ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

არა, ჩვენ რობოტები არ ვართ.

წერილი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ: მასწავლებლებმა, სკოლის მმართველებმა და მშობლებმა.

 

ოჰ, როგორ ვიღლებით მასწავლებლები! ვიღლებით ფიზიკურად, გონებრივად, ემოციურად! ვინმემ რომ რაიმე ხელსაწყო გამოიგონოს და ადამიანის გონებაში წამში მიღებული გადაწყვეტილებები დათვალოს, ალბათ პირველ ადგილას მასწავლებლები გავლენ. ამდენი დაძაბულობა, პასუხისმგებლობა, თითოეული დეტალის გათვალისწინება და ბეწვის ხიდზე სიარული, საბოლოოდ ემოციურ გამოფიტვასა და გადაღლას იწვევს.

იმ დღეს ერთი მშობელი ბრაზობდა სოციალურ ქსელში, ამდენი დასვენება რაში სჭირდებათ მასწავლებლებსო, და სხვა მშობლებიც მხარს უბამდნენ. მართალი გითხრათ, მეწყინა და კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმ ამბავმა, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის რამხელა ნაპრალია და ერთმანეთის მიმართ ორივე მხარე ხშირად ჩასაფრებულ პოზიციაშია. როდესაც მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა ბავშვის სწორი განვითარების, მისი ჰარმონიული მდგომარეობის წინაპირობაა.

ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მშობლებიც, ვერ იაზრებენ და ვერ ხვდებიან რამხელა ძალისხმევა გვჭირდება მასწავლებლებს, ყოველდღიურად რომ თითოეულ ჩვენს მოსწავლეს სათანადო ყურადღება და სითბო გავუნაწილოთ. გაკვეთილზე სულ დაძაბული ვარ, სულ იმის ფიქრში ვარ – ვაითუ ვინმე გამომრჩა; ვაითუ ვინც არ აქტიურობს, ჩემი მხედველობის მიღმა დარჩა. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა რობოტული რეჟიმიდან გამოვსულვარ და ოდნავ მოვშვებულვარ. ყოფილა და მერე ძალიან მინერვიულია, მიდარდია. ჰოდა, ცოტა მეტი დასვენების დღე ნამდვილად დავიმსახურეთ. ეს ფუფუნება არ არის, ეს საჭიროებაა. სხვანაირად გამოგვეცლება ის ენერგია, რომელსაც ისევ ბავშვებზე ვხარჯავთ. ხანდახან ერთ უქმე დღეს სასწაულის მოხდენა შეუძლია მასწავლებლისთვის, დაისვენებს, გამოიძინებს (უძილობა ხომ მუდმივი პრობლემაა) და უჰ, მერე ისეთ მაგარ ამბებს დაატრიალებს კლასში! ნამდვილ ქარბორბალად დაბრუნდება!

მასწავლებლებს ძალიან ცოტა გვყოფნის – რომ აღვფრთოვანდეთ და გაგვიხარდეს და პირიქით – რომ სასოწარკვეთაში ჩავვარდეთ და ძალიან, ძალიან გვეწყინოს.

ჰო, იმას ვამბობდი, რომ მასწავლებლებს ძალიან ცოტა გვყოფნის ემოციების ამოსაფრქვევად, და ესეც ალბათ ყოველდღიური ემოციური დაძაბულობიდან უნდა მოდიოდეს. ძალიან მალე და ძალიან უმნიშვნელო რამ გვწყინს. ყველაზე მეტად ის, რაც ეჭვქვეშ დააყენებს ჩვენს კარგ მასწავლებლობას. როდესაც აღნიშნავენ ერთ გადაცდომას, ერთ დაბნეულობას, ერთ არასწორ ქმედებას, თუმცა მის უკან იმდენი კარგი რამ გაგვიკეთებია, იმდენი სწორი ქმედება გვაქვს, იმდენი შრომა, ჯაფა – თუმცა ასეა ჩვენთან, ერთი ფეხის დაცდენა და ყველაფერი წყალშია გადაყრილი.

მასწავლებლები ძალიან სენსიტიური ვართ, თუმცა ამას საგულდაგულოდ ვმალავთ და ბავშვებთან კლდესავით უტეხი ვხდებით, ღრუბელივით ვისრუტავთ უამრავ ემოციას, ფრაზას, პრობლემას, მივდივართ სახლში და თან მიგვაქვს. აბა სკოლაში ხომ არ დავტოვებთ აბა გზაში ხომ არ გავაფრქვევთ, აბა მეტროში ხომ არ გავაყოლებთ მატარებელს, მიგვაქვს სახლში და სახლში ვაფრქვევთ, შვილებთან – ჰოდა, მასწავლებლის შვილობა ცალკე ამბავია. რთულია, როცა დედა გჭირდება და როცა გინდა, მხოლოდ შენი იყოს, ის რამდენიმე საათი მაინც, საღამოს მაინც და ის კი შენთან იტვირთება და შენთან აფრქვევს სკოლიდან წამოყოლილ ღრუბლებს, წვიმებს და ჭექა-ქუხილებს.

მასწავლებლები საუკეთესო რობოტები ვიქნებოდით – ოღონდ სკოლის დროს, კლასის დროს, გაკვეთილის დროს – რეჟიმებსაც იოლად გადავრთავდით. მთავარია, ემოცია არ გაგვპაროდა სადმე, იმიტომ, რომ სტანდარტებს არ უნდა გადავუხვიოთ და დადგენილ წესებს მოვერგოთ, კურიკულუმებს გავყვეთ და გამოვყვეთ, შიგადაშიგ ცოტა ინტერპრეტაციის უფლებაც გვაქვს, თუმცა ესეც განსაზღვრული და შემოსაზღვრულია.

ვიღაც იტყვის, რომ ბევრს ვწუწუნებ და ყველა პროფესიაშია სირთულე. იმ დღეს ერთმა ფარმაცევტმა მითხრა – ნეტავ თქვენ, რა მარტივია მასწავლებლობა, მე კიდევ თითოეულ წამალს უნდა დავაკვირდე, ვადაგასული ხომ არ არის. ეჰ, ჩვენ თითოეულ ბავშვს ვაკვირდებით, უზარმაზარი ლუპითა და მიკროსკოპით, რომ პრობლემების სათავე აღმოვაჩინოთ, ოჯახში ჩავიჭყიტოთ, ბავშვის გონებაში შევძვრეთ. რომელი უფრო მარტივია?

ჩემი ძმა მეტყოდა, რას ამბობ ექიმობაზე რთული როგორააო. ჰო, ეგეც მართალია, ექიმად მუშაობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით სასწრაფოს ექიმობა – თუმცა დამხმარე აპარატურა, მედიკამენტები, დადგენილი წესები და დიაგნოზები, პროცესს ამარტივებს. აქ დადგენილია, გამოკვლეულია, ასეა – ან გაქვს დაავადება ან არა. მასწავლებელი ყოველ დღე იკვლევს, აკვირდება რომ ისეთი შეფასება გააკეთოს, ისეთი დასკვნა გამოიტანოს, რომელზეც არც არაფერი დაწერილა და არც არავის უკეთებია მილიონი კვლევა. შესაძლოა განათლების ფსიქოლოგიაში არსებობდეს კიდეც მსგავსი რამ, მაგრამ გყავს 23 მოსწავლე? ჩათვალე რომ 23 სამყარო გაქვს შესასწავლი, აღმოსაჩენი, დასადგენი და ეს 23-ვე ისეთი განსხვავებული და უნიკალურია!

ალბათ იტყვიან ვაზვიადებ და მაქვს უფლება, რომ გავაზვიადო კიდეც, რადგან დღეს მასწავლებლებს ძალიან გვჭირდება ემოციური მხარდაჭერა, წახალისება, უბრალოდ იმის თქმა, რომ, ჰეი, შენ რა მაგარი ხარ; როგორ დაძლიე ეს პრობლემა; რა საინტერესოა შენი მეთოდები! ხომ ვთქვი, რომ ძალიან პატარა რამ გვჭირდება მასწავლებლებს ფრთებისთვის? ჰოდა ასეთი ფრაზები ზუსტად ეს პატარა რამეა.

ხშირად ვფიქრობ ხოლმე, 90-იანების მასწავლებლებზე, რა ძალა ატარებინებდათ იმ უბედურ დროს, უშუქობაში, სიცივეში გაკვეთილებს? თან ხელფასისა და ელემენტარული სახსრების გარეშე? რატომ კერავდნენ სახლებში ფარდებს და კლასის ფანჯრებზე კიდებდნენ? მე მგონი მათ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდათ, რომ რაღაც ძალიან კარგს აკეთებდნენ. ფიქრობდნენ, რომ მათზე იყო დამოკიდებული უამრავი ბავშვის ბედი, რომ ისინი იყვნენ ჯადოქრები და ხელთ ჯადოსნური ჯოხი ჰქონდათ. ამიტომ იყვნენ ასეთი მხრებგაშლილი, ამაყი და ამიტომ აღარ იყო მნიშვნელოვანი, ხელფას აიღებდნენ თუ არა. ენთუზიაზმს ხომ საკუთარი თავის რწმენა და მაღალი თვითშეფასება აძლიერებს. დღევანდელ მასწავლებლებს სწორედ ეს გვაკლია, საკუთარი თავის რწმენა, რომ მაგარი ვართ, რომ მთებს გადავდგამთ, რომ გადაწყვეტილებები ისე მივიღოთ, შიშმა არ გაგვკრას გულში, მშობელს თუ მოეწონება? ნეტავ რას იტყვის? დირექტორი ხომ კმაყოფილი დარჩება? ჩვენ გვაკლია საკუთარი თავით სიამაყე, აღფრთოვანება – ამიტომაა რომ მშობლის ერთი ტკბილი სიტყვით ვბედნიერდებით. ამიტომაა, რომ, როცა ვიღაც ჩვენს მასწავლებლობას შეაქებს, ძალიან, ძალიან გვიხარია და ხშირად ეს სიხარული ჩვენს მოსწავლეებს გადაედება ხოლმე, გახარებული, ბედნიერი მასწავლებელი ავტომატურად გახარებულ და ბედნიერ მოსწავლეს ნიშნავს, დამიჯერეთ, ეს ასეა.

რამდენიმე წლის წინ შევძელი და პანტიანში მიწა ვიყიდე, ვუყურებ ამ მიწას და ვოცნებობ, ისეთი სივრცე შევქმნა, ისეთი ხის სახლი ავაშენო – რომელიც მასწავლებლებისთვის ემოციების, გრძნობების გაზიარების ადგილად იქცევა. ალბათ გადავგაბრგდებოდი მთლიანად იქ და ჩვენი მასწავლებლების მასპინძლად ვიქცეოდი. ერთმა ძალიან კარგმა მასწავლებელმა შესანიშნავი სამაგიდო თამაში მაჩუქა: „წერითი თერაპია, შენი ცხოვრების სცენარი“ (გურამ მეგრელიშვილის საავტორო თამაშია). ვუყურებ ამ უმაგრეს თამაშს და წარმოვიდგენ, რა მაგარი იქნებოდა, იმ ჩემს სივრცეში ეს მასწავლებლებს გვეთამაშა! რამდენი უმაგრესი იდეა გაჩნდებოდა, რამდენი ადამიანი გაბედნიერდებოდა! და არა მხოლოდ ეს, და არა მხოლოდ თამაშები – უბრალო საუბრები, საკუთარი დარდების და პრობლემების გაზიარება, გვირილას ჩაისთან და ხანდახან ერთ ყლუპ კონიაკთან ერთად. ერთხელაც ავყევი მოდას და ხელოვნურ ინტელექტს დავეკითხე, რა ვქნა ფული როგორ ვიშოვო-მეთქი. ხელოვნურმა ინტელექტმა ისევ მასწავლებლების, ხალხის დახმარება მირჩია. ალბათ მოვა დრო, რომ ამ ყველაფერს თავს მოვუყრი და ერთად ავაშენებთ მასწავლებლის ნამდვილ სახლს, რომელიც მხოლოდ მასწავლებლებზე იზრუნებს და მასწავლებლების ბედნიერებას უზრუნველყოფს, ზემოთ ხომ ვთქვით – ბედნიერი მასწავლებელი ბედნიერ ბავშვებს ნიშნავს, ავტომატურად.

სიხარული გადამდებია და მინდა, გაგახაროთ და დაგპირდეთ, რომ ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებ. შევქმნი სივრცეს, სადაც თქვენი ჭექა-ქუხილების დატოვებას შეძლებთ, სადაც დაიცლებით. შევქმნი მასწავლებლის ნამდვილ სახლს!

და მოდი, ვიამაყოთ ჩვენი თავით, ჩვენი მასწავლებლობით, რომ ასეთი მაგარი ვართ, ასეთი უტეხი და ასეთი ამაყიც! დიახ, ჩვენ გვეშლება, მაგრამ, რომ იცოდეთ, ამ შეცდომებს როგორ განვიცდით, როგორ ვწუხვართ, როგორ ვდარდობთ – კი არ გვისაყვედურებდით, გვეტყოდით რომ, არა უშავს, ალბათ დაიღალე, რობოტი ხომ არ ხარ?

დიახ, ჩვენ არ ვართ რობოტები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“