ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წერილი მოსწავლეს

სულ ცოტაც და დაიწყება 2021-2022 სასწავლო წელი. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ ფორმატში მოგვიწევს სკოლაში დაბრუნება. მოგვცემს კი ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საკლასო სივრცეში სრულფასოვანი დაბრუნების საშუალებას? გასული სასწავლო წელი სავსე იყო ფრაზებით – ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და ა.შ. რასაკვირველია, ამ რთული პროცესით ყველაზე დიდი ზიანი თქვენ მოგადგათ. მუდმივად ვფიქრობ – როგორ აგინაზღაუროთ „წართმეული“ დრო და დაკარგული შესაძლებლობები.

ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს იქნება ბოლო წელიწადი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ზოგისთვის პირველი… დანარჩენთათვის – არც ბოლო და არც პირველი. როგორია შენი მოლოდინი? რას მოგიტანს ის? რას შეცვლის კიდევ ერთი კლასისა თუ საფეხურის დაძლევა შენს ცხოვრებაში? როგორ გაუმკლავდებით სირთულეებს?

დამეთანხმებით, რომ ზაფხულის არდადეგები ისეთი მრავალფეროვანი და ხალისიანი აღარ იყო, როგორც ადრე – პანდემიამდე. ალბათ, ადევნებდით თვალს სხვადასხვა აზრის, შეხედულების თუ მსოფლმხედველობის ადამიანთა ჯგუფები როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ყველა საშუალებით ცდილობდნენ საკუთარი პოზიციის „გატანას“.

დაფიქრებულხართ, რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ აქედან? ცხოვრება ხომ საუკეთესო მასწავლებელია?!

  • პირველ რიგში, ეცადეთ, ისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. არ დარჩეთ მუდმივად პასიური მაყურებლის როლში. არასოდეს აქციოთ ძალადობა პრობლემების მოგვარების გზად და საშუალებად. პირიქით – ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია – აგრესიას, ზიზღი კი – ზიზღს… ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში იყოთ მეტად ემპათიური.

მუდმივი დაძაბული ფონი თქვენზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, გვსურს თუ არა ეს ჩვენ, ფაქტები და მოვლენები ჩვენს ცნობიერში ღრმად ილექება. ისინი „ელოდებიან“ ხელსაყრელ მომენტს, რომ გამოხატვის საშუალება იპოვონ, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გარე სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილებაში. როგორ? – როგორ და სიკეთე გადამდებია, ამიტომ ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში ეცადეთ უწყვეტად გაავლოთ სიკეთის ხაზი და ასწავლოთ სხვებსაც.

დღეს ახალგაზრდები ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგახართ. სწრაფად ცვალებად სამყაროში გიწევთ მყისიერი ადაპტირება.

სამყარო იცვლება. სამყაროს შეცვლის კვალდაკვალ იცვლება საჭიროებები და მოთხოვნილებები. თქვენ გაქვთ სხვადასხვა ინტერესი და უნარი. მაგალითისათვის, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, უმეტესობას სურვილი ჰქონდა გამოსულიყო ექიმი, ინჟინერი, იურისტი, მასწავლებელი და ა.შ. ტექნოლოგიების განვითარებამ ახალ-ახალი პროფესიები წარმოქმნა. ვებდიზაინი, კოდირება, რობოტექნიკა ის საქმიანობებია, რომლებიც დღეს ძალიან პოპულარული და მაღალანაზღაურებადია.

შესაბამისად, დღეს თქვენნაირი ახალგაზრდების წინაშე გადაშლილია ცხოვრების ფართო ობიექტივი. საკუთარი თვალით ხედავთ, როგორი სისწრაფით იცვლება მოვლენები. ცოტა ხნის წინ, სკოლა განათლების მიღების ერთადერთი და უკონკურენტო სივრცე იყო. პანდემიამ იგი სხვა თვალით დაგვანახა. ახლა გაქვთ სწავლის უამრავი გზა და საშუალება. მათი უმეტესობა სკოლის კედლებს მიღმაა. სასურველი ცოდნის მიღება ინტერნეტთან მიერთებული ისეთი ტექნიკური საშუალებებით შეგიძლიათ, როგორიცაა თქვენი ჭკვიანი ტელეფონი. ის ხომ მთელ მსოფლიოსთან გაკავშირებთ…

საკუთარ თავზე მუდმივი, გაუჩერებელი მუშაობისა და სწავლის გზა არის უალტერნატივო. არსებული მდგომარეობა იძლევა საკმარის დროს თვითგანვითარებაზე ორიენტირებისთვის. ნებისმიერი არასასურველი რეალობის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ თაობებს შეუძლიათ.

მინდა, რომ არ დანებდეთ. ამ „ბრძოლაში“ თქვენ უნდა იყოთ წამყვანი ძალა ვინც, არათუ ფეხს აუწყობს არსებულ გამოწვევებს – არამედ დაძლევს მათ. გახსოვდეთ, რომ კაცობრიობამ აქამდე დაამარცხა უამრავი პანდემია, გადაიტანა დამანგრეველი ომები. საფუძვლიანი მოტივაციისთვის კარგ მაგალითს მოგიყვანთ – ებრაელები, გარდა იმისა, რომ გენოციდს გადაურჩნენ, მათ შეძლეს ძალიან მცირე დროში უძლიერესი სახელმწიფოს აშენება. როგორ მოახერხეს ეს? –  მათ აქცენტი განათლებაზე გააკეთეს! გერმანელებმაც, თავის მხრივ, აღიარეს დანაშაული და შექმნეს სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები ყველაზე ღირებული ფასეულობაა.

აღნიშნულ ისტორიულ ფაქტებს ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორმხრივი გონიერების ნათელი და ხელშესახები მაგალითია, მეორეც, ორივე სახელმწიფო არაფრისგან საუკეთესოს შექმნის მზა რეცეპტია და შეგვიძლია მივბაძოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი