სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

ორი პედაგოგიური კანონი „პროფესორის საყვარელი ფორმულის“ მიხედვით

მასწავლებლებს ჰაერივით გვჭირდება სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან ურთიერთობას დაძაბულობის გარეშე. ერთგვარი „სამასწავლებლო კედლების გარეშე“. ადგილი, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ არამარტო გამოცდილებას, არამედ ემოციებს, არა მარტო წარმატებებს, არამედ წარუმატებლობებსაც, ერთმანეთს დავუსვამთ შეკითხვებს და მოვუსმენთ, განსხვავებულ პერსპექტივას გავეცნობით, სხვისას დავინახავთ და შევიგრძნობთ, წაკითხულის შესახებ ვისაუბრებთ, საინტერესო და საგულისხმო თვალსაზრისებს გავცვლით, გონების საზრდოს მივიღებთ.

მარიამ ჯამდელიანის მიერ შექმნილი ფეისბუქის გვერდი „წიგნელი“ გვაერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც ლიტერატურა ძალიან გვიყვარს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ბევრნი ვართ პედაგოგიც. საინტერესო და განსხვავებული კი ეს გვერდი იმითაა, რომ მხოლოდ პედაგოგების კი არა, მაძიებლების, მშობლების, ახალგაზრდების ერთობაა აქ და პედაგოგიური თვალთახედვით ეს საუკეთესო, ლამის, სასათბურე პირობებია – დარგის პროფესიონალთა გაერთიანება, რასაკვირველია, შესანიშნავია, მაგრამ როდესაც ერთ სივრცეში სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების ადამიანია შეკრებილი, შეხედულებათა მრავალფეროვნება გარანტირებულია.

ერთ-ერთი ონლაინშეხვედრა „წიგნელში“ სწორედ სასწავლო წლის დაწყებამდე დაიგეგმა. მიზნად ახალი სასწავლო წლისთვის შესაფერისი განწყობის შექმნა დავისახეთ. ამ მიზნის მისაღწევ გზაზე მეგზურად იაპონელი მწერლის, იოკო ოგავას, წიგნი შევარჩიეთ. შეხვედრაზე მასწავლებლებიც ვიყავით და მშობლებიც, მასწავლებლობის მსურველებიც და მკითხველებიც. ამგვარმა მრავალფეროვნებამ ყველანი გაგვამდიდრა.

შეხვედრის მეგზური

შეხვედრის მეგზურად „პროფესორის საყვარელ ფორმულა“ შემთხვევით არ შემირჩევია. წიგნი მეცნიერების დედოფლის, მათემატიკის, საუფლოში გვეპატიჟება პედაგოგიკის ბილიკების გავლით.

მკითხველი ხვდება პროფესორის არეულ-დარეულ, მაგრამ მაინც მყუდრო საცხოვრებელში, იქ, სადაც „აქამდე უცნობი სახეობის სიჩუმეს დაედო ბინა“, სადაც „რიცხვების ტყეში მოხეტიალე პროფესორია“ მასპინძელი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს მათემატიკური პრიზმიდან უყურებს და აფასებს.

შემოქმედებითი თვითიდენტიფიკაცია

გადამდებია ეს მიმართება და ერთი საინტერესო, სახალისო სავარჯიშოც მომაფიქრდა – მინდოდა, შეხვედრის მონაწილეებს ერთმანეთი გაგვეცნო, რაიმე გვეთქვა საკუთარი თავის შესახებ. ფორმატისა და დროის სიმცირის გამო ყველას წარდგენა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ სავარჯიშო „შემოქმედებით-მათემატიკური თვითიდენტიფიკაცია“ შესანიშნავად გაუმკლავდა ამ ამოცანას. მონაწილეებს მათემატიკური სიმბოლოების გამოყენება ვთხოვე თვითიდენტიფიცირებისა და საკუთარი თავის წარდგენისთვის. ინსტრუქცია ასეთია: ვიღებთ მათემატიკურ სიმბოლოებსა და ნიშნებს, ვანიჭებთ მათ ჩვენეულ მხატვრულ დატვირთვას და საკუთარი თვისებების ან მახასიათებლების წარმოსაჩენად ვიყენებთ. ეს დავალება მშვენიერი აქტივობაა ერთმანეთის გასაცნობად, „ყინულის გასაჭრელად“, კონტაქტის დასამყარებლად ახალ აუდიტორიაში. მაგალითად:

∞ – უსასრულობა – უსასრულო ცნობისმოყვარეობა და ცოდნის ძიება

x, y, z – უცნობი ან ცვლადი სიდიდეები – უცნობის კვლევა და აღმოჩენის სურვილი

+ შეკრება – სიკეთის, იდეებისა და ადამიანების გაერთიანება

− გამოკლება – ზედმეტის მოცილება და სიმარტივე

× – გამრავლება – შესაძლებლობების ზრდა და გამრავლება

: – გაყოფა – ცოდნის გაზიარება და რესურსების სწორად განაწილება

√ – ფესვი – არსის, ძირის ძიება მოვლენებში

= ტოლობა – სამართლიანობა და ბალანსი

N – ნატურალური რიცხვები – ბუნებრიობასთან და საწყისთან კავშირი

შეგვიძლია გამოვიყვანოთ ფორმულა: ∞+∑ = 0

სადაც:

∞ – უსასრულო ცნობისმოყვარეობა, მუდმივი სწავლის სურვილის აღმნიშვნელია…

∑ – ჯამი – პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებების მუდმივი გამთლიანების წყურვილს გამოხატავს…

= ტოლობის ნიშანი – ბალანსს

და

ნული მზაობას, ყოველთვის ყველაფერი დავიწყო თავიდან…

ეს „ჩემი ფორმულა“ იყო. შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი „ფორმულები“ ჩატში გაგვიზიარეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, სიტყვიერადაც აგვიხსნა დაშიფრული. რა საინტერესოა, რომელ თვისებებს წამოვწევთ წინ უცნობი ადამიანების წინაშე, რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი პიროვნების რომელ ჰიპოსტასს ვამზეურებთ ხოლმე…

პედაგოგიური სამკუთხედი

პედაგოგიკა სპეციფიკური, საინტერესო, მრავალფეროვანი დარგია. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც (მეცნიერება+ხელოვნება=პედაგოგიკა). ამასთან, სასკოლო პედაგოგიკის საძირკველი სამკუთხაა.

სამ სვეტზე დგას.

სამწვეროვანია.

პედაგოგიური ამოცანების წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია ერთობა: მასწავლებელი+მოსწავლე+მშობელი.

ვალდორფის პედაგოგიკაში ამას პედაგოგიურ სამკუთხედს უწოდებენ და იოკო ოგავას ამ წიგნში ის შესანიშნავადაა წარმოჩენილი. იდეალური სამკუთხედი გვაქვს:

მშობელი – რომელიც, სიუჟეტის თანახმად, პროფესორის დამხმარეა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის შვილისთვის უპირობო მხარდამჭერი, მასზე მზრუნველი დედა. ამასთან, ინტერესის აღმძვრელი, კითხვების მოყვარული, შვილთან ერთად შემეცნების მაძიებელი.

მოსწავლე – ბიჭუნა ბრტყელი თავით, რომელსაც პროფესორი რუტოს უწოდებს. კლასიკური მოზარდი, რომლის ნდობის მოპოვება არცთუ ისე ადვილია, მაგრამ სამაგიეროდ, მოპოვებული ნდობის, შექმნილი უსაფრთხო გარემოსა და შემეცნების ატმოსფეროს პირობებში მოსწავლე იფურჩქნება, ვითარდება, შემეცნების ბილიკებზე ინტერესით იწყებს მსვლელობას.

მასწავლებელი – პროფესორი „მეხსიერების 80-წუთიანი კასეტით“, მოწოდებით მასწავლებელი, ვისთვისაც ცოდნის გადაცემა, აღმოჩენების სიხარული, კეთებით სწავლება სიამოვნებაა. ყოველ ჯერზე, როდესაც ის რუტოს ხვდება, მის წინაშე „ახალი და ამოუცნობი“ ადამიანი დგას. მას არ აქვს არანაირი წინასწარგანპირობებული შეხედულებები, მოლოდინი, იარლიყი. რუტო „საზრიანი“ ან „დასწავლის სირთულის მქონე“ კი არაა, არამედ ახალი, სუფთა ფურცელია იმ მზაობითა და საჭიროებებით, რომლებიც მოცემულ მომენტში აქვს და ეს პროფესორს განსაკუთრებულ მასწავლებლად აქცევს.

აქ შევყოვნდეთ და დავფიქრდეთ:

როდესაც შევდივართ კლასში, რომელსაც წინა წელსაც ვასწავლიდით, რომელშიც უკვე ჩაგვიტარებია გაკვეთილები, ვიცნობთ მოსწავლეებს, ვიცით მათი შესაძლებლობების შესახებ „თითქმის ყველაფერი“, რამდენად ვაძლევთ საკუთარ თავს საშუალებას, ამ განახლებული მზერით შეხვედოთ მოსწავლეს?

დაყოფის, კატეგორიზაციის, სისტემატიზების ვნება რამდენად გვძლევს ხოლმე? გონებაში ჩაბეჭდილი „ეს ყოჩაღია, ის ჩამქრალია, ფრიადოსანია, უჭირს…“ და მსგავსი განსჯითი „ვერდიქტები“ რამდენად გვიშლის ხელს? რასაკვირველია, ადამიანები ვართ და განსჯის ცოდვისგან სრულად დაცლილი ვერავინ იქნება, მაგრამ მოდით, გამოვიხმოთ ხოლმე პერსონაჟთა გალერეიდან საჭირო დროს ეს ჩვენი ძვირფასი პროფესორი, დავიყენოთ (წარმოსახვითად) გვერდით და „დავესესხოთ“ მას, შევიძინოთ ეს „დავიწყების უნარი“ – შევიდეთ კლასებში განულებული მეხსიერებით, გავთავისუფლდეთ „პიგმალიონის ეფექტისგან“ (ასე აღინიშნება პირობითი დაშვებები, რომლებიც ცვლის ინდივიდის ქცევას და იწვევს ამ დაშვების დამადასტურებელ შედეგს. დეტალურად აღწერილია სტატიაში „პიგმალიონი საკლასო ოთახში“, ნინო ლომიძე, 2015 წ.), მივმართოთ მზერა მოსწავლეებისკენ და არ გამოვიყოლოთ წარსულის ტვირთი, ბარგი ახლანდელ დროში. აქ და ახლა, დაფასთან თუ მასწავლებლის მაგიდასთან მყოფებმა, მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, გამოავლინონ შესაძლებლობები განსხვავებულად.

კანონი პირველი: თითოეულ მოსწავლეში ვეძებო და აღმოვაჩინო ღირებული, უნიკალური თვისება, მახასიათებელი.

ნუ იქნება ეს განსაკუთრებული ნიჭი, ტალანტი. ადამიანებს გვაქვს სხვადასხვა ძვირფასი, ფასდაუდებელი თვისება. ვიღაცას შეუძლია სხარტად, მყისიერად აითვისოს მასალა, ვიღაც ჩუმი, ნელი მოაზროვნეა, ბევრს არ იტყვის, მაგრამ ისეთ დეტალზე მიგვაქცევინებს ყურადღებას, რომელზეც აქამდე არ გვიფიქრია.

არიან ადამიანები, რომლებსაც ხალისიანი, ნათელი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ ირგვლივ. როცა კლასში ასეთი მოსწავლეა, მეტია ხალისი, სიმსუბუქე.

ვიღაცას მხარდაჭერის გასაოცარი უნარი აქვს ან ისეთი ღიმილი, რომელიც განწყობას ცვლის, შიგნიდან გვათბობს.

რომელიღაც მოსწავლე ზის და მთელი გაკვეთილი ორიგამის ულამაზეს ფიგურებს აწყობს, გაკვეთილის შემდეგ კი ჩუმად, უთქმელად გვიტოვებს მაგიდაზე.

ვიღაც ხატავს, ხატავს, ხატავს გაუთავებლად. სთხოვ, გაჩვენოს და შესასწავლი ტექსტის ილუსტრაცია აქვს დახატული, ნაფიქრი წერილობით არა, მაგრამ სურათხატებით აქვს გადმოცემული.

ვიღაცას შეუძლია კითხვების დასმა. ისეთი კითხვების, რომლებზე პასუხების ძიებაც გაკვეთილს საინტერესოს ხდის.

ასე თუ შევხედავთ, საკლასო ოთახი განძის კუნძულს დაემსგავსება და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი განძის მაძიებლებად და მპოვნელებად გარდავისახებით.

კანონი მეორე: არ ავნო

მედიცინასა და პედაგოგიკას, ამ ორ დარგს, ფეხდაფეხ, გვერდიგვერდ მავალთ წარმოვიდგენ ხოლმე. როგორც მედიცინა, ისე პედაგოგიკა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებებია; როგორც მედიკოსს, ისე პედაგოგსაც აქვს საკუთარი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები. თუ ექიმი გამოვლენილ სხეულებრივ, ფიზიოლოგიურ სიმპტომებს აკვირდება (ხველება, ცხელება, კანის ფერი…), მასწავლებლისთვისაც მრავლისმთქმელი სიმპტომებია ჟესტიკულაცია, მიმიკა, ხმის ტემბრი, გაკვეთილზე მოსწავლის ქცევა, ქმედება ან უმოქმედობა. როგორც მედიცინაში, ისე პედაგოგიკაში ერთ უნივერსალურ კანონს ვექვემდებარებით მასწავლებლები და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა არ ვავნოთ.

არ ვავნოთ არავითარ შემთხვევაში.

ზუსტად ისე, როგორც ექიმს, ჩვენც გვაქვს თმენის (უპირობო და აბსოლუტური თმენის) ვალდებულება. მოზარდი იქცევა ისე, როგორც იქცევა. აკეთებს იმას, რაც დავასწავლეთ უფროსებმა, რაც განვუმტკიცეთ. მწვავე სიტუაციაში მას რჩება უფლება, იყოს მოზარდი და ჩვენ გვრჩება ვალდებულება, ვიყოთ ზრდასრულები, მივიღოთ გადაწყვეტილება მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

იოკო ოგავას წიგნში პროფესორი იმდენად აღელდება, იმდენად ანერვიულდება, როცა გაიგებს, რომ დედამ შვილი შინ მარტო დატოვა, რომ სასწრაფოდ მოითხოვს მისგან, შვილი თან ატაროს სამსახურში და არცერთი წუთით არ დატოვოს საფრთხის შემცველ გარემოში, მარტო, ზრუნვისა და მეთვალყურეობის გარეშე.

ბავშვის უსაფრთხოება, მისი კომფორტი პროფესორისთვის უპირატესი ღირებულებაა. ის არ იღებს არცერთ საწინააღმდეგო არგუმენტს. დედა ცდილობს დაარწმუნოს, რომ ბიჭუნა თავს თავად მიხედავს, მაგრამ მასწავლებელს არაფრის გაგონება არ სურს. მისი უმთავრესი საზრუნავია 10 წლის ბიჭის სიცოცხლე და ჯანმრთელობა:

რა გამოდის? შენი შვილი სულ მარტოა სახლში? ბნელ ოთახშიც მარტოა და მშიერი კუჭითაც სულ მარტო ზის და გელოდება? დედამისი კი ამ დროს უცხო სახლში ვახშამს ამზადებს. ჩემს ვახშამს! ოო, რა ცუდი ამბავია! ასე არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება!

აღელვებულმა პროფესორმა თავი ვეღარ შეიკავა, წამოხტა და მაგიდის გარშემო დაიწყო სიარული, თან ტანზე მიკრულ ფურცლებს აშრიალებდა. თმაზე ხელი რამდენჯერმე ნერვიულად გადაისვა და უამრავი ქერტლი დასცვივდა. სიარულისას იატაკი უსაშველოდ ჭრაჭუნებდა. ქურა გამოვრთე და ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგი:

სანერვიულო ნამდვილად არაა, – შევეცადე, შეძლებისდაგვარად მშვიდად მეთქვა, – დიდი ხანია ასე ვართ, მხოლოდ ორნი. რაც ათის გახდა, მარტოს უკვე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. აქაური ტელეფონიც იცის, თუ რაიმე პრობლემა ექნება. საჭიროების შემთხვევაში ქვედა სართულზე მცხოვრები ბინის პატრონიც დაეხმარება

არ შეიძლება ასე, არა! – სიტყვა არ დამამთავრებინა, ისე, რომ ბოლთის ცემა არ შეუწყვეტია.

ბავშვის ასე მიგდება არავითარ შემთხვევაში არაა გამართლებული. ხვალიდან შენი ბიჭიც აქ მოიყვანე. შეუძლია სკოლიდან პირდაპირ აქ მოვიდეს. დავალებებსაც აქ მოამზადებს და თან დედის გვერდით იქნება. ასე არ სჯობს? არ იფიქრო, რომ ხვალ აღარ მემახსოვრება. მეწყინება, თუ ჩემს ნათქვამს ყურადღებას არ მიაქცევ. არ დამავიწყდება! თუ პირობას დაარღვევ, მივხვდები! პროფესორმა მკლავზე მიკრული ჩანაწერი – „ახალი მოსამსახურე“ – მოიძრო, უბიდან ფანქარი ამოიღო და იქვე მიაწერა: „და მისი 10 წლის ვაჟი“.

გესმით ეს აღელვებული, მზრუნველი ხმა? ეს ხმა ყველა ნამდვილი მასწავლებლის შინაგანი ხმაა.

ასე არაა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“