რამდენადაც ენის განვითარების დარღვევის მქონე ბავშვი სარგებლობს ინდივიდუალური ჩარევით, იმდენადვე ესაჭიროება მას მხარდაჭერა საკლასო ოთახში. საკლასო ოთახში, მათი ქცევის მიუხედავად, ბავშვები დიდ დროს ატარებენ (ან უნდა ატარებდნენ!) და, ყოველ ჯერზე, ეს სივრცე მათ ენობრივ თავგადასავლად უნდა ვაქციოთ. აქ გაისმის ენა, რომელსაც იყენებენ მასწავლებლები, თანაკლასელები, მხარდამჭერი ადამიანები. აქ ხშირად ენა კედლებზე განთავსებული პოსტერებისგანაც მოჩქეფს, მოკლედ, კლასი ენის სამყაროა, რომელშიც ენის დარღვევის მქონე ბავშვი მართლაც „ყოფიერების სახლში“ უნდა გრძნობდეს თავს და არა — მის მიღმა.
არაერთი უცხოელი თუ ქართველი მკვლევარივით მეც ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ენა კლასში ყველგანაა, ის მასწავლებლის სიტყვიერი მინიშნება თუ ინსტრუქციაა; ენაა თანაკლასელების შეპასუხება ან ამა თუ იმ საკითხზე მათთან ერთად მსჯელობა, ენაა საკუთარ ნამუშევარზე საუბარი, პრეზენტაციას რომ ვეძახით და სწორედ ენობრივი მოთხოვნები ვრცელდება მთელ სასწავლო გეგმებზე. ისეთი საგნები, როგორებიცაა: მათემატიკა, საბუნებისმეტყველო თუ სოციალური მეცნიერებები — მოითხოვს სპეციალიზებული ლექსიკის გაგებას და რთულ კონცეფციებთან ურთიერთობას. ვირტუალურსა თუ პირისპირ საკლასო ოთახებში კლასის ენა შეიძლება ძალიან რთული იყოს ენის განვითარების დარღვევის მქონე ბავშვისთვის. მაშ, როგორ დავეხმაროთ?
არსებობს მიდგომები, რომელთა გამოყენებასაც გვირჩევენ საკლასო მუშაობისას. მათგან უპირველესი კი არის ის, რომ გავხადოთ სწავლების ენა უფრო ხელმისაწვდომი!
ენის განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებს საკლასო მითითებების გაგებას გავუიოლებთ რამდენიმე მარტივი ტექნიკის გამოყენებით, როგორებიცაა:
- ბავშვისკენ მიმართეთ სახე — როდესაც ბავშვს უყურებთ, თქვენი მეტყველების სიგნალი უფრო ნათელია, სხეულის მოძრაობებით დამატებით სიგნალებს გასცემთ და თქვენი სიტყვების მნიშვნელობას გადმოსცემთ.
- სათქმელი თქვით მკაფიოდ და ცალსახად – იმის ნაცვლად, რომ თქვათ: „თქვენ უნდა მოემზადოთ შემდეგი გაკვეთილისთვის!“, თქვით: „ბავშვებო, გაკვეთილი დასრულდა. დაალაგეთ წიგნები და გარეთ გასვლისათვის კართან რიგში დადექით!“.
მნიშვნელოვანია ძირითადი ინსტრუქციების გამეორება და ხელახლა ფორმულირება – მასწავლებელმა ყველაზე უკეთ იცის, რა ინსტრუქციებია საჭირო. მიეცით სრული ინსტრუქციები, რათა კლასში ყველამ შეძლოს საკუთარი ტემპით მუშაობა. თუმცა, დაგეგმეთ, რომ უკან დაბრუნდეთ და ინსტრუქციის თითოეული ნაბიჯი მოკლე, მარტივი წინადადებებით გაიმეოროთ. ეს გამეორებები დაეხმარება ენის დარღვევის მქონე ბავშვს დავალების ეტაპების გაგებასა და დამახსოვრებაში.
გამოიყენეთ მულტიმოდალური დამხმარე საშუალებები – გამოიყენეთ მრავალი განსხვავებული გზა კლასში შეტყობინებების გადასაცემად და — არა მხოლოდ საუბარი. გამოიყენეთ ჟესტები და ვიზუალური დამხმარე საშუალებები, როგორებიცაა: სურათები, გრაფიკული ორგანიზატორები, ვიზუალური დამგეგმავები, დიაგრამები და პლაკატები. ასევე ჩაწერეთ საკვანძო სიტყვები.
არ დაგავიწყდეთ, რომ სკოლის შემდგომ კლასებში საკლასო აქტივობები ხშირად მოიცავს წერილობით ინსტრუქციას. წერილობითი ენა, როგორც წესი, უფრო რთული სიტყვებითა და წინადადებებით ხასიათდება, ამიტომ ენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს. აქ მოცემულია რამდენიმე გზა, რომლებითაც შეგიძლიათ მისთვის წერილობითი ენის ამოცანები უფრო ხელმისაწვდომი გახადოთ:
- ნაწილებად დაყავით დიდი რაოდენობის ინფორმაცია — ენის დარღვევის მქონე ბავშვისთვის დიდი რაოდენობის სიტყვებით სავსე აბზაცის ნახვაც კი შეიძლება იმედგაცრუების მომგვრელი იყოს. ინფორმაციის მოკლე აბზაცებად დაყოფა, წერტილოვანი ფორმის გამოყენება და დამატებითი, ცარიელი სივრცის დამატება მას უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის.
- ვიზუალურად განსხვავებული სექციების გამოყენება – გვერდის ისე ორგანიზება, რომ ცალკეული ინსტრუქციები, ნაბიჯები, თემები ან აქტივობები ერთმანეთისგან მკაფიოდ იყოს გამოყოფილი, ბავშვს გაუიოლებს მცირე ნაბიჯებით დავალების შესრულებას.
- გრაფიკისა და ხატულების გამოყენება – სურათი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოცემულ დავალებას, შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება იყოს გვერდზე მოცემული სიტყვების შესახებ.
- საკვანძო სიტყვების განმარტებების მიწოდება – ენის დარღვევის მქონე ბავშვებს ახალი სიტყვის შესასწავლად ბევრი გამეორება სჭირდებათ და, შესაძლოა, მათ მაინც გაუჭირდეთ, როდესაც ახალი სიტყვა რთული ენობრივი დავალების ნაწილია.
- სხვადასხვა დავალებაში თანმიმდევრულად მიაწოდეთ საკვანძო სიტყვებისა და მათი განმარტებების სია. ამ გზით ენის დარღვევის მქონე ბავშვს შეუძლია, სწრაფად შეახსენოს საკუთარ თავს აუცილებელი სიტყვების მნიშვნელობა და გააგრძელოს დავალება.
- კითხვები და ტექსტი ერთ გვერდზე უნდა იყოს განთავსებული – ძალიან ხშირად, ენის დარღვევის მქონე ბავშვებს დავალების შესრულებისას უწევთ უკან დაბრუნება და კითხვის გადახედვა. კითხვის ერთ გვერდზე განთავსება მათთვის ნაკლებ ნაბიჯს ნიშნავს. ნაკლები ნაბიჯი ნიშნავს, რომ დავალება ნაკლებად დამღლელია და ბავშვს შეუძლია უფრო მეტად კონცენტრირება ენასა და საჭირო სწავლაზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კომუნიკაციაში მონაწილეობის მხარდაჭერა
ბავშვებით გადატვირთულ საკლასო ოთახში ზოგჯერ რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარება სასაუბრო უნარების გამოყენებასა და განვითარებაში. აქ მოცემულია რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც რამდენადმე გააიოლებს სასწავლო პროცესის შედეგიანად წარმართვას. ეს სტრატეგიებია:
- თანაკლასელებთან საუბარი — მიეცით საშუალება კლასში მყოფ ბავშვებს, რომ ერთმანეთთან ისაუბრონ. შექმენით შესაძლებლობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ბავშვებმა ერთმანეთთან ისაუბრონ. კვლევები აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ენობრივ განვითარებას აჩვენებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის უარყოფითი შედეგები არ იქნება.
- ნათლად დაასწავლეთ სასაუბრო ინსტრუმენტები — შექმენით საკლასო წესები ან სტრატეგიები, როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს საკლასო დისკუსიაში ჩართვა. ეს „სასაუბრო მოძრაობები“ იძლევა წინადადებების დასაწყისს, რაც ბავშვს დაეხმარება, ჩაერთოს დისკუსიაში. მაგალითად, „დამატებითი“ სასაუბრო მოძრაობა იწყება დასაწყისით: „მინდა, რაღაც დავამატო…“.
- ნათლად გააცანით და დაასწავლეთ ენობრივი სტრუქტურები — ბავშვებს, ისევე როგორც ყველას, უნდა შეეძლოთ ამბების მოყოლა. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები უკეთეს ამბებს ჰყვებიან, როდესაც სწავლობენ ამბის თხრობის შემადგენელ ნაწილებს (მაგ., რომ ამბავს ჰყავს პერსონაჟები, გარემო, პრობლემა, შედეგი და ა.შ.) და რომ ეს სწავლება შეიძლება ეფექტურად წარიმართოს საკლასო ოთახში.
- არ დაგავიწყდეთ: დაუშვით ალტერნატიული პასუხები – გაითვალისწინეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში მოსმენა და საუბარი ძალიან დამღლელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. დარწმუნდით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ცოდნის წარმოჩენის სხვა გზებიც. მაგალითად, მას შეუძლია დახატოს სურათი ან რუკაზე ასახოს თავისი ცოდნა.
მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და ენა–მეტყველების სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა
უნდა აღინიშნოს, რომ ენის დარღვევის მქონე ბავშვებს დადებითი ენობრივი ცვლილებებისთვის სჭირდებათ მრავალი გამეორება, პრაქტიკის შესაძლებლობა და თანმიმდევრული, კარგად დაგეგმილი ინსტრუქციები. დატვირთულ საკლასო ოთახში ერთი მასწავლებლისთვის რთულია უზრუნველყოს ენობრივი დარღვევის მქონე ბავშვისთვის საჭირო მიზანმიმართული პრაქტიკა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები და ენა-მეტყველების სპეციალისტები ერთად მუშაობენ საკლასო ოთახში. ერთობლივი სწავლების გზით, მათ შეუძლიათ, შექმნან მდიდარი ენისა და წიგნიერების შემსწავლელი გარემო, რაც დადებითად აისახება ენის დარღვევის მქონე თუ სხვა ბავშვებზე, რომლებსაც ენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. როდესაც ენა-მეტყველების სპეციალისტი ერევა მთელი კლასისა ან საკლასო ოთახის მცირე ჯგუფებში მუშაობისას, ამას ხშირად „დამხმარე“ სერვისებს უწოდებენ. კვლევები აჩვენებს, რომ დამხმარე სერვისებს დადებითი გავლენა აქვს ენის დარღვევის მქონე ბავშვების ლექსიკასა და მოთხრობის უნარებზე, ასევე სალაპარაკო სიტყვებისა და წინადადებების ნაწილების ამოცნობისა და მანიპულირების უნარზე, რომელიც ცნობილია როგორც ფონოლოგიური ცნობიერება, რაც კითხვის სწავლის მნიშვნელოვანი უნარია. თუმცა, სპეციფიკური, ინდივიდუალური ენობრივი სტრუქტურების, (როგორიცაა, გრამატიკა) გაუმჯობესებაში, როგორც ჩანს, საჭიროა ინდივიდუალური ჩარევა. სკოლაში სწავლის დიდი ნაწილი დაფუძნებულია ენაზე — როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმების გაგებისა და მათში მონაწილეობის უნარზე. კლასში ღრმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის ენობრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფით ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალურად გავზარდოთ ბავშვის შესაძლებლობა, სრულყოფილად ისარგებლოს სასწავლო პროცესით და, შედეგთან ერთად, რაც შეიძლება, მეტი სიხარული მიიღოს მისგან.
გამოყენებული რესურსები:
Archibald, L.M.D. (2017). SLP-educator classroom collaboration; A review to inform reason-based practice. Autism & Developmental Language Impairments, 2, 1-17.
Chapin, S. H., O’Connor, M. C., Anderson, N. C., & Chapin, S. H. (2013). Classroom Discussions in Math: A Teacher’s Guide for Using Talk Moves to Support the Common Core and More, Grades K-6. Sausalito, CA, USA: Math Solutions.
Justice, L.M., Petscher, Y., Schatschneider, C., & Mashburn, A. (2011). Peer effects in preschool classrooms: Is children’s language growth associated with their classmates’ skills? Child Development, 82, 1768-1777.
Ukrainetz, T.A. (2019). Sketch and speak: An expository intervention using note-taking and oral practice for children with language-related learning disabilities. Language, Speech, and Hearing Services in Schools, 50, 53-70.
ბმულებში:
https://www.dldandme.org/all-articles/supporting-a-child-with-dld-in-the-classroom;
https://www.dldandme.org/educators-corner