ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„როგორ მოვემზადოთ სკოლისთვის“ – სკოლაში ტრანზიციის პროცესი

 

ყველა ბავშვისთვის სკოლის დაწყება  და ახალ სასკოლო, საგანმანათლებლო გარემოში ტრანზიცია (შესვლა-გადასვლა), მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ  მოვლენას წარმოადგენს.  . არსებული კვლევებისა და საერთაშორისო  გამოცდილების თანახმად,  სკოლის  პოზიტიურად დაწყება მოსწავლისათვის მომავალი აკადემიური წარმატების და სოციალური  წარმატების  უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. პროცესი, დროული მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ნეგატიურ გამოცდილებად იქცეს.

რადგან სკოლის დაწყება და სწავლის პირველი დღეები ბავშვისთვის, მშობლისთვის და მასწავლებლებისთვის გარკვეულ შფოთვასთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ბავშვის სკოლაში ტრანზიციის გეგმა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის, ოჯახის და საგანმანათლებლო დაწესებულების მზაობა ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

ამ სტატიის დაწერის ერთ-ერთი მოტივაცია სპეციალური პედაგოგის გამოცდის შედეგები აღმოჩნდა. გამოცდის ერთ-ერთი კითხვა სწორედ ბავშვის ტრანზიციას ეხებოდა, რომელიც მეტნაკლებად ბუნდოვანი და რთული აღმოჩნდა პედაგოგებისთვის.

ყველა ბავშვის ცხოვრებაში სკოლის დაწყება და სკოლის პირველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელთანაც ბევრი დადებითი და ზოგჯერ ნეგატიური გამოცდილებაც ასოცირდება. ცნობილია ის ფაქტიც, რომ სკოლაში მიღებული პოზიტიური გამოცდილება ხშირად მომავალშიც წარმატებულ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობასთან ასოცირდება. ასევე, როცა სწავლება სკოლაში ბავშვისთვის სირთულეებთან და არასასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, შემდგომში სწავლის გაგრძელება და სხვა აკადემიური ხარისხის მოპოვების მოტივაცია ნაკლებია.

ტრანზიციის გეგმა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ხშირად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები სპეციფიკურ მხარდაჭერას და გაძლიერებას საჭიროებენ. ამ პროცესში ჩართულია როგორც ბავშვის მშობელი, ასევე სკოლის ადმინისტრაცია. ამიტომ, მსგავსი გეგმა მათ საშუალებას აძლევს სწავლის პროცესი იყოს ინკლუზიური, მშვიდი, პოზიტიური და ეფექტური.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტრანზიციის მხარდამჭერი გეგმა ეხება არა მხოლოდ იმ ბავშვებს, ვისაც სწავლასთან და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, არამედ სოციალურად დაუცველ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც და იმ ბავშვებსაც, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესის გადატანა მოუწიათ სხვადასხვა მიზეზების გამო.

 მნიშვნელოვანია ი საფეხურები, რომლიც ოჯახმა და სკოლამ შეიძლება გაიაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების  სკოლაში უმტკივნეულო ტრანზიციის უზრუნველსაყოფად.  ტრანზიციის პროცესი ძირითადი საფეხურებია:

  1. პირველ კლასში ადრეული რეგისტრაცი
  2. ოჯახისა და ბავშვის მზადება სკოლისთვის
  3. სკოლის მზადება ბავშვების უმტკივნეულო ტრანზიციისათვის

როცა მშობელს გარკვეული ეჭვი აქვს ბავშვის სპეციალურ საჭიროებაზე, სკოლის დაწყებამდე შეუძლია მიმართოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარულ გუნდს, ასევე, ისარგებლოს ადრეული ინტერვენციის სერვისით/შეფასებით. განსაზღვროს ბავშვის წინასწარი საჭიროებები და წინასწარ იზრუნოს  საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევაზე. შესაბამისად, ტრანზიციის პირველი ეტაპი მოსწავლის წინასწარი რეგისტრაციაა სკოლაში. 

ხშირად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები სვამენ კითხვას- „მიიღებენ ჩემს შვილს სკოლაში?“ ჩემი პასუხია – „დიახ“, თქვენ ამის კანონიერი უფლება გაქვთ. საქართველოს რატიფიცირებული აქვს გაეროს 2006 წლის  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენცია“, რომლის საფუძველზე ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება მიიღოს განათლება!  მნიშვნელოვანია, მშობელმა წინასწარ მიაწოდოს სკოლას ბავშვის საჭიროებების შესახებ და სკოლამაც დროულად გააცნოს მშობელს მისი სერვისების შესახებ. სწორედ ამას ემსახურება წინასწარი რეგისტრაცია.

ვინ მონაწილეობს ტრანზიციის პროცესში?

ტრანზიციის პროცესში მონაწილეობს:  სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური ასისტენტი, ადრეული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ბაღის პედაგოგი, ბაღის ფსიქოლოგი, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტები და ნებისმიერი სხვა თერაპიის სპეციალისტი, რომელიც თერაპიულ პროცესს ახორციელებდა/ახორციელებს ბავშვთან.

სკოლამ მომავალი პირველკლასელების მიღების გეგმა ერთი წლით ადრე მაინც უნდა შეიმუშაოს. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სკოლის სარეგისტრაციო ფორმა, სადაც მშობელი სკოლას მიაწოდებს ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის  თუ სამედიცინო დიაგნოზის შესახებ, ასევე, ყველა მისი სპეციფიკური საჭიროებების შესახებ, რაც სწავლებას და ბავშვის საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, ყველა სკოლას ჰქონდეს საინფორმაციო ბროშურა, რომელშიც ყველა იმ სერვისის ჩამონათვალია შეტანილი, რასაც სკოლა ბავშვებს და მათ მშობლებს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, სკოლამ ხაზი გაუსვას, რას სთავაზობს სპეციალური საჭიროებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, იქნება ეს გარემოს მოწყობა თუ ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპეტენტური პირების დახმარება, რომლებიც ბავშვის სწავლების პროცესში მონაწილეობენ.

ასევე, მნიშვნელოვანია, ყველა სკოლას ვებ-გვერდზე ჰქონდეს განთავსებული ფოტო/ვიდეო რესურსები, სადაც კარგად ჩანს სკოლის ტერიტორია და მოწყობა.

საჭიროა, სკოლამ 1 წლით ადრე განსაზღვროს, ვინ იქნება  სკოლაში ტრანზიციის კოორდინატორი, პირი, რომელიც წარმართავს ამ პროცესს და  მუდმივ მონიტორინგს. სწორედ ტრანზიციის კოორდინატორია ის საშუალო, რგოლი „მედიატორი“ რომელიც აკავშირებს სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა სპეციალისტებს, როგორიცაა ბაღის პედაგოგი, ბავშვის თერაპევტები და ა.შ

ტრანზიციის კოორდინატორი აორგანიზებს ერთობლივ შეხვედრებს, სადაც ბავშვთან დაკავშირებული საჭიროებების განხილვა და შეჯამება ხდება. მნიშვნელოვანია, ასეთი შეხვედრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეორდებოდეს. სკოლის კოორდინატორი ადგენს ბავშვის ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმას, რომელიც მორგებულია თითოეულ ბავშვზე და იქმნება ინდივიდუალურად. გეგმაში შეტანილია მშობლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია, ცნობები და ინფორმაცია ბავშვის დიაგნოზის და საჭიროებების შესახებ. ასევე, ინდივიდუალურ გეგმაში მითითებულია ის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება შეხვედრები და ვინ დაესწრება მათ.

საინტერესოა ის აქტივობები, რომელიც ბაღებმა და სკოლებმა ერთობლივად შეიძლება განახორციელონ ბავშვის სკოლაში ადაპტაციის ხელშესაწყობად: ბაღის ექსკურსია სკოლაში, სკოლის ტერიტორიის დათვალიერება, გაკვეთილებზე დასწრება და ასევე, პირველკლასელების ვიზიტი ბაღში და მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი მხიარული თამაშები.

მშობელმა მნიშვნელოვანია იზრუნოს ბავშვის წინასასკოლო უნარებზე და სასკოლო ადაპტაციაზე. ხშირად გაასეირნოს ბავშვი სკოლის ტერიტორიაზე, გააცნოს მომავალი მასწავლებლები, თუ მშობელმა წინასწარ იცის, ვინ იქნება ბავშვის თანაკლასელი, ხელი შეუწყოს გაცნობას და დამეგობრებას.

ხშირად, როცა მშობლები ბავშვთან ერთად წინასწარ აწყობენ ექსკურსიებს სკოლაში, იღებენ ფოტოებს, ვიდეოს და  სახლში ხშირად უყურებენ ბავშვებთან ერთად. უქმნიან წინასწარგანწყობას. თამაშობენ სახლში „სკოლობანას“, „პირველი დღე სკოლაში“, ერთად ყიდულობენ სასკოლო ნივთებს. მათი უფროსი და/ძმების მაგალითზე აჩვენებენ, როგორ დადიან ისინი სკოლაში და რას საქმიანობენ.

იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა წინასწარ იღებს ინფორმაციას ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ, სკოლის ადმინისტრაციას სასწავლო წლის დაწყებამდე შეუძლია სკოლის ფიზიკური გარემოს მოწყობა, როგორიცაა: ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებისთვის კლასის 1 სართულზე განთავსება ან აკუსტიკურად უფრო ხელსაყრელი კლასის შერჩევა სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის, ასევე ფიზიკური გარემოს მოწყობა, მასწავლებლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების წინასწარი მომზადება.

შევაჯამოთ, ტრანზიციის პროცესი: მშობლის მიერ ბავშვის წინასწარი რეგისტრაცია, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ბავშვის ჯანმრთელობის და საჭიროებების შესახებ, სკოლის მიერ ტრანზიციის კოორდინატორის დანიშვნა, ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმის შემუშავება, გეგმაში მონაწილე პირების ქსელის შექმნა,  სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა, ბავშვის და მშობლის ვიზიტი სკოლაში, გაცნობითი სახის ღონისძიებების ორგანიზება სკოლასა და ბაღს შორის, ბავშვის თერაპევტების ჩართვა სკოლისათვის წინასწარი მომზადების ღონისძიებებში.

მსგავსი მიდგომა ყველა ბავშვს მისცემს საშუალებას, პოზიტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ანბანის წიგნი

ლიტერატურული თამაშები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი