სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

ZeeMap – ის ინტერაქტიური პლატფორმა მოსწავლეთა მოტივაციისა და დიფერენცირებული მუშაობისათვის

თანამედროვე მოსწავლის ინტერესის და მოტივაციის მართვა მარტივი არ არის.  ამ მიზეზის გამო  მასწავლებლები ძირითადად ორიენტირებული არიან  თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ფორმირებაზე.  ისინი ცდილობენ გეიმიფიკაციის პრინციპების გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის  და სწავლების პროცესის გამარტივებისთვის.

თამაშის ელემენტებით გამდიდრებული   გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცე რეალურად არის მოსწავლის აკადემიური წინსვლის მხარდამჭერი, თუმცა არსებობს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე დამყარებული მიდგომებიც,    რომელიც ცოდნის აგების მეტ საშუალებას აძლევს მოსწავლეს.

ზოგადად,  თამაშის ტექნოლოგია თავისი ხასიათით, ყველა   ინტერაქტიურია, მაგრამ ყველა ინტერაქტიული მიდგომა არ არის თამაში. ინტერაქტიული მიდგომა უფრო ფართო ცნებაა,  თამაშის ტექნოლოგია  კი  უფრო მისი  სპეციფიკური, სტრუქტურირებული  ტიპია.

სათამაშო ტექნოლოოგიის მიზანი  მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, ჩართულობის გაძლიერება და სწავლის  სახალისო პროცესად გადაქცევაა. თამაშის  ტექნოლოგიის (Game-based learning, Gamification) გამოყენების დროს აქცენტი კეთდება:

  • თამაშის ელემენტებზე (მაგალითად, ქულებზე, სხვადასხვა დონის დაძლევაზე, ბეიჯებზე და ა.შ. მაგალითად, ასეთად შეიძლება განვიხილოთ ონლაინ თამაში, სადაც მოსწავლე ასრულებს დავალებებს და აგროვებს ქულებს);
  • თამაშის სტრუქტურაზე (აქვს კონკრეტული სიუჟეტი, თამაშის მიზანი და,  რაც მთავარია,  თამაშის წესები);
  • ის შეიძლება შეიცავდეს როგორც კომპიუტერულ, ისე    რეალურ, ფიზიკურ  თამაშებსაც (მაგალითად, რომლური თამაშები).

ინტერაქტიული მიდგომები (Interactive learning methods)  სათამაშო ტექნოლოგიებისგან განსხვავებით:

  • უფრო მჭიდრო ურთიერთობას და კომუნიკაციას გულისხმობს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის:
  • ამ დრო უფრო ფართო ადგილი აქვს აქტიურ, შემოქმედებით და თანამშრომლობით სწავლებას და გაცილებით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები გვხდება, როგორიცაა დისკუსია-დებატები, ინტერაქტიულ რუკაზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაო, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ა.შ.

ინტერაქტიური მიდგომების  მიზანი  შემეცნებითი ჩართულობის გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ცოდნის ტრანსფერია. ასეთ დავალებას წარმოადგენს, მაგალითად, როდესაც  მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობენ და ინტერაქტიულ რუკაზე აღნიშნავენ ისტორიულ ძეგლებს, მოვლენათა ადგილებს, თან აკავშირებენ ფოტოებს, ვიდეო და აუდიო მასალას და  უკეთებენ აღწერას.

კომპონენტი თამაშის ტექნოლოგია ინტერაქტიური მიდგომა
მთავარი მიზანი მოტივაცია თამაშის გზით აქტიური სწავლის ხელშეწყობა
ფორმა თამაში ან თამაშის ელემენტების გამოყენება სწავლებაში თანამშრომლობითი, დიალოგური, აქტიური აქტივობების წარმართვა
ტექნოლოგიური მოთხოვნები ხშირად იყენებს სპეციალურ აპლიკაციებს შეიძლება იყოს თუნდაც მარტივი დაფა და სტიკერები
დინამიკა ქულები, გამოწვევები, დონეების დადაგენა კითხვა-პასუხი, კვლევა, პრეზენტაცია

 

რა აირჩიოს მასწავლებელმა – თამაშის ტექნოლოგიაზე გააკეთოს აქცენტი, თუ ინტერაქტიულ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს თამაშის ელემენტებსაც?

საკუთარ პრაქტიკაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილებზე,  მსგავს  შემთხვევებში,     აქტიურად გამოიყენება ZeeMap.  მიუხედავად იმისა, რომ ZeeMap არ მიეკუთვნება უშუალოდ თამაშის ტექნოლოგიებს (მაგ., გეიმიფიკაციას ან საგანმანათლებლო თამაშებს), შესაძლებელია მისი დაპროექტება  თამაშის ელემენტებით:

  • რუკაში  „ჩავაშენოთ“ დავალებები,   მაგალითად, „მონიშნე რუკაზე კონკრეტული  ეკლესია-მონასტერი, ან ისტორიული ძეგლი“;
  • ან მოსწავლეებს ქრონოლოგიური  ნიშნით მოვანიშნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
  • ან რუკაზე შესასრულებელ დავალებას მივცემთ გუნდური მუშაობის ხასიათი და ა.შ.

მსგავს შემთხვევებში ZeeMap რეალურად შეიძლება განვიხილოთ თამაშის ტექნოლოგიის   მხარდამჭერი ელემენტი. ამ კუთხით, რამდენადაც ZeeMap  შეიცავს სათამაშო ტექნოლოგიის ელემენტებს, ის  ხელს უწყობს სწავლების ინკლუზიურობას და  მოსახერხებელია დიფერენცირებული დავალებების შესრულებითვისაც.

ნიმუში: ინტეგრირებული სწავლების მაგალითი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)      ZeeMap-ის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ინკლუზიურ და დიფერენცირებულ დავალებებს:

საგანი: “ჩვენი საქართველო“

კლასი – V-VI

თემა: „ჩვენი საქართველოს“ რეგიონები, მათთვის დამახასიათებელი ბუნება და ცნობილი ადამიანები.

საგნობრივი ამოცანა:

  • ისტორიული  რეგიონის  კულტურული მემკვიდრეობის ამოცნობა (ისტორიის მიმართულებით);
  •  ბუნებრივი პირობებისა და მდებარეობის შეფასება (გეოგრაფიის მიმართულებით) და
  • მოქალაქეობა (რომელიც გულისხმობს  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებასა  და გარემოზე ზრუნვას).

დავალებები ინტერაქტიურ რუკაზე მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონის მიხედვით:

ცოდნისა და უნარების  დონე დავალება აქტივობის მახასიათებელი
დაბალი მონიშნე რუკაზე შენი რეგიონის მთავარი ქალაქი და დაამატე ერთი ფოტო ან სიმბოლო, რომლითაც გამოარჩევ მას სხვა ცენტრებიდან ესაა მინიმალური ტექსტის და   მინიმალური  ვიზუალური აღქმის  მქონე მოსწავლე
საშუალო დაასახელე რეგიონის 2 ისტორიული ძეგლი და ბუნებრივი თავისებურება.  მონიშნე ის რუკაზე, შეგიძლია გამოიყენო სიმბოლოებიც. მცირე ტექსტზე ორიენტირებული დავალება, რომელიც წერითაც მცირე დავალების შესრულებას მოითხოვს მოსწავლისგან
მაღალი შექმენი რეგიონის პრეზენტაცია ZeeMap-ის გამოყენებით – მოამზადე  რუკა, მონიშნე, დაიტანე ზედ მინიმუმ 3 ელემენტი: ისტორიული, გეოგრაფიული და სამოქალაქო განათლების კუთხით. ძირითადად ესაა პროექტზე დაფუძნებული სწავლა, რომელიც  მოსწავლეთა  კვლევითი  უნარების გააქტიურებაზეა  ორიენტირებული

  დავალებების  დიფერენცირებული ხასიათი:

  • მოსწავლე, რომელსაც აქვს წერის სირთულე (უჭირს წერა), შეავსებს რუკას მხოლოდ ფოტოებით და  ხმოვანი აღწერით;
  • მოსწავლე, რომელსაც არ უჭირს    სივრცობრივი აზროვნება ან ეს მისი ძლიერი მხარეა, რუკაზე მონიშნავს გზებს, მდინარეებს ან მარშრუტებს;
  • ხოლო იმ მოსწავლეს,  რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, შესაძლებელია ჯგუფური დავალება შევთავაზოთ და მას დაეხმარება მეწყვილე, ან გუნდის  წევრები;
  • ან  მიიღებს მოკლე ინსტრუქციას,  გრაფიკული სახით შეასრულოს დავალება (პიქტოგრამები, ფერები).

მაგრამ  ZeeMap, თავისთავად,  არ წარმოადგენს თამაშს ან თამაშის ტექნოლოგიას,  ის უფრო   გეოინფორმაციული-საგანმანათლებლო ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც მოსახერხებელია პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის, საგნობრივი კვლევისთვის და ვიზუალური პრეზენტაციებისთვის. ამგვარი მიდგომის დროს „ჩვენი საქართველოს“ სწავლება   პროექტული სწავლების  ფორმით მიმდინარეობს.

მაგალითი 1 – პროექტი „როგორ იცნობ შენს რეგიონს?“ ZeeMap-ის გამოყენებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

მუშაობის ეტაპები:

  1. მოსწავლეები ირჩევენ ერთ რეგიონს (მაგ: თბილისი)
  2. მასზე აკეთებენ ჩანაწერს (მონიშვნას) ZeeMap-ზე:
    • გეოგრაფიული მახასიათებელი: მდინარე, რელიეფი
    • ისტორიული ძეგლი: ნარიყალას ციხე
    • მოქალაქეობრივი გამოწვევა: ნარჩენების პრობლემა  ქალაქში
  3. პრეზენტაცია – ჯგუფურად ან ინდივიდუალურად  (სიტყვიერად ან ვიზუალურად).

ZeeMap-ის  ეფექტურობა მოცემულ შემთხვევაში:

  • ყველა მოსწავლე მუშაობს ერთ რუკაზე, თუმცა დავალების შესრულების ინდივიდუალურ  გზას ირჩევს: ტექსტით, ფოტოთი ან  ხმოვანი გზავნილით (აუდიოგიდით);
  • მოსწავლე გაიაზრებს თავისი რეგიონის კულტურულ, გეოგრაფიულ და საზოგადოებრივ მახასიათებლებს;
  • აქტიურდება  საგნობრივი ინტეგრაცია და ციფრული წიგნიერების უნარები.

მაგალითი 2 – პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურისთვის:  “ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები  ZeeMap-ის გამოყენებით”

მუშაობის ეტაპები:

  1. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს  ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში;
  2. მოსწავლეები იკვლევენ და შეისწავლიან ინფორმაციას კონკრეტულ ძეგლებზე (მაგალითად, ოშკი, იშხანი, პარხალი, ხანძთა, ბანა, შატბერდი და სხვ.);
  3. შექმნიან ვიზუალურ რუკა-ს  ZeeMap-ზე, სადაც აღნიშნავენ ამ მხარის (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) ეკლესია -მონასტრებს, ციხეებსა და ისტორიულ ადგილებს. ამისთვის:
  • მოსწავლეები რუკაზე ამატებენ თითოეულ ძეგლს როგორც პუნქტს (marker) – შესაბამისი გეოგრაფიული კოორდინატების გამოყენებით;
  • თითოეულ წერტილს ურთავენ ფოტო/ილუსტრაციას, მოკლე აღწერას (ისტორია, არქიტექტურა), საინტერესო ფაქტს ან ნებისმიერ ტექსტურ ინფორმაციას, თუნდაც შეკითხვას;
    1. მოსწავლეები წარადგენენ რუკას – გააკეთებენ პრეზენტაციას კლასში, ან სკოლის მასშტაბით  (პროექტის გეგმის შესაბამისად),    წარადგენენ თავიანთ რუკას, გააზიარებენ ბმულით  და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

მაგალითი:  მოცემული  პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი  რუკა https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14

ინტერაქტიურ რუკა  ZeeMap  -ზე  მუშაობის შედეგები:

  • ისტორიული აზროვნების განვითარება: მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს კონკრეტულ მოვლენას, მოქმედებს დროსა და სივრცეში;
  • გეოგრაფიული კომპეტენცია: მოსწავლე ორიენტირებს სივრცეში, ახდენს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ლოკალიზაციას;
  • ვითარდება ღირებულებითი განათლების მიმართულებით: იაზრებს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა არ მთავრდება ქვეყნის ფიზიკური საზღვრებით;
  • ციფრული უნარების განვითარება: სწავლობს ციფრულ რესურსზე მუშაობას, ციფრულ რედაქტირებას, ინფორმაციის გადმოცემას ვირტუალურად
  • დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით: მოსწავლე ირჩევს მასზე მორგებულ აქტივობას: ტექსტურს, ვიზუალური, ხმოვანი /აუდიო ფორმით;
  • მუშაობს ინდივიდუალურად, ან წყვილში, ან გუნდურად.

მაგალითი  –   „ოშკის ტაძარი“

  • მოვნიშნოთ ოშკის ტაძრის წერტილი (კოორდინტი) ZeeMap-ზე: ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთი, ართვინის პროვინციაში;
  • დავამატოთ ტაძრის ფოტო – ახლანდელი მდგომარეობა;
  • დავურთოთ ისტორია: აშენდა X საუკუნეში დავით III -ის, ტაოელი ბაგრატიონის მიერ და ა.შ.
  • დავამატოთ ვიდეო-მასალა ან აუდიო/გიდი
  • და ა.შ.

პროექტის შეფასების რუბრიკა მოიცავს პრეზენტაციის, კვლევის, თანამშრომლობისა და ციფრული კომპეტენციის უნარებს.

შეფასების კრიტერიუმი 3 ქულა (უმაღლესი დონე) 2 ქულა (საშუალო დონე) 1 ქულა (საწყისი დონე)
სწორად მონიშნული გეოგრაფიული ობიექტები 5-ზე მეტი ლოკაცია სწორადაა განსაზღვრული და წარმოდგენილი რუკაზე 3-5 ლოკაციაა წარმოდგენილი ძირითადად სწორად 1-2 ლოკაციაა წარმოდგენილი ან გაურკვეველი მდებარეობით
ინფორმაციის სიზუსტე და სიღრმე ტექსტები ინფორმატიულია, მოიცავს ისტორიულ ფაქტებს, თარიღებსა და მახასიათებლებს ტექსტი ზოგადია, მაგრამ ისტორიული შინაარსი ჩანს ტექსტი ზედაპირულია ან შეცდომებით
ვიზუალური და მულტიმედიური ელემენტები გამოყენებულია ფოტოები, ბმულები ან ვიდეოები, რაც აუმჯობესებს პრეზენტაციას გამოყენებულია მხოლოდ ფოტოები ან ლინკები ვიზუალური მასალა საერთოდ არ არის გამოყენებული
მონაწილეობა და თანამშრომლობა ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს; პასუხისმგებლობები გადანაწილებულია მონაწილეებმა იმუშავეს ერთად, მაგრამ უთანასწორო ჩართულობა შეიმჩნევა მუშაობა ძირითადად ინდივიდუალურია ან ჯგუფში იყო პრობლემები
პრეზენტაციის ხარისხი (წარდგენა) გამართული მეტყველება, ლოგიკური სტრუქტურა, კითხვებზე პასუხები წარმოდგენა ზოგადია, პასუხები მოთხოვნის მიხედვით არ იყო მკაფიო, შინაარსი გაუგებარი ან პასუხები არაეფექტური
ციფრული უნარები (ZeeMap-ის გამოყენება) სრულად და ეფექტურად გამოყენებულია ZeeMap-ის ყველა ფუნქცია (მონიშვნა, ტექსტი, ბმული და ფოტო) გამოყენებულია ძირითადი ფუნქციები, ნაწილობრივ – ტექსტი და მონიშვნა გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფუნქცია ან რუკა ძალიან შეზღუდულია

 

ინტერაქტიურ რუკაზე მუშაობით მოსწავლემ  გამოიყენა არატრადიციული მიდგომა,  გაუქტიურდა კრეატიულობა, გახდა უფრო მოტოვორებული, რეფლექსიური  (აღწერს, რა გააკეთა, რატომ, რა ისწავლა პროექტის ფარგლებში) და უფრო წარმატებული სასწავლო პროცესში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“