიდან (ამას წინათ გავიარე – ვიტრინები გამოუნგრევიათ, ალბათ ბუტიკს გახსნიან). შეროზიას ქუჩის ბიბლიოთეკა – ნუგზარ აფხაზავამ გამგზავნა ჟურნალ «ნაკადულიდან» წერილით, მიიღეთ და აკითხეთო. საჯაროელები არ დამიმახსოვრებია: საჯაროში სამეცადინოდ დავდიოდი, საკითხავად – ნაკლებად. ერთი კრიმინალური ისტორიაც მაქვს: მე და ფიქრია ჩიხლაძემ ჭავჭავაძის გამზირის ბიბლიოთეკიდან (ახლა იქ მგონი ბანკია) კაი სქელტანიანი, იურიდიული თემატიკის წიგნიც მოვიპარეთ, ოღონდ ვერ ვიხსენებ, სადააა ახლა ის ნაქურდალი წიგნი.

აქვე ვიტყვი, რომ ოცნება მაქვს: ყველა იმ წიგნის გამოსყიდვა მინდა, რაც კი ბიბლიოთეკების მკითხველთა ჟურნალებში ჩემი გვარის გასწვრივაა მითითებული. სამოთხეც დაახლოებით ასე წარმომიდგენია: ვზივარ სოფელში ბუხრის წინ, მუხლებზე პლედით, და ბუხრის და ლამპის შუქზე გამოზოგვით ვკითხულობ ბიბლიოთეკის შტამპიან წიგნებს…

ამ სამოთხის პატარა კუთხე ამ ზაფხულს მოვიწყვე ნუნისში: ახალ ოფისში, ჭავჭავაძეზე ოქროსავით მეზობელი გავიცანი – მზია გალდავაძე, რომელმაც თავისივე დაარსებული თბილისის ავსტრიული ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან გამომიტანა სანუნისო წიგნები. ნუნისშიც არის პატარა ბიბლიოთეკა, მაგრამ ამ ზაფხულს შიგ არ შემიხედავს: ავსტრიაში ვიყავი თავით გადაშვებული. პლედი და ბუხარი არა, მაგრამ მზეზე კი ვიჯექი, ირგვლივ ნაცრისფერი ხვლიკები დარბოდნენ და ბიბლიოთეკის შტამპიან წიგნებს გამოზოგვით ვკითხულობდი. ორი კვირა მეყო. მაშინ ვიფიქრე პირველად: რა მოხდებოდა, რაც კი წამიკითხავს, სათაური, ავტორი და მოკლე შინაარსი ჩამენიშნა – ყოველ დილით ჩავიხედავდი და თვალში რომელიც მომხვდებოდა, მთელი დღე იმ წიგნს შევიამხანაგებდი: დღე ხომ უფრო მსუბუქდება, როცა მარტო არა ხარ… თან, ზემოთ რომ ვთქვი, იმ სამოთხეში მოხვედრისას, კარტოთეკა მზად გაქვს: ამოირჩიე და იკითხე…

ეს ამბავი (ჩანიშვნა) ავსტრიიდან დავიწყე. ავტორი, სათაური, მოკლე ამბავი და განწყობა – სულ ეს არის. სამაგიეროდ, რა კარგი სამზადისია სამოთხისთვის…
ბინა
ავტორი: ეველინ გრილი
მზია გალდავაძის თარგმანი
რომანი მკერავ როზვიტას შესახებ. კოჭლ როზვიტას აქვს ბინა და ლამაზი თითები. მუშა მაქსს მოიყვანს ქმრად. როზვიტას იმედი უცრუვდება: მოყვარული ქმრის მაგიერ ლოგინშიც ლოთი და უგრძნობი მაქსი შერჩება. იქით როზვიტას დის პრობლემები: ქმარს საყვარელი ჰყავს, ქალს – კლიმაქსი, და როზვიტას სხვენში იკლავს თავს. ერთი ბოზიცაა რომანში, განათლების განყოფილების გამგის საყვარელი ლოტე.
საინტერესო მხატვრული სახეებია, და კარგი თარგმანი. ცოტათი წაიიიელენიკებს, მაგრამ უფრო დამცხრალია.
ქართულად გამოიცა მცირე ტირაჟით. სიამოვნებით გამოვცემდი.
პიანისტი ქალი
ელფრიდე იელინეკი
თარგმანი: ლაშა დადიანი (ცოტა მოკრძალებულად თარგმნის).

გაგიკვირდებათ და პირველად წავიკითხე. მუსიკის მასწავლებელი ერიკა კოხუტი, დედამისი და ერიკას მოსწავლე ვალტერ კლემერი – უწვერული ხვადი. დედა-შვილობაში არსებული ტაბუირებული განცდებია გამხელილი. რა მოხდა მერე: შვილსაც შეიძლება ეზიზღებოდეს დედა ხანდახან და პირიქით. საყვარლად ცინიკოსი და უწმაწური ელფრიდე თითქოს ერთობა კოხუტ-კლემერის არშემდგარ წყვილზე. დედის განმარტებით, ერიკა შეუფერებელ მამაკაცს გადააწყდა. დასაწყისიდანვე იგრძნობა, რომ საწყალი ერიკა გააფრენს.

გარეკანზე წერია, რომ «პიანისტი ქალი» სენსაციური წარმატებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
ფილმად გადაღებული «პიანისტი» კანის ფესტივალზეა გამარჯვებული. და არაოფიციალური სტატუსიც დაურტყამს: «ახალი საუკუნის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები კინოხელოვნებაში.» მთლად დავიბენი: აქ ისეთი ფრაზებია, ავტორისეული, აუცილებლად წიგნში უნდა კითხულობდე, რომ მარილი იგრძნო. ნეტა კინოში რა «მნიშვნელოვანი ნაწარმოები» გამოჩნდა? ფილმის ვიდეოც მქონდა, ყოველ საღამოს ვაპირებდი ყურებას, მაგრამ დამეზარა. მივხვდი: DVD-ზე გამოსახულმა მოკუნტულ-გადახვეულმა ფილმის გმირებმა გამიფუჭეს ხასიათი.
ვერ ვისენსაციურე, მაგრამ იელინეკი მიყვარს.
რაინერ მარია რილკე
ადრეული მოთხრობები
ნათელა ხუციშვილის თარგმანი
«იდუმალი თანხლება» ძალიან ფაქიზი რამაა: დედა, რომ ქსოვს და თან ცდილობს, ფიქრებით დაიცვას შეყვარებული შვილი. დედა, რომელიც შვილისთვის ისეთი უსუსურია, «თითქოს არც კი დაქალებულა». მამა, პუნქტუალურად რომ კითხულობს გაზეთს და ბოლოს იფეთქებს: სადაა ამდენხანს ის ბიჭი? Dდა დედა ისევ კიბის თავში. თითქოს სურათს ხედავ. სულ ოთხიოდე გვერდია, და უსაშველო დედური სევდა.
«ბებრები:»
პეტერი, ჯერ კიდევ მთლად გადაჩვეული რომ არაა, ხანდახან რამემ გააკვირვოს; კრისტოფი (პეტერის გაკვირვების ობიექტი): როგორ მოახერხა, ისე გაეძლო ამდენხანს, რომ რამე არ ჩამოტეხვოდა; პეპი, რომ იჯდა და აფურთხებდა, «თავისი დღე და მოსწრება ბევრს სვამდა და ჩანს, ის ჰქონდა მისჯილი, რომ გახარჯული სითხის პროცენტები მაინც გადაეხადა განვადებით მიწისთვის». ჩახლართული, მაგრამ საინტერესო. მერე სურათი: პაპა, სადილობაა – ეძახიან პეტერს. პაპა წამოიმართებოდა, ხელს დაადებდა ათი წლის გოგონას ქერათმიან თავზე, პაწია გოგო ამ ხელს ხმელი ფოთოლივით გადმოიღებდა ხოლმე თმებიდან და კოცნიდა. კრისტოფი და პეპი კი თავშესაფარში მიდიოდნენ. და მაგარი ფინალი: პეტერის შვილიშვილს ხანდახან რამდენიმე ღერი გამხმარი ყვავილი რჩებოდა, რომელსაც კრისტოფი ჩუმად იღებდა და თავშესაფრისკენ მიჰქონდა, თან პეპის რცხვენოდა.
პეპი მიასწრებდა თავშესაფარში და ვითომ შემთხვევით, რაფაზე წყლიან ჭიქას დგამდა. მერე ოთახის კუთხეში ჯდებოდა და ელოდა, როდის ჩააწყობდა მეორე ბებერი ყვავილებს ჭიქაში.
სენტიმენტალურიც არაა, რაღაც სხვანაირია – იქ ხარ, მონაწილეობ. თან ცრემლები ჩამოგდის. არადა, ეს მოთხრობაც ერთი კადრია სულ, სამიოდე გვერდი.
«თაობები». «ჩვენს ბინაში ხუთშაბათობით პომიდორის სუნი დგას, კვირაობით -შემწვარი ბატის ოხშივარი, ყოველ ორშაბათს კი სარეცხია. ასე, რომ დღეებიც შემდეგნაირია: წითელი, ცხიმიანი და საპნიანი.» როგორი დასაწყისია? არის კიდევ დღეები შემინული კარების მიღმა, სადაც ბებიას და ბაბუიას სურათები ჰკიდია. და-ძმასავით რომ გამოიყურებიან, «რადგან მოხუცთა სახეები უქმად, სადღაც ცხოვრების მიღმა დარჩა და რადგან სხვა არა ეკითხებოდათ რა, ნელ-ნელა ერთმანეთს დაემსგავსნენ. და ქერათმიანი ბიჭი, ამ სურათების წინ რომ დგას და რაღაცას გრძნობს. ყველას გვიგრძვნია ეს რაღაცა.
«ბაღჩაში, ესკიზი». მართლა ესკიზია, ქალი (სხვისი ცოლი ლუცი): «როგორ ჰგავხართ ჩემს გარდაცვილილ ძმას. ის რომ ცოცხალი იყოს, არასოდეს გავთხოვდებოდი და სულ ერთად ვიქნებოდით».
სულ ერთი წამია. ვნებით აჟრჟოლებული კაცი. და ქალი, რომელიც ეუბნება: «როგორ ჰგავხარ ჩემს გარდაცვლილ ძმას»…
«კარდინალი» არ მოიყოლება. თვალისდახამხამებაა: დედა, მარკიზი, საყვარლიანი და ქმრიანი საყვარელი, მერე კარდინალობა, მერე – «პაპი გარდაიცვალა და რომში გიბარებენო». სულ ესააა. და დედის წერილი, რომელიც რაღაცას ულოცავს. ვერ ამოისუნთქავ, ისე იკითხება.
«სახლი».
ეს კი ყველას ჰქონია: სახლს დაინახავ და ფიქრობ, რომ ეს სახლი სადღაც, როდესღაც გინახავს. თუ მატარებელი უცხო ქალაქში ისე დაგტოვებს, რომ მეორეში გადაჯდომას ვერ მოასწრებ, და სადგურის შორიახლო ბოდიალში ასეთ სახლს შენიშნავ, კარზე თუ არ დარეკავ, უკეთესია. Yოველ შემთხვევისთვის, მზად უნდა იყო, რომ იქ დამხვდური ქალი კარადისკენ წაგიყოლებს საკაბის საჩვენებლად, კარადაში კი წითელთელთავიანი კაცი დაგხვდება, რომელიც ასევე სადღაც გინახავს.
«მერე კი ვარდნა. და აღარცერთი ფიქრი.»
აი, ასე უცნაურად შეიძლება დამთავრდეს ოდესღაც თითქოს სადღაც ნანახი სახლის ხელახლა ხილვა.. ესეც შენი «გაბნეული და მწერლის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში შემორჩენილი ნაწარმოებები.» რილკე პირველად ვიგრძენი ამ მოთხრობებით. მაპატიეთ «დუინურო ელეგიებო» და «ორფევსისადმი სონეტებო».
იურა ზოიფერი
რჩეული ნაწარმოებები
აღარც რჩეული და აღარც – გადარჩეული: ზოიფერი ჩემი მწერალი არ არის. მისი პოლიტიკური სატირები სად შემიძლია! იმედი მაქვს, ჩვენი სატირული პოლიტიკის გამო მაქვს ზოიფერისადმი ასეთი ვერატანა. პირადმა წერილებმა უფრო დამაინტერესა. ხუთწლიანი ლიტმოღვაწეობის კვალობაზე კარგად კი უღვაწია!
«სხვა დროს, სხვა დროს» – ასე ვემშვიდობები ზოიფერს. რაღაც არ მგონია, ეს «სხვა დრო» მალე დამიდგეს.
«ხვალაც ასევე»
მოთხრობები
ელიზაბეთ ჰაუერი
თარგმნა შორენა შამანაძემ
მშვენიერი მოთხრობები. «ხვალაც ასევე» – განსაკუთრებით. ბოლომდე ვერ იგებ, თაღლითი კაცის შესახებ კითხულობ, თუ რაღაც საინტერესო სიუჟეტში ჩაგითრიეს. კაცი უმტკიცებს ქალს, რომ იცნობენ ერთმანეთს და რაღაცეებს უყვება ამ ვითომდა ნაცნობობიდან. ქალი ბოლომდე ერთვება თამაშში და ნატრობს, რომ არ დამთავრდეს, ხვალაც ასევე მოვიდეს და კიდევ რაღაც გაახსენოს თან არსებული და თან – არარასებული წარსულიდან. მერე რა, რომ ამ ყველაფერს თითქმის ბოლომდე ეწირება მისი ფული და ქონება.

«ჟოსი და ჟოზეფინა» – დედა-შვილი. აბა, სად მოვა ამათთან ელფრიდე იელინეკის ერიკა და დედამისი! ქალიშვილი, რომელიც ღმერთს მადლობას სწირავს, რომ დედა ჯოზეფინა ბიუროში მაინც არ ურეკავს, თვითონ კი ხანდახან სპეციალურად კრეფს სხვა ნომრებს, ვითომ დედასთან რეკავდა. აღარც დედა გებრალება, აღარც შვილი და აღარც საკუთარი თავი. დროა ასეთი – «როგორ გეძინა? ჭამე რამე?» დედის კითხვები სიამოვნების მაგიერ ნერვებს რომ გიშლის, იმდენი სხვა პრობლემაა ირგვლივ. რას ვიზამთ, ახლა ასეთი დროა, დედას რომ სახელით მიმართავ, ბოლოს კი, უმუშევარს და უბედურს, ისევ დედა წაგიყვანს ბავშვობის პანსიონატში, «მწვანე მონადირესთან».

კიდევ ერთი მოთხრობაა, «ჭრილობა». მიდიხარ და უცებ აღმოაჩენ, რომ სისხლი მოგდის ხელიდან. ჭრილობა გაქვს და ვერ იხსენებ, სად შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. მერე, ვერგახსენებაზე, იმდენად წვალობ, რომ დანას იღებ და ჭრილობას იფართოებ – ახლა იცი მაინც, საიდან გაქვს ჭრილობა. ქმარმა უნდა ისტერიკა დაარქვას და უნდა – რაც უნდა.

«ლტოლვილია» კიდევ ერთი მოთხრობა, ებრაელ ბიჭზე, მამამ რომ უბრძანა გაქცევის წინ: კოსტუმი ჩაიცვი და სამშობლო ისე დატოვეო. როგორ დასდევენ ადამიანები ერთმანეთს აჩრდილებად. ლიტერატორები იტყოდნენ: «მარადიული ეგზისტენციალიზმი»…
«კვანძის გახსნა» – ქალის, კაცის და კურდღლის ერთდროულად გადარჩენაზეა. ძაღლებზე აქვს კიდევ ერთი მოთხრობა «ქვინი ხვდება ბორისს.» მომეწონა ეს მწერალი, მაგრამ იმან, რაც გარეკანზე წავიკითხე, შოკში ჩამაგდო: «ეს წიგნი განკუთვნილია მოთხრობის ნატიფი ჟანრის ჭეშმარიტი დამფასებლისთვისო». ვაიდა, ჩემთვის არ იყოს განკუთვნილი?
მარიანე გრუბერი
«მეჭვავია ჩიტის სიკვდილი»
თარგმნა შორენა შანამანაძემ
ბაბუასთან გაზრდილი მწერალი. საკმაოდ ცნობილი ყოფილა. მისი მთავარი გმირი ბაბუამისის პროტოტიპია. მეჭვავიაში ორი ბებრის – ტერეზას და უნგერის მშვიდი და სიყვარულიანი ლოდინია სიკვდილის. ნოდარ დუმბაძის მოთხრობაა, სათაური არ მახსოვს, მარტოდარჩენილ მოხუცზე, მეზობლის ბიჭს რომ შეიჩვევს სიბერეში, და რომ კვდება, მხოლოდ ეს პატარა ბიჭი ტირის გულდათუთქული. «ზერდაგი ცხენის ნაკვალევზე» – სოფელში, მეზობლებისგან გაძარცვულ სახლში ბრუნდება მოხუცი, რომელიც ქალაქმა ჯერ ჩაიხუტა, მერე ნახმარი ხელთათმანივით ისროლა. და ბოლოს: ცეცხლის გატანება ყველაფრის, რაც წაგართვეს და დაგიბრუნეს, რაც შენთან ერთად დაბრუნდა.
მომწონს ეს მწერალი. «თუ ცოცხლობ, რაღაცეები უნდა გამოიგონო კიდეც, ისე არაფერი გამოგივა» (უნგერი).
წითელი ტბორი
ბრიტა შტაინვენდტნერი
თარგმნა დათო ბარბაქაძემ
შათჰოფი. შათჰოფელი გლეხი. მწყემსი ქალი ფრანცისკა.
არა, ეს არ შეიძლება მოჰყვე. ნებისმიერ გვერდს შეგიძლია ჩაკრა თვალი და დაგბურძგლოს. აზრი არ გაგიწყდება. თითოეული აბზაცი დასრულებული სათქმელია. არაპროზად.
«ეს არის წიგნი ისტორიის სამსხვერპლოზე მიტანილი არაისტორიული უბრალო ადამიანების კონკრერეტულ ბედზე». მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავსტრია. ეს ქალი პოეტია. ძალიან კარგი პოეტი და ბარბაქაძის თარგმანი – ბრწყინვალე.
პეტრა ნაგენკიოგელი
გაღმა აღმოსავლეთია
თარგმნა თენგიზ ხაჭაპურიძემ
…ოოოო…
«დედას ბოლომდე არასოდეს გაუცინია. მისი სიცილი სადღაც წყდებოდა, სიცილი ყელზე ადგებოდა ხოლმე, როგორც პურის ნამცეცი». «…სურათის კიდე მამის სახეს შუაზე ჭრის და სახე ნახევარზე ცოტა უფრო მეტად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ სახე გაყოფილი და გადაჭრილია, ის უფრო დიდი ჩანს, ვიდრე მთლიანი სახეები. ვინც სახეგადაჭრილ კაცს ცოლად გაყვება, თვითონაც მთელი არ დარჩება» – ფიქრობს ლენა.
ეს ლენა კიდევ ისეთ რამეებს ფიქრობს……აი, ეს ფიქრია, ფანტასტიკურად რომ იკითხება და მწერალია რაღაცნაირი, პედანტურობამდე ნიუანსური. «ომი ყველაფრის მამააო, თქვა ბაბუამ. მამა ომია – გაიგო ბავშვმა.» ნეტა რომელმა უფრო სწორად იგულისხმა… კითხულობ და გიხარია, რომ ვიღაც მწერალი, არც ნობელიანტი და არც ვინმე განსაკუთრებული, ზალცბურგელი ორმოცი წლიას ქალი ასე საინტერესოდ წერს. წერს იმაზე, რაზეც წეღან ფიქრობდი და იმედი გიჩნდება: ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ყველას შეგვიძლია, ასე ვწეროთ. …
ქრისტინე ლავანტი
ლექსები და მოთხრობები
არ მახსოვდა, რომ შოთა იათაშვილმაც თარგმნა ლავანტი.
შეიძლება, ამ ქალზე არაფერი ვთქვა? «ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავი» (მეგობარი ინგებორგისადმი წერილი-აღასარება) მომწონს. ავანტის ლექსები არც არასოდეს მომწონდა. იმედს ვიტოვებ, იმიტომ, რომ ორიგინალში ვერ ვკითხულობ.
მოთხრობა «ნელი» მომწონს. «მიაბიჯებდა სხვის ტანსაცმელში გამოწყობილი, სხვისი ფეხსაცმლით, სულ უცხო, სხვისთვის განკუთვნილ გზაზე, უცხო ბინისკენ, უცხო ადამიანებისკენ, უცხო ეკლესიისკენ, სადაც უცხო ღმერთი სახლობდა». რა ნაცნობია, არა?
ელმუტ ა. ნიდერლე
მოთხრობები
თარგმნეს დალი ფანჯიკიძემ და ნანა გოგოლაშვილმა
ერთი ჭაღარაწვერიანი კაცია მწერალი. დოკუმენტური პროზააა და ხან მოგწონს, ხან – არ მოგწონს. როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რომ მე უფრო გამოგონილი ამბების წაკითხვა მიყვარს. მოყოლილი ამბები არ მაინტერესებს. ოთარ ჭილაძე გამახსენდა, ერთ-ერთ ინტერვიში თქვა, «მე შექმნა უფრო მიყვარს, ვიდრე ნანახის მოყოლაო». სად გამახსენდა… დაკრძალვაზე არ წავედი. აბსოლუტურად უემოციოდ შევხვდი ჩემი საყვარელი მწერლის გარდაცვალებას. «რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით» და ვეღარ შევხვდი სიცოცხლეში და ვერც – ბოლო დღეს. ღა მოხდა – მისი პროზა ხომ მაქვს (რა ვქნა – მისი ზოგიერთი ლექსი ნერვებს მიშლის, ისე არ მინდა, რომ მისი იყო).
თანამედროვე ავსტრიული ლიტერატურა
შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მზია გალდავაძემ
ზოგი ვინ თარგმნა და ზოგი – ვინ

ბევრი მოთხრობიდან მხოლოდ ფრაგმენტია თარგმნილი. ამის მიზეზი შემდგენელმა ამიხსნა: მოკლე დროში, სახელდახელოდ გააკეთეს ეს ანთოლოგია. ანონსივითაა, რომ ამოარჩიო, რომელი მწერალი დაგაინტერესებდა და რომელი – არა.

სასწაულად ვიკმარე ნებისყოფა და ყველანაწყვეტი წავიკითხე. ლირიკაც არის რამდენიმე პოეტის. კატეგორიულად არ მოვიწონე. საერთოდ, ნათარგმნ პოეზიას ვერ ვკითხულობ.

თომას ბაუმი: «ცივი ხელები.» ნაწყვეტმა დამაინტერესა. სიუჟეტია: მორწმუნე გოგონა მღვდელს უყვება, რომ მამამ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პიესაა, სხვათაშორის. მღვდელი აიძულებს, მოინანიოს ცოდვა, რომ მამას ცილს სწამებს.

კურტ ბრახარცის კრიმინალური რომანიდან ნაწყვეტმა. ეჭვი გამიჩინა, რომ მაგარი დეტექტივია: იეღოველი ქალები მოხვდნენ ბინაში მანიაკთან. დანარჩენი წარმოიდგინეთ. ძალიან ინტრიგანულად წყდება. «წყნარი საათი» ჰქვია.

ელიზაბეთ ვეგერი ჩანს საინტერესო, «კასეტა ელლასთვის».

რადეკ კნაპიც მომეწონა. «იულიუსი შინ ბრუნდება» – ასეთი მოთხრობაა, მამა სმოლნის – ეკლესიაში დაბუდებული მრუშის სახეს ხატავს კანფეტ-კანფეტ, თამაშ-თამაშით.

ელიზავეტ რაიჰარტი ჩანს საინტერესო. რაღაც მეთხუთმეტე თავია «თებერვლის ჩრდილებიდან.» ბარბაროსობა მგონია ასე ამოგლეჯა რაღაც ფრაგმენტი (მაპატიოს მთარგმნელმა).

ძალიან მაგარი მოთხრობა: «სიზმარეული ტყე.» გერჰარდ რუისია ავტორი. პატარა და სხვანაირი «ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაა,» ფინალით: «თუმცა აქ უკვე არაფერია, რაზედაც გაიცინებდა კაცი, აქ შეწყდა სიცილი».

ლილიან ფაშინგერის «ცოდვილი მაგდალენა» – ესეც მესაინტერესოა. ნაწყვეტია, მკვლელი მაგდალენა მღვდელს უყვება, როგორ ჩაიდინა მკვლელობები, და თან მხარზე კატასავით ეხახუნება. პირველად რომ ნაბოკოვის «ლოლიტა» წავიკითხე, ასეთი გრძნობა მქონდა: თან მეზიზღებოდა ეს კაცი, და თან ვუთანაგრძნობდი, ვაქეზებდი ლოლიტასკენ. საწყალი მღვდელი, მაგდალენას რომ უსმენს, თეთრ სახეზე გაბნეულ ჭორფლს მიშტერებია და ალმოდებული, ალბათ იგივეს გრძნობს…

მარიანე ფრიცია ერთი, სამოციოდე წლის ქალი, «ვისი ენაც არ გესმის» – ასე ჰქვია მოთხრობას, მაწანწალა ქალის მკვლელობაზე. «თქვენ არ გინახავთ თებერვლის ბაღში უპატრონოდ მკვდარი ალისა» – ციტატაა ჩემი ლექსიდან. წავიკითხავდი ამ მოთხრობას ბოლომდე. ასევე საინტერესოა: ლუკას ჩეპეკის «სახელების გარეშე». რომანიდანაა ნაწყვეტები. ისეთი კითხვებია, და დარიგებები, რომ ხვდები, დაგაინტერესებს. «დაკვირვებიხართ თქვენს სახლს?» «ტელეფონზე სახელები არ დაასახელოთ არასოდეს.»

«რა ხელფასია მორალურად გამართლებული?» ანდა: «ნებისმიერი ახალი ნივთი ცვლის კოლექსიციას, თუნდაც ძალიან უხდებოდეს მას.» «დაიქირავეთ კერძო დექტექტივი, რომელიც გითვალთვალებთ. ერთი დღე-ღამე გეყოფათ, ეს 24 საათია. და მიხვდებით, როგორი საეჭვო გახდებით, ჩემსავით».

არ დამავიწყდეს: შტეფან ჰოლცერი. «პატარა ამორალობა». ესეც ძვირფასი ნაწყვეტია: «მან თქვა, რომ დღესდღეობით უფრო სენტიმენტალური ტექსტები ფასობს. არ მომეწონა არ უნდა იყოს შესაფერისი სიტყვა. კიდევაც რომ მომწონდეს, მე ხომ რედაქტორი არ ვარ. შენი ისტორიები მათ უნდა მოეწონოთ.»
https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=10&composition=1416

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი