ალბათ ყველას ბევრი წაგვიკითხავს იმის შესახებ, როგორ არ უნდა ველაპარაკოთ მოსწავლეებს, როგორ არ უნდა ვაგრძნობინოთ თავი, როგორ არ უნდა გვეგონოს, რომ მათზე ჭკვიანები ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე უფროსები ვართ და ა.შ., თუმცა პრაქტიკაში შეცდომა ყველას მოგვდის. მთავარი ალბათ ის არის, რომ ასეთი შეცდომები ვაღიაროთ და გამოვასწოროთ, რადგან მათ შეუძლიათ, საშინელი კვალი დააჩნიონ მოსწავლეთა ემოციებსა და გრძნობებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩვენ ეს შეცდომები შესაძლოა უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს.
რამდენიმე თვის წინ ერთ კლასთან, რომელშიც ექვსიოდე თინეიჯერი მყავს, გავდიოდი თემას, რომელიც მთლიანად ლიტერატურას და მის ჟანრებს ეხებოდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავია. ვისწავლეთ არა მხოლოდ ჟანრები, არამედ ანალიზის წერაც. თემის დასასრულს შემაჯამებელი ტესტიც ვწერეთ. ერთმა ბიჭმა, რომელსაც სახელად ჯორდონი ჰქვია, წერა ყველაზე ადრე დაასრულა და სანამ სხვებს ველოდი, მისი ნაშრომის კითხვა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ განხილვისთვის “სამი სხეულის პრობლემა” აერჩია. ვიცოდი, რომ “სამი სხეულის პრობლემა” “ნეტფლიქსის” სერიალი იყო. პირველ სეზონს თავადაც დიდი ინტერესით ვუყურე და მეორეს ველოდი. როცა ჯორდონის ნაშრომის კითხვა დავასრულე, თავი ავწიე და ვუთხარი: “სამი სხეულის პრობლემა” სერიალია, შენ კი წიგნის განხილვა უნდა დაგეწერა–მეთქი. ჯორდონს სახეზე იმედგაცრუება დაეტყო, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა: ჩინელი ბავშვები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან სწავლას და ნებისმიერი წარუმატებლობა თუ შეცდომა, რომელზეც მასწავლებელი მიუთითებთ, მათთვის მტკივნეულია. ხმადაბლა ჩაილაპარაკა, შინ წიგნიც მაქვს, ამიტომ მეგონა, სწორად ავირჩიეო. რაკი ასეა, კარგი-მეთქი, მივუგე და ანალიზი თავიდან აღარ დავაწერინე.
გაკვეთილის შემდეგ ინტერნეტში მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ “სამი სხეულის პრობლემა” ჩინელი ავტორის ლიუ ცისინის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი ტრილოგიის პირველი ნაწილი ყოფილა, სერიალი კი მის მიხედვით გადაუღიათ.
ასე რომ, სწორედ მე ვიყავი ის, ვინც შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავი დამნაშავედ მოსწავლემ იგრძნო. რომ მეთხოვა, ნამდვილად დაწერდა სხვა განხილვას.
რამდენიმე წამში ჩემს შეცდომაზე რამდენიმესართულიანი სინდისის ქენჯნის სახლი აშენდა, რომელშიც ზუსტად ორი კვირა უნდა მეცხოვრა, ვიდრე ჯორდონს ისევ შევხვდებოდი და ბოდიშს მოვუხდიდი იმის გამო, რომ თავი მასზე ჭკვიანი მეგონა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე შენიშვნა მივეცი, მერე კი მაინცდამაინც არ დავუჯერე, თან აღმოსავლური ნაშრომი დასავლურად მივიჩნიე – ეს ხომ მუდმივი პრობლემაა, რომელსაც თავადაც თვეების განმავლობაში ვიკვლევდი ჩემი სამაგისტრო ნაშრომისთვის.
გადავწყვიტე, მანამდე წიგნი მეყიდა და წამეკითხა.
ორი კვირის თავზე გაკვეთილი პრეზენტაციით და ჯორდონისთვის ბოდიშის მოხდით დავიწყე. ბავშვებს მოვუყევი წიგნზეც და სერიალზეც, ჩემი შეცდომაც ვაღიარე. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჯორდონი ფეხზე ადგა და ისე დამიკრა ტაში.
გაკვეთილის ბოლოს, უკვე სხვა თემაზე დისკუსიის დროს, ვიკითხე, მასწავლებლებისგან ყველაზე მეტად რა გაკლიათ-მეთქი. იმის მიხვედრა, რომ, მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა, მათი მხრივ პატივისცემა ჩვენც გვჭირდებაო. ვფიქრობ, ყველაფერი თქვეს.