პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შუა საუკუნეების ევროპული სკოლები

ევროპული შუა საუკუნეების დასაწყისად, ჩვეულებრივ, V საუკუნეს მიიჩნევენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტენდენციებს, რომლებმაც შუა საუკუნეების ეპოქის ჩამოყალიბება განაპირობა, საფუძველი ჯერ კიდევ გვიანანტიკურ ხანაში ჩაეყარა. ამ პერიოდიდან იწყება პროცესები რომლებმაც მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცვლილებებს დაუდო სათავე – წარმოიქმნა სახელმწიფოთა ახალი ქსელი; ჩამოყალიბდა ფეოდალურ ურთიერთობათა სისტემა; გაბატონდა ნატურალური მეურნეობა; დავიწროვდა ადამიანის თვალსაწიერი; ქრისტიანულმა ეკლესიამ კი დომინანტი როლი მოიპოვა და ახლად შექმნილი სამყაროს იდეოლოგიური ლიდერის პოზიციაზე მოექცა. ბუნებრივია, ამ ძირეულმა ცვლილებებმა გვერდი არც საგანმანთლებლო სფეროს აუარა. შუა საუკუნეების განათლების სისტემა თანდათან ისეთივე ორიგინალურ და საინტერესო ფენომენად იქცა, როგორც თავად მედიევალური ცივილიზაცია.

შუა საუკუნეების ევროპული სკოლების შესახებ მრავალფეროვანი წყაროები მოგვეპოვება. მათ შესახებ მრავალ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტში (ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, საეკლესიო კრებების ძეგლისწერებში, ისტორიულ ქრონიკებში, ნორმატიულ აქტებში და ა.შ.) ვხვდებით ინფორმაციას. გვაქვს, ასევე, ლიტერატურული ძეგლები, რომლებიც სკოლების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავენ. მაგალითად ისეთები როგორიცაა ჰუგო სენ-ვიქტორელისა და ვისენტ დე ბოვეს ტრაქტატები პედაგოგიკის შესახებ. ასევე მრავლადაა შემორჩენილი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები.
 
შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის საგანმანათლებლო სისტემა სამი ისტორიულ-კულტურული სინამდვილის (ანტიკური მემკვიდრეობის, ”ბარბაროსული” ტრადიციებისა და ქრისიანული ეკლესიის) კულტურის ელემენტების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბდა.
ანტიკური (წარმართული) კულტურის მიმართ შუა საუკუნეებში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ ეპოქის წყაროებში მრავლად შეგვიძლია ვიპოვოთ გამონათქვამები, რომლებიც ანტიკური მემკვიდრეობისადმი ცნობილი მოაზროვნეების ზიზღს გამოხატავენ: ”განა სწორია ერთი და იგივე პირით იუპიტერიც აქო და ქრისტეც?! ” – სვამდა რიტორიკულ კითხვას გრიგორი I და სასწავლო პროგრამიდან ბერძნულ-რომაული ლიტერატურის ამოშლას ითხოვდა; რეფორმატორი ალკუინი კი თავის მოწაფეებს ურჩევდა ტვინი არ ”დაებინძურებინათ” ვირგილიუსის ნაშრომებით. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში მრავლად იყვნენ ბერები, რომლებიც ანტიკური მემკვიდრეობის გადარჩენას ცდილობდნენ. VII საუკუნეში ანტიკური სკოლები საბოლოოდ განადგურდა, მაგრამ, ნებსით თუ უნებლიედ, ბერძნულ-რომაული საგანმანათლებლო კულტურის ცალკეულმა ელემენტებმა შუა საუკუნეების ევროპის საგანმანათლებლო სისტემაშიც დაიმკვიდრა ადგილი. პირველ რიგში ეს ლათინურ ენას ეხება, რომელიც მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში სამწერლობო ენად რჩებოდა; ანტიკურობიდანვე მოდის ”შვიდი თავისუფალი ხელოვნება”, რომელიც შუა საუკუნეების ევროპის უმაღლესი განათლების საფუძვლად იქცა.
შუა საუკუნეების ევროპაში ძალიან ჭირს ერთიან საგანმანათლებლო სისტემაზე მსჯელობა, რადგან ამ პერიოდში ყველა წოდებას ამ მხრივ თავისი ორიგინალური ტრადიცია ჰქონდა. მთელი რიგი რეგიონები კი (მაგალითად ბრიტანეთი, სკანდინავია, ესპანეთი) ბევრი თავისებურებით ხასიათდებოდა. სასწავლო პრაქტიკის ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, საგანმანათლებლობო სისტემას, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს საჭირო კადრებით ამარაგებდა მხოლოდ სასულიერო პირები განაგებდნენ. ”საჯარო სკოლებიც” მხოლოდ მისთვის იყო დამახასიათებელი.
 
შუა საუკუნეების ევროპულ საეკლესიო სკოლებს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ. მათ შესახებ საუბარი V საუკუნიდან უნდა დავიწყოთ. ამ პერიოდში, უკვე დაშლილი რომის იმპერიის ტერიტორიაზე, სასწავლებლების ძველი და ახალი ტიპები თანაარსებობდა. საეკლესიო სასწავლებლები სწრაფად იკრებდნენ ძალებს. ამასთან, ჯერ კიდევ პოპულარული იყო გრამატიკოსებისა და რიტორიკოსების ანტიკური სკოლები. პირველ ეტაპზე მმართველი ელიტა მათ მიმართ ერთგვარ შემწყნარებლობას იჩენდა. მიუხედავად ამისა, უკვე VII საუკუნეში ისინი საბოლოოდ განადგურდნენ. მათი ნაწილი ადრეული შუა საუკუნეების გაუთავებელ ომებს ემსხვერპლა; ნაწილი კი – საეკლესიო სკოლებთან კონკურენციას. შედეგად, საჯარო სწავლება ეკლესიის მონოპოლიად იქცა. თავდაპირველად, ამას მკვეთრად ნეგატიური შედეგები მოყვა. განათლების დონე დაეცა. მმართველ ელიტაში წერა-კითხვის უცოდინარობამ მასიური სახე მიიღო. ეკლესიის მამები კარგად აცნობიერებდნენ სიტუაციის სიმძიმეს, ამიტომ საეკლესიო კრებებზე (მაგალითად, ორაჟში და ვალანსში 529 წელს; მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 681 წელს) ისინი ხშირად გამოდიოდნენ სასკოლო სისტემის განახლების მოთხოვნით. თუმცა, ამ მოწოდებებს შედეგები არ მოსდევდა.
მდგომარეობა სასიკეთოდ მხოლოდ VIII საუკუნიდან მას შემდეგ შეიცვალა, რაც შუა საუკუნეების ”ბარბაროსული სახელმწიფოების” მმართველმა ელიტამ განათლებისა და განათლებული კადრების ყოლის მნიშვნელობა გაითავისა. საგანმანათლებლო საქმის ერთ-ერთ მთავარ რეფორმატორად კარლოს დიდი ითვლება. შემთხვევითი არაა, რომ დღესაც საფრანგეთში კარლოს დიდის დღეს სასკოლო დღესასწაულის სახით აღნიშნავდნენ. იმპერატორი განათლებას იმპერიისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროდ თვლიდა. კარლოსმა ფრანკთა იმპერიაში მოიწვია იმ პერიოდის ევროპაში ყველაზე მეტად აღიარებული ინტელექტუალები: ანგლო-საქსი ალკუინი, ვესტ-გოთი თეოდულფი, ლანგობარდი პავლე დიაკვანი და სხვა, რომლებმაც უმნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მათ შექმნეს ე.წ. ”კაროლინგური მინუსკული”, ანუ ადვილად საკითხავი ლათინური დამწერლობა. შეადგინეს და იმპერატორს წარუდგინეს პროგრამები სასკოლო განათლების შესახებ. მათი ძალისხმევითვე აღორძინდა სამეფო კარის სკოლა და მას ერთობ ამბიციური სახელი ”აკადემია” ეწოდა. ეს აკადემია ”მომთაბარე ცხოვრებას” ეწეოდა, თუმცა, მისი ცენტრი მაინც აახენში (კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქში) მდებარეობდა. თავის მხრივ იმპერატორიც ერთი მხრივ ნორმატიული აქტებით – , მეორე მხრივ კი პირადი მაგალითით სკოლების პოპულარიზებისთვის ძალებს არ იშურებდა. სპეციალური კაპიტულარებში, რომლებიც მან 787 და 789 წლებში გამოსცა იგი ცდილობდა სწავლა საყოველთაო ვალდებულებად ექცია.
მიუხედავად მოჩვენებითი წარმატებებისა კარლოს დიდის მცდელობები მაინც უშედეგო აღმოჩნდა. მისი სიკვდილის შემდეგ საერო ფეოდალების წრეებში კვლავ იჩინა თავი წიგნიერებისადმი ტრადიციულმა (ანუ ნეგატიურმა) დამოკიდებულებამ. რაინდების აღზრდის სისტემა მეტად განსხვავდებოდა სწავლების საეკლესიო და საქალაქო მოდელისგან. ფეოდალურ წრეებში არ მოსწონდათ წიგნიერი განათლება. მას ისინი შვიდი რაინდული ღირსებით უპირისპიდებოდნენ, რომელშიც: შუბის ხმარება, ფარიკაობა, ცხენის ჭენება, ცურვა, ნადირობა, ჭადრაკი, საკუთარი ლექსების სიმღერა და საკრავებზე დაკვრა მოიაზრებოდა.
ამას ისიც დაერთო, რომ IX საუკუნიდან ვიკინგების გახშირებულ შემოსევებს უამრავი სკოლა-მონასტერი ემსხვერპლა, რამაც, ბუნებრივია, საგანმანათლებლო საქმის განვითარება ძლიერ შეაფერხა. თუმცა, X საუკუნეში მდგომარეობა, ამ მხრივ, შედარებით გაუმჯობესდა. გაჩნდა ახალი სკოლები სუასონში, ვერდენში, რეიმსში, შარტრში, პარიზში … სკოლები ერთი მხრივ დიდ და მცირე (ან ელემენტერულ და საშუალო) საფეხურებად, მეორე მხრივ კი შიდა და გარე ჯგუფებად იყოფოდა. მცირე სკოლებში 7-დან 10 წლამდე – დიდ სკოლებში კი უფრო დიდი ასაკის მოზარდები სწავლობდნენ. შიდა სკოლებში სასულიერო კადრები მზადდებოდა გარეში კი – საერო. ე.წ. განვითარებულ შუა საუკუნეებში სწავლების ელემენტარულ, საშუალო დონეს უმაღლესი საფეხურიც დაემატა. საეპისკოპოსო და სამონასტრო ტიპის სკოლებში განათლებას, ძირითადად, ნობილიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ. თუმცა ზოგჯერ სკოლაში (ფეოდალების მფარველობით) დაბალი წოდების წარმომადგენლებიც ხდებოდნენ. სასწავლო პროცესში (თუ ცალკეულ გამონაკლის შემთხევებს არ მივიღებთ მხედველობაში) მხოლოდ ვაჟები იყვნენ ჩართული.
XII-XV საუკუნეებში საეკლესიო სკოლები თანდათან კარგავენ წამყვან პოზიციას. ამის მიზეზი საქალაქო სკოლებისა და პირველი უნივერსიტეტების ჩამოყალიბება გახდა.
რა შეიძლება ითქვას შუა საუკუნეების სასწავლო სისტემის ხასიათის შესახებ? პირველ რიგში ის, რომ მასწავლებლობა შუა საუკუნეებში მეტად პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა. განათლება კი – ადამიანის სულის გადარჩენის ერთ-ერთ საუკეთესო გზად. შესაბამისად, სწავლების მთავარ მიზნად მოსწავლისთვის სულიერი ხსნის გზის სწავლება იყო გამოცხადებული. თუმცა, რეალურად, სწავლება საერო და საულიერო ცოდნის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენდა. სწავლის პროცესში ავტორიტეტი ბატონობდა. წმინდა წერილსა და მის წმინდა მამებისეულ ინტერპრეტაციას ყველა უტყუარი ჭეშმარიტების სახით იღებდა. სხეული სულის მტრად ითვლებოდა, ამიტომ სკოლებში ფიზიკურ აღზრდას ყურადღება თითქმის არ ექცეოდა. თუ არ ჩავთვლით ე.წ. “მხიარულებათა დღეებს”, როდესაც მოსწავლეებისთვის თამაში და ჭიდაობა იყო ნებადრთული. ოფოციალური არდადეგების არარსებობის კომპენსირება კი მრავალრიცხოვან საეკლესიო დღესასწაულების ხარჯზე ხდებოდა.
მცირე სკოლებში ყველა საგანს ერთი მასწავლეველი ასწავლიდა. მას სქოლასტს, დიდასკოლს ან მაგნისკოლას უწოდებდნენ. მასწავლებლობის უფლება საერო პირსაც ჰქონდა, ოღონდ მას ცელიბატის აღქმა უნდა დაედო. უფროს მასწავლებელს ზოგჯერ კანტორი უერთდებოდა, რომელსაც მოსწავლეებისთვის სიმღერის სწავლება ევალებოდა. წესრიგს სკოლებში ცირკანტორები იცავდნენ. სკოლებში გავრცელებული იყო სასჯელის სასტიკი ფორმები: შიმშილი, ცემა, კარცერი. წყაროებიდან ჩანს, რომ XI – საუკუნემდე ბავშვებს სახეშიც ურტყამდნენ. შუა საუკუნეების ეპოქის ბევრი მოაზროვნე, მაგალითად ანსელმ კენტერბრიელი, ღიად ილაშქრებდა სწავლების ასეთი არაადამიანური მეთოდების წინააღმდეგ. ზოგი კი, მაგალითად ვინსენტ დე ბოვე, პედაგოგებს მოუწოდებდა ბავშვების ყურადღება შიშით კი არა საინტერესო აქტივობებით მიეპყროთ. თუმცა, ასეთ მოწოდებებს შუა საუკუნეებში ყურადღებას იშვიათად აქცევდნენ.
სწავლების უმთავრეს მიზანს წერა-კითხვის შესწავლა წარმოადგენდა. წერა მეტად სანაქებო საქმედ ითვლებოდა: ”რამდენ ასო-ბგერასაც დაწერ, ეშმაკს იმდენ დარტყმას მიაყენებ”- გვასწავლიდა შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამონათქვამი. დასავლეთ ევროპაში ძალიან მცირე რაოდენობით მოიძებნებოდა ე.წ. ”უმაღლესი სკოლები”. VIII საუკუნემდე ასეთი სასწავლებლები მხოლოდ ინგლისში, ირლანდიასა და შოტლანდიაში არსებობდა, რომლებიც, ამ პერიოდში ერთგვარ ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეს ქმნიდნენ. თუმცა, მოგვიანებით, ზოგიერთი კონტინენტზე მდებარე სასწვლებელიც იქცა მსხვილ საგანმანათლებლო ცენტრად. ამ მხრივ კლასიკურ მაგალითად პარიზის საღვთისმეტყველო სკოლა შეგვიძლია ჩავთვალოთ, სადაც თანამედროვეთა ცნობებით 30 000 სტუდენტი იღებდა განათლებას.
უმაღლეს სკოლებში ე.წ. ”შვიდი თავისუფალი ხელოვნება” ისწავლებოდა. ამ ტერმინის ქვეშ შუა საუკუნეებისთვის აუცილებელი სამეცნიერო ცოდნა იგულისხმებოდა, რომელიც შვიდი დარგის (გრამატიკა, დიალექტიკა, რიტორიკა, (ტრივიუმი) გეოგრაფია, ასტორონომია, არითმეტიკა, მუსიკა (ქვადრიუმი) ჩარჩოებში იყო მოქცეული). ”შვიდი თავისუფალი ხელოვნება” პირველად V საუკუნეში მარციანუს კაპელამ გამოყო, მოგვიანებით კი ბოეციუსმა და კასიოდორემ იგი ორ ნაწილად (ტრივიუმად და ქვადრიუმად) გაყვეს. იგივე ბოეციუსსა და კასიოდორეს, ისიდორესა და ალკუინთან ერთად მიეწერება ამ მხრივ პირველი სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც XV საუკუნემდე გამოიყენებოდა. ”კაროლინგური აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერი თეოდულფი შვიდი თავისუფალი ხელოვნებას ასე აღწერდა: ”ცოდნის ხის ძირას ზის შემეცნების დედა გრამატიკა. ხის ტოტებია -რიტორიკა და დიალექტიკა. იქვეა ლოგიკა და ეთიკა. ხის მეორე მხარესაა – არითმეტიკა, ….. გეომეტრია, …… ასტრონომია ….. მუსიკა …”
საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების სასწავლო სისტემა თანდათან ვითარდებოდა. ამას ეპოქის ცნობილი მოაზროვნეები უწყობდნენ ხელს, რომელთა ტრაქტატებმაც ჩვენამდე მრავლად მოაღწია. XI-XIV საუკუნეების პედაგოგიური აზრის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიურ მიმდინარეობა სქოლასტიკას. კერძოდ მის საუკეთესო წარმომდგენლებს თომა აქვინელსა და პიერ აბელიარს. სქოლასტიკოსები ქრისტიანული სწავლების სისტემატიზირებასა და საერო – სასულიერო ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობდნენ. საკითხის არსის უკეთ გასაგებად ითხოვდნენ ტერმინებზე შეთანხმებასაც. შუა საუკუნეების ხანის ბევრი მოაზროვნე XI-XII უკვე ძალზე პროგრესულ მოსაზრებებსაც ავითარებდა. მაგალითად გამოდგება, პარიზის კათედრალური სკოლის ხემძღვანელი ჰუგო სენ-ვიქტორელი, რომელმაც დაწერა ტრაქტატი შუა საუკუნეების საგანმანათლებლო სისტემის შესახებ, სადაც მან თავი მოუყარა სრულ ფაქტობრივი ცოდნას იმდროინდელი სკოლების შესახებ; ვინსენტ დე ბოვე, რომელმაც ტრაქტატში დიდგვაროვანი ბავშვების აღზრდის შესახებ პედაგოკიკა უმაღლეს ზნეობრივ საქმედ გამოაცხადა. საინტერესოა ისიც, რომ შუა საუკუნეებში ყურადღება ექცეოდა, ფასეულობათა სისტემას, რომელიც სკოლას ბავშვისთვის უნდა განევითარებინა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად არც თუ ცუდი ორგანიზაციისა შუა საუკუნეების სკოლები ეფექტურ სასწავლო დაწესებულებებად არ ითვლებოდნენ. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ვთქვათ, რომ XII-XV საუკუნეებში უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც სკოლის სამივე საფეხური ჰქონდათ გავლილი, კვლავ ელემენტარული ლათინურის სწავლება სჭირდებოდათ. თუმცა, მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ სწორედ ამ ეპოქაში ეყრება საფუძველი საჯარო სწავლების მთელ რიგ ელემენტებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის საფუძველს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი