ოთხშაბათი, ოქტომბერი 1, 2025
1 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

პირველი ნაბიჯები სკოლაში: ტრანზიცია და პაწია ჭიანჭველას ამბავი

ყველასთვის ცნობილია, რომ  სკოლის წარმატებულად დაწყება ბავშვებისთვის საკმაოდ გრძელვადიან პოზიტიურ შედეგებს უკავშირდება.  განვითარებული ქვეყნების თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში უკვე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების უმტკივნეულო გადასვლას (ტრანზიციას) ერთი სისტემიდან მეორეში.

ტრანზიციის პროცესი, ბავშვის საკეთილდღეოდ, მოიაზრებს სკოლის თანამშრომლობას ბავშვის ოჯახს,   სკოლამდელ დაწესებულებასა და/ან ადრეული განვითარების მომსახურებას შორის.

ტრანზიციის პროცესი შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს:

  • სკოლაში დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებთან კომუნიკაციას ბავშვების საჭიროებებისა და მშობლების მოლოდინების შესასწავლად;
  • ტრანზიციის პროცესზე პასუხისმგებელი პირისა თუ ჯგუფის გამოყოფას;
  • კლასების დამრიგებლების განსაზღვრას;
  • თანამშრომლობასა და ერთობივი ღონისძიებების განხორციელებას სკოლამდელ დაწესებულებასთან;
  • სწავლის დაწყებამდე ბავშვებისა და მშობლების ვიზიტების ორგანიზებას – სადაც მოხდება მასწავლებლისა და ბავშვების გაცნობა;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დამატებითი/გაფართოებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
  • სკოლის დაწყების შემდგომ მხარდაჭერას – სკოლის პირველი დღეების დაგეგმვას; პროცესის შეფასებასა და თვითრეფლექსიას – პროცესის დახვეწის მიზნით.

სტატიაში ერთ სტრატეგიას შემოგთავაზებთ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სწავლის დაწყების შემდგომ.  ქვემოთ მოყოლილი ზღაპარი ძალიან მოსწონდათ ჩემს მოსწავლეებს. მათთვის ეს იყო შესაძლებლობა, ესაუბრათ ახალი გარემოთი თუ ცვლილებებით გამოწვეულ ემოციებზე.

 

ამბავი პაწია ჭიანჭველაზე, რომელიც სკოლაში წავიდა

ერთი ტყის შუაგულში, მარწყვის მდელოზე, ჭიანჭველები ცხოვრობდნენ. უფროსი ჭიანჭველები ყოველ დღე სამსახურში დადიოდნენ. პატარა ჭიანჭველები კი ან ბებია – ბაბუასთან რჩებოდნენ, ან მშობლებს ჭიანჭველების საბავშვო ბაღში მიჰყავდათ.

მარწვის მდელოზე დრო სწრაფად გადიოდა და პატარა ჭიანჭველების სკოლაში შესვლის დროც მოახლოვდა. იცით, რას ასწავლიან ჭიანჭველების სკოლაში? კითხვას, წერას, თვლას, საინტერესო ამბებს ტყის ცხოვრებასა  და იმ ჭიანჭველებზე, რომლებიც პატარა ჭიანჭველების დაბადებამდე ცხოვრობდნენ მდელოზე.

პატარა ჭიანჭველების სკოლაში შესვლა ტყის მდელოზე ნამდვილი ზეიმია. ამისათვის მშობელი ჭიანჭველები საგანგებოდ ემზადებიან. გაინტერესებთ როგორ? პატარებისთვის ყიდულობენ ზურგჩანთებს, ფანქრებს და  ხის ქერქისაგან  დამზადებულ რვეულებს.

ჭიანჭველების სკოლას ასეთი წესი აქვს: სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პატარა ჭიანჭველები მშობლებთან ერთად მიდიან სკოლში, რათა დაათვალიერონ ახალი გარემო.  მასწავლებელი ჭიანჭველა სკოლის კართან ხვდება, ეცნობა პატარა ჭიანჭველებსა და მათ მშობლებს,    აცნობს პატარებს თანაკლასელებს, ხან ზღაპარს უამბობს, ხან კი დიდ ლუპებს ურიგებს და სთხოვს, ერთად დააკვირდნენ მარწყვებსა და ხის ფოთლებს. ზოგჯერ პატარები თავისთვის თამაშობენ ეზოში.  ჭიანჭველების სკოლაში თვლიან, რომ პატარები ასე ნელ–ნელა უკეთ შეეჩვევიან და შეიყვარებენ სკოლას.

და აი, დადგა სკოლაში წასვლის დღეც. პატარა ჭიანჭველები სკოლაში მშობლებმა მიიყვანეს. სკოლის კართან ისევ მასწავლებელი დახვდათ, თბილად მიესალმა და პატარები კლასში შეიყვანა. ზოგიერთი პატარა ჭიანჭველა ხალისით დარბოდა და მანამდე გაცნობილ მეგობრებს ეძებდა, ზოგს კი მაინც ღელვა ეტყობოდა. ასეთი იყო ჩვენი ზღაპრის მთავარი გმირიც, პაწია ჭიანჭველაც. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს უკვე შეხვდა და რამდენიმე თანაკლასელთანაც ითამაშა, მაინც ძლიერად  უცემდა გული და სულ დედაზე ფიქრობდა… შესვენებაზეც კი სულ მარტო იჯდა მოწყენილი.  ისეც ხდებოდა, რომ  ზოგჯერ,  დილაობით, სკოლაშიც არ უნდოდა  წასვლა. ასე გადიოდა დღეები და პაწია ჭიანჭველას ეგონა, აწი  სულ ასე იქნებაო.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, პაწია ჭიანჭველა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. ცაც მოღრუბლული იყო და ეს კიდევ უფრო ასევდიანებდა მას. მოწყენილი სახით ცას შეჰყურებდა და ღრუბლებს ხან რას მიამსგავსებდა და ხან რას. ამ დროს დედამ თაფლიანი ბუტერბროდი გაუმზადა, შუბლზე აკოცა და შეახსენა, სკოლაში არ დაგაგვიანდესო.

პატარა ჭიანჭველა უხასიათოდ გაუდგა სკოლის გზას. ამ დროს ციდან წვიმის წვეთი ჩამოვარდა და პაწია ჭიანჭველას მხარზე მოკალათდა.

  • გამარჯობა! – უთხრა წვეთმა. – რატომ ხარ მოწყენილი?
  • გამარჯობა! რატომ და სკოლაში მივდივარ! – უპასუხა უხასიათოდ ჭიანჭველამ.
  • სკოლაში?! და ეს ხომ ძალიან კარგია! მოსწავლე ყოფილხარ! მე კიდევ ღრუბლებიდან ვაკვირდები, როგორ დადიან პატარები სკოლაში და სულ ვოცნებობ, ნეტავ, წვეთებიც დავდიოდეთ სკოლაში -მეთქი.
  • რა გინდა ამ სკოლაში! – გაუკვირდა პაწია ჭიანჭველას. – იცი, იქ რა ძნელია? მერხთან უნდა იჯდე, ყურადღებით ისმინო და თანაც, იქ დედა არ არის!
  • დედა ხომ სამსახურშია! – მხრები აიჩეჩა წვეთმა. -მასაც ხომ საქმე აქვს. მე კიდევ იცი რა მომწონს სკოლაში? პატარები წიგნებს რომ ათვალიერებენ, თამაშობენ და  რაღაც ,,აბლაბუდებს“ რომ ხატავენ რვეულში.
  • რა აბლაბუდებს! ეს ასოებია! – შეიცხადა ჭიანჭველამ.
  • ასოებიო? – გაიკვირვა წვეთმა. – კიდევ რა გასწავლეს ამ სკოლაში?
  • რა მასწავლეს და … წელში გაიმართა პაწია ჭიანჭველა. – ასოებს ვსწავლობ, კიდევ ვიცი, რომ ასოებისგან იქმნება სიტყვები, სიტყვებისაგან წინადადებები და რომ კიდევ არსებობს ძალიან საინტერესო წიგნები.
  • შენ რა, კითხვაც იცი? – ვერ მალავდა გაოცებას წვეთი.
  • ყველა ასო ჯერ არ გვისწავლია. მხოლოდ რამდენიმე, მე ჯერ მასწავლებელი მიკითხავს, მაგრამ მალე ყველა ასო გვეცოდინება და ჩვენითაც წავიკითხავთ საინტერესო წიგნებს.
  • ეეეჰ, მეც როგორ მინდა თქვენთან ერთად სწავლა! – ამოიხვნეშა წვიმის წვეთმა. – რამდენ საინტერესო ისტორიას იგებთ სკოლაში, რამდენ პატარა ჭიანჭველას იცნობთ! თან ეს ამბავი მარტო შენ კი არა, ალბათ შენს მშობლებსაც ახარებს. დაბრუნდები სკოლიდან და მოუყვები, ვის ეთამაშე, რა გააკეთე, რა გითხათ მასწავლებელმა. შენ გექნება დრო, როცა დამოუკიდებლად ახალ რაღაცებს ისწავლი და საღამოს ხალისით მოუყვები სხვებს!
  • და იცი, რა ძნელია, ახალი რაღაცების სწავლა?!
  • გეთანხმები, იოლი არ არის, მაგრამ სულ ადვილი რაღაცები რომ აკეთო მგონი მოგეწყინება! მაგრამ იცი, შენი კარგად მესმის. ზოგი ჭიანჭველა იოლად ეჩვევა სკოლას, ზოგს კი დრო უნდა. ყველა ჭიანჭველა ხომ ერთნაირი არ არის. მაგრამ, ჩემი აზრით, სკოლა და სახლი გავს კიდეც რაღაცით ერთმანეთს. ორივეგან უფროსები საინტერესო ამბებს ყვებიან, პატარებს ეხმარებიან, ასწავლიან და მხარს უჭერენ, არა? ახლა კი გაიქეცი, სკოლაში არ დაგავიანდეს! საღამოს კი მოუყევი დედიკოს, ვისთან ითამაშე, რა გაიგე ახალი.
  • მართალი ხარ, წვეთო! მართლაც, არ დამაგვიანდეს! – გამოცოცხლდა პაწია ჭიანჭველა. – დროებით!

პატარა ჭიანჭველა სირბილით გაიქცა სკოლისკენ, კლასში შევარდა და ერთ კლასელ ჭიანჭველას მიუჯდა.

  • გამარჯობა! – მიესალმა გაკვირვებული კლასელი – რა კარგია, დღეს რომ კარგ ხასიათზე ხარ!
  • გამარჯობა! – გაუღიმა პაწია ჭიანჭველამაც.

ამ დროს კლასში მასწავლებელი შემოვიდა, მოსწავლეებს მიესალმა და დიდი, ფერადი ალბომი მაგიდაზე დადო.

პაწია ჭიანჭველამ გაიხედა ფანჯარაში. და იცით, რა იგრძნო? რომ მოღრუბლული ცა სულაც აღარ ეჩვენებოდა ისე სევდიანად, ვინაიდან იცოდა, რომ იქ ძალიან საყვარელი წვიმის წვეთები ცხოვრობდნენ, შემდეგ შეხედა მასწავლებელს და მიხვდა, რომ არც ის აღარ იყო მისთვის  ძალიან უცხო და ისევ გაეღიმა. ,,მე მოსწავლე ვარ!’’ გაიფიქრა ამაყად და ინტერესით შეხედა მასწავლებლის ფერად ალბომს.

საღამოს კი, როდესაც მშობლები დაბრუნდნენ სამსახურიდან, პაწია ჭიანჭველამ უამბო, რომ დღეს სკოლაში ისწავლეს ახალი ასოები,  ერთი სასაცილო სიმღერა, დაათვალიერეს ჰერბარიუმი  და რომ ახლა სასწრაფოდ უნდა დახატოს შემოდგომა, რადგან ასეთი საშინაო დავალება მისცა მასწავლებელმა. ხვალ კი ადრე უნდა გაიღვიძოს, ვინაიდან ერთი სული აქვს, თუ როდის აჩვენებს მასწავლებელს და კლასელებს საშინაო დავალებას.

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ,  შეგიძლიათ პატარა მოსწავლეებს მსგავსი შეკითხვები დაუსვათ:

შეკითხვები

  1. სად ცხოვრობდნენ ჭიანჭველები?
  1. რას ასწავლიან ჭიანჭველების სკოლაში?
  2. ვინ დახვდა პატარა ჭიანჭველებს სკოლის კართან?
  3. რას გრძნობდა პაწია ჭიანჭველა, როცა სკოლაში მიდიოდა?
  4. რატომ იყო პატარა ჭიანჭველა მოწყენილი?
  5. შენ რას გრძნობდი,  როცა პირველად სკოლაში მიხვედი?/შენი აზრით, რას გრძნობენ პირველკლასელები, როცა სკოლაში მოდიან?
  6. შენ რას ეტყოდი პაწია ჭიანჭველას, მოწყენილი რომ არ ყოფილიყო?
  7. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს სკოლა სახლს?
  8. დახატე ან მოიფიქრე შენი საყვარელი საგანი ან რაიმე, რაც ყველაზე მეტად მოგწონს სკოლაში.
  9. წარმოიდგინე, რომ შენც შეხვდი ერთ პატარა წვეთს – რაზე ილაპარაკებდი მასთან?

ზღაპრის მოსმენის შემდეგ, ბავშვებს  ძალიან მოეწონათ ილუსტრაციების შექმნა . ამით გამოხატეს საკუთარი ემოციები და დამოკიდებულებები. ხატვა ხელს უწყობს: თვითგამოხატვას, შემოქმედებითი აზროვნების, ემოციური იინტელექტის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზღაპრის   გაცნობის ამგვარი   აქტივობები ავითარებს კომუნიკაციის უნარებს რაც თავის მხრივ  მოზარდს უადვილებს  ახალ გარემოში ადაპტაციას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. წულაძე, მ. (2021) მზად ვართ პირველკლასელების დასახვედრად – ბავშვების სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერის სახელმძღვანელო. „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“
  2. Malaspina, D, Rimm-Kaufman, S.E ,, Early Predictors of School Performance Declines at School Transition Points. ’’ RMLE Online—Volume 31, No. 9
  3. Хухлаева О. В. Тропинка к своему я. Генезис. 2004.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

სულის უსასრულო ხეტიალი

ზაფხულის დრო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“