ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წიგნის თარო: მკითხველის დღიური

ამას წინათ, ძველი სათავსოს დალაგებისას, ბავშვობისდროინდელ ბლოკნოტს მივაგენი. მასში აღმოჩენილმა ჩანაწერებმა უცებ გამიცოცხლა თორმეტიოდე წლის გოგო და მის მიერ წაკითხული პოეტური თუ პროზაული კრებულები. მერე გავიზარდე, დღიურის წარმოება შევწყვიტე და ჩემი მეხსიერების თაროდან არაერთი შესანიშნავი წიგნი გაქრა.

ხშირად ხდება ასე – წავიკითხავთ რაიმეს, მოგვეწონება, დიდი შთაბეჭდილებაც შეიძლება მოახდინოს ჩვენზე. მაგრამ გადის დრო და არათუ წიგნის სიუჟეტი, შესაძლოა, მისი სათაურიც ვერ გავიხსენოთ. „მკითხველის დღიური“ კი ერთგვარ მოგონებების სალაროდ შეგვიძლია ვაქციოთ.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის შერჩეულ საზაფხულო საკითხავს ყოველთვის ვურთავ გარკვეული ტიპის გამოწვევას, რომელიც წაკითხული წიგნის სიღრმისეულად გააზრებისკენაა მიმართული. შედარებით მოზრდილებისთვის კი დღიურის ფორმატს ვირჩევ. მოსწავლეებს, რომლებმაც დღიური პირველად უნდა აწარმოონ, ნაცნობ ტექსტებზე დაყრდნობით ვავარჯიშებ. ამას გარდა, ბავშვებს ვაწვდი დეტალურ ინსტრუქციას, რათა დამოუკიდებლად მუშაობა გაუადვილდეთ.

„მკითხველის დღიურის“ შევსების წესი

საინტერესო წიგნები ადვილად რომ არ დაგავიწყდეს, გირჩევ, აწარმოო „მკითხველის დღიური“. მსგავსი ჩანაწერების გაკეთებას თუ მიეჩვევი, წლების წინ წაკითხული წიგნების გახსენებას სულ ადვილად შეძლებ. ამას გარდა, დღიურის წარმოება წაკითხულის უკეთ გააზრებასა და შეფასებაში დაგეხმარება.

„მკითხველის დღიური“ გამოცემულია შესავსები წიგნაკის სახით, თუმცა თავადაც შეგიძლია დაამზადო – ჩვეულებრივი ბლოკნოტი სურვილისამებრ გააფორმო და ჩანაწერებიც მასში გააკეთო. თუ ხელნაკეთი დღიურის შექმნას გადაწყვეტ, იხელმძღვანელე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციით:

  1. ჩაიწერე წიგნის სათაური, ავტორი და წაკითხვის თარიღი;
  2. ამოიწერე წიგნის პერსონაჟების სახელები. შეგიძლია ერთი გვერდი გაყო ორ სვეტად, ერთში ჩამოწერო მთავარი პერსონაჟები, მეორეში კი – დანარჩენი გმირები;
  3. დაახასიათე რამდენიმე წინადადებით შენთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი. მაგალითად: სალამურა არის უშიშარი და მეგობრისთვის თავდადებული, რადგან უამრავი დაბრკოლება გადალახა ბაიას გამოსახსნელად. იგი გონიერი და მოხერხებულია, რადგან არაერთ განსაცდელს დააღწია თავი და ა.შ. (არჩილ სულაკაური, სალამურას თავგადასავალი);
  4. ამოიწერე დასამახსოვრებელი ფრაზები. პერსონაჟები ხშირად ისეთ საინტერესო დასკვნებს აკეთებენ, ისე ლამაზად, ენამოსწრებულად ამბობენ სათქმელს, რომ მათი დავიწყება არ გვინდა. ამიტომაც მათი შენახვა „მკითხველის დღიურში“ ასევე მნიშვნელოვანია. მაგალითად: ,,ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი,
    რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა“ (ასტრიდ ლინდგრენი, პეპი გრძელწინდა);
  5. დაწერე იმ მოთხრობის (კრებულიდან) ან თავის (წიგნიდან) მოკლე შინაარსი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა.

შენიშვნა: გირჩევ, შენს ხელნაკეთ დღიურში წინასწარ გაანაწილო სივრცე თითოეული რუბრიკისთვის. რაც შეეხება დასამახსოვრებელ ფრაზებს, სასურველია, კითხვის პროცესშივე მონიშნო ან ამოიწერო მოწონებული გამონათქვამები, რადგან მოგვიანებით მათი პოვნა შეიძლება გაგიჭირდეს…

აქვე გაგიზიარებთ მოსწავლეებისთვის ნიმუშის სახით მიწოდებულ მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუს“ შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს:

წიგნი #1

  1. მორის დრიუონი, მწვანეთითება ტისტუ, წავიკითხე 2021 წლის აგვისტოში.
  2. პერსონაჟთა სია:

ტისტუ, მამა-პატონი, დედა-ბატონი, მებაღე ულვაშა, ბატონი როხროხა, ექიმი სენწამლია, ავადმყოფი გოგონა, ტისტუს პონი, მასწავლებელი, მსახური კაროლუსი, მზარეული ამელი, ნათლიები, მეჯინიბეები, ბოტანიკოსები, მუნიციპალური საბჭოს წევრები, „ქვემეხთქალაქის ელვის“ რედაქტორი, სასაფლაოს მებაღე.

  1. გმირის დახასიათება:

ტისტუს უცნაური სახელი აქვს, უკვე სახელით მიხვდებით, რომ ყველასაგან გამორჩეულია. იგი მდიდარი და გავლენიანი ოჯახის ერთადერთი შვილია და თან ძალიან ლამაზია (ოქროსფერი თმა, ცისფერი თვალები, ვარდისფერი ლოყები). აღსანიშნავია, რომ ტისტუ სილამაზეს ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს და უსახურობა უსამართლობა ჰგონია. აქედან გამომდინარე, ბიჭი ყველას ცხოვრების გალამაზებას ცდილობს. მის განსაკუთრებულობას ასევე უსვამს ხაზს სკოლაში მომხდარი ინციდენტი (მასწავლებელმა ტისტუ ოჯახს დაუბრუნა, რადგან ის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა). თუმცა ბიჭუნა „ახალი მეთოდით“ (პრაქტიკული გაკვეთილები) სწავლებისას გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე ამას სკოლაში შეძლებდა. მებაღეობის პირველივე გაკვეთილზე აღმოაჩენს თავის უჩვეულო უნარს – მწვანე თითებს, რომელთა დახმარებითაც უსახური გარემოს ყვავილნარად ქცევა და ომის შეჩერებაც კი შეუძლია.

  1. საინტერესო გამონათქვამები:

„საზრუნავი უამური აზრია. გაღვიძებისას ტვინში გიღიტინებს და მთელი დღე მოსვენებას არ გაძლევს“.

„ბავშვის აღზრდა ქვემეხების ჩამოსხმაზე ძნელი ყოფილა“.

„ – თქვენი აზრით, ქალაქში რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი?

  • ბოტანიკური ბაღი! – მიუგო ტისტუმ“. (ბატონ როხროხას კი სიტყვა „წესრიგის“ გაგონება სურდა)

„უფროსებს ერთი უცნაურობა სჭირთ – რადაც არ უნდა დაუჯდეთ, აუხსნელის ახსნას ცდილობენ“.

„ომი ყველაზე დიდი და საზიზღარი უწესრიგობაა, რაც შეიძლება ქვეყნად მოხდეს, რადგან ომში ყველა კარგავს მისთვის უძვირფასესს“.

„ყვავილებმა ბოროტებას კუდით ქვა ასროლინეს, ბოროტებას სძლიეს“.

„სიკვდილი ერთადერთი უბედურებაა, რომელთანაც ყვავილებით ვერაფერს გახდები“.

  1. თავი მეოცე: აი, ვინ ყოფილა ტისტუ! (მოკლე შინაარსი)

საყვარელი მებაღის, ულვაშას გარდაცვალების შემდეგ, ტისტუს მასთან შეხვედრის სურვილი არ ასვენებდა, მის გარეშე ძალიან მოწყენილი იყო. მალე ბიჭუნამ კიბის აგება გადაწყვიტა. შუა მინდორში ადგილი შეარჩია, ჯერ მიწიდან ორი უჩვეულო, ფესვმაგარი ხე ამოიყვანა. ხეები მალე ისე გაიზარდნენ, კენწერო აღარ მოუჩანდათ. ტისტუმ მათ შორის საფეხურები გლიცინიის დახმარებით გააბა და „მსოფლიოს მერვე საოცრებაც“ მზად იყო.

ბიჭმა მხოლოდ პონის გაანდო თავისი ჩანაფიქრი. ტისტუს არწმუნებდნენ, რომ ულვაშა ზემოთ იყო. ბიჭმა ამიტომაც დაამზადა კიბე, ეგონა, მებაღე ცოტა ხნით მაინც მესტუმრებაო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ტისტუმ უფროსი მეგობრის მოძებნა გადაწყვიტა. დადარდიანებულმა პონიმ ხეების ფესვების გადაღრღნა სცადა, მაგრამ ტისტუ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მებაღე იყო და მის მცენარეებს ერთი პატარა ცხენი რას მოერეოდა?! „მოვარჯიშე“ დადარდიანებული გამოემშვიდობა მეგობარს და ბალახის წიწკნა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ შიოდა. ტისტუმ კიბე აათავა, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა ფეხსაცმელი დაკარგა და აღმოაჩინა, რომ კვლაც ზემოთ მიიწევდა. მალე მას დიდი თეთრი ფრთა შეეხო („რა გასაოცარია… ფრთები ჩიტების გარეშე დაფრინავენ!“) და მებაღის ულვაშების მსგავს, თეთრ და რბილ ღრუბელში შეაბიჯა…

მწვანეთითება ტისტუ დედამიწაზე აღარ დაბრუნებულა. მან ახლობლებს პონის დახმარებით მიაწვდინა ხმა – თავისი მწვანე თითები ბოლოჯერ გამოიყენა და ცხენის მიერ ამოგლეჯილი ბალახის ადგილას ოქროსფერი ბაიებით მოქარგული წარწერა დაგვიტოვა: „ტისტუ ანგელოზი იყო!“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი