სამშაბათი, სექტემბერი 2, 2025
2 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

სასწავლო პროექტი – წიგნიერება და ღირებულებები

თანამედროვე სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს, არამედ თვითშემოქმედებისა და ღირებულებითი აქტივობების  გზით უყალიბებს სწორ დამოკიდებულებას    ეროვნულ მემკვიდრეობის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა VIII კლასის მოსწავლეთა პროექტი –  „წიგნიერება და ღირებულებები“

პროექტი წარდგენილი იყო მოსწავლეთა  სასკოლო კონფერენციაზე „ტაო-კლარჯეთი – ჩვენი წილი მემკვიდრეობა“. კლასმა კონფერენციაზე წარადგინა  ორიგინალური ნაშრომი – ხელნაკეთი წიგნი „ იგავები“ და მისი ელექტრონული ვერსია.

პროექტის საგანმანათლებლო მიზანი იყო:

  • მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ეროვნული, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ;
  • ქართული ხელნაწერების ტრადიციის გაცნობა;
  • ტექსტებთან მუშაობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • ღირებულებითი ორიენტირების ჩამოყალიბება ბიბლიური იგავების საფუძველზე.

პროექტი განხორციელდა ეტაპობრივად:

  1. მონაწილეთა მომზადება: მოსწავლეებმა შეისწავლეს ზურაბ ჭუმბურიძის ნაშრომი „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“, რომელშიც აღწერილია სამი შატბერდული სახარების თავგადასავალი.ამან  მათ მისცა წარმოდგენა ქართული ხელნაწერის მნიშვნელობაზე და ამ  მემკვიდრეობის ისტორიულ ღირებულებაზე.
  2. შემოქმედებითი ამოცანის დასახვა: მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებში გაჩნდა სურვილი, თავადაც შეექმნათ ხელნაწერები, რითაც ისინი არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც შეეხნენ კულტურულ მემკვიდრეობას.
  3. პრაქტიკული ეტაპი:
    • მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ფურცლები დაძველების ეფექტით;
    • გადაწერეს იგავები: უძღები შვილის იგავი, დამარხული ტალანტი, ფარისეველი და მეზვერე, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, მოწყალე სამარიტელი, ცხვრები და თიკნები, ათი ქალწული, მრუშ დედაკაცი (იოანეს სახარების მიხედვით);
    • თითოეულ ტექსტს დაურთეს ნახატები და  მათივე მოფიქრებული მორალური შეგონებები, რაც ასახავდა მოსწავლეთა ღირებულებით ხედვას.
  4. თანამშრომლობითი მუშაობა: პროექტში მონაწილეობდა მთელი კლასი
  5. პროდუქტის პრეზენტაცია: ხელთნაკეთი წიგნი და მისი ელექტრონული ვერსია მოსწავლეებმა  წარმოადგინეს, როგორც კლასში, ასევე სასკოლო კონფერენციაზე.

პროექტმა მოიტანა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ღირებულებითი შედეგები:

  • მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ქართული ხელნაწერების შესახებ და განიცადეს, რა შრომა და შთაგონებაა საჭირო ხელნაწერის შესაქმნელად;
  • განუვითარდათ ტექსტის გააზრების, აზრის ფორმულირებისა და კრიტიკული მსჯელობის უნარები;
  • გაძლიერდა შემოქმედებითი უნარები (ხელნაკეთი პროდუქტის შექმნა, მორალრი შეგონების ფორმულირება);
  • გაჩნდა პატივისცემა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და  მისი მნიშვნელობის  გააზრება;
  • მოსწავლეებმა განიცადეს ერთობლივი მუშაობის სარგებელი და პასუხისმგებლობის გაზიარება.

VIII კლასის პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების სწავლა გადაქცეს მოსწავლეთათვის საინტერესო, შემოქმედებით და ღირებულებით პროცესად. პროექტული სწავლება, როგორც მეთოდი, აქ წარმატებით აერთიანებს საგნობრივ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ღირებულებით განვითარებას.

ამგვარი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, არამედ ემოციური ინტელექტის ზრდას – ისინი უფრო ახლოს ეცნობიან საკუთარ კულტურულ ფესვებს და იძენენ უნარს, თავადაც შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მომავალში შესაძლოა მემკვიდრეობად იქცეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“