საქართველოში საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების სახელთან არის დაკავშირებული. იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ამ ადამიანების მიერ განხორციელებულ საქმიანობას მოჰყვა, დღეს ყველა ვსარგებლობთ, ვსწავლობთ უნივერსიტეტებში, რომელთა ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. უნივერსიტეტთან, რომლის დამაარსებელტა ცხოვრება და მოღვაწეობა უკვე ლეგენდარულ ხასიათს იღებს.
ჩვენი აზრით, ამ დიადი საქმის განმახორციელებთა შესახებ მოკლე ინფორმაციას სასკოლო ასაკიდანვე უნდა ეცნობოდნენ მოსწავლეები და სასკოლო ასაკის თავისებურების გათვალისწინებით მივაწოდოთ მოკლე ისტორიები უნივერსიტეტის დამაარსებლების, იმ ცნობილი ქართველების შესახებ, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი და ამაგი მიუძღვით საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბების, ქართული საზოგადოებრივი აზრისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელმა და ქართული ისტორიული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელმა ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერული ქართველოლოგიის მრავალ დარგს ჩაუყარა საფუძველი.
გარდა იმისა, რომ მან მეცნიერულად გამოიკვლია ჩვენი ქვეყნის ისტორია და დაწერა „ქართველი ერის ისტორია“, რომელიც პირველი მეცნიერულად დასაბუთებული კვლევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის შესახებ, საფუძველი ჩაუყარა ქართველოლოგიის მრავალ დარგს, კერძოდ,
- ძველი ქართული ისტორიული თხზულებების კვლევას;
- ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების მეცნიერულ შესწავლას;
- საქართველოს ძველი ეკონომიკური ურთიერთობების კვლევას;
- ქართული სამართლის უძველესი ძეგლების კრიტიკულ გაანალიზებას;
- ძველი ისტორიული საბუთების, მეფეთა სიგელების, ფეოდალთა მიერ გაცემული დოკუმენტების, არზა – ოქმების სასამართლო განჩინებების კრიტიკულ გაანალიზებას;
- ქართული ანბანის ისტორიის კვლევას;
- ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლას;
- ქართული და კავკასიური ენების ურთიერთმიმართების საკითხის კვლევას და ა. შ.
ივანე ჯავახიშვილი იყო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხუსმგებლობის მქონე ადამიანი, რომელმაც განჭვრიტა თავისი ეპოქის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის საჭიროებები და თანამოაზრეებთან ერთად XX საუკუნის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს, დაიწყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსებისთვის ზრუნვა, რაც 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნით დააგვირგვინა. მართალია, ის ამ საქმეში მარტო არ იყო, მაგრამ ყველა საქმეს წინამძღოლი და კონცენტრირებული ხელმძღვანელობა საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად. სწორედ ეს გახლდათ ივანე ჯავახიშვილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1917 წლის ნოემბერში უკვე გახსნილი იყო, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის გახსნა სიმბოლურად დავით აღმაშენებლის ტახტზე აღსაყდრების დღეს, 1918 წლის 8 თებერვალს დაუკავშირა. პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნას ჩვენი ქვეყნის ისეთივე გაბრწყინება უნდა მოჰყოლოდა, როგორც დავით აღმაშენებლის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ მოხდა.
გარდა ამ უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენისა, ივანე ჯავახიშვილმა ქართველოლოგია, მეცნიერების ახალ, განსაკუთრებულ მაღალ აიყვანა. მან პირველმა ერთად მოუყარა თავი და გაანალიზა ძველი ქართული ისტორიული თხზულებები, ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ქართული სამართლის ძეგლები, ისტორიული დოკუმენტები, ძველ ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია, უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ეპიგრაფიკული ძეგლების საფუძველზე შექმნა ფუნდამენური კვლევა ქართული ანბანის ისტორიაში, საფუძველი ჩაუყარა ძველი ქართული მუსიკის ისტორიას და ა. შ.
ცალკე თემაა, ივანე ჯავახიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა, მან ახალგაზრდა ისტორიკოსთა, ენათმეცნიერთა, ლიტერატორთა მთელი თაობები გაზარდა, რომლებ-მაც ახალ დარგობრივ სკოლებს ჩაუყარეს საფუძველი. შეუძლებელია, ჩვენ ვერ შევა-ფასოთ ივანე ჯავახიშვილის საქმიანობის მასშტაბურობა, რამაც საბოლოოდ, საფუძველი დაუდო XX – XXI საუკუნეების ქართული სამეცნიერო აზრის წარმატებას.
მიუხედავად, საბჭოთა ეპოქაში არსებული ტოტალიტარული რეჟიმისა, ქართველ მეცნიერთა თაობებმა შეძლეს ბეწვის ხიდზე გაეტარებინათ ქართული სამეცნიერო აზრი და შეინარჩუნეს იგი, მართალია ყველამ ვერ შეძლო თავი დაეღწია რეჟიმის იდეოლოგიური მარწუხებისგან, მაგრამ ღირსეულებმა შეძლეს ქართული მეცნიერების გადარჩენა და დღემდე მოტანა.
ჩვენი აზრით, შეუძლებელია ივანე ჯავახიშვილის და სხვა, ღირსეული ქართველი მეცნიერების ღვაწლი დავიწყებას მიეცეს და მათი საქმიანობა არ იყოს სასკოლო დონეზე გაანალიზებული. მათი საქმიანობა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში და ჭეშმარიტი სამეცნიერო აზრის გადარჩენა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა იყო. ვფიქრობთ, სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსი ამ გმირობის შესწავლისა და გავრცელების კარგი საშუალება იქნება, ეს პოპულარიზაციას გაუწევს მეცნიერების სხვადასხვა დარგებს და ამავე დროს პატივს მივაგებთ ღირსეულ ადამიანთა ხსოვნას.
სკოლაში ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის შესწავლა მნიშვნელოვანია ნარატიული ფორმით. ნარატივი კომბინირდება დისკუსიასთან და მოსწავლეებში აამაღლებს ინტერესს უნივერსიტეტის დამაარსებელთა შემოქმედებისადმი. ამისთვის დამხმარე კითხვები: „რატომ იყო უნივერსიტეტის გახსნა მნიშვნელოვანი?“, „როგორ შეცვლიდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომ ეს უნივერსიტეტი არ დაარსებულიყო?“ რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ისტორიული ხედვისა და სამოქალაქო შეგნების გაღრმავებას. სასკოლო ასაკში მოყოლილი ამბები ამცირებს ისტორიის აბსტრაქტულობას და კონკრეტულ ადამიანებს, მათი ღვაწლითა და სამოქალაქო პასუხისმგებლობით, მოსწავლეებს ცოცხალ მაგალითებად უჩვენებს.
პროექტული სწავლების ელემენტები – როგორიცაა პრეზენტაციების, პოსტერების ან ელექტრონული კოლაჟების შექმნა – განსაკუთრებით ეფექტურია. მოსწავლეები თემატურად მუშაობენ უნივერსიტეტის ფუძემდებლებზე და თავად წარმოადგენენ თავიანთი ნამუშევრის შედეგებს. ეს პროცესი არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცებას ემსახურება, არამედ გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.
გარდა ამისა, მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როლური თამაშები („ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილთან“ ან „უნივერსიტეტის გახსნის დღე“), რაც მოსწავლეებს ემოციურად აკავშირებს ისტორიულ მოვლენასთან. მსგავსი აქტივობები აძლიერებს მათ ინტერესს, ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და ისტორიულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევს.
საბოლოო ჯამში, ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის სწავლება სკოლაში მხოლოდ ისტორიული ფაქტების ცოდნა კი არა, არამედ სამოქალაქო ღირებულებების გააზრებაცაა. ეს გზა გვაძლევს საშუალებას, მომავალ თაობებს შევაგრძნობინოთ, რომ მეცნიერება, კულტურა და განათლება არა მხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ ქვეყნის მომავლის გარანტიაცაა.
გამოყენებული ლიტერატურა:
-
მჭედლიშვილი, ნ. (2015). ქართული ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი.
-
ნოზაძე, თ. (2012). საქართველოს განათლების ისტორია. თბილისი.
-
ალექსიძე, ზ. (2008). ქართული უნივერსიტეტის ისტორია. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.
-
მეტრეველი, რ. (1996). ივანე ჯავახიშვილი და თბილისის უნივერსიტეტი. თბილისი.
-
ჯორბენაძე, ს. (1988). თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
-
ლორთქიფანიძე, მ. (1976). ივანე ჯავახიშვილი. თბილისი: ცოდნა.
-
გვრიტიშვილი, დ. (1968). ივანე ჯავახიშვილი. თბილისი: ნაკადული.