ციფრული ეპოქის სკოლაში, სადაც ინფორმაცია იოლად ხელმისაწვდომია, გაჩნდა კითხვა: „თუ AI წერს ტექსტებს, ხსნის ამოცანებს და ადგენს სქემებს – მაშ, რა არის მასწავლებლის როლი?”
სწავლება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ცოდნის გადაცემა. სწავლება მოიცავს აზროვნების განვითარებას, ფიქრის კონკრეტული მიმართულებით წარმართვას და ღირებულებების გაზიარებას. ამიტომ, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს; ის მასწავლებლის ასისტენტი და თანაშემწეა.
რა არის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება?
ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება (AI literacy) მოიცავს ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების – როგორც ტექნოლოგიური, ისე ადამიანური ასპექტების – გაგება, კრიტიკული შეფასება და პასუხისმგებლიანი გამოყენება.
ა AI-წიგნიერება არის არა ინსტრუმენტის გამოყენება, არამედ მიღებული შედეგის გააზრება და შეფასებაა. რაც ეფუძნება შემდეგ განზომილებებს:
ტექნიკური მხარე: როგორ მუშაობს AI? როგორ აგენერირებს პასუხს?
კრიტიკული მხარე: რატომ მივიღეთ ეს პასუხი? რა მონაცემებზეა დაყრდნობილი?
ეთიკური მხარე: ვინ არის პასუხისმგებელი შედეგზე? ვის ემსახურება ინფორმაცია?
ანუ, AI-წიგნიერება = აზროვნება + პასუხისმგებლობა.
UNESCO (2023) AI-წიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც „დემოკრატიული მოქალაქეობის აუცილებელ კომპეტენციას”. OECD (2021) ხაზს უსვამს, რომ AI ეფექტურია მაშინ, როცა მასწავლებელი მართავს პროცესს, ხოლო ტექნოლოგია მხოლოდ ეხმარება.
ევროკომისიის DigCompEdu (Redecker, 2017) მოდელი აჩვენებს, რომ პედაგოგის ციფრული კომპეტენცია არ არის მხოლოდ ტექნიკური უნარი – ის არის ეთიკის, პედაგოგიკისა და შეფასების ერთობლიობა.
Selwyn (2019) ხაზს უსვამს, რომ განათლების ტექნოლოგია არასოდეს არის ნეიტრალური – ის მუდამ ატარებს ღირებულებებს. Holmes et al. (2022) ამატებს: AI ასწავლის სწრაფ პასუხს, მასწავლებელი ასწავლის აზროვნებას.
ფინეთი (2020) – Elements of AI გახდა ეროვნული პროგრამა: AI = ცოდნა ყველასთვის.
ესტონეთი (2019) – KRATT AI უყურებს AI-ს როგორც მოქალაქეობრივ კომპეტენციას.
სამხრეთ კორეა (2021) – AI-Pedagogy Certification ასწავლის არა გამოყენებას, არამედ როგორ ავხსნათ AI.
კანადა (2022) – AI-ს გააზრება უკავშირდება სოციალურ სამართლიანობას და მედიაწიგნიერებას.
საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მასწავლებლები აქტიურად იყენებენ ციფრულ გარემოს, თუმცა კრიტიკული ანალიზის კომპონენტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია: „მასწავლებლები იყენებენ ციფრულ გარემოს, მაგრამ ნაკლებად ფლობენ მისი კრიტიკული გამოყენების უნარებს.“(Lobzhanidze, Urchukhishvili, & Sikharulidze, 2023, p. 678) ეს პირდაპირ უკავშირდება AI წიგნიერებას, რადგან AI-ებით შექმნილი ინფორმაცია ყოველთვის მოითხოვს გადამოწმებას.
ამიტომ საქართველოში AI-ის ინტეგრაცია უნდა ეფუძნებოდეს კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას, არა მხოლოდ ინსტრუმენტების შეძენას.
ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ AI-წიგნიერება არ იწყება მოსწავლით –
ის იწყება მასწავლებლით.
ციფრული წიგნიერება vs AI წიგნიერება: პარადიგმის ცვლილება
კონცეპტუალური განსხვავება
| კომპონენტი | ციფრული წიგნიერება | AI წიგნიერება |
| მიზანი | ინსტრუმენტის გამოყენება | გამოყენების შედეგის გააზრება |
| აქცენტი | „როგორ?” | „რატომ?” და „რა საფუძველზე?” |
| ფოკუსი | ტექნიკური უნარი | კრიტიკული აზროვნება |
| შედეგი | მომხმარებელი | პასუხისმგებელი მოქალაქე |
| როლი | პასიური მიმღები | აქტიური შემფასებელი |
რატომ არის ეს განსხვავება მნიშვნელოვანი?
ციფრული წიგნიერება გვეხმარება გამოვიყენოთ ინსტრუმენტი. AI-წიგნიერება გვასწავლის გავაანალიზოთ და შევაფასოთ მისი შედეგი.
მაგალითი:
ციფრული წიგნიერება: „ვიცი, როგორ გამოვიყენო ChatGPT ესეს დასაწერად”
AI-წიგნიერება: „ვიცი, როგორ შევაფასო ChatGPT-ის მიერ დაწერილი ესე, როგორ გავაუმჯობესო იგი, რა შეზღუდვები აქვს და როგორ დავამატო საკუთარი კრიტიკული აზრი”
ეს განსხვავება კარგად ჩანს გაკვეთილის დონეზე. თუ AI-გაკვეთილზე მოსწავლე მხოლოდ ტექსტს აგენერირებს და მას ბრმად იღებს, ამით ჩვენ ვაძლიერებთ არა ცოდნას, არამედ დამოკიდებულებას. AI უნდა გახდეს საწყისი წერტილი განსჯისთვის და კრიტიკული აზროვნებისთვის, და არა საბოლოო პასუხი.
განვიხილოთ, საგნობრივი პრაქტიკული მაგალითები
| საგანი | ციფრული წიგნიერება (ტექნიკური ქმედება) | AI წიგნიერება (კრიტიკული გააზრება) | განვითარებული უნარი |
| ქართული ენა | Word/Slides გამოყენება | AI ტექსტის სტილის, ტონის და აზრის კორექცია არგუმენტით: „რატომ შევცვალე?“ | ენობრივი რეფლექსია |
| ისტორია | ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში | AI ფაქტის შედარება ორ დამოუკიდებელ წყაროსთან | წყაროთა ანალიზი |
| ბიოლოგია | ციფრული ილუსტრაციების ნახვა | AI-სქემის გადამოწმება სახელმძღვანელოსთან, შეცდომების აღმოჩენა და ახსნა | კონცეპტუალური აზროვნება |
| უცხო ენები | ონლაინ ლექსიკონის გამოყენება | AI-დიალოგის ემოციური და სტილური ტრანსფორმაცია | მეტყველების გააზრებული მართვა |
| მათემატიკა | კალკულატორის გამოყენება | AI-ამოხსნის ნაბიჯების წესებთან შედარება | ლოგიკური არგუმენტაცია |
სცენარი: უცხო ენის გაკვეთილი — „სიტყვა იცვლის ფორმას”
კლასი ირჩევს სასაუბრო თემას, მაგალითად, „მგზავრობა”.
აქტივობა 1: ონლაინ ლექსიკონი
მასწავლებელი აძლევს თითო ჯგუფს 4–5 ახალ სიტყვას. მოსწავლეები ონლაინ ლექსიკონში აკვირდებიან მნიშვნელობას, გამოთქმას (audio) და მაგალით წინადადებას. შემდეგ ჯგუფი ქმნის მოკლე მინი-ფლეშკარტებს (word + meaning + example).
აქტივობა 2: AI-დიალოგის ემოციური და სტილური ტრანსფორმაცია
მოსწავლეები წყვილებად შედიან AI-ჩატში (მაგ., ChatGPT ან სხვა). იმავე თემაზე წერენ ერთსა და იმავე წინადადებას სამი სტილით: ოფიციალური, მეგობრული და ემოციური/ხალისიანი. შემდეგ ადარებენ: რა შეიცვალა? რომელი სიტყვები ან ფრაზები ქმნიან ტონს?
აქტივობა 3: მეტყველების გააზრებული მართვა
როლური თამაში: A არის „საემიგრაციო ოფიცერი”, B არის „მგზავრი”. მოსწავლეები იყენებენ ლექსიკონში ნანახ სიტყვებს და AI-დან ნასწავლ სტილს. ყოველ სიტყვაზე ჩერდებიან და ასაბუთებენ არჩევანს – „აი, აქ მე გამოვიყენე თავაზიანი ფორმა, რადგან…” „ეს ზმნა ავიღე, რადგან აზრს უფრო მკაფიოდ გამოხატავს…”
შედარების სქემა – ციფრული წიგნიერება და AI-წიგნიერება
| კომპონენტი | რას ნიშნავს | სცენარში სად ჩანს |
| ციფრული წიგნიერება | ციფრული რესურსების (ლექსიკონი, ჩატი, ონლაინ პლატფორმა) ეფექტური გამოყენება. | 1-ლი ეტაპი: ონლაინ ლექსიკონის დამოუკიდებელი გამოყენება. |
| AI-წიგნიერება (AI Literacy) | ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტის გააზრება, სტილის/ტონის შეგნებული მართვა და კრიტიკული შეფასება. | 2-ე და 3-ე ეტაპები: სტილური ტრანსფორმაცია + არჩევანის ახსნა. |
შედეგი (AI წიგნიერების თვალსაზრისით):
• მოსწავლე იყენებს ციფრულ ლექსიკონს დამოუკიდებლად,
• ამოიცნობს, როგორ ცვლის AI ტექსტის ტონს და სტილს,
• ახდენს საკუთარი მეტყველების შეგნებულ მართვას სიტუაციის მიხედვით.
სცენარი: მათემატიკა — „ნაბიჯის გააზრებული არჩევა”
თემა (მაგალითად): პროცენტების გამოთვლა ყოველდღიურ სიტუაციაში.
აქტივობა 1: კალკულატორის გამოყენება
მასწავლებელი აძლევს 3 მარტივ ამოცანას (მაგ.: ფასდაკლება 10%, 25%, 50%). მოსწავლეები პასუხებს კალკულატორით იღებენ, მაგრამ პასუხებენ კითხვას: „რა მოვიმოქმედეთ და რატომ?”
→ აქ ხდება ციფრული ინსტრუმენტის გააზრებული გამოყენება (ეს არის ციფრული წიგნიერება).
აქტივობა 2: AI-ამოხსნის ნაბიჯების წესებთან შედარება
მოსწავლეები იმავე ამოცანას აკეთებენ AI-ს დახმარებით (მაგ., ChatGPT/MathGPT/Photomath). AI ახორციელებს ამოხსნის ნაბიჯებს. შემდეგ მოსწავლე ადარებს:
1.ემთხვევა თუ არა ნაბიჯები წიგნში მოცემულ წესს?
2.სად ჩანს ზედმეტი ან გამარტივებული ნაბიჯი?
კითხვა: „AI როგორ აირჩია გზა? შეძლებდა სხვა გზით?”
→ ეს უკვე AI-წიგნიერება + კრიტიკული ანალიზი.
აქტივობა 3: ლოგიკური არგუმენტაცია
მსჯელობა: „რომელი ამოხსნა (ჩვენი თუ AI-ის) არის უფრო მკაფიო და რატომ?”
მოსწავლეები აყალიბებენ 2–3 წინადადებით:
რატომ მუშაობს ეს მიდგომა?
რატომ არის საჭირო ამ მოქმედებების თანმიმდევრობა?
საიდან ვიცით, რომ პასუხი სწორია?
→ აქ ვითარდება ლოგიკური არგუმენტაციის უნარი
შედეგი:
| კომპონენტი | როგორ ვლინდება | რა უნარს ავითარებს |
| ციფრული წიგნიერება | კალკულატორის გააზრებული გამოყენება | ციფრული გააზრებული ინსტრუმენტის მართვა |
| AI-წიგნიერება | AI-ამოხსნის ნაბიჯების შედარება წესთან | ანალიზი, შემოწმება, შეცდომის ნახვა |
| ლოგიკური არგუმენტაცია | ამოხსნის ახსნა მიზეზით („სწორია, რადგან…“) | აზრის გამოთქმა- დასაბუთება |
ორივე შემთხვევაში, სწავლების პროცესში მასწავლებელი წამყვანი ფიგურა რჩება. ის მართავს კრიტიკული აზროვნების და ფიქრის პროცესს, ხელს უწყობს კლასში ურთიერთობის კულტურის ფორმირებას. ციფრული ლექსიკონი, კალკულატორი და AI მხოლოდ ინსტრუმენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფი პასუხის მიღებასა და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებების შერჩევას. თუმცა, სწორი არჩევანის მიზეზის დანახვა, ნაბიჯების შეფასება, აქცენტების სწორად გაკეთება, არგუმენტაციის პროცესის წარმართვა, ეთიკური კომუნიკაცია – მასწავლებლის ფუნქციაა. AI-ს შეუძლია მოგვაწოდოს ტექსტი ან ამოხსნა, მაგრამ არ შეუძლია ასწავლოს „რატომ“, რადგან ვერ ითვალისწინებს კონტექსტს, ვერ ავლენს ემპათიასა და ურთიერთპატივისცემას.
სკოლაში ხელოვნური ინტელექტი არ არის მიზანი და AI წიგნიერებაც არის არა ტექნოლოგიის დაუფლება, არამედ მოსწავლეებში პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბება, სადაც მასწავლებელი რჩება მთავარი ფიგურა, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედები აზროვნების განვითარების ფასილიტაციას ეწევა, როგორც აზროვნების დიზაინერი.
გამოყენებული ლიტერატურა
- Holmes, W., Persson, A., & Watson, S. (2022). Artificial Intelligence in Education: Promise and Implications.
- Luckin, R., Holmes, W., Griffiths, M., & Forcier, L. B. (2016). Intelligence Unleashed.
- (2021). AI and the Future of Teaching and Learning.
- Redecker, C. (2017). European Commission.
- Selwyn, N. (2019). Should Robots Replace Teachers?
- (2023). Guidance on AI in Education.
- Lobzhanidze, S., Urchukhishvili, G., & Sikharulidze, M. (2023). Digital citizenship in Georgian’s teachers… Problems of Education in the 21st Century, 81(5), 667–686. https://doi.org/10.33225/pec/23.81.667


